ნინო წავიდა თუ არა, უარესად გამიფუჭდა ხასიათი. მეგონა, მარტოობა შვებას მომგვრიდა, მაგრამ შევცდი. სამი დღეა, ჩემს ცოლს თვალი არ მოუხუჭავს. შემეცოდა და ვთხოვე, შინ წადი, გამოიძინე და ცოტა აზრზე მოდი-მეთქი.
მე კი უაზროდ მივჩერებოდი კედლებშეთეთრებული პალატის ჭერს და დაძინებას ამაოდ ვცდილობდი. შემეძლო, რამეზე მეფიქრა, მაგრამ არც ამის სურვილი მქონდა. «აი, ახლა ოცამდე დავითვლი და ჩავთვლემ», - ვარწმუნებდი თავს. მაგრამ ვინ მაცალა!.. თორმეტამდეც არ ვიყავი ასული, რომ პალატის კარი ფართოდ გაიღო, თან ისეთი სისწრაფით, თითქოს ქარმა გახეთქაო და ნუნუ ექიმი ხმაურით შემოიჭრა ოთახში.
- აბა, როგორ გრძნობს თავს ჩემი პაციენტი? სიცხე გაიზომე, ზაზა, თუ ისევ ჩემ მოტყუებას ეცდები? - გაიღიმა ნუნუმ და ოქროს კბილი გამოაჩინა.
- გავიზომე, ექიმო, გავიზომე. ოცდაჩვიდმეტი და ოთხი ხაზი მაქვს.
- ეგ არაფერი, თავისით დაიწევს. ხომ ხედავ, მეოთხე დღეა და უკვე პროგრესი გვაქვს მე და შენ. ოცდაცხრამეტიდან ოცდაჩვიდმეტამდე ჩამოვედით. სად არის შენი მეუღლე?
- სახლში გავუშვი, ცოტა დაისვენოს.
- კარგად მოქცეულხარ. რა საჭიროა თავზე მდგომი! ისე, ტელევიზორი არ გაწყენდა.
- არა, არ მინდა, ხმაური უფრო მღლის.
- ამაშიც გეთანხმები. ან კი რას უნდა უყურო კაცმა? ყველგან პოლიტიკა და პოლიტიკა, სხვა სალაპარაკო არაფერი აქვთ, მთელი საზოგადოება პოლიტიზებულია დღეს, - ქაქანებდა შუახნის ქალი, - ჰო, მართლა, შენთან მნახველია მოსული, გარეთ გელოდება. შემოვუშვა?
- ვინ არის? - დავიჯღანე. არავის ნახვის სურვილი არ მქონდა. ცოლიც იმიტომ მოვიშორე თავიდან, რომ მარტო დავრჩენილიყავი.
- ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ იმისთანა ქალია… იფ! - აღფრთოვანება ტუჩების დაბრეცით და წარბების აწევით გამოხატა ექიმმა.
- შემოვიდეს, რა ვიცი, - უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და ბალიში წამოვწიე, რომ დამჯდარ მდგომარეობაში მაინც დავხვედროდი სტუმარს. ისეთი დასუსტებული ვიყავი ავადმყოფობისგან, ფეხზე დგომა და სიარული მიჭირდა.
- აბა, დროებით. ამაღამ მე ვარ მორიგე და კიდევ შემოგივლი. იქამდე ირმა ექთანი მოგხედავს. ცხრაზე გიწევს წამლები, იცოდე! - გამაფრთხილებელი ტონით თქვა ექიმმა და პალატა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
გამეცინა. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ეს ქალი ყოველთვის ყველაფერში ჩქარობს. ჩქარა გვის, ჩქარა რეცხავს, ჩქარა ამზადებს სადილს, ჩქარა დადის… სექსში როგორ აქვს ნეტავ, საქმე?
დერეფანში ვიღაცას გამოელაპარაკა. «მიბრძანდით, გელოდებათო», - ეს სიტყვები გარკვევით გავიგონე და გამოღებულ კარში ქალი გამოჩნდა…
დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა… არც კი… მაღალი, ლამაზი… სალათისფერი, ტანზე მოტმასნილი კაბით, შავი, გრძელი და სრიალა თმით… გიტარასავით გამოყვანილი წელით… უზარმაზარი ლურჯი თვალებით და იდუმალი ღიმილით, რომელიც ერთობ ვნებიან ტუჩებზე მაცდურად დასთამაშებდა.
- გამარჯობა, ზაზა, - თქვა და შედგა.
- გაგიმარჯოს?! - ჩემთვის რომ უცხო იყო, ეს ხმის ინტონაციით გამოვხატე.
- ვერ მიცანი, არა?
- ვერა. რომელი ხარ?
- ნუთუ ასე შევიცვალე? - თითქოს დანანებით თქვა და მარცხენა ხელით თმა ყურზე გადაიწია…
ვერ ვიცანი? როგორ ვერ ვიცანი… ამ ჟესტით ვიცანი ზუსტად.
- ნატა? შენ… საიდან? საიდან გაიგე?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი, - თქვა თავისი ხავერდოვანი ხმით და თვალებით უფრო გამიღიმა, ვიდრე ტუჩებით.
- არა, მართლა…
- გოგა შემხვდა გუშინ… იმანაც ძლივს მიცნო. შენზე მითხრა, ინფექციურში წევსო…
- ჰო… წეღან იყო მოსული, მაგრამ შენზე არაფერი უთქვამს.
- დაავიწყდა ალბათ.
- რა მნიშვნელობა აქვს. დაჯექი და მომიყევი, როგორ ხარ?
- რა ვიცი… ვარ. ვცხოვრობ, ვმუშაობ… ქმარ-შვილს ვუვლი და ასე…
- რამდენი შვილი გყავს?
- ერთი გოგო.
- აუჰ, გიზარმაცია. მე სამი მყავს.
- ვიცი.
- საიდან?
- აკი გითხარი, გოგა შემხვდა-მეთქი.
- ჰო, სულ დამავიწყდა. სხვა?
- სხვა რა ვიცი… ისეთი არაფერი. ინსტიტუტში ვმუშაობ, ლექციებს ვკითხულობ. ნინო როგორ არის?
- კარგად, კარგად. ათი წუთია, რაც წავიდა. ცოტა ადრე რომ მოსულიყავი…
- არა მგონია, ჩემი დანახვა გახარებოდა.
- არა, რატომ… მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა…
- ვიღას ახსოვს ის ისტორია, არა?
- მაგის თქმა არ მინდოდა, - ჭარხალივით გამიხდა სახე ნატას რეპლიკაზე, - უბრალოდ, წავიდა ის წლები. ახლა აღარ აქვს საეჭვიანო საბაბი.
- ვითომ? მაშინ რატომ არ მახსენა გოგამ, როგორ ფიქრობ? მგონი, ნინოს განაწყენებას მოერიდა, არა?
თვალები მთელი ძალით დავხუჭე. ეგ კი არ მიფიქრია! აი, თურმე, რატომ არაფერი თქვა გოგამ. ნინოს წამითაც არ დავუტოვებივართ მარტო, ამიტომაც ვერ მითხრა გუშინდელი შეხვედრის შესახებ.
- ალბათ…
- შენ გამოსწორებულხარ, თუკი ეჭვიანობის საბაბს არ აძლევ ცოლს. როგორ მოხდა? წლებმა დაგაბრძენა?
- კი არ დამაბრძენა, გამტეხა, ნატალია, გამტეხა. ამ ავადმყოფობამ კი სულ მომიღო ბოლო.
- ჰო, ექიმმა მითხრა, ჰეპატიტი აქვსო. ბევრს სვამდი?
- არც ისე… მთლად სასმლის ბრალი არ უნდა იყოს.
- ნარკოტიკები?
- არა, არა, შენ ხომ იცი, ცხოვრებაში წამალი არ გამიჩხერია. «პლანს» თუ მოვწევდი ხოლმე და ეგ იყო. უბრალოდ, ღვიძლი ბავშვობიდან მაწუხებდა. მამაჩემიც მაგან მოკლა, ციროზი დაემართა სამოცი წლის ასაკში.
- რას ამბობ! რობიკო გარდაიცვალა? - პირზე ხელი აიფარა ნატამ და თვალები აუწყლიანდა, - რა სამწუხაროა, როგორ მიყვარდა მამაშენი.
- იმასაც ძალიან უყვარდი… სხვათა შორის, ხშირად გახსენებდა.
- ეჰ, რაც მე მის სცენაზე გამოვსულვარ და მიცეკვია…
- კარგი დრო იყო, ლამაზი წლები და…
- «ჯიბრიანი» შეცდომები, - დაამატა ნატამ.
- შენ ეგა თქვი. ერთმანეთის ჯინაზე შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით… შენც და მეც.
- ჰო… შენგან მიკვირდა, თორემ მე ბავშვი ვიყავი და კიდევ მეპატიებოდა.
- მეც ბავშვი ვიყავი, რა გგონია, - არ დავუთმე.
- რა ბავშვი, მთელი შვიდით წლით ხარ ჩემზე უფროსი. თექვსმეტი წლისა გამიცანი, დაგავიწყდა?
- არა, მახსოვს და არც არასდროს დამვიწყებია. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ადამიანი, როცა შეყვარებულია, ბავშვია.
- რა თქვი? - უცებ ყურები ცქვიტა, - გაიმეორე, რა თქვი?
- ყველა ადამიანი, როცა შეყვარებულია, ბავშვია-მეთქი.
- გინდა თქვა, რომ ჩემზე იყავი შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, პირველად გესმის?
- კი, პირველად მესმის და ამიტომაც გამიკვირდა. შენ ჩემთვის სიყვარული არასდროს აგიხსნია… იქნებ აღარ გახსოვს?
- მახსოვს, - საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.
- რატომ, მერე, რატომ? იქნებ ახლა მაინც მითხრა, რატომ არ მეუბნებოდი, რომ გიყვარდი?
- რა საჭირო იყო თქმა, შენ ხომ გრძნობდი ამას?
- მერე რა, რომ ვგრძნობდი. იქნებ როგორ მჭირდებოდა ამის მოსმენა? მე რომ გეუბნებოდი, ხომ გსიამოვნებდა?
- თანაც ძალიან.
- აი, ხომ ხედავ, შენ კი მე ეს სიამოვნება მთელი ოცდახუთი წელი მომაკელი.
- რამდენი? - მეგონა, ვერ გავიგე.
- ოც-და-ხუ-თი წელი.
- მაგდენის ხა-არ? - გავეხუმრე.
- ვარ, შენ წარმოიდგინე. ორმოცდაორი წლის ვარ.
- 19 ივლისს გახდები.
- მართალია, ჩანს, ეს არ დაგვიწყებია, - სინანული გაუკრთა ლამაზ თვალებში.
- არც ეს და არც სხვა დანარჩენი, ყველაფერი ზეპირად მახსოვს. რომ შეიძლებოდეს, მოგონებების გამოცდას ზეხუთიანზე ჩავაბარებდი.
ნატამ თავი ჩაღუნა. რამდენიმე წამს დუმილი ჩამოვარდა.
- ნატა…
- ბატონო, - ჩამქრალი ხმით თქვა და თავი ასწია.
- ძალიან ლამაზი ხარ… - არ შემეძლო, არ მეთქვა.
- ჰო, რა ვიცი…
- ისევ ისე გესევიან კაცები?
გაიცინა. სიცილიც კი სევდიანი მეჩვენა.
- მიყვარხარ, ზაზა. ისევ ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ. ვერ დაგივიწყე. ყველაფერი შევძელი ცხოვრებაში და ეს ვერ მოვახერხე.
- მეც, - ჩემდა უნებურად გამექცა სიტყვა.
- ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის შენი მხრიდან? - თვალი თვალში გამიყარა.
ვერ გავუძელი მის მზერას.
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მართალია, კარგად ვერ გამოვიყურები, მაგრამ აღქმის უნარი არ დამიკარგავს. რომ მცოდნოდა, მოხვიდოდი, ცოტა სხვანაირად დაგხვდებოდი.
- როგორ, სხვანაირად? - გამოცოცხლდა ნატა.
- როგორ და… აი, წვერს გავიპარსავდი…
სიცილი წასკდა.
- იცი? რამდენიმე წლის წინ რა დამემართა? ვიღაც კაცს მიგამსგავსე სტადიონთან. კინაღამ გამიჩერდა გული. არ მახსოვს, როგორ ჩამოვხტი «მარშრუტკიდან», მივუახლოვდი ამ კაცს, ხან აქედან მოვუარე, ხან იქიდან. ძალიან გგავდა - მანერებით, დგომით, გამოხედვით, თვალების ფერით, სიმაღლით… ერთადერთი, შენსავით ნაიარევი არ ჰქონდა ლოყაზე. ვიფიქრე, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთა-მეთქი. ბოლოს ვერ მოვითმინე, მივაჭერი და ვკითხე, თქვენ ზაზა ხომ არ გქვიათ-მეთქი. იცი, რა მიპასუხა?
- კიო, ალბათ, არა?
- ვერ გამოიცანი. სამწუხაროდ, არაო, მიპასუხა.
- სამწუხაროდო, არა? ხედავ? თურმე იმასაც მოეწონე.
- არა, რა სისულელეა.
- უძახე შენ სისულელე… მე კი სწორედ შენმა საყოველთაო მოწონებამ დამღუპა.
- იცი, რამდენი გეძებე? - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა ნატამ.
- მეძებე? ეგ კი აღარ მჯერა, ნატალია… და იცი, რატომ? ზუსტად თხუთმეტი წლის წინ, საახალწლოდ, მისალოცი ბარათი გამოგიგზავნე, შენ კი პასუხიც არ მომწერე. იქ ეწერა ჩემი მისამართი.
- ვიცი. ახლაც შენახული მაქვს.
- მერე? თუ ჩემი ნახვა გინდოდა, ხომ შეგეძლო…
- იმ ბარათის გამო კინაღამ ოჯახი დამენგრა, - დახშული ხმით თქვა და ისევ ჩაღუნა თავი.
- მართლა? არ მინდოდა… მაპატიე.
- არა უშავს, შენი ბრალი არ არის. მე ვარ დამნაშავე. რა სულელი ვიყავი, სანამ გავთხოვდებოდი, გიგლას ყველაფერი მოვუყევი შენ შესახებ… ამიტომაც იეჭვიანა, როცა შენი მისალოცი მივიღეთ.
- ახლაც ეჭვიანობს?
- ყოველ წუთს.
- ჩემზე, კაცო?
- არა მარტო შენზე, ყველა შარვლიანზე.
- მესმის მისი. შენნაირი ცოლი როცა ჰყავს ადამიანს, ძნელია, არ იეჭვიანო.
- შენც იეჭვიანებდი? - ეშმაკურად ამომხედა.
- აუცილებლად, - უკან არ დავიხიე, - ახლა მით უმეტეს, შენ უკვე ხარ ქალი-ქალში.
- ჰო, მახსოვს, ამას რომ მეუბნებოდი, - დაიმორცხვა ნატამ.
- მერე როგორ გადაურჩა შენი ოჯახი დანგრევას? რამ გაამაგრა? - ახლა მე შევცვალე საუბრის თემა.
- თამუნამ, ჩემმა ქალიშვილმა. არ მინდოდა იგი უმამოდ გაზრდილიყო, თორემ ერთი დღე არ გავუჩერდებოდი. ძალიან გავბრაზდი მაშინ. არადა, არაფერ შუაში ვიყავი. მიმტკიცებდა, ალბათ შენ გააგებინე მისამართი, თორემ როგორ მოგძებნიდაო.
- რას მელაპარაკები-თქო! - აღმომხდა გაღიზიანებულს, - კაცმა თუ მოინდომა, სასურველი ქალის მისამართს ყოველთვის მოიძიებს… ასე რომ, მეც გეძებდი, - დავამატე ბოლოს შეცვლილი ხმით.
- ჰოდა, აგერ ვარ, ჩემი ფეხით მოვედი, - მტკიცე ხმით წარმოთქვა და გამჭოლი მზერა მესროლა.
ხმა ვერ ამოვიღე. რას ნიშნავდა მისი სიტყვები? რას მთავაზობდა? სანამ რამეს მოვიაზრებდი, ისევ თვითონ გააგრძელა.
- იმედია, მთელი ცხოვრება საავადმყოფოში არ მოგიწევს ყოფნა. ხომ არ იცი, როდის უნდა გაგწერონ?
- ყველაზე ცოტა, ორკვირიანი კურსიო, ექიმმა თქვა.
- ორი კვირა… - თავისთვის ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა, - მერე ცოტა დასვენებაც დაგჭირდება, რომ საბოლოოდ მომაგრდე. ორ თვეს გაძლევ დროს.
- რა ორ თვეს? - ვერ მივუხვდი.
- მობილური გაქვს?
- კი, როგორ არა.
- ჩამაწერინე შენი ნომერი და ორი თვის მერე დაგირეკავ.
- კარგი, - დაბნეულმა ვუპასუხე და ნომერი ვუკარნახე.
- არასწორად ხომ არ ვიქცევი? - მკითხა უცებ.
- არა, რატომ?
- რა ვიცი, იქნებ არ გინდა ჩემთან შეხვედრა, - მხრები აიჩეჩა და ირიბად გამომხედა.
- როგორ არ მინდა, მინდა, მაგრამ…
- მაგრამ?
- მაგრამ ამას მერე რა მოჰყვება, არ ვიცი, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ, იცოდე! -გავაფრთხილე.
- არც მე! - მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა და ხელზე ხელი დამადო.
ხომ გახსოვთ, როგორ შეახურებს ხოლმე ალკოჰოლიანი სასმელი ორგანიზმს? სწორედ ასე შემახურა ნატას ხელის შეხებამ.
ჩვენი მზერა კვლავ შეხვდა ერთმანეთს. მის თვალებში ყველაფერი ძველებურად იკითხებოდა, როგორც მაშინ, ძველ დროს. ეს ერთადერთი ქალის თვალები იყო, რომელსაც საიდუმლოს დამალვა არ შეეძლო…
- გახსოვს, რას მეძახდი? - იდუმალი ხმით მკითხა.
- მახსოვს - სხვისი ოცნების ქალს.
- ჰო… და ასეთადაც დავრჩი. სხვათა შორის, შენთვისაც… ჯერჯერობით.
- ვიცი, - ვთქვი და ამოვიხვნეშე.
- დაგირეკავ… აუცილებლად, - ხელი მომაშორა და წამოდგა.
- შენს ზარს დაველოდები… მეც რომ დაგირეკო?
- არა, მე თვითონ… ნახვამდის, ზაზა.
- შეხვედრამდე, ნატალია.
თითები ლამაზად აამოძრავა, თითქოს საცეკვაო ილეთს აკეთებსო, მრავლისმეტყველად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
სანამ კარს გაიხურავდა, ერთხელ კიდევ მოიხედა…
«მიყვარხარო», - თვალებით მითხრა…
გაგრძელება იქნება