ჰენრიკ სენკევიჩი, რომელიც XIX-XX საუკუნეების მნიშვნელოვან მწერლად არის აღიარებული, ისტორიული ჟანრის მკითხველთა წრეებში პოპულარობას არასდროს კარგავს.
მწერალმა 1905 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც მიიღო. მის რომანებს შორის ყველაზე ცნობილია „ვიდრე ჰხვალ?“, რომელმაც სენკევიჩს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
რატომ არის რომანი პოპულარული და რატომ უნდა წაიკითხოთ ის? - გარდა იმისა, რომ გატაცებით საკითხავია, რომანს საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს - როცა მის კითხვას დაასრულებთ, გაცილებით მეტი გეცოდინებათ რომის იმპერიისა და ქრისტიანობის წარმოშობაზე, ვიდრე ახლა იცით.
სენკევიჩის რომანში „ვიდრე ჰხვალ?“ მოქმედება იმპერატორ ნერონის ეპოქაში ვითარდება. ეს არის დიდი ისტორიული ცვლილებების დრო, როცა რომში პირველი ქრისტიანები ჩნდებიან და, მიუხედავად სასტიკი ანგარიშსწორებისა წარმართული სახელმწიფოს მხრიდან, მაინც ახერხებენ ქრისტეს რწმენის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ გავრცელებასაც.
სენკევიჩი იშვიათი ოსტატობით აღწერს რომის იმპერიის ყოველდღიურობას - შესანიშნავადაა გადმოცემული, ერთი მხრივ, საიმპერატორო კარის ცხოვრება, კეისრის თავაშვებული ორგიები, ფუფუნება, დაუსრულებელი ნადიმები, გარყვნილება, საცირკო სანახაობები და მეორე მხრივ - ქრისტიანთა უბრალო, რწმენითა და იმედით სავსე ყოფა, მათი თავგანწირვა და სიყვარული. რომანში ჩანან ქრისტეს მოწაფეები, პეტრე და პავლე, და სახარების ცნობილ სიუჟეტებს სწორედ მათი ნაამბობით ეცნობა მკითხველი.
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრიბუნი, მარკუს ვინიციუსია, რომელსაც ქრისტიანი ქალი უყვარს და შეუძლებლის გაკეთებას ცდილობს მის გადასარჩენად.
„ვიდრე ჰხვალ“ პოლონური ენიდან ითარგმნა და კიდევ ერთხელ გამოიცა „პალიტრა L-ის“ პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. რომანი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებში 8 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. 1 კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი იქნება მხოლოდ 10 ლარი.
ვინ იყო ჰენრიკ სენკევიჩი და როგორ გახდა ის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული რომანების ჟანრში?
სენკევიჩი დაიბადა 1846 წელს პოლონეთის სოფელ ვოლია-ოკშეისკაიაში. ამ დროს პოლონეთის ეს ნაწილი რუსეთის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. სენკევიჩის ოჯახში პატრიოტული სულისკვეთება ტრიალებდა. გარემომცველი წრე დაკავშირებული იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან. ასე რომ, ის ბავშვობიდანვე ეზიარა პატრიოტიზმის იდეებს. ამან დიდი გავლენა იქონია მწერალზე. მალე მისი ოჯახი ვარშავაში გადავიდა. იქ დაამთავრა სენკევიჩმა გიმნაზია და შევიდა უნივერსიტეტში. ჯერ სამედიცინო ფაკულტეტზე მოეწყო, მაგრამ მალე ფილოლოგიურ განყოფილებაზე გადავიდა. სენკევიჩის სამწერლო მოღვაწეობაზე გავლენა იქონია ე.წ. ვარშავის პოზიტივიზმმა. ვარშაველი პოზიტივისტები ლიბერალური ბურჟუაზიის იდეოლოგები იყვნენ და ზომიერ ბურჟუაზიულ პროგრესს უჭერდნენ მხარს. ისინი იყვნენ ხალხის მასების განათლების მომხრენი, მოითხოვდნენ პიროვნების თავისუფლებას, ქალთა თანასწორუფლებიანობას, მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას; ეწინააღმდეგებოდნენ ბრძოლის რევოლუციურ ფორმებს. სენკევიჩის პირველ ნაწარმოებებში სწორედ ვარშაველ პოზიტივისტთა იდეების გამოძახილი იგრძნობა.
1876 წელს მწერალმა აშშ-ში იმოგზაურა და იქაური ცხოვრება აღწერა რეალისტურ, დახვეწილი იუმორით შეზავებულ სამოგზაურო შენიშვნებში, კორესპონდენციებსა და ნოველებში. 1879 წელს იგი ვარშავაში დაბრუნდა და ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო. 1875–1882 წლებში დაწერილ ნოველებში რეალიზმის ძლიერი გავლენა ჩანს. 1882 წელს, როდესაც პოლონეთში რევოლუციური განწყობის აღმავლობა იგრძნობოდა, სენკევიჩი ისტორიულ წარსულს მიუბრუნდა. მისი აზრით, უბადრუკი თანამედროვეობა ვერ უძლებდა ძლევამოსილ წარსულთან შედარებას. ამ განწყობილების შედეგია ისტორიული რომანები „ცეცხლითა და მახვილითა“ (1883), „წარღვნა“ (1886), „პან ვოლოდიევსკი“ და ნერონის ეპოქისადმი მიძღვნილი რომანი „ვიდრე ჰხვალ?“ (1896). 1893 წელს მან იტალიაში იმოგზაურა. 1894 წლიდან უკვე სერიოზულად სწავლობდა ძველ რომელ ისტორიკოსებს, განსაკუთრებით, ტაციტუსს. ამ ნაწარმოების აშკარა კათოლიკურმა ტენდენციამ სენკევიჩს ვერ მოუპოვა პროგრესული კრიტიკის მხარდაჭერა, მაგრამ ვერც კლერიკალურ-არისტოკრატიული წრეების გული მოიგო.
დღეს მისი რომანები მუდმივად ითარგმნება და გამოიცემა სხვადასხვა ენაზე. მწერალი მსოფლიო კლასიკოსად არის აღიარებული.
R