ისტორიული რომანები არასდროს კარგავს პოპულარობას. გვიყვარს მხატვრულად გაცოცხლებული დიდი ისტორიული ფიგურების ცხოვრების შესახებ კითხვა, თუნდაც მათი დიალოგები და ქმედებები გამოგონილი იყოს. ამით თითქოს მათ შესახებ არსებულ კითხვებს ვცემთ პასუხებს, ისტორიაში არსებულ ბუნდოვანებებს ვხდით ფარდას, არსებულ სიცარიელეებს ვავსებთ.
ისტორიული მოვლენებისა და ფიგურების გაცოცხლების ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი კი პოლონელი მწერალი, ნობელიანტი ჰენრიკ სენკევიჩია, რომლის რომანი - „ვიდრე ჰხვალ?“ მსოფლიო კლასიკად არის მიჩნეული. 1882 წელს, როდესაც პოლონეთში რევოლუციური განწყობის აღმავლობა იგრძნობოდა, სენკევიჩი ისტორიულ წარსულს მიუბრუნდა. მისი აზრით, უბადრუკი თანამედროვეობა ვერ უძლებდა ძლევამოსილ წარსულთან შედარებას. ამ განწყობილების შედეგია ისტორიული რომანები „ცეცხლითა და მახვილითა“ (1883), „წარღვნა“ (1886), „პან ვოლოდიევსკი“ და ნერონის ეპოქისადმი მიძღვნილი რომანი „ვიდრე ჰხვალ?“ (1896). 1893 წელს მან იტალიაში იმოგზაურა. 1894 წლიდან უკვე სერიოზულად სწავლობდა ძველ რომელ ისტორიკოსებს, განსაკუთრებით, ტაციტუსს. ამ ნაწარმოების აშკარა კათოლიკურმა ტენდენციამ სენკევიჩს ვერ მოუპოვა პროგრესული კრიტიკის მხარდაჭერა, მაგრამ ვერც კლერიკალურ-არისტოკრატიული წრეების გული მოიგო.
რომანში „ვიდრე ჰხვალ?“ მოქმედება იმპერატორ ნერონის ეპოქაში ვითარდება. ეს არის დიდი ისტორიული ცვლილებების დრო, როცა რომში პირველი ქრისტიანები ჩნდებიან და, მიუხედავად სასტიკი ანგარიშსწორებისა წარმართული სახელმწიფოს მხრიდან, მაინც ახერხებენ ქრისტეს რწმენის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ გავრცელებასაც.
სენკევიჩი იშვიათი ოსტატობით აღწერს რომის იმპერიის ყოველდღიურობას - შესანიშნავადაა გადმოცემული, ერთი მხრივ, საიმპერატორო კარის ცხოვრება, კეისრის თავაშვებული ორგიები, ფუფუნება, დაუსრულებელი ნადიმები, გარყვნილება, საცირკო სანახაობები და მეორე მხრივ - ქრისტიანთა უბრალო, რწმენითა და იმედით სავსე ყოფა, მათი თავგანწირვა და სიყვარული. რომანში ჩანან ქრისტეს მოწაფეები, პეტრე და პავლე, და სახარების ცნობილ სიუჟეტებს სწორედ მათი ნაამბობით ეცნობა მკითხველი.
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრიბუნი, მარკუს ვინიციუსია, რომელსაც ქრისტიანი ქალი უყვარს და მის გადასარჩენად შეუძლებლის გაკეთებას ცდილობს.
გარდა იმისა, რომ გატაცებით საკითხავია, რომანს საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს - როცა მის კითხვას დაასრულებთ, გაცილებით მეტი გეცოდინებათ რომის იმპერიისა და ქრისტიანობის წარმოშობაზე, ვიდრე ახლა იცით.
„ვიდრე ჰხვალ?“ კიდევ ერთხელ გამოიცა ამჯერად „პალიტრა L-ის“ სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.
წიგნი პოლონური ენიდან ნიკო ავალიშვილმა თარგმნა და 8 ივლისიდან გამოჩნდება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში. გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი 10 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სერიის სპეციალურ ფასად გამოწერა „პალიტრა L-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ: https://www.palitral.ge
R