მთელი დღე ეზოსა და სახლთან მდებარე ბაღში ვიხეტიალე, მერე მეორე სართულზე ამავალ კიბეზე ჩამოვჯექი. საღამო ხანს ბებომ თავისი სამფეხა ხის სკამი მოაჩოჩა და წინ დამიჯდა.
- იქნება აღარც ჩამოხვიდე აქ მეორედ და მეც დღეს ან ხვალ აღარ ვიქნები. მე რომ ახლა დრო არ ვიხელთო და ეს საქმე არ მოვაგვარო, იქ გამყვება შენსა და დედაშენზე დარდი.
- ბიძაჩემმა მოიოხა გული დღეს და მგონი, კიდევ ჩამოვალ მომდევნო თავდასხმის დამსახურებულად მისაღებად.
- არავინ არ ჰყავს შენი და თუთას მეტი და უყვარხარ, მაგრამ დედაშენზე ბრაზობს. სხვანაირია და ახლა ნევროზიც აქვს ყველაფერთან ერთად.
- შენ რისი მოგვარება გინდა? დედაზე თუ უნდა მთხოვო რამე, აზრი არ აქვს, ჩამოსვლა არ უნდა. - სახეზე გაუხეშებული, მზისგან დამწვარი და მარილებისგან დაკორჩხლილი ხელი მოისვა, ერთი წუთი დადუმდა და მერე განაგრძო.
- ქალაქში უნდა წამომყვე, ნოტარიუსთან. აქედან ორ კილომეტრშია და გადავალთ ნელა-ნელა ფეხით. სახლი უნდა ,,დაგიწერო“.
- ბებო... - გავჩუმდი. ტვინმა ქაოსურად დაიწყო ფეთქვა და ოხვრა და აზროვნებაც მომენტალურად შეწყვიტა. სწორედ ახლა, როცა დალაგებულად უნდა ამეხსნა ბებოსთვის ათასი რამ, ერთიც არ მომივიდა მშფოთვარე თავში. პირი უაზროდ გავაღე და მაშინვე დავხურე.
- არაფერი არ მინდა შენგან, არც აქ დარჩენა და არც მიხედვა, მაგრამ ეს სახლი შენთვის მინდა. ზაფხულში მინდა, რომ შენმა შვილებმა ამ ეზოში ითამაშონ. დედაშენი ადრე თუ გვიან ჩამოვა და ,,თავზე ჭერი“ ხომ უნდა ჰქონდეს.
- მისმინე, უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ მირჩევნია, ბიძაჩემს მისცე, იქნებ მაგის გამო მემტერება... ეგ რომ იცის... ამ სახლის გამო ანუ...
- ბიძაშენს სახლიც აქვს და კარიც, ეს არაფერში სჭირდება, ეს სახლი შენია...
- ჯერ არ მივდივარ და ვიფიქროთ კიდევ ერთად. - მხარზე ხელი მოვუთათუნე და შეწუხებულმა თავი ჩავრგე ფეხებში.
მეორე დილით რომ ჩამოვედი ქვედა სართულზე, გამოწყობილი დამხვდა. შავი კაბა ეცვა დახურული, ოდნავ გახუნებული; მწვანესა და ყავისფერში მოხატული შავი თავშალი მოეხურა. ჩაის დალევა შემომთავაზა, და შემდეგ გავიდეთო... აღარ შევკამათებივარ, მაგრამ მისი გულუხვობა ახლა გულზე სახლის კედელში ჩატანებული მძიმე ლოდივით მედო. სახლს ავხედე. 20 წლის ვარ და არასდროს მქონია საკუთარი სახლის ქონის ამბიცია; თან არც ვიცოდი, ეს სახლში ნამდვილად მჭირდებოდა თუ არა რამეში.
ძლივს დავიყოლიე ავტობუსის დალოდებაზე. ვიფიქრე, გზაში რომ ცუდად გამხდარიყო, მეც გვერდით მივესვენებოდი.
ქალაქს ზედ აკრავდა ჩვენი სოფელი. გარემო იგივენაირი იყო, მთებსა და სიმწვანეში ჩაკარგული არემარე და დანგრეულ ასფალტის საფარზე აქაც საქონლის ფუნა იდო. განსხვავება ის იყო, რომ აქ რამდენიმე მოზრდილი საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი, სამთავრობო შენობა იდგა, ჩამოხეხილი თაღებითა და აქა-იქ ჩამოშლილი სვეტებით. აქ ერთ, ყველაზე მოზრდილ შენობაში ერთად იყო მოთავსებული ადგილობრივი საბჭო, პოლიცია და ნოტარიუსი. შენობაში საოცრად გრილოდა და დამპალი კედლების სუნი იდგა. დაცერავებულ ხის იატაკზე აქა-იქღა იყო შემორჩენილი მწვანე ლინოლეუმი. კედლები ნახევრად ფირუზისფრად და ნახევრად თეთრად იქნებოდა ალბათ ოდესღაც შეღებილი. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში ნარჩენები ასეთ შთბეჭდილებას ტოვებდა. კიბეს რკინის მოაჯირი მიუყვებოდა. სახელურზე მთლიანად გასცლოდა საღებავი და კიბის საფეხურებიც ზოგან დაცურებულიყო. ისეთი ძველი იყო ირგვლივ ყველაფერი, სუნთქვა გამიძნელდა და საშინელ ხასიათზე დავდექი.
ბებო კიბეზე ნელა მოდიოდა. შევთავაზე, ხელს მოგკიდებ-მეთქი, მაგრამ მითხრა - ამოვალ ნელა-ნელაო. აღარც მე მომიკლავს თავი დაძალებით. მივუყვებოდი კიბეს საათის ისარზე ნელი მოძრაობით და თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა. რა უნდა მექნა ამ სახლისთვის ან როგორ უნდა მეთქვა უარი ბებოს მოვლაზე მას მერე, რაც სახლს, მთელ მის ნაშრომს და მთელ მის ცხოვრებას ქაღალდზე ჩემს სახელს გადააწერდნენ.
ბოლო საფეხურზე გაჩერდა.
- აბა, თუ იცნობ, ვინ არის ნოტარიუსი.
- მეეჭვება, ვინმეს ცნობა შევძლო... - კართან წარწერას შევხედე. მხოლოდ ნოტარიუსი ეწერა დიდი ასოებით. კარს რაღაცით გამოტენილი და გამობერილი ყავისფერი ტყავი ფარავდა. სახელურს დავაწექი. რბილად და უხმაუროდ გაიხსნა. მოზრდილ კაბინეტში ვერავინ დავინახე და ის იყო, ბებოსკენ შევბრუნდი, რომ კომპიუტერის ეკრანის გვერდზე თავი ვიღაცამ გამოყო.
- მობრძანდით! - დაიძახა.
ოთახის უკიდურეს კუთხეში იჯდა, ძველებური, მუცლიანი მონიტორის მიღმა. ბებო რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა, გაუღიმა და მეგობრულად მოიკითხა. მერე შემათვალიერა, ფართოდ გაიღიმა და პერანგის სახელოები აიკაპიწა. მუქ ლურჯ ვიწრო, კლასიკურ შარვალში ჩატანებული თეთრი პერანგი ეცვა და გვარიანი ბალთა ეკეთა. საშუალო სიმაღლის, მოხდენილად ჩასხმული, შავგვრემანი 30 წლამდე კაცი მიღიმოდა, დიდი და უნაკლოდ დაწყობილი კბილებითა და სუპერთეთრი ღიმილით. შავი მეტყველ-მოლაპარაკე თვალებით შემომცინა. თმა მოკლედ ჰქონდა აღებული, ალბათ, რამდენიმე მილიმეტრი იყო ძირიდან. სახეს მოვლილ-დავარცხნილი მოკლე წვერი უმშვენებდა.
- რიჟა! - მეგობრულად დამიძახა. - სად წავიდა შენი წითელი თმები? - სკამსა და კედელს შორის გვერდულად გამოიარა, წელზე მომხვია ხელი და ლოყა მომადო ლოყაზე. კოცნის ყველაზე უვარგისი ფორმა, საერთოდ ვინ ავალდებულებდა.
- როდის მიიღეთ სტუმარი? - ბებოს ხელი ჩამოართვა და სკამზე დაბრუნდა. მერე პერანგის ზედა ღილი შეიხსნა და ისევ სერიოზული სახე მიიღო, აშკარად აღარ აპირებდა დროის დაკარგვას უსარგებლო თემებზე.
ვუყურებდი და ოდნავადაც არ მეცნობოდა, ვერაფრით ვერ ვიხსენებდი, ვინ იყო. ეს ბავშვობის აუტანელი სახელიც როგორ შემორჩენია მეხსიერებაში.
საბუთები გვაკლდა, მათ შორის, ჩემი საბუთებიც, რაც აქ არ მქონდა. დაგვარიგა და დროებით დაგვემშვიდობა. თავაზიანად მიგვაცილა კარამდე და ვიდრე კიბეზე არ დავეშვით, მანამდე იქ იდგა.
ვერ მოვითმინე სახლამდე, გზაშივე ვკითხე ბებოს, ვინ იყო და რატომ მეძახდა ღრმა ბავშვობის სახელს, რომელიც აშკარად აღარ შემეფერებოდა, ასაკიდან გამომდინარეც და იქიდანაც, რომ კარგა ხანია ჩემში ყველანაირი წითელი საღებავმა ჩაკლა და ახლა ჩემი თმა წაბლისფერი შეფერილობის იყო.
- ორი სახლის ქვევით ცხოვრობს, დედამისი შენი პედიატრი იყო, არ გახსოვს?
- მაია ერქვა, მოკლედ შეჭრილი შავი თმა ჰქონდა და ძალიან გამხდარი იყო, არა?! - გავჩერდი, ბებოსკენ შევტრიალდი და მაშინვე გამახსენდა დათი. რა თქმა უნდა, მახსოვდა, მაგრამ რადიკალურად სხვანაირი დალექილიყო ჩემს მეხსიერებაში, უწვერო და თმიანი, გამხდარი და უზომოდ მხიარული. მთელი ზაფხული ჩემი სახლის გადასწვრივ სკამზე იჯდა და ყოველ სახლიდან გასვლაზე ცდილობდა დავეჭირე და ტირილამდე ვეწამებინე. ახლა უფრო შემეძლო იმ გამხდარი მოზარდის და ახლანდელი ნოტარიუსის ერთმანეთთან დაკავშირება. ღიმილი მაინც ზუსტად იგივე ჰქონდა. მაშინ ალბათ იმ ასაკის იქნებოდა, მე რომ ვარ ახლა ან ცოტა დიდი.
გაგრძელება იქნება