სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ნანა ჯანელიძის ფილმში „იავნანა“ ქეთოს დედის როლი შეასრულა და იმავე, 1992 წელს, რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში მიიწვია სპექტაკლში „ცხოვრება სიზმარია“, მთავარი გმირის სახის შესაქმნელად. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერის აღმასვლა.
დღეს უკვე მისი ბიოგრაფია უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ პერსონაჟს აერთიანებს. 1994 წელს "იავნანამ რა ჰქმნაში" განსახიერებული ქართველი დედის როლიდან "საშიშ დედამდე", რომლისთვისაც Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო დაიმსახურა, ბევრი დრო გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი მსახიობმა ძლიერი დედებისა და ქალების სახეებთან ერთად, კაცის არაერთი როლიც მოირგო.
ნატა მურვანიძე 1970 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
თეატრალურ-კინემატოგრაფიული ოჯახის წარმომადგენელია: მამა - მხატვარი და სცენოგრაფი მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე; დედა - ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი - მაკა მახარაძე; და - ვიზაჟისტი და თეატრალური და კინოგრიმის ოსტატი - ანუკა მურვანიძე; ქმარი - მსახიობი და რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრის დირექტორი - ნიკა თავაძე.
ერთმანეთს პირველად თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების დროს შეხვდნენ. იმ დღესვე მოუწიათ პარტნიორობა – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნიკა თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი… ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები, მერე კი, ნატას დაბადების დღეზე, ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი დახვდა, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზეწარზე წარწერა “გილოცავ”.
"ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა და არც ვიცი, მოსაყოლია ეს თუ არა. თავიდან ძალიან ვმეგობრობდით. შემდეგ თბილისში 2 ამერიკელი ჩამოვიდა (მაშინ უცხოელების ასეთი ვიზიტები იშვიათობა იყო), რომლებიც რატომღაც თეატრალურ ინსტიტუტს მოამაგრეს და ჩვენ გვთხოვეს, გვეპატრონა, აქეთ-იქით წაგვეყვან-წამოგვეყვანა. არც მახსოვს წესიერად, რატომ აღმოვჩნდით ამ როლებში. არც ის, რატომ ვუთხარით მათ, რომ მე და ნიკა შეყვარებულები ვართ. ამ თამაშში კი მივხვდით (გამოდის, ამერიკელებმა მიგვახვედრეს), რომ მართლა გვიყვარს ერთმანეთი. ამას არც ერთი არ ველოდით. დავქორწინდით მეორე კურსზე და დათა გაჩნდა ზუსტად 9 თვეში, ზუსტად“, - იხსენებდა მსახიობი.
34-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, ნატამ და ნიკამ არაერთი საინტერესო ეტაპი გაიარეს, თუმცა ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ ყოფილა. საინტერესოა, რომ „იავნანამ რა ჰქმნაში“ გადაღების დროს, სადაც ნატა და ნიკა ცოლ-ქმრის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში დაშორებულები იყვნენ. მათი განშორება 7 წელს გაგრძელდა:
"34 წელია, რაც მე და ნიკა ერთად ვართ. 7-წლიანი ჩავარდნა გვქონდა. პირადი ცხოვრება და პროფესია ორი სხვადასხვა რამაა. ჩვენ მოვახერხეთ ერთმანეთისგან გამიჯვნა. შუალედებში ვრიგდებოდით, არ იყო ეს 7 წელი ცალ-ცალკე ყოფნის. ვრიგდებოდით და ვშორდებოდით. ეს იმან განაპირობა, რომ ცალკე ცხოვრება ჩვენი ახალგაზრდობის დროს არ შეგვეძლო. თანაცხოვრება იწყებოდა მხოლოდ ქორწინების შემდეგ.
ერთად ყოფნას შრომა სჭირდება, ოღონდ ეს სიამოვნებას გგვრის, ტანჯვა არ არის. ორი ადამიანის ურთიერთობაში მთავარია ნდობა. თუ ეს ნდობა დაირღვა, მაშინ აღარაფერია არც მთავარი და არც - მეორეხარისხოვანი. ნდობა სიყვარულს ეფუძნება - როცა გიყვარს ადამიანი, ენდობი კიდეც.
ერთმანეთს ვასწავლეთ დათმობა, შვილებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ, იმიტომ, რომ მათი პულსი უფრო ხშირია. 13 წელია სხვაობა დათა და მანუს შორის და თაობის სხვაობაც იგრძნობა - მანუ დამოუკიდებელი საქართველოს შვილია, დათა - გზაგასაყარზეა", - ამბობდა ნატა მურვანიძე.
ნატას და ნიკას ორი შვილი, დათა და მანუ თავაძეები ჰყავთ. ისე გამოვიდა, რომ შვილები მშობლებისა და, ზოგადად, ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ - მანუ თავაძე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, დათას კი თეატრალურ სამყაროში კარგად იცნობენ - ის "სამეფო უბნის თეატრში" რეჟისორია. ნატა მურვანიძე შვილის სპექტაკლში მონაწილეობის ემოციებსა და გამოცდილებას ასე იხსენებდა:
"პირველად როცა ვნახე, დათა რეპეტიციას როგორ ატარებს, ეს იყო ძალიან ინტიმური ნაწილი. ეს ის კარია, რომელიც გამიღეს და შემიშვეს. ყველაზე მაჩანჩალა ვიყავი იქ, იმიტომ, რომ როგორც დედა, ვაკვირდებოდი, რას აკეთებს. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. სპექტაკლები ნანახი მქონდა, მაგრამ ხომ არ ვიცოდი, როგორ აკეთებდა ამას. ყველაზე ძალიან მინდოდა, მას მოვწონებოდი".