ოცდასამი წლის ვიყავი, პირველად რომ დავინახე. უნივერმაღში იყო შესული, ბიჟუტერიის სექციასთან იდგა დახრილი და სამკაულებს ათვალიერებდა. ეგრევე მომხვდა თვალში. არ შეიძლებოდა, შეუმჩნეველი დაგრჩენოდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ საოცარ არსებათაგანი, რომელიც ბუნებას ოდესმე შეუქმნია. მაღალი, ტანადი, წელწვრილი და გრძელფეხება გოგო თავისი ბრიალა თვალებით უცებ იქცევდა ყველას ყურადღებას. საოცარი სიარულის მანერა ჰქონდა, თავაწეული კი არ დადიოდა, დასრიალებდა, თითქოს მხოლოდ ფეხის წვერებით ეხებოდა მიწას, როგორც ბალერინა სცენის იატაკს. მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე ცეკვავდა. ამიტომაც დააბიჯებდა ასე ამაყად, ყველასგან გამორჩეულად. სწორედ მისი განსაკუთრებულობა იყო მიზეზი იმისა, რომ საპირისპირო სქესის ყურადღება მიექცია. თვალები? მსგავსი არაფერი მინახავს. განა მარტო ლამაზი თვალები ჰქონდა, სასწაულებრივად მეტყველიც - მთელი მისი ცხოვრების ისტორია იკითხებოდა ერთ შემოხედვაში. როცა ახლოს გავიცანი, მერეღა მივხვდი, რატომ ვერ უსწორებდა ადამიანს მზერას დიდხანს - ეშინოდა, არ გაეცა თავი, ყველა ადვილად არ ჩაწვდომოდა მისი სულის სამყაროს, არ ამოეცნო მისი პატარ-პატარა საიდუმლოებანი…
ერთადერთი, ამქვეყნად რასაც რეალურად ვაფასებდი, სიყვარული იყო, ოღონდ… პირველ რიგში, ჩემივე თავის სიყვარული. იდეალურ რომანტიკოსს წარმოვადგენდი - ყოველთვის ყველა ქალში სიყვარულს ვეძებდი. მათი ყურადღება ნამდვილად არ მაკლდა. ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანი გახლდით, ნებისმიერი ქალის - მიუხედავად თავისი სტატუსისა და სოციალური მდგომარეობისა თუ ფენისა - მოხიბვლა წამებში რომ შემეძლო. ამაში ყველაფერი მიწყობდა ხელს - გარეგნობა, სილაღე, კარგი აღზრდა, ჯანსაღი იუმორი, ვაჟკაცური მოლხენა, გიტარა და, როგორც იტყვიან, ჩქარი ტაში. სასიმღერო ხმა მამისგან გამომყვა, რომელიც თავის დროზე განთქმული მომღერალი იყო. ხალხური სიმღერის ანსამბლში მღეროდა და მსოფლიო ჰქონდა მოვლილი. მერე, ასაკში რომ შევიდა, სიმღერას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო. მას, როგორც დაფასებულ ადამიანს, ქალაქკომმა პატივი სცა და კულტურის განყოფილების გამგედ დანიშნა. იცოცხლე, ისე დატრიალდა, რამდენიმე წელიწადში ხელოვნების კერად აქცია ჩვენი ქალაქი. ყველასთან ყველაფერი გამოსდიოდა, ერთი მე ვერ მომიხერხა ვერაფერი. ისე ნებიერად გამზარდეს დედამ და მამამ, იმდენი ფული მქონდა, სწავლაზე ძალიან ადრე ავიცრუე გული. მართალია, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამაბარებინეს, მაგრამ ორ წელიწადში გამრიცხეს და საერთოდ ჩავიქნიე სწავლაზე ხელი. საბოლოო ჯამში, «ბირჟავიკის» სახელი მოვიხვეჭე და მთელი დღე ქუჩაში დგომით ან ძმაკაცებთან ერთად ქეიფსა და მანქანით სეირნობაში ვატარებდი დროს.
ქალს ქალზე ვიცვლიდი, არც ასაკს დაგიდევდით და არც წარმომავლობას. არც იმას ვუყურებდი, გათხოვილი იყო, გასათხოვარი თუ განათხოვარი. მთავარი იყო, მომწონებოდა და ორი შეხვედრაც საკმარისი იყო, ჩემი გამხდარიყო. ყველა მიცნობდა, დიდიც და პატარაც, უდიდესი მექალთანის სახელი მქონდა გავარდნილი.
ჰოდა, იმას ვამბობდი… ნატა რომ დავინახე პირველად… გითხარით უკვე, როდის და სად დავინახე.
მეორედაც იქ დავინახე, ბიჟუტერიის სექციასთან. მე გარეთ ვიდექი, ტროტუარზე და ვიტრინიდან ვადევნებდი თვალს. ამ დროს თათული მომიახლოვდა, ჩემი ძმაკაცის, ზურას და.
- ვა, ზაზული? როგორ ხარ? - მხარზე დამკრა ხელი.
მივესალმე, ვაკოცე და მეც მოვიკითხე.
- თათო, რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ… ჩვენ შორის დარჩეს, კარგი?
- კარგი, - მითხრა და ყურადღებით შემომაჩერდა, თითქოს დიდი საიდუმლოს გაგებას ელოდა ჩემგან.
- ის გოგო ხომ არ იცი, ვინ არის? - და ხელით ვანიშნე უნივერმაღისკენ.
- აბა, რომელი? ნინელის სექციასთან რომ დგას, მაგაზე მეკითხები?
- ჰო, ზუსტად მაგაზე.
- ე-ე-ე! ეგ იცი, რა გოგოა? მაგარი! მაგის გულისთვის მთელი ქალაქის ბიჭები ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ.
- ეგ არ მაინტერესებს. შენ ის მითხარი, ვინ არის და რა ჰქვია.
- ნატა ჰქვია, შარშან ჩამოვიდა თბილისიდან. ბებია ზრდის. დედა არ ჰყავს, მამამისმა კი მეორე ცოლი მოიყვანა და ეს აქეთ გამოუშვა, დედაჩემი მოგივლის, სანამ სკოლას დაამთავრებო.
- შენ იცნობ?
- როგორ არ ვიცნობ, ჩვენს სკოლაში სწავლობს, მეათე კლასშია.
- გამაცნობ?
- რა პრობლემაა, წამო, შევიდეთ და გაგაცნობ. ჩემი დაქალია.
- მოიცა ახლა!
- ნუ… მთლად დაქალი არ არის, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს, წამო, წამო!
შევდიოდი მაღაზიაში, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნია, რატომღაც შინაგანად ვნერვიულობდი.
- ნატული, პრივეტ, როგორ ხარ? - თათომ ხელი მხარზე გადახვია დახლზე დახრილ გოგონას.
- უი, თათუშკი, როგორ შემაშინე! არა მიშავს, შენ რას შვრები?
- არაფერს, ვისვენებ. ხომ იცი, კვირაა და უსაქმოდ ვარ, აი, მე და ჩემი ძმაკაცი ვსეირნობთ.
«ძმაკაცის» გაგონებაზე ღიმილი ვერ შევიკავე. აბა, რომელი მისი ძმაკაცი მე ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ჰო, მართლა, გაიცანი, ეს ზაზაა.
- სასიამოვნოა, ნატა… ნატალია, - მორცხვად თქვა და გაწითლდა.
- ჩემთვისაც, - ხელი გავუწოდე და მისი პატარა თითები მუჭში მოვიმწყვდიე.
რბილი და თბილი თითები ჰქონდა, წვრილი და გრძელი, თლილი და… მგრძნობიარე. საჭიროზე მეტხანს გავაჩერე მისი ხელი ხელში.
- რას ათვალიერებ, მოგეწონა რამე? - თათომაც დაუწყო სამკაულებს თვალიერება.
- ისე, უბრალოდ, მიყვარს ლამაზი სამკაულები, - უხერხულად შეიშმუშნა ნატა და მარცხენა ხელით თმა ყურზე გადაიწია, - ცოტა ადრე მომიწია წამოსვლამ და დროს ვკლავ ჩემთვის.
- სად მიდიხარ, რო? - ჰკითხა თათულიმ და მე გამომხედა.
- რეპეტიციაზე. სამშაბათს კონცერტი გვაქვს.
- მღერით? - ღიმილით ვკითხე.
- არა, ვცეკვავ.
- ა-ა-ა. ვინ არის თქვენი ქორეოგრაფი, შემთხვევით, თენგოსთან ხომ არ დადიხართ? -დავინტერესდი.
- კი, თენგოსთან.
- აჰა. ხომ არ გაბრაზებს ჩვენი თენგო?
- არა, რას ამბობთ, არაჩვეულებრივი ადამიანია.
- ვიცი. მომიკითხე, რომ ნახავ, - ჩემდა უნებურად, უნებლიეთ გადავედი «შენობითზე», - ამ დღეებში გამოგივლი-თქო, გადაეცი.
- აუცილებლად გადავცემ, - თქვა და თვალები დახარა.
მეტი სალაპარაკო არაფერი გვქონდა. დავემშვიდობე და გავეცალე. თათულიც თავის გზაზე წავიდა.
რეპეტიცია! რა კარგია, ცეკვაზე რომ დადის. თენგო რეპეტიციებს თეატრის შენობაში ატარებს, იქ, სადაც მამაჩემი მუშაობს. ხშირად ვარ იქ, მაგრამ ნატა არასდროს მინახავს. ერთხელ მაინც როგორ ვერ მოვკარი თვალი? საოცარია პირდაპირ!
ის დღე იყო და… ნატაზე ფიქრი ამეკვიატა. ახლა იმაზე ვფიქრობდი, რა გზა გამომენახა, რომ უფრო ახლოს გამეცნო და დავახლოებოდი. ჯერ ვიფიქრე, რეპეტიციაზე მივალ და იქ გამოველაპარაკები-მეთქი, მაგრამ უმალვე გადავიფიქრე. არ მინდოდა ეგრძნო, რომ განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენდი მის მიმართ. თან იმდენ ხალხში… არც ის მინდოდა, სხვებს რამე შეემჩნიათ.
ჩემდა საბედნიეროდ, ფიქრით თავის მტვრევა არ დამჭირდა. მეორე დღეს კვლავ მოვკარი თვალი, ჰაეროვანი ნაბიჯებით შედიოდა უნივერმაღში. მივხვდი, თავისი საყვარელი სამკაულების მოსანახულებლად მიდიოდა. ფეხდაფეხ შევყევი და გვერდით ამოვუდექი სექციასთან მდგარს.
- ნატა, როგორ ხარ? - შინაურულად მივმართე.
მოულოდნელობისგან შეხტა და შეშინებული თვალებით ამომხედა.
- ა! თქვენ ხართ? არა მიშავს, თავად?
- მეც არა მიშავს. რამის ყიდვას აპირებ?
- არა, ისე… - თქვა, მაგრამ მივხვდი, რაღაც ძალიან მოეწონა და ფული არ ჰქონდა, რომ შეეძინა. იდეა უცებ მომწიფდა თავში.
- იცი? შენი რჩევა მჭირდება, ხომ დამეხმარები? - გაღიმებულმა თვალი ჩავუკარი.
- რა ვიცი, თუ შემიძლია… - მხრები აიწურა.
- მეგობარი გოგოს დაბადების დღეა და იქნებ რამე შემარჩევინო.
- მე… არ ვიცი… გემოვნების საკითხია… - დაიბნა.
- დაახლოებით შენი ტოლია, სამკაულები იმასაც ძალიან უყვარს. ბეჭედსაც ატარებს, საყურესაც, მძივებსაც და სამაჯურებსაც. ოღონდ კაცების ამბავი ხომ იცი, მე საერთოდ ვერ ვერკვევი ამგვარ რამეებში.
- მაგრამ… გააჩნია, რა უფრო სჭირდება, - გაბედა ბოლოს.
- აი, მაგალითად, შენ რა გაგიხარდებოდა მეგობრისგან საჩუქრად? - დავეხმარე.
- მე-ე? - უმწეოდ მიმოიხედა.
- შენ რაც უფრო მოგწონს, ავდგები და იმას ვუყიდი.
- მე ეს გულსაბნევი მომწონს, - თქვა და ცრემლის ფორმის თეთრთვლებიან გულსაბნევს დაადო ხელი.
- გადასარევია! - შევძახე, მერე ნინელის ვანიშნე, ამას ვყიდულობ-მეთქი და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- გმადლობ, რომ დამეხმარე, - ვუთხარი, გარეთ რომ გამოვედით.
- მთავარია, მოეწონოს, - დარცხვენით მითხრა.
- ვიცი, რომ მოეწონება.
- ასე დარწმუნებული რატომ ხართ? - შემომცინა.
- იმიტომ, რომ შენ გიყიდე. არ დამიწყო ახლა, ესაო და ისაო. ეს დიდი არაფერია, ამიტომ არაფერი მითხრა, ისე გამომართვი. გთხოვ.
ერთხანს დაბნეული მომჩერებოდა, თითქოს დააპირა კიდეც რაღაცის თქმა, მაგრამ გადაიფიქრა, მადლობა გადამიხადა და საჩუქარი მორიდებით გამომართვა.
* * *
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქციელი საკმაოდ ბანალური იყო, საჩუქარმა მაინც თავისი ქნა. ამ ჟესტმა ნატა მოხიბლა. ერთხანს უხერხულად ატრიალებდა საჩუქარს ხელში, მერე მუჭში მოიმწყვდია, თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და მითხრა:
- ხვალ, შვიდ საათზე კონცერტი გვაქვს… თუ მოხვალ, ორ ბილეთს დაგახვედრებ.
მესიამოვნა. ჯერ ერთი, რომ «შენობით» მომმართა და მეორეც - დამპატიჟა. ამით მიმანიშნა, რომ მისთვის უცხო აღარ ვიყავი. შევთანხმდით - შვიდის ნახევარზე თეატრის შესასვლელთან დამხვდებოდა. ის იყო, გაცილება უნდა შემეთავაზებინა, რომ მოულოდნელად ვიღაცის გამჭოლ მზერას წავაწყდი. ნატას უკან, ათიოდე მეტრის დაშორებით, მაკა იდგა.
- კარგი, ნატალია, აბა, ხვალამდე, აუცილებლად მოვალ, - გავუღიმე სახეშეფაკლულ გოგონას და უნივერმაღში შევტრიალდი, მაკასკენ აღარ გამიხედავს.
- ზაზა! - დამეწია მისი ხმა, სანამ მეორე სართულის კიბეს ავუყვებოდი.
შევჩერდი და მოვიხედე.
- რა იყო, ძველ ნაცნობებს ვეღარ ამჩნევ? - მოახლოებულმა ხელი კიბის სახელურს ჩაავლო და ორაზროვნად ამომხედა.
- სად იყავი? - მშრალად ვკითხე და იქვე, საფეხურზე ჩამოვჯექი.
- არ მაკოცებ? - ტონი არ შეუცვლია.
- ეს აუცილებელია? - თითები ერთმანეთში გადავხლართე და ირიბად ავხედე.
- არა? რა ვიცი, როგორც გინდა. ის ვინ იყო?
- ვინ ის? - ჩემს ხმაში გაღიზიანება გაისმა.
- ვისაც ეფანცქვალებოდი, - მედიდური ტონით თქვა და გვერდით მომიჯდა.
- შენ არ იცნობ.
- ეგ უშენოდაც ვიცი. რა გჭირს, ბავშვებზე დაიწყე ნადირობა?
- რაზე შემატყვე, რო?
- რა ვიცი, ისეთი თვალებით უყურებდი, შემეშინდა, არ დამდნარიყავი.
- მორჩი ირონიას. ამის სათქმელად დამიძახე?
- არა, იმისთვის დაგიძახე, რომ მეკითხა, სად დაიკარგე, ერთხელ რომ არ გამოჩნდი?
- საქმეები მქონდა.
- აუჰ! როდის აქეთ გამოგიჩნდა საქმეები? - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და ხელები მუხლებზე შემოიჭდო.
- რა გინდა, მაკა, არ იტყვი?
- მომენატრე, სხვა რა უნდა მინდოდეს. რატომ დამივიწყე? უკვე აღარ გაინტერესებ?
პასუხი არ გავეცი. ერთი სული მქონდა, დროზე მომეშორებინა თავიდან.
- არ გესმის, რას გეუბნები? - თავი ჩემკენ გადმოხარა და მხარზე ოდნავ შემეხო.
- ახლა არ ვარ შენს ხასიათზე, შემეშვი, - ცივად ვთქვი.
- გასაგებია. მაშინ, როცა ხასიათზე მოხვალ, დამირეკე, სალაპარაკო მაქვს, - თქვა, სწრაფად წამოდგა, მხარზე გადაკიდებული ჩანთა მოიხსნა, მუხლზე მსუბუქად მომარტყა და ქუსლების პაკაპუკით გამშორდა.
მართლა გამიფუჭდა ხასიათი. რაღა ახლა შემხვდა, რაღა მაინცდამაინც ნატასთან მნახა. ვიცოდი, რომ დღეიდან ეჭვიანობის სცენების გამართვას დამიწყებდა, ტვინს წაიღებდა საყვედურებით…
მაკასთან ორი წლის ურთიერთობა მაკავშირებდა. არ მიყვარდა, მაგრამ სიმპათია გამაჩნდა. არც თვითონ იყო გულგრილი ჩემ მიმართ. გულგრილი კი არა, ვუყვარდი კიდეც, თუმცა ამ თემაზე საუბარს ორივენი გავურბოდით. ის განათხოვარი იყო, ოთხი წლის შვილი ჰყავდა. მასზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მაგრამ თავსაც ვერ ვანებებდი, ცოტათი მეცოდებოდა კიდეც მარტოხელა დედა. როგორც საყვარელი, «მოწოდების სიმაღლეზე» იდგა. იცოდა, ჩემი ცოლობის შანსი ნაკლებად ჰქონდა, თუმცა იმედს არ კარგავდა. ცდილობდა, ყველანაირად გვერდში დამდგომოდა, მზრუნველობას არ მაკლებდა, ხშირად ხელსაც მიმართავდა იმის შიშით, არ მიმეტოვებინა. მეც ვსარგებლობდი მისი კეთილგანწყობით. მით უმეტეს, იმ პერიოდში სერიოზულად არავისზე ვფიქრობდი. არც შეყვარებული ვიყავი და არც დიდად გატაცებული სხვა ქალებით. მას კარგად ჰქონდა შესწავლილი ჩემი ბუნება. იცოდა, ჩემ ადვილად ჩაჭერას ვერ მოახერხებდა. ამიტომაც არ ცდილობდა, შეეზღუდა ჩემი თავისუფლება. ჭორიკნების გამოისობით, ყოველთვის საქმის კურსში იყო, როდის ვის ვხვდებოდი, ვისთან სად ვიყავი და ასე შემდეგ. როცა მორიგი ხანმოკლე რომანის შესახებ შეიტყობდა, საყვედურებით ამავსებდა, ტირილით დაიოსებდა თვალებს, მაგრამ მერე ისევ მირიგდებოდა. ერთი პერიოდი ეცადა, «ძმაქალის» როლიც ეთამაშა, რჩევებს მაძლევდა «ჩემი ქალების» შესახებ, ზოგს მიწონებდა და ზოგსაც მიწუნებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რა ეშმაკობაც იმალებოდა ამ მანერის უკან და ბოლომდე გულახდილი მასთან არასდროს ვიყავი. ქალი ვერაგი არსებაა, კატის ბუნება აქვს. ერთ წამს რომ ახლოს მიგიშვებს და მოგეალერსება, მეორე წამს დაუფიქრებლად გამოაჩენს ბრჭყალებს… სწორედ ამ ბრჭყალების გამოჩენას ვერიდებოდი.
ახლა კი… ახლა სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ნატა გავიცანი, ქალის ხსენებაც არ მინდოდა. ვერავის ვამჩნევდი ჩემ ირგვლივ. ხანდახან მიკვირდა კიდეც, როგორ მომნუსხა ამ პატარა გოგომ-მეთქი. იმხელა ხიბლი მოდიოდა მისგან, თავს ვეღარ ვერეოდი. სწორედ ეს იყო პირველი მიზეზი, რომ ამწუთას მაკას მიმართაც დავკარგე ინტერესი, თუმცა… მისი მიტოვება არც მიფიქრია. ის ჯერ კიდევ მჭირდებოდა…
რა ვქნა, ასეთი ცუდი ვიყავი.
გაგრძელება იქნება ორშაბათს