გამორჩეული მსახიობი სოფი მარსო კინოს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი კარიერა 13 წლის ასაკიდან დაიწყო და არაერთი პრესტიჟული ჯილდო და მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. 57 წლის მსახიობმა ახლახან ფრანგულ Vogue-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ამ ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ.
სოფი მარსო
"უცნაურია, მაგრამ მგონია, დიდება და აღიარება მიცავდა. ხალხი ჩემთან ზედმეტს ვერაფერს აკეთებდა. მაგრამ ამავე დროს, არც სრულად დაცული ვყოფილვარ. ბევრი განსაცდელი გავიარე. ყველაფერი, რაც დღეს პრესაში გესმით ქალებზე მამაკაცების ძალაუფლების შესახებ, მე მსოფლიო კინოში განცდილი მაქვს, ისევე, როგორც სხვა ქალებმა განიცადეს თავიანთ პროფესიებში. ამ საკითხზე საუბარი ნამდვილად მნიშვნელოვანია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის." - ამბობს სოფი მარსო საკუთარი კინოკარიერის განმავლობაში არსებულ დაბრკოლებებზე.
ამავე ინტერვიუში სოფი მარსომ გაიხსენა, რა იცავდა კარიერის დასაწყისში, რომ სწორი ნაბიჯები გადაედგა:
"ჩემი აღზრდა მიცავდა. დედაჩემმა წლების წინ ძალიან განიცადა, რომ მამამისი სერიოზულად არ აღიქვამდა და ელოდებოდა, როდის გათხოვდებოდა. სკოლაში სიარულს არასაჭიროდ თვლიდა და დედაჩემი ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. ამიტომ, ის ყოველთვის ამოწმებდა, რომ კინოთი ზედმეტად არ ვყოფილიყავი დაკავებული. მთელი ძალით ვიბრძოდი. უნდა მეპოვა გზა ამ ყველაფრის სამართავად." - იხსენებს სოფი მარსო.
მსახიობი ჰყვება ცხოვრების იმ ეტაპის შესახებაც, როცა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და არაერთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო:
"მყავდა მშობლები, მაგრამ ისინი ახალი ცხოვრების აღდგენით იყვნენ დაკავებულნი, იმიტომ, რომ ადრე განქორწინდნენ. ისინი ჩემი წარმატებით ცოტა დაზარალდნენ. დაინახეს, რომ თვითკმარი ვიყავი, რადგან ფული მქონდა და ვმუშაობდი. 15 წლის ასაკში სკოლა მივატოვე და ვიყიდე საკუთარი ბინა პარიზში. შემდეგ ძალიან სწრაფად აღმოვჩნდი ურთიერთობაში. როდესაც 18 წლის ვიყავი, ანჯეი ჟულავსკის შევხვდი, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი. ცოტა ხნით იზოლირებულად ვცხოვრობდით, ისე, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც კი აღარ ვნახულობდით. ეს იყო დრო, როცა ჩემი იდენტობის აშენება მჭირდებოდა. ჩემი თავისთვის გარკვეული სტრუქტურა უნდა მიმეცა, რომ განვითარება გამეგრძელებინა. ასე რომ, დავბრუნდი სკოლაში და საკუთარ თავზე ვკონცენტრირდი." - ამბობს მსახიობი...გაგრძელება