ქეთათო პოპიაშვილი გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარია, რომლის ეთერშიც პირადი ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, აქვს ურთიერთობა, რომელსაც არანაირ სტატუსს არ ანიჭებს, როგორც ირაკლი ჩარკვიანთან არ ჰქონდა ხელი მოწერილი.
„ სახელის დარქმევა არ მინდა. წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა, ხან ვშორდებით ერთმანეთს, ხან ვრიგდებით, მაგრამ არ წავსულვარ და ხელი არ მომიწერია, არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ, როგორც ირაკლისთან. ვაფასებ ადამიანს, რომელიც ყველა ნიუანსს იღებს და ის თავისთავად ჩემთვის ყველა სხვა ადამიანისგან გამორჩეულია“, – საუბრობს ქეთათო პოპიაშვილი.
ირაკლი ჩარკვიანი და ქეთათო
საკმაოდ პოპულარული იყო ირაკლისა და ქეთათოს წყვილი. ქეთათო 16 წლის იყო, როცა ირაკლი გაიცნო; 17-ის კი, როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს. ირაკლი მაშინ ქეთათოზე ორჯერ უფროსი, 34 წლის იყო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მასთან ასაკობრივი ბარიერი არასოდეს უგრძნია. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა.
ერთად მხოლოდ 10 წელი იცხოვრეს. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ხშირად ეკითხებოდნენ, ფიქრობდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე. ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა...
19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. ქეთათო კი იმ სიცარიელეზე საუბრობს, რაც მისმა გარდაცვალებამ დაუტოვა:
„ძალიან მიყვარს ეს დღე. ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს. ნანა არ არის თბილისში, ახლა მაქსიმე ჩამოვიდა. რაღაცნაირად ვაბალანსებთ ხოლმე ერთმანეთს და ხდება სიცარიელის შევსება. ირაკლის „მშვიდი ცურვა“ გამოიცა მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს. ახლახან „ბიბლუსთან“ ერთად და მერამდენედ მომიწია წაკითხვა… შოკში ვიყავი… ისეთი ბედნიერი, დიალოგში შესული ამ ადამიანთან… მას რომ კარგად იცნობ, ერთია, წერის პროცესში რომ გახსოვს, რა კომენტარებს აკეთებდა, ეს მეორე, მაგრამ როცა შენ იზრდები, იღებ ტკივილს, სიხარულს, რომ გგონია, ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობდი, კიდევ უფრო უახლოვდები. ისეთი ბედნიერი წუთები და დღეები მარგუნა ამ წიგნის წაკითხვამ, რომელიც ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, ბევრი პლასტი და დინება აქვს… ყველა იმას ვიღებთ, რისი აღების და აღქმის უნარიც გვაქვს…“