„მგონია, რომ ოსტერმა თხრობაზე ცოტა მეტი იცოდა, ვიდრე მწერლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ“ - „ნიუიორკული ტრილოგიის“ მთარგმნელი ქეთი ქანთარია - Marao

„მგონია, რომ ოსტერმა თხრობაზე ცოტა მეტი იცოდა, ვიდრე მწერლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ“ - „ნიუიორკული ტრილოგიის“ მთარგმნელი ქეთი ქანთარია

2024-06-10 14:39:28+04:00

ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ მე-20 სა­უ­კუ­ნის ბოლო პერი­ო­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­კულ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია, რომელსაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში მკითხველი ხელახლა ეცნობა.

ის „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ და მთელი საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, წიგნის შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდიდან. 

პოლ ოს­ტე­რის „ნი­უ­ი­ორ­კუ­ლი ტრი­ლო­გია“ სამ რო­მანს: „შუ­შის ქა­ლა­ქი“, „აჩ­რდი­ლე­ბი“ და „დაკე­ტი­ლი ოთა­ხი" აერ­თი­ა­ნებს და ის მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში და­ი­წე­რა. თითოეული, ერთი შე­ხედ­ვით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რო­მა­ნია, თუმ­ცა ამ­ბი­დან ამ­ბავ­ში ნაც­ნო­ბი სი­უ­ჟე­ტე­ბი, ად­გი­ლე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი და მის­ტი­კა დაგ­ვყვე­ბა, რაც ნა­წარ­მო­ებს ერ­თგვა­რი იდუ­მა­ლე­ბით მო­სავს და მკი­თხველს უფრო და უფრო მეტ კი­თხვას უჩენს. ტრილო­გია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ხევ­რად დე­ტექ­ტი­ვია, თუმ­ცა „მარ­ტო­ო­ბის გამომგონებე­ლი“ ოს­ტე­რი სი­უ­ჟე­ტებს ისე ავი­თა­რებს, რომ თხრო­ბა დე­ტექ­ტი­ვის­გან სრულიად გან­სხვა­ვე­ბულ სივ­რცე­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ინაც­ვლებს. ამი­ტომ ძნე­ლია ზღვრის დად­გე­ნა გა­მო­გო­ნილ­სა და სი­ნამ­დვი­ლეს, პერ­სო­ნაჟ­თა რე­ა­ლუ­რო­ბა­სა და აჩ­რდი­ლებს შო­რის. ნი­უ-­ი­ორ­კიც, ერ­თი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სამ­ყა­როს ცენ­ტრი, შეშ­ლი­ლო­ბამ­დე მი­სუ­ლი, არა­რე­ა­ლუ­რი, მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ქა­ლა­ქია... აქ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცი­თი და დრო­ი­თი სა­ზღვა­რი კი - დარ­ღვე­უ­ლი. ამ ამ­ბავ­ში ასეც ხდე­ბა: პერ­სო­ნა­ჟი იტყვის, მე­გო­ნა, თვი­თონ მით­ვალთვა­ლებ­და, მაგ­რამ, სინამ­დვი­ლე­ში, კვალ­ში მე ჩა­ვუ­დე­ქიო.

წიგნი ინგლისური ენიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ, რომელიც გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ასევე, მოსაზრებებს „ნიუიორკული ტრილოგიისა“ და პოლ ოსტერის შესახებ: 

  • მსმენია, რომ თარგმნილ წიგნს  ეტყობა ხოლმე მთარგმნელის განწყობა და გავლენა. თქვენი შეფასებით, რამდენად არის ასე და რამდენად იგრძნობს ამას მკითხველი პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგიის“ შემთხვევაში?

მთარგმნელის დამოკიდებულება ეტყობა. განწყობა - როგორ გითხრათ, განწყობა მთარგმნელმა უნდა მოიმზადოს და ისეთ დროს დაიწყოს თარგმნა, როდესაც ყველა პარამეტრით მზადაა კონკრეტული წიგნის სათარგმნად. ჩემი აზრით, კარგია, როდესაც მთარგმნელი არჩევს წიგნს, რომლის თარგმნაზეც ოცნებობს. ოსტერის ყველაფერი, რაც ვთარგმნე, ასე ითარგმნა.

,,ტრილოგიას” ვთარგმნიდი 2006-07 წლებში, მაშინ ჯერ ვიწყებდი და ეს შეგრძნება, რომ ვიღაცის, საყვარელი მწერლის ნამუშევარს ეხები, ,,შენს ხელში გადის”, ძალიან ცოცხალი იყო. ბედნიერი ვიყავი. ,,ნიუიორკული ტრილოგიის” თარგმნის პროცესზე მართლაც შემიძლია ეს ვთქვა.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგიის" თარგმნა და რა ელოდება მკითხველს წიგნისგან?

ეს წიგნი პირველად 17-18 წლის წინ ითარგმნა. წესით, უფრო ადრეც უნდა თარგმნილიყო, მაგრამ ქართული საგამომცემლო სივრცე ამ წლებში მყარდებოდა.

ალბათ, მკითხველი ცხოვრების ცოტა მეტაფიზიკურ განცდას უნდა ელოდოს. ის, ვინც უკვე წაიკითხა და ხელახლა მიუბრუნდება ამ წიგნს, ჩემი წარმოდგენით, ამ განცდას დაეძებს.

  • თქვენ როგორ შეაფასებდით პოლ ოსტერის შემოქმედებას, მის „ნიუიორკულ ტრილოგიას“?

კარგ მწერლებს რა დალევს, თქვენც კარგად იცით - მეც ბევრი კარგი მწერალი მითარგმნია, მაგრამ ოსტერს ჰქონდა თხრობის მიმართ სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება, დაახლოებით ისეთი, როგორც პირველყოფილი საზოგადოების წევრებს, რომლებიც ცეცხლს შემოუსხდებოდნენ და ერთმანეთს  ამბებით მოყოლით იყოლიებდნენ, აშინებდნენ ან აკვირვებდნენ. რიტმით, მდინარებით, სისადავით - სულ მგონია, რომ ოსტერმა თხრობაზე ცოტა მეტი იცოდა, ვიდრე მწერლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, იმის მიუხედავად, რომ ამ ხაზითაც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის სრულუფლებიანი მემკვიდრე იყო.

 

R