როგორ მართავს მოდელი, ინფლუენსერი და იუმორისტ ვასო ფხაკაძის მომხიბვლელი მეუღლე ლიკუნა მეტრეველი ფინანსებს, რა არის მისი ძლიერი მხარე და როგორ ცდილობს შვილებთან სწორი მიდგომების გამომუშავებას, ამ თემების შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
"ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ძლიერი მხარეა. არ ვიცი, საიდან და როგორ, მაგრამ მაქვს იმის უნარი, რომ კარგად გადავანაწილო ჩემი დრო, ასევე, ფინანსები. თითქოს ცოტა თავს ვიქებ, მაგრამ მართლა მაქვს ამ საკითხებში კარგი მენეჯმენტის უნარი. ვინც მიცნობს, ამას დაადასტურებს (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მყავს და წარმოუდგენელია, საჭირო ხარჯი ზუსტად გათვალო, მაინც ვახერხებ, თვიდან თვემდე, სტაბილურად ვიყო. ისე არა, ხელფასის აღებიდან პირველი დღეები რომ თავისუფლად ხარ და თვის ბოლოს მოახლოებისას აღარ იცი, რა გააკეთო (იცინის).
ჩემს შვილებს ახლა ის ასაკი აქვთ, როცა უფრო მეტად არგუმენტირებულად იციან, რატომ უნდათ ესა თუ ის ნივთი. უფრო პატარა ასაკში, როცა გამოუსადეგარი ნივთის შეძენას მთხოვდნენ, ვთანხმდებოდი, ვყიდულობდით და მერე ვუხსნიდი, რომ უსარგებლო იყო, რაც შევიძინეთ. ხაზს ვუსვამდი, რომ მაინც არ იყენებდნენ. ვხვდებოდი, რომ ყიდვის მომენტი სიამოვნებდათ, თორემ მერე შეიძლება, ის ნივთი საერთოდ არც გახსენებოდათ. ბევრი ასეთი ფაქტი რომ დაგროვდა, მერე უკვე ნივთის შეძენამდე ვუსვამდი კითხვას – დარწმუნებული ხარ, რომ შენ ამას გამოიყენებ? იქნებ ამასაც ისე დაივიწყებ, როგორც ბევრ სხვა მსგავს ნივთს?! ეს მაგალითებიც სპეციალურად დავაგროვე იმისთვის, რომ მათთვის ცარიელი სიტყვების თქმა არ დამჭირვებოდა და ჩემი აზრი არ მომეხვია თავს. ასე უკვე თვითონაც იცოდნენ, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი და ეს ჭრიდა. უფროსი ცხრა წლის მყავს და მართლა დიდი გოგოა, ზუსტად იცის, რა უნდა. პატარა ჯერ 7 წლის არის და მასთან ცოტა კიდევ მჭირდება მუშაობა, თან, მართლა ყველაფერი უნდა, მაგრამ ამ მეთოდით, რაღაც შედეგს მივაღწიე. მთლად ოქროს შუალედს ვერ, მაგრამ ეს საკითხი პრობლემადაც აღარ აღიქმება (იცინის).
პირველ რიგში, როდესაც ბავშვებისთვის ვყიდულობ რამეს, ეს იმდენად სასიამოვნოა, რომ ალბათ, ამ ემოციებს ვერაფერი შეედრება. ასევე, ძალიან მიყვარს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა. სიმართლე რომ ვთქვა, საკუთარი თავისთვისაც მიყვარს თანხის დახარჯვა – ძირითადად მაინც, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ასევე, თავის მოვლის საშუალებებსა თუ პროცედურებზე. ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ. როცა ვმუშაობთ, ისიც მნიშვნელოვანია, სიამოვნება მივიღოთ გამომუშავებული თანხით. ამიტომ საკუთარ თავს, ამ მხრივ, უარს არ ვეუბნები." - ამბობს ლიკუნა მეტრეველი
ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის გარდა, ის მოდელის პროფესიასაც წარმატებით ითავსებს და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებსა და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. ვასო ფხაკაძე კი დიდი ხანია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იუმორისტია. წლების განმავლობაში ის არაერთი კომედიური შოუს მსახიობი იყო და მაყურებელს თავი სწორედ ამ საქმიანობით შეაყვარა.
წყვილს ორი შვილიც ჰყავს. ლიკუნა მეუღლეზე 16 წლით უმცროსია. ის "რუსთავი 2"-ში მუშაობს, თუმცა იურიდიულ კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას მოდელობასაც უთავსებს