ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია.
ორნელას თქმით, როდესაც 18 წლის ასაკში ორსულობის შესახებ გაიგო, ძალიან დაიზაფრა.
თუმცა მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ შვილი მისთვის ცხოვრების შუქურად გადაიქცა და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.
„როდესაც ორსულობის შესახებ გავიგე, ძალიან დავიზაფრე, რადგან თავად ბავშვი ვიყავი… მაშინ იტალიაში არ იყო დიდად მისაღები მსგავსი შემთხვევები, ყოფილიყავი ასეთი ახალგაზრდა დედა. ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მას მომავალი სჭირდება. იმ დროს კი მე საკუთარ თავშიც არ ვიყავი გარკვეული. თუმცა ღმერთი რასაც გიგზავნის – უნდა მივიღოთ. დედამ და დამ ძალიან დამიჭირეს მხარი… ჩემთვის შვილი ცხოვრების შუქურა იყო, მან მომცა საშუალება, ყოველთვის სწორ გზაზე დავრჩენილიყავი. დღესდღეობით ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ყველაფერი კარგად წარიმართა“, – საუბრობს ორნელა მუტი.
ფრანჩესკა რომანა რიველი იტალიის დედაქალაქში 1955 წლის 9 მარტს დაიბადა. გოგონას ბიოგრაფია წარმატებულად ჩამოყალიბდა, შრომისმოყვარეობისა და რამდენიმე იღბლიანი დამთხვევის წყალობით. ორნელას მამა ჟურნალისტი იყო, ხოლო დედა, წარმოშობით ესტონელი, მოქანდაკე.
რიველის ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ხშირად ფინანსურად უჭირდათ. როდესაც მამა ტრაგიკულად გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, დედა იძულებული გახდა, ფრანჩესკა და მისი ტყუპისცალი და, კლაუდია, მარტოს გაეზარდა.
13 წლის ორნელამ ფულის შოვნის გზა იპოვა: სამხატვრო სკოლაში ჩაირიცხა, მოიტყუა, რომ 18 წლის იყო და შიშველ პოზირებაზე დათანხმდა. ერთ დღეს ერთ-ერთი ჟურნალში გამოქვეყნებულმა ფოტომ მიიპყრო მისი სკოლის მასწავლებლის ყურადღება - ფოტოსესიების ამბავმა სკოლის დირექტორისა და დედის ყურამდეც მიაღწია.
დირექტორს მისი სკოლიდან გარიცხვა სურდა, დედამ კი სასტიკად დასაჯა. ეს ამბავი არ გახმაურებულა ოჯახის მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, მაგრამ ორნელა ამტკიცებდა, რომ ის საარსებო წყაროს გამომუშავებას ცდილობდა. 14 წლის ასაკში ორნელას და ფილმის სინჯებზე წავიდა და თან ორნელაც წაიყვანა. რეჟისორმა დომენიკო დომიანმა ორნელა აირჩია. სწორედ მან გამოუგონა გოგონას ფსევდონიმი, რომლის საშუალებითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო - ორნელა მუტი.
ფილმმა მსახიობს პოპულარობა არ მოუტანა, მაგრამ საარსებო წყაროს სხვა გზა გაუხსნა. გარდა ამისა, გადაღების დროს გოგონამ გაიცნო ალესიო ორანო (მისი ეკრანული ქმარი), რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო.
18 წლის ასაკში ორნელამ საყვარლისგან ქალიშვილი გააჩინა - ითვლება, რომ ეს იყო პროდიუსერი ხოსე დე კასტრო. ერთი წლის შემდეგ ორანო და მუტი დაქორწინდნენ.
1980 წელს ეკრანებზე „ჭირვეულის მორჯულება“ გამოვიდა. ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი იმ დროს საზოგადოებისთვის უკვე კარგად იყვნენ ცნობილი.
ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა არა მხოლოდ მსახიობების სამშობლოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ფილმის გადაღებისას ორნელას ადრიანო შეუყვარდა. მეუღლეები მიატოვეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ისინი ერთმანეთს მეორე ერთობლივი ფილმის Madly in Love გადაღების შემდეგ დაშორდნენ. ადრიანომ ორნელა მიატოვა და ცოლთან დაბრუნდა.
1988 წელს მსახიობის ცხოვრების პარტნიორი პროდიუსერი და ბიზნესმენი ფედერიკო ფაჩინეტი გახდა. ოჯახი ორნელას ფულით ცხოვრობდა. ქმარმა მის სახელზე სოლიდური თანხების ყალბი ჩეკები გასცა, რამაც გამოიწვია აქციონერთა სახსრების დიდი მითვისება.
1998 წელს მსახიობის თაყვანისმცემლებმა შეიტყვეს, რომ ორნელა მუტი იტალიელი პლასტიკური ქირურგის, სტეფანო პიკოლოს ცოლი გახდა. თუმცა 2008 წელს ისინი მეუღლეს ულტიმატუმის გამო დაშორდნენ - ქმარმა ორნელას სთხოვა არჩევანის გაკეთება მასსა და შვილებს შორის, რადგან არ სურდა საყვარელი ადამიანის გაზიარება. ორნელამ შვილები აირჩია.
ორნელა მუტი ამჟამად აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი იტალიელი მსახიობია.