ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც ახლა პარლამენტში დეპუტატის სავარძელში აგრძელებს კარიერას, ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ "საუნჯის" რედაქტორი გახლდათ, მამა ზაურ ბოლქვაძე, სატირული ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი. ელისო წყვილის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლებისგან ყურადღება არ აკლდა. 2 წლის იყო, როდესაც მუსიკალური ნიჭი აღმოუჩინეს და როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ასაკშიც კი ტაში და ოვაცია არ აკლდა. ფორტეპიანოს შესწავლა რომ დაიწყო, სულ რაღაც სამწლინახევრის იყო, 7 წლის ასაკში კი პირველი სოლო-კონცერტი ჰქონდა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი მუსიკალური წარმატებები კარიერის გზაზე...
90-იან წლებში, როდესაც სერიოზული კარიერის დასაწყებად ამერიკაში უნდა წასულიყო, თბილისში ომი დაიწყო. გადაწყვეტილება შეცვალა და პარიზში მარგარიტა ლონგის საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრა. კონკურსზე ცნობილი მუსიკოსი მიშელ სონი, ელისოს ნიჭით აღფრთოვანდა და ავსტრიაში თავის სასწავლებელში მიიწვია. პარიზი მაინც საყვარელ ქალაქად დარჩა და მუსიკოსი სამი წლის შემდეგ უკან, ბედნიერების ქალაქში დაბრუნდა.

"საფრანგეთში ცხოვრება ძალიან მომწონს. მგონია, რომ პარიზი ყველას ქალაქია. ის საოცარია, დაუსრულებლად შეიძლება მისი აღმოჩენა. ისეთი მაგნიტური ველი აქვს, გგონია, მთელი მსოფლიო იქ არის. ელისეს მინდვრებზე რომ გავდივარ, ვფიქრობ, რა ბედნიერებაა ცხოვრება. შეგიძლია უზომოდ იარო ფეხით. თუმცა სამეცადინოდ ძალიან ცუდი ქალაქია – სულ გასვლაზე გიჭირავს თვალი.
ყოველთვის ეჩვევი რაღაცებს. პარიზი კი საოცარია, ყველა გასვლაზე თავიდან იწყებ მის გაცნობას. ყველაზე მეტად აქ პატარა, ძველი ქუჩები მოსწონს, ლათინურ კვარტალსა და ძველ უბნებში, რომლებიც ფეხით არის გასავლელი და არ თავდება. უკვირს, ფრანგებმა ამდენი ლამაზი სახლი როგორ ააშენეს და მერე მათი შენარჩუნება მოახერხეს..." - ამბობდა წლების წინ "ტაბულასთან" ინტერვიუში.

პირადი ცხოვრება
„ძალიან მაქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ოჯახის შემთხვევაში სხვა პრიორიტეტები გიჩნდება და ვგრძნობ, რომ ამისთვის ჯერ არ ვარ მზად. მეტსაც გეტყვით, მე არ მეშინია მარტოდ დარჩენის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი დარჩეს მარტო, როცა ის ცოცხალია, როგორ შეიძლება მოიწყინო მარტო ყოფნით, როცა იმდენი რამ არის გასაკეთებელი, იმდენი რამ ხდება შენ გარშემო“… - ამბობდა ადრე ერთ-ერთი ინტერვიუში.