ლელა სიხარულიძეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მომღერლის სიცოცხლე 36 წლის ასაკში დასრულდა - ტრაგიკული შემთხვევას ემსხვერპლა... ხანძრის შედეგად სხეულის დიდი პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...
ლელა სიხარულიძის კარიერა პიონერთა სასახლიდან, ციცინო ციცქიშვილის კლასიდან დაიწყო. პატარა გოგონა ჩუმად დადიოდა საყვარელ მომღერალთან, ბუბა კიკაბიძესთან სიმღერის შესასწავლად. შემდეგ მოხვდა "რეროში". სიმღერები, სულ "ზევით ზევით" და "ირინოლა", მის სავიზიტო ბარათად დარჩა. 90-იანი წლების საკონცერტო ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ მწვანეთვალება და ქერათმიანმა ლელა სიხარულიძემ დადგა.
მშობლების დიდი სურვილით, ლელა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი კათედრაზეც დარჩა.
პირადი ცხოვრება და ტრაგედია
პირველი ქორწინება ლელა სიხარულიძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი მეუღლეს, ბესო მოსიძეს დაშორდა და თავისი ცხოვრება პროდიუსერ გია გოგორიშვილს დაუკავშირა. პირველი ქორწინებიდან მომღერალს გოგონა, თამუნა ჰყავს, რომელიც დედის გარდაცვალების დროს 8 წლის იყო.
"ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავი. მოვიდა ნათესავი და გვითხრა, ლელას ხელი დაეწვა და უნდა, რომ დედა მის გვერდით იყოსო. ბებო მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული იყო მის თავს. 17 აგვისტო იყო... მანამდე კი, 12 ივნისს, სიზმარი დამესიზმრა - ლელას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინ ეს სიზმარი ყველას მოვუყევი...
სახე არ ჰქონდა დამწვარი. ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი და ორგანოები დაზიანებული. სხეულის 80 პროცენტის თერმული დაზიანება ჰქონდა. მე ერთი კვირა დედასთან ვერ შევედი, არ მინდოდა დამწვარი მენახა. ემოციურად ცუდად იყო. რომ დამშვიდდა, შემიყვანეს. ეძინა. ისევ შევედი და მორიდებით დავდექი. გადმომხედა. მეშინოდა და ვუცხოობდი... არ უნდა მაკოცოო? ხელში ამიყვანეს და ვაკოცე. ასეთ მდგომარეობაში ინტერვიუებს იძლეოდა. ერთადერთი პრობლემა ჰქონდა - დამწვრობის რამე კვალი ხომ არ დამეტყობაო? როგორც ვიცი, ნანი ბრეგვაძე დაჰპირდა, საზღვარგარეთ კლინიკაში წაგიყვან და პლასტიკურ ოპერაციას გაგაკეთებინებო. ექიმს უთქვამს, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებსო, დედამ 36 დღე გაძლო... არ უნდოდა სიკვდილი და ექიმთან ერთად იბრძოდა" - ამბობდა თამუნა.
ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, ლელა სიხარულიძე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მან და გიამ იჩხუბეს. ჩხუბისას ხელიდან გაუვარდა გენერატორი, ხალიჩაზე ბენზინი დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა. ორივე გარეთ გამოცვივდა, მაგრამ ლელა ისევ სახლში შებრუნდა მინი-დისკების გამოსატანად, რომლებზეც სიმღერები და ფონოგრამები ჰქონდა ჩაწერილი.