მამაჩემი არ ელოდა, ასე ადრე თუ მივიდოდი შინ. არაფერი უკითხავს, მაგრამ სახის გამომეტყველებაზე შევატყვე, რომ გაუკვირდა.
- რა იყო, ზაზაჯან, შეყვარებულმა უარი ხომ არ გითხრა? - გამაშაყირა და გასაღები გამომართვა.
- ეგღა მაკლია, მამი, ხომ იცი, რა მაგარი ვარ. შენი შვილი და უარი? - მეც გავეხუმრე და სააბაზანოში შევედი.
იმ ღამესვე დავურეკე ნატას, დიდხანს ვილაპარაკეთ. ბებიაჩემს მოეწონეო, მითხრა. ერთი ასეთი წესიერი ბიჭი შენც შეგახვედრა და ღმერთს მადლობას შევწირავდიო, სიცილით მიყვებოდა.
ეჰ, რომ სცოდნოდა ბებიამისს, ვისთან ჰქონდა მის შვილიშვილს საქმე, სიკვდილს აღარ დაელოდებოდა ალბათ, თავად მოისწრაფებდა სიცოცხლეს.
ოღონდ კი შემიყვაროს და მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ვფიქრობდი ჩემთვის. გამოვსწორდები, მუშაობასაც დავიწყებ, სწავლის საქმეებსაც მოვაგვარებ, ოღონდ კი…
მაგრამ ის ხომ მთლად ბავშვია, - მეწინააღმდეგებოდა შინაგანი ხმა, - ის შენი ტოლი არ არის, კარგი მომავალი აქვს, ნუ გაუფუჭებ ცხოვრებას!..
ორი ზაზა ერთმანეთს ებრძოდა. ორივეს თავისი არგუმენტი გააჩნდა. თავისთავად, ორივე მართალი იყო. ამიტომ რომელი გაიმარჯვებდა, ჯერ არ ვიცოდი.
ყოველდღე ვურეკავდი, უფრო სწორად, ყოველღამე. რამდენჯერ დაგვათენდა თავზე. ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო, თავის ასაკთან შედარებით, უაღრესად განათლებული. უამრავი ლექსი და გამოთქმა იცოდა, ლამის მთელი მსოფლიოს ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული. არც მე ვიყავი გაუნათლებელი, მაგრამ მას ვერ შევეჯიბრებოდი ამ მხრივ. თან ისეთი ენით და ისეთ თემებზე საუბრობდა, რომ არ მცოდნოდა, ეჭვიც კი შემეპარებოდა, რომ ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო. მის განსაკუთრებულ სასაუბრო თემას სიყვარული წარმოადგენდა.
- სიყვარული რა არის, ზაზა? - მკითხა ერთხელაც, როცა დავურეკე.
- სიყვარული? ჩემი აზრით, ეს ჭეშმარიტებაა.
- და ჭეშმარიტება რა არის?
- ჭეშმარიტება ეს ის არის, რისი მიღებაც ჩვეულებრივი ადამიანური შეგრძნებებით შეუძლებელია. იგი ჩვენი სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში იმალება, ჩვენს ინსტინქტებში, რომელიც გრძნობებზე უფრო ღრმაა და რომლიდანაც იღებს სათავეს ყველაფერი ღირებული, რაც ამქვეყნად არსებობს. ამავდროულად, იგი ბოროტებასაც მოიცავს. მოკლედ რომ გითხრა, ეს არის რაღაც შინაარსის მქონე მდგომარეობა, რომელსაც არ გააჩნია განსაზღვრული ფორმა და სწორედ მისი უქონლობის გამოა შინაარსიანი.
- მაშინ როგორ უნდა გავიგოთ, ვუყვარვართ ადამიანს თუ არა? - და მივხვდი, რატომაც წამოიწყო ეს საუბარი.
- უყურე, ახლა, რა ხდება. თუ შენთან მოდის შენთვის სასურველი მამაკაცი და, მაგალითად, მოაქვს ყვავილები ან სხვა რაიმე ნივთი საჩუქრის სახით, გეუბნება სასიამოვნო სიტყვებს და ასე შემდეგ, ეს შეგიძლია შეაფასო, როგორც მისი სიყვარული შენდამი, ან მისი ინტერესის გამოხატულება შენი პიროვნების მიმართ. შესაბამისად, თაიგული თუ სხვა რამ ნივთი ამ შემთხვევაში არის სწორედ ის ფორმა, რომლის შინაარსშიც სიყვარული იგულისხმება. მართალია?
- მართალია.
- მაგრამ მხოლოდ გარეგნული გამოხატულება არ არის საკმარისი, ადამიანის გრძნობის გულწრფელობაში დარწმუნდე. სიყვარული ხომ შინაგანი გრძნობაა, ყვავილები კი შეიძლება იმისთვისაც აჩუქონ ქალს, რომ მისგან სხვა, რაღაც მიწიერი და ყოფითი მიიღონ. მაგალითად, მისი სხეული, რაც ჩვენს დროში ასე ხშირად ხდება. აბა, ერთი წამით წარმოიდგინე ვინმე დონჟუანი, რომელიც მხოლოდ იმისთვის ხარჯავს ფულს, რომ თავისი საჩუქრებით გამოაშტეროს ქალი და ამას აკეთებს მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ერთი ღამით დაიპყროს იგი. ამ შემთხვევაში სად არის სიყვარული? ამიტომაც სიყვარული ინტუიციურად შეიგრძნობა და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული არანაირ მერკანტილობაზე ან წვრილმან ნივთებზე. როცა გიყვარს, გტკივა კიდეც, სიღრმეში იტანჯები, ამიტომაც არის იგი შინაგანი მდგომარეობა. სიყვარული მხოლოდ ღირსეული ადამიანების ხვედრია, ყველას კი არ შეუძლია იგი.
- გამოდის, ყველა ადამიანს არ აქვს უფლება, სიყვარულის სახელით ილაპარაკოს…
- ამაზე ვერ გიპასუხებ, ნატა, შეიძლება ჩემი დასტურით შეცდომა დავუშვა. შეიძლება მათი გაგებით ეს სიყვარულია, ვინ იცის. მაგალითად, ძველ რომში არ მიიჩნეოდა დანაშაულად, მამაკაცს იქ ეტარებინა დრო, სადაც მოესურვებოდა, ოღონდ ქალთან ღირსეულად უნდა მოქცეულიყო. ამიტომ ერთ ქალს თუ მხოლოდ ყვავილებს ჩუქნიდა, მეორეს მგზნებარე ღამეს უძღვნიდა. რომელთან ამჟღავნებდა იგი სიყვარულს? მისი გაგებით, ორივესთან - ერთი სულიერად უყვარდა, მეორე - ხორციელად. საუკუნეები გავიდა და სიყვარულის ეს ფორმები არ შეცვლილა. დღესაც იგივე ხდება. ამიტომ მხოლოდ საკუთარმა გულმა უნდა გიკარნახოს, ვის უყვარხარ და ვის უნდიხარ.
- იმედია, ჩემი გული არ მომატყუებს.
- სამწუხაროდ, ღალატი გულსაც სჩვევია ხშირად, ამიტომ ხანდახან გონების დახმარებაც აუცილებელია.
- გავითვალისწინებ შენს რჩევას.
- მადლობელი დაგრჩები…
დავემშვიდობე და სიამოვნებისგან მოთენთილმა თავი ბალიშზე მივდე. მივხვდი, მას უკვე ვუყვარდი. ძილმა მალევე წამართვა თავი და სიზმრებმა წამიყვანა იქ, სადაც ჯერ კიდევ არასდროს ვყოფილვარ…
* * *
რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვფრთხილობდი ნატასთან შეხვედრისას. არ მინდოდა, ვინმეს თვალში მოხვედროდა ჩვენი ერთად ყოფნა. ვიცოდი, ერთი მითქმა-მოთქმა ატყდებოდა. ერთადერთი, ვისაც არაფერს ვუმალავდი, გოგა იყო, ჩემი ბავშვობის მეგობარი. მას კარგად ესმოდა ჩემი, ხედავდა, რომ შეყვარებული ვიყავი. თვითონაც გამოცდილი ჰქონდა ჩემი სიტუაცია, მთელი ექვსი თვე დასდევდა ერთ გოგოს, ნათიას, მაგრამ თავი ვერ შეაყვარა. ნერვიულობისგან გახდა, რა გზას დადგომოდა, არ იცოდა. ვაიმედებდი, ცოტაც მოითმინე, ხომ იცი, ქალებს თავის დაფასება უყვართ, არ მოეშვა და აუცილებლად მიაღწევ მიზანს-მეთქი, მაგრამ ვერ შევასმინე. აიჩემა, გინდა თუ არა, უნდა მოვიტაცოო. შენ გვერდით ვარ, როცა იტყვი, მაშინ გავაკეთოთ ეგ საქმე-მეთქი. ქალის მოტაცებაში «სტაჟიანი» ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძნელი საქმეა, სხვებიც ახერხებდნენ ამას, მაგრამ ყველაზე რთული პროცესი მერე იწყებოდა - ანუ საპატარძლოს დარწმუნება იმაში, რომ უკან არ გაქცეულიყო და ბედს შერიგებოდა. ამაში მართლა არ მყავდა ბადალი. ნახევარი საათი საკმარისი იყო, რომ მოტაცებული დამეთანხმებინა და სასიძოსთვის ჩამებარებინა. ვინ იცის, რამდენი ქალი მომითვინიერებია ასე და რამდენი ქორწილი გვიჭამია. გოგას ბოლო იმედიც მე ვიყავი. თვის ბოლომდე დავიცადოთ-მეთქი, ვთხოვე და დავითანხმე კიდეც. ჩემი გულისნადებიც გავანდე. ვუთხარი, რომ ნატას მიმართ გულგრილი არ ვიყავი. მიხვდა, რომ ამ გულგრილობის უკან უფრო სერიოზული რამ იმალებოდა. თუ რამეში დაგჭირდე, აქ ვარო, მხარზე დამკრა ხელი…
ნატას ყოველღამე ვურეკავდი. გვიან, როცა დასაძინებლად დაწვებოდა, თავის ოთახში შეიტანდა ტელეფონს, ლოგინში დამალავდა და ასე, ბაას-ბაასში დაგვათენდებოდა ხოლმე. ასაკით პატარა იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი. ზრდასრული ქალივით მსჯელობდა. მსიამოვნებდა მასთან საუბარი. სიყვარული არ ამიხსნია, მაგრამ ხვდებოდა, რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. ისიც, როგორც ყველა ქალი, სიტყვიერ სითბოს მოითხოვდა საპირისპირო სქესისგან. მე კი ეს არ შემეძლო. მწარე გამოცდილება მქონდა მიღებული ღრმა წარსულში. ერთი გოგო მიყვარდა, რუსიკო. ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. რაც მე მისთვის მითქვამს, რამდენი სასიყვარულო სიტყვაც დამიხარჯავს მისი გულის მოსანადირებლად, ალბათ ას ქალს მაინც ეყოფოდა, რომ გამენაწილებინა. ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე ჩავირიცხე, თბილისში წავედი. ისე ხშირად ვეღარ ვხედავდით ერთმანეთს. წერილებს მწერდა, მეც ვწერდი. ყველა ბარათში სიყვარულად ვიღვრებოდი. რამდენიმე თვეში მისმა წერილებმა იკლო. ცუდად მენიშნა. უფრო მოვუხშირე წერას, ყოველკვირა თითო ბარათს ვუგზავნიდი, თანაც დაზღვეულს, რომ არ დაკარგულიყო. ბოლოს საერთოდ აღარაფერს მწერდა. ვერ მოვითმინე და ჩამოვედი…
ჩამოვედი და დაუჯერებელი ამბავი დამხვდა - გათხოვილა ჩემი რუსიკო, რაიკომის მდივნის ძმისშვილს გაჰყოლია ცოლად, ერთი თვის გაცნობილ ბიჭს…
მოიწყო ცხოვრება, მე რაღაში ვჭირდებოდი, როცა ყელამდე ფულში ჩაფლული სასიძო მოადგა კარს. მაშინ დავიფიცე, არასდროს არავინ შემეყვარებინა და თუკი ოდესმე ასეთ სისულელეს ჩავიდენდი, სიყვარული არასდროს ამეხსნა ქალისთვის…
ცხოვრების ბოლომდე შევასრულე ეს პირობა. ამიტომაც…
ნატა ყველანაირად ცდილობდა, როგორმე გამოეტყუა ჩემგან სამად სამი სიტყვა - მე შენ მიყვარხარ, მაგრამ უშედეგოდ. სიყვარულზე კრინტს არ ვძრავდი.
კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს, შაბათობით. რეპეტიცია რომ დაუმთავრდებოდა, მანქანით დავხვდებოდი თეატრისგან ოდნავ მოშორებით, ქუჩის ბნელ კუთხეში და იქ ვუცდიდი. მსუბუქი ნაბიჯებით მოირბენდა და უსიტყვოდ ჩამიხტებოდა მანქანაში სახეგაბადრული. თუ ეჩქარებოდა, მაშინვე მიმყავდა სახლში, თუ არ აგვიანდებოდა, ერთხანს გაჩერებულ მანქანაში ვისხედით, მისი თითები ხელებში მქონდა მომწყვდეული და ვლაპარაკობდით. ერთხელაც არ მიცდია, მეკოცნა ან მოვფერებოდი, ხელიც კი არ გადამიხვევია. რაღაცნაირად ვებრძოდი ჩემს თავს. მეშინოდა, ჩემი სიყვარულით მისთვის ცხოვრება არ დამენგრია. ნაცნობები ამბობდნენ, რომ პერსპექტიული ბავშვი იყო, კარგი მომავალი ელოდა, ჩემთან ყოფნით კი ყველა ოცნება სამუდამოდ დაენგრეოდა. არადა, ისიც არ შემეძლო, ზურგი მექცია. მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. ერთი დღეც რომ არ გამეგონა მისი ხმა, ცუდად ვხდებოდი…
ამასობაში ახალი წელი მოახლოვდა. ოცდაათი დეკემბერი იყო. დიდხანს ველაპარაკე ტელეფონზე. მინდოდა, ახალ წელს მენახა და მაინტერესებდა, რა გეგმები ჰქონდა. მამაჩემი ჩამოდის და სახლიდან ვერ გამოვალო, შემომჩივლა. ორში წავა და მერე თავისუფლად შევძლებო. შევპირდი, კვირა დღეს, სამ იანვარს, აუცილებლად სოხუმში წაგიყვან და კარგ დროს გაგატარებინებ-მეთქი. სიხარულით მეცხრე ცას ეწია.
გვიან დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მეც ერთობ ნასიამოვნები დავრჩი, მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე.
მეორე დილით გოგამ დამირეკა, უთენია გამაღვიძა. ღამენათევმა ძლივს ავიღე ყურმილი.
- ზაზა, ან დღეს, ან არასდროს! - პირდაპირ დამაჯახა.
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
- რა დღეს, რა არასდროს…
- დღესვე უნდა მოვიტაცო, ბათუმში წავიყვან დეიდაჩემთან. დამეხმარები?
- მოიცა…
- რა მოიცა, ძმაო, ხომ მითხარი, თვის ბოლომდე დავიცადოთო. ერთი დღეღა დარჩა, გადადებას აღარ ვაპირებ, იცოდე.
- მანქანის საქმე როგორ გაქვს?
- ყველაფერი რიგზეა, გოჩა მოდის თავისი «დვადცატჩეტირეთი».
- მერე? როგორ უნდა შემოიტყუო მანქანაში, გიფიქრია?
- მიფიქრია, ნონა გამოიყვანს სახლიდან.
- მაშინ წავედით, ძმაო, რაზეა ბაზარი.
ავდექი და ნაჩქარევად ჩავიცვი. ცენტრში გამოვედი და ცენტრალური ფოსტის შენობასთან მომლოდინე ბიჭებს მივუახლოვდი.
- მზად ვართ? - ვკითხე ორივეს.
- წავედით, წავედით, საავადმყოფოსთან გველოდებიან, - ჩქარობდა გოგა.
გოჩას ნელა მიჰყავდა მანქანა. ხმას არც ერთი ვიღებდით.
- აგერ, მიდიან! - იყვირა გოგამ და წინ გადაიხარა.
მე უკან ვიჯექი. გზაზე ტაატით მიმავალი გოგოები შევნიშნე. გოჩამ სვლას უმატა და ოდნავ რომ გადაუსწრო, მკვეთრად დაამუხრუჭა.
- გამარჯობა, ნონაჩკა, საით გაგიწევიათ? - მხიარულად შესძახა გოგამ, მაგრამ შევნიშნე, როგორ აუკანკალდა ხმა ნერვიულობისგან.
- კბილის ექიმთან მივდივარ, ნათია მომყვება.
- დასხედით, წაგიყვანთ, - თავი დაღუნა გოჩამ და ჩამოწეული ფანჯრიდან გახედა ორივეს.
- აუ! თქვენ გაიხარეთ, რა კარგი ბიჭები ხართ, - წამოიძახა ნონამ და მანქანისკენ გამოემართა. ნათია წამით შეყოყმანდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შერცხვა და დაქალს მიჰბაძა. რამდენიმე წუთიც და ორივე ჩემ გვერდით მოკალათდა. მანქანა დაიძრა და გოჩამ ნელ-ნელა უმატა სიჩქარეს…
8 8 8
ერთი სიტყვით, ორ საათში უკვე ბათუმში ვიყავით. ნათია მალევე მიხვდა, რომ ვიტაცებდით და ერთი წიოკი ატეხა, მაგრამ ვინ მოუსმინა, მთელი სისწრაფით მივქროდით, მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე იყო ჩართული და მისი წივილ-კივილი არავის ანაღვლებდა. მთელი რისხვა საცოდავ ნონას დაატყდა თავს, ლანძღვით აიკლო ნათიამ.
გოგას დეიდასთან სუფრა გაშლილი დაგვხდა. თადარიგი წინასწარ დაუჭერია ჩემს ძმაკაცს. დიდი ამბით შეგვხვდნენ, თეფშიც კი დაგვახვედრეს კართან. გაჯიუტდა საპატარძლო, ზღურბლზე ნაბიჯი ვერ გადავადგმევინეთ. სიძემ ხელში აიტაცა, თეფში გატეხა და ძუნძულ-ძუნძულით შეიყვანა საცოლე ბინაში.
ერთ ოთახში ქეიფი გაჩაღდა, მეორეში - პატარძლის «დამუშავება». ჯერ გოგას დეიდა შევიდა და ერთი საათი უკითხა «ნოტაციები», მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. გამოვიდა ქალი და ხელები გაასავსავა, სასტიკ უარზეა, შინ დაბრუნებას ითხოვსო.
ჯერი ჩემზე მიდგა, როგორც ამ საქმის «უდიდეს სპეციალისტთან». იქ მდგომთ თვალი ჩავუკარი, კარი შევაღე და შევედი. საწოლზე ჩამომჯდარიყო საწყალი და ტიროდა, თვალები ჩაწითლებოდა აცრემლებულს.
- კიდევ ტირი? - თბილად ვკითხე და გვერდით მოვუჯექი.
- ზაზა, გთხოვ, წამიყვანე სახლში, გემუდარები.
- აბა, აბა, ეგეთები არ გამაგონო. შენ გესმის, რას მეუბნები? გინდა, რომ სამი კაცი ციხეში ჩაგვსვან? - შორს დავიჭირე მისი მუდარა.
- არ გიჩივლებთ, დედას გეფიცები, არავის ვეტყვი, ოღონდ…
- ახლა გაჩუმდი და კარგად მომისმინე. ნუ ტირი, მოიწმინდე ცრემლები და შემომხედე, - მხარზე მზრუნველად გადავხვიე ხელი და გულზე მივიკარი.
- ზაზა, გთხოვ…
- ნათი, ხომ მცემ პატივს და ხომ გჯერა ჩემი?
- კი, როგორ არა.
- მაშინ უნდა დარჩე. გოგა არ არის ცუდი ბიჭი, შენც კარგად იცი. ფუტკარივით მშრომელია, კარგი ქმარი იქნება. რაც მთავარია, ძალიან უყვარხარ.
- სამაგიეროდ, მე არ მიყვარს, არა! - იყვირა სასოწარკვეთილმა.
- ვიცი, რომ არ გიყვარს, მაგრამ არც გეზიზღება, ხომ მართალი ვარ?
- ჰო, რა ვიცი…
- რა იცი კი არა, კარგად იცი. ამიტომ ჩვენც დაგვინდე და შენი თავიც. ტეხავს, უკან რომ გაგაბრუნოთ. რას იტყვიან უბანში, მოტაცებული ქალი გამოექცაო. არც შენ დაგადგება უკეთესი დღე. ვინ დაიჯერებს, რომ ხელუხლებელი ხარ, სახელი გაგიტყდება…
- არ მაინტერესებს, რაც იქნება, იქნებააააა! - ბღაოდა ნათია.
- შენები მიგიღებენ კი? ამაზე გიფიქრია? სამუდამოდ ჩაგკეტავენ სახლში და გარეთ კარგა ხანს აღარ გამოგიშვებენ, გოგო, არ იცი მშობლების ამბავი? ჩვენც მოგვარჭობენ შვიდ-შვიდ წელს, თუ მეტს არა და მეყოლე ვარდივით…
- არ მინდა აქ, სახლში მინდაააააა!
- მორჩი ახლა ისტერიკას. დავუძახებ გოგას და დაელაპარაკე. ერთხელ მაინც შეხედე ადამიანურად, იქნებ მოგიბრუნდეს გული. დამიჯერე, კარგი?
ასე და ამგვარად, დიდხანს «ვამუშავებდი» ნათიას. საათზე მეტი დამჭირდა, დამეთანხმებინა. მერე გოგა შემოვიყვანე, შენთვის ჩამიბარებია-მეთქი და კარი გამოვიხურე…
კიდევ ერთი ოჯახის შექმნაში მივიღე მონაწილეობა. საღამო ხანს, როცა ქეიფი გახურდა, პატარძალი უკვე ნაზად იღიმოდა და სადღეგრძელოებზე მორცხვად იხდიდა მადლობას მეუღლის მხარზე მიყრდნობილი. გოგას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
მერე ნათიას მშობლებიც ჩამოვიდნენ. ატყდა ერთი რია-რია, მაგრამ საბოლოოდ ისინიც დაშოშმინდნენ და ბედს შეურიგდნენ.
ქეიფი ლამის ერთი კვირა გაგრძელდა. გამოფხიზლებას ვერ ვასწრებდით, რომ მორიგი სტუმარი მოდიოდა და ისევ თავიდან ვიწყებდით თრობას.
ამასობაში ხუთი იანვარი გათენდა. ნაბახუსევზე რუმბივით გასიებული თავი ძლივს ავწიე. ახლაღა გამახსენდა ნატა, რომელიც სამი რიცხვიდან ჩემს ზარს ელოდა…
მაშინ სად იყო მობილურები, რომ დაერეკა ადამიანს და ვინმესთვის რამე ეთქვა. ახალი წელიც არ მიმილოცავს. შეკვეთის მიცემის თავი ვის ჰქონდა, ან კი ხომ არ დავიწყებდი ახლა, საყვარელი ქალი მელოდება და თუ შეიძლება, დავურეკავ-მეთქი. სრულიად უცხო ხალხში ვიყავი, უცხო ქალაქში…
სიძე-პატარძალი იქ დავტოვეთ და მე და გოჩა უკან გამოვბრუნდით. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდით. გზა გაიწელა. ასე მეგონა, მთელი დღე მოვდიოდით. თან უგუნებოდ ვიყავი, თავი მისკდებოდა ნამთვრალევზე. არც გოჩა იყო უკეთეს დღეში, ამიტომ გზად რამდენჯერმე შევცვალეთ ერთმანეთი - ხან ის იჯდა საჭესთან, ხან - მე.
შინ შევედი თუ არა, მაშინვე ტელეფონს ვეცი. ნატამ პირველსავე ზარზე აიღო ყურმილი, თითქოს ჩასაფრებული იყოო.
- მე ვარ, - ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა.
- ვიცი, - ცივად ჩაილაპარაკა.
- შეგიძლია მაპატიო? არ აღმოვჩნდი სიტყვის კაცი, - თავის გამართლება ვცადე.
- სად იყავი?
- გოგამ ცოლი მოიყვანა და…
- გავიგე, მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს. შენ ხარ ის მთავარი მოქმედი გმირი, ვინც მოატაცებინა? - ტონს არ იცვლიდა ნატა.
- კი, მე ვარ.
- გილოცავ, შენი პოპულარობა ერთიორად გაიზარდა. ამიერიდან უფრო დაგეხვევიან ქალები, - ხმამაღლა წარმოთქვა და გამითიშა.
გამშრალმა ხელმეორედ დავრეკე. ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. ამაოდ ვცდილობდი დაკავშირებას…
არც მომდევნო ორ დღეს გამიმართლა. არც ნატა და არც სხვა ვინმე ტელეფონთან არ მოდიოდა. ალბათ საერთოდ გამორთო აპარატი, თორემ ვიღაც მაინც ხომ გამცემდა ხმას. მერე თენგოსთან დავიწყე ჩასაფრება, ვერც იქ ვნახე. ბოლოს ერ მოვითმინე და ვკითხე თენგოს, ნატა თუ დადის-მეთქი. რეპეტიციები ათიდან გვეწყებაო, მითხრა.
ათი იანვარიც გათენდა. რადგან სკოლაში ჯერ კიდევ არდადეგები იყო, ანსამბლის მოცეკვავეებს რეპეტიციები თორმეტზე ეწყებოდათ. ეს უკვე ვიცოდი, ამიტომ პირველ საათზე თეატრში მივედი და დავუდარაჯე. ჩემდა ჭირად, მამაჩემმა დამინახა დერეფანში და თავისთან მიმიხმო კაბინეტში. მთელი საათი მელაპარაკა, საყვედურებით ამავსო, მუშაობა როდის უნდა დაიწყოო. გამოუძებნია ჩემთვის ადმინისტრატორის ადგილი თეატრში და უნდა მოგაწყოო, დამიჟინა. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, რაღაც კაპიკებზე ვერ ვიმუშავებ-მეთქი. ამ კამათში დამაგვიანდა. როცა გარეთ გამოვედი, რეპეტიცია უკვე დამთავრებულიყო. გიჟივით გამოვვარდი ქუჩაში. ვერსად დავლანდე. ავტობუსების გაჩერებისკენ გავეშურე, რომ იქ მაინც მიმესწრო… მოულოდნელად დავინახე… ვიღაც ბიჭთან ერთად იდგა და ღიმილით შესციცინებდა თვალებში. სისხლმა ტვინში ამასხა. ერთხანს გახევებული ვიდექი და შორიდან ვუყურებდი. ახლოს მისვლა არ მიცდია. კარგა ხანს ისაუბრეს, ორი ავტობუსი გაუშვეს, ბოლოს იმ ბიჭმა ხელი ჩამოართვა და წავიდა.
გაგრძელება იქნება