მსახიობი იმედა კახიანი თათია შარანგიასთან თავისი სიყვარულის ამბავზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასიდედროს არ მოსწონდა:
„ჩვენ ხუთი წელი ვიყავით შეყვარებულები, სანამ შევქმნიდით ოჯახს. მაშინ ასე ამბობდნენ, ესენი დადიანო. მართლა დავდიოდით. თბილისს, ალბათ, ათჯერ ვარტყამდით წრეს. ეს იყო ჩვენი გასართობიც, ბედნიერებაც და სიამოვნებაც. შეყვარებულობა ბევრად ცვლის ადამიანს… სიდედრი იყო ჩემი წინააღმდეგი. მე დაწუნებული სასიძო ვიყავი. გული მწყდება, რომ ქალბატონი შურა ცოცხალი აღარ არის დღეს. ოთხჯერ ვიყავი თეატრალური უნივერსიტეტიდან გარიცხული…“
მსახიობმა გადაცემაში გარდაცვლილი ვაჟი შესახებაც ისაუბრა და ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი გაიხსენა:
„პირველი შვილი ყველაზე დიდი სიხარულია ალბათ ადამიანის ცხოვრებაში, რაც არ უნდა ახალგაზრდა იყო და გამოცდილება არ გქონდეს..
არავინ უნდა მოესწროს და არავის უნდა ჰქონდეს ასეთი უბედურება, რომელიც ჩვენ დაგვემართა. მეორე შვილი, 14 წლის ბიჭი დამეღუპა.. ამაზე დიდი ტრაგედია და მწუხარება რა უნდა იყოს..
მახსოვს, ბოლოს ძალიან მძიმედ იყო ავად, მწოლიარე იყო. ჩემი დაბადების დღე რომ გათენდა, დილით დამიძახა, რას შვრები დღეს შენი დაბადების დღე არის და არ იხდიო? არ მაქვს ეხლა მაგის თავიო მეთქი..
რა იყო, დავმარცხდითო?.. ამაზე მძიმე ადამიანს რა უნდა მოუვიდეს“, – ამბობს იმედა კახიანი.
იმედა კახიანი ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია. მის მიერ ქართულ კინოში შექმნილი როლები კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.
იმედა კახიანი დაიბადა სოფელ ეწერში 1937 წლის 12 მაისს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის მე-20 ვაჟთა სკოლა. 1956–1959 წლებში სწავლობდა და დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ (განასახიერა გოგიტას როლი).
"დედას ძალიან უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ვემზადებოდი, ჩავაბარე კიდეც, მაგრამ ქულა დამაკლდა, ვერ მოვხვდი. მეგობარმა - ნოდარ ფირანიშვილმა, მირჩია, მოდი, თეატრალურში ჩააბარეო. ის თეატრალურის პირველ კურსზე სწავლობდა. როგორ-მეთქი, - გამიკვირდა. ვიცოდი, ნოდარი ვიდრე ჩააბარებდა, დრამწრეზე დადიოდა ვორონცოვზე. იქ დადიოდნენ კახი და იმერი კავსაძეებიც. მე კი ლექსიც არ წამიკითხავს გამოთქმით. მე მოგამზადებო, დამაიმედა. რაკი სამედიცინოზე ვერ მოვეწყვე და თეატრალურში გამოცდები გვიან იწყებოდა, სხვა რა არჩევანი მქონდა, საბუთები იქ შევიტანე. საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. მეორე დღეს ტური იყო დანიშნული. სამი ტური ტარდებოდა, ლექსი, იგავი, პროზა უნდა წაგეკითხა. მერე გამოცდები იწყებოდა. მოვბრუნდით შინ და დავიწყეთ მომზადება. მოვძებნეთ მეხუთე კლასის ლიტერატურის წიგნი, რომელშიც ყველაზე პატარა ლექსი იყო, ვაჟა-ფშაველას "არწივი" და თანაც ვიცოდი ზეპირად, ამიტომაც ეს ავირჩიეთ. კრილოვის ერთი იგავ-არაკი და ვაჟასვე "ამოდის, ნათდება". მომამზადა ნოდარმა, ამიხსნა, რაც შეიძლება ვაჟკაცურად, ხმამაღლა წაიკითხეო.
მივედით მეორე დღეს თეატრალურში. გამომიძახეს დიდ აუდიტორიაში. შევედი, ვხედავ, პროჟექტორები მანათებს, სიღრმეში გრძელი მაგიდა დგას და სხედან გამომცდელები. დაიწყეო. როგორც მასწავლა ნოდარმა, ისე წავიკითხე, დავჭექე! არავინ არაფერს მეუბნება. შუაში იჯდა მელოტი კაცი, თურმე დიმიტრი ალექსიძე, რომელსაც ჯგუფი უნდა აეყვანა. რა წაიკითხე, თუ გესმისო, - მკითხა. როგორ არ მესმის-მეთქი. მერე არ შეგეცოდა არწივიო. დავფიქრდი, - მეცოდებოდა ნამდვილად. თუ გეცოდება, რა გიხარია, რას ყვირი გაბრწყინებულიო. კარგი, მოდი აქ დაჯექი, არ იყვირო, წაიკითხე, კიდევ რა იციო. დავიწყე იგავი... დამავიწყდა. თავიდან დაიწყეო. დავიწყე, ისევ დამავიწყდა. კარგი, გადადი პროზაზეო. ახლა პროზას როგორ მოვყვებოდი, წუხანდელ ნასწავლს. გამომიშვეს.
ნოდარს ვუთხარი, დამანებე თავი, ეს რა ყოფილა, არ არის ჩემი საქმე მსახიობობა-მეთქი. მეორე დღეს გამოვედით ბირჟაზე. ვდგავართ, ზოგი დამცინის, ზოგი მეხუმრება. ნოდარმა მითხრა, წამოდი, რუსთაველზე გავიაროთო. რა მინდა იქ-მეთქი. პლეხანოველი თუ იყავი, პლეხანოვზე უნდა მდგარიყავი, რუსთაველზე არ შეიძლებოდა. არ მომეშვა, წავედით. ჩავიარეთ თეატრალურ ინსტიტუტთან. ვხედავთ, სიაა გამოკრული. მე რომ შევიტანე საბუთები, ხუთასამდე განცხადება იყო, სულ თორმეტი უნდა აეყვანათ. 38 კაცია დარჩენილი და მეც ვარ სიაში. აი, ხომ გითხარი, კარგად რომ მოგამზადე ტურისთვის, გახვედიო, - ნოდარმა. გაკვირვებული დავრჩით ორივე. მოვიდა ერთი ქალი ამ დროს. მიმღები კომისიის მდივანი ვარო. თქვენ გინდათ ამ ინსტიტუტში სწავლა? - მკითხა. როგორ არ მინდა, ვგიჟდები ისე მინდა-მეთქი. მერე თუ გიჟდები, რატომ არაფერი მოამზადეო. დავალებული მაქვს გითხრათ, გადაწყვიტეს, ტურებიდან მოგხსნან. თუ სწავლა გინდა, იარეთ ინსტიტუტში, მოგამზადებთ პედაგოგი და მერე გახვალთ გამოცდებზეო. ოღონდ ეს არავის უნდა გაეგო. ყოველ დილით მივდიოდი, ვიკეტებოდით აუდიტორიაში მე და რეჟისორი ასიკო გამსახურდია, ის მამეცადინებდა. მომამზადა ყოვლად უანგაროდ. გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე.
თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დღესაც ვარ, მგონი. დიპლომი არ ამიღია, ოთხჯერ გამრიცხეს. პირველ კურსს ვამთავრებდით, "საბუდარელ ჭაბუკს" იღებდნენ. მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში კაცი. მთავარ როლში ბიჭი დამტკიცებული გვყავს, მაგრამ მისი გარემოცვა გვჭირდება და რამდენიმე პირველკურსელს გადავიღებთო. წაგვიყვანეს. მივედით მეორე დღეს ჩემი ჯგუფის ბიჭები. აგვიყვანეს რეჟისორ შოთა მანაგაძესთან. გამოგვკითხა, ვინ ვიყავით, სად ვსწავლობდით. მერე ერთ-ერთს უთხრა, მოდი, ამ ბიჭს ჩააცვით გოგიტას ტანსაცმელი, გრიმი გაუკეთეთ და გავსინჯოთო. სულ არ ვიცოდი, რა იყო სინჯი. წამიყვანეს, ბევრი გრიმი დამადეს და ეპიზოდის თამაში მთხოვეს. გადაიღეს. დამიბარეს მეორე დღეს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. იქ ერთი კაცი იყო, მაღალი, შავგვრემანი, სერიოზულად იდგა, ხმას არ იღებდა. რამდენი გადაღებაზე მივიდოდი, ის სულ მხვდებოდა. მისი არც სახელი ვიცოდი, არც თანამდებობა.
ერთ დღესაც ეს კაცი დამხვდა და მითხრა: შენი საქმე გადავწყვიტეთ გუშინ, შენ დაგამტკიცეთ მთავარ როლზე და აბა, შენ იცი. პატარა მაღარიჩი ხომ უნდა იკისროო. დიდი მადლობა-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი, რომ ფული მეშოვა და ეს კაცი რესტორანში დამეპატიჟებინა, ვესესხე ვიღაცას. იმ საღამოს მოვიწვიე ის და მისი მეგობრები, რომ მადლობა მეთქვა როლზე დამტკიცების გამო. ეს შავგვრემანი კაცი თურმე შოთა მანაგაძის მძღოლი, შოთა ლაფერაძეა. ყური მოუკრავს, კახიანი დავამტკიცეთო, რომ უთქვამთ და მახარა. მე რა ვიცოდი. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი დაფასებული ვიყავი იმ საღამოს, რესტორანში ასეთ ხალხს რომ ვმასპინძლობდი. მერე, სულ ვყვებოდი ამ ამბავს. ნუ ყობი მაგას, ბიჭოო, - მეუბნებოდა ხოლმე. გადაიხადე მაშინ პურმარილი-მეთქი, - ვეხუმრებოდი. თებრონეს მთელ ქალაქში ეძებდნენ. ასობით გოგო გაისინჯა. ბელა მირიანაშვილი ნახეს თუ არა, აიყვანეს. წავედით გადაღებაზე და ორივე გაგვრიცხეს ინსტიტუტიდან. დამთავრდა გადაღება, დავბრუნდით. მოიწვიეს კრება, დავდეთ პირობა, რომ კინოში აღარასოდეს ვითამაშებდით და აღგვადგინეს" - იხსენებდა იმედა კახიანი.