მომხდარმა სული ამიფორიაქა. ცალკე ნატაზე ფიქრი მტანჯავდა, ცალკე - ნინოზე. ერთი მიყვარდა, მეორე მეცოდებოდა. პირველთან ყოფნა მინდოდა, მეორესთან - უმტკივნეულო განშორება…
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ორივე დავკარგე. თვე გავიდა და ნინო თბილისიდან არ დაბრუნებულა, არც ნატა. ამასობაში დაფიქრების საშუალება მომეცა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ნინო რას მოითხოვდა ჩემგან. თუ უკიდურესობამდე მივიდოდა საქმე, იძულებული გავხდებოდი, ცოლად შემერთო. სხვა შემთხვევაში, დიდი უსიამოვნება მელოდა. ნინო ჩემს მომავალ მეუღლედ ვერ წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანდა ცუდი გოგო. ეს იყო ერთადერთი, რაც არ მინდოდა. ნატას გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება.
დღეები გადიოდა. ნინო არ გამოჩნდა, რაც ოდნავ მიმსუბუქებდა დარდს, მაგრამ შინაგანად მაინც დაძაბული ვიყავი. ლამის ყოველღამე ვიმეორებდი ტექსტს, რა უნდა მელაპარაკა, თუკი სიტუაცია შეიცვლებოდა და პრეტენზიებით მომადგებოდა. დანაშაულის გრძნობა არ მტოვებდა, სულის სიღრმეში მოუსვენრობამ შემიპყრო.
ნატას ამბავიც მაინტერესებდა. მისაღები გამოცდები უკვე დაიწყო. თათო შემხვდა ერთხელ და მისგან გავიგე, ორი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ხუთიანი და ოთხიანი მიიღოო. იმ დროს ქართულ წერაში ფრიადის მიღება სულაც არ იყო ადვილი საქმე. გულში გამიხარდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი, თან ვნერვიულობდი, როგორ ამეხსნა მისთვის, რატომ არ მივედი იმ საღამოს შეხვედრაზე? სიმართლეს ვერ ვეტყოდი. უნდა მეცრუა… ათასი სხვა მიზეზი შემეძლო დამესახელებინა, მაგრამ გამიგებდა კი?
აგვისტოს შუა რიცხვებში ბათუმში დავუბერე ბიჭებთან ერთად, გულს გადავაყოლებ-მეთქი. მხოლოდ სამი დღით, მეტი ფული არც გვქონდა. მე, პაპუნა და გოჩა გავემგზავრეთ. გოგა ვერ წამოვიდა, ცოლთან ერთად ბორჯომში მიდიოდა დასასვენებლად.
ისე ცხელოდა, სული გვეხუთებოდა. დილიდან პლაჟზე ვეყარეთ უაზროდ. გასართობიც არაფერი იყო. პაპუნა და გოჩა საღამოობით ქალაქში გადიოდნენ, ქალებს «დავითრევთო», მე კი ამის სურვილი, რატომღაც, სრულიად გამიქრა. ჩემი ფიქრები სხვაგან ქროდა…
გამომგზავრებამდე ერთი დღე დარჩა. შუადღე იყო. პლაჟიდან გამოსულები სამივე სანაპიროს კაფეში შევედით ლუდის დასალევად. მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. თავი მოვატრიალე და ელდა მეცა - ჩემგან ოდნავ მოშორებით ნინო იდგა და მომჩერებოდა.
- ვა, ამას ვის ვხედავ, - წელმოწყვეტილი წამოვდექი და მივუახლოვდი, - როგორ ხარ? - გადავეხვიე და ვაკოცე.
- არა მიშავს, თავად?
- მეც ეგრე, რა. ისვენებ?
- ჰო, ბათუმში ყოველ წელს ჩამოვდივარ.
- მარტო ხარ?
- არა, გოგოებთან ერთად. შენ?
- მეც ძმაკაცებთან ერთად ვარ.
- დიდი ხანია?
- მესამე დღეა, ხვალ მივდივართ.
- საწყენია. მე ერთი კვირა კიდევ ვრჩები.
- სასტუმროში ხართ?
- არა, ნაქირავებში. სასტუმროში ადგილი არ აქვთ, თანაც ძვირი ჯდება. თქვენ?
- ჩვენ «ინტურისტში» ვართ. საღამოს გცალია?
- თუ საჭიროა, მოვიცლი. ხდება რამე?
- არა, არაფერი… ისე, უბრალოდ, სადმე დაგპატიჟებდი.
- გაქვს კი ამის სურვილი?
- რატომ არ უნდა მქონდეს, ავად კი არ ვარ, - ხმამაღლა გავიცინე.
ნინოს გაეღიმა.
- შენი შეყვარებული როგორ არის? - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა და შემომხედა.
სიცილი პირზე შემაშრა. უსიამოვნოდ შევიჭმუხნე შუბლი.
- ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს, იქნებ სხვა რამე გეკითხა?
- რატომ გაღიზიანდი? შენი წყენინება არ მინდოდა, - შეწუხდა ნინო.
- არ მწყენია, რა სისულელეა… მოკლედ, შევხვდებით, არა?
- რა თქმა უნდა.
დავთქვით, რვა საათისთვის «ინტურისტის» შესასვლელთან, სკვერში შევხვედროდით ერთმანეთს…
როცა დავცილდი, აღმოვაჩინე, რომ ავღელდი. ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი - მისი ნახვით გამოწვეული მოულოდნელობა თუ საღამოს შეხვედრის იდუმალება. რა უნდა გვეკეთებინა? როგორ მოვქცეულიყავი, რა მეთქვა? ან ის რას მეტყოდა? ფულიც აღარ დამრჩა, რომ ნინოსთვის «დიდი გასეირნება» მომეწყო. ყველა შემთხვევაში, ნომერში მომიწევდა მისი აყვანა.
ბიჭები გავაფრთხილე, საღამოს სტუმარი გვეყოლება-მეთქი. დაინტერესდნენ, ვინ არისო. პაპუნა და გოჩა ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ამიტომ დასამალიც არაფერი მქონდა. მოვუყევი, რაც გადამხდა.
- ვერ მოგსვლია კარგი ამბავი, - ხელები ერთმანეთში გადახლართა პაპუნამ.
- არა უშავს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, - დამამშვიდა გოჩამ.
- როგორ? - დავსვი საჭირბოროტო კითხვა.
- თუ თვითონ არაფერს ითხოვს, შენც ნურაფერს შეჰპირდები, სულ ეგ არის.
- მაგრამ…
- მოიცა, მოიცა, შენი ჭირიმე. არ დამიწყო ახლა სინდისსა და მორალზე ლაპარაკი. დღევანდელი ქალების ამბავი არ იცი? უკვე მოდაში შემოვიდა ქალიშვილობის დაკარგვა და საყვარლის გაჩენა. რა გიკვირს?
- ის არ არის ასეთი გოგო, - ჩემთვის ჩავილაპარაკე.
- რა მნიშვნელობა აქვს, ასეთია თუ ისეთი? ქალს უნდოდა შენთან დაწოლა და დაწვა კიდეც. რა გინდა, რა ნერვებს ითხრი? მიდი, მიაწექი შენს საქმეს.
- არა, მთლად ეგრეც არ გამოვა, გოჩა, რაებს ლაპარაკობ, - შეეწინააღმდეგა პაპუნა, - რომ დაორსულდეს, მერე სად მიდიხარ?
- რა პრობლემაა, აბორტი და მისი ჯანი. აბა რა, რამდენი შენთან სექსის მსურველი გამოჩნდება, ყველას ცოლად ხომ არ შეირთავ?
- ყველაფერზე ნუ შაყირობ, გოჩა. ცოტა სხვა მხრიდან შეხედე სიტუაციას. შენიანი რომ იყოს, ასე ხომ არ ილაპარაკებდი?
- კარგი რა, არ გინდათ ტრაგედიის შექმნა. გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ქალი «სტერვატიკი» არ არის, არაფერს ითხოვს. მორჩა «ბაზარი». თუნდაც ეგრე იყოს, მაგისთანები მოგვითვინიერებია? ძალად მოყვანილი ცოლის დედაც ვატირე… მიდი, ზაზაჯან, შენს საქმეს მიაწექი. ჩვენ წავალთ და მარტო დაგტოვებთ. მოწმეები რაში გჭირდება, - გაიღრიჭა გოჩა.
- რა ვიცი, იქნებ ჯობია, რომ ყველა ერთად ვიყოთ? არ მინდა კიდევ მივქარო. რაც მეტად დავუახლოვდები, მით მეტი მოთხოვნილება გაუჩნდება, - ვთქვი და ორივეს გადავხედე.
- ყველა ვარიანტში მარტო რომ დარჩეთ, ის აჯობებს. დაილაპარაკებთ მაინც. საუბარში გამოჩნდება, როგორ გადაიტანა «პირველი ღამის იმიტაცია», - ანგლობდა გოჩა.
ჩემ მაგივრად ბიჭებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ხმათა უმრავლესობით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათი იქ ყოფნა ზედმეტი იქნებოდა.
გოჩამ და პაპუნამ რვის ნახევარზე დატოვეს ნომერი, ცოტა მოგვიანებით მეც გამოვედი და პაემნის ადგილისკენ გავეშურე, რომელიც სასტუმროდან ორი ფეხის სავალზე მდებარეობდა.
- რა ლამაზი ხარ, - აღტაცება ვერ დავმალე, ზღვისფერი სარაფნით რომ გამომეცხადა. მის გარუჯულ კანს ძალიან უხდებოდა ეს ფერი. უმაკიაჟოდ იყო, რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა.
- დიდი მადლობა, - დაიმორცხვა და გამიღიმა, - სად მივდივართ?
- იცი? დიდი ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემთან ხომ არ ავიდეთ? ხედი შესანიშნავია, მაინცდამაინც არ ცხელა, ღარიბული სუფრის გაშლა არ გამიჭირდება, უფრო მყუდროდაც ვიქნებით.
- მერე შენი მეგობრები? უხერხული არ იქნება?
- გოჩა და პაპუნა? იმათ ოთახში რა გააჩერებთ, შუაღამემდე არ მოვლენ. დილიდან გასულები არიან. ასე რომ…
- ბურთი და მოედანი ჩვენია, არა? - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
- ბურთის რა მოგახსენო, მაგრამ მოედანი ნამდვილად ჩვენია, - ვუპასუხე მისი ხუმრობით გამხნევებულმა და ხელით ვანიშნე, წავედით-მეთქი…
- არ გინდა სუფრის გაშლა, არ მშია, - მითხრა სევდიანი ხმით, მაცივრიდან ხილის და სასმლის გამოტანა რომ დავიწყე.
- ბევრი არაფერი მაქვს, ატამი, მსხალი და ვაშლი… ერთი ფილა შოკოლადიც და ცოტა სასმელი. კონიაკი არ დავლიოთ? თითო ჭიქა არ გვაწყენდა.
- არაფერი მინდა. უბრალოდ, აივანზე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ.
მის თხოვნას დავემორჩილე. სავარძლები აივანზე გავიტანე და დავსხედით. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე უნდა მელაპარაკა. საუბარი ვერა და ვერ აეწყო. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ავიტეხე, ცოტა დავლიოთ-მეთქი.
- არ გინდა, მე ვიცი, დალევას რაც მოჰყვება, - თავდახრილმა ჩაილაპარაკა.
- მსგავსი რამ არც კი გამივლია გულში, გგონია, შემოგიტყუე? - გავაპროტესტე.
- საქმეც მაგაშია, რომ არ გიფიქრია. ან კი რატომ უნდა გეფიქრა, მე ხომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ, - საწყალობელი თვალებით შემომხედა, მერე სახეზე აიფარა ხელები.
- რა გემართება, გეწყინა რამე? - შევწუხდი და ახლოს მივუჩოჩდი, - მინდოდა, ცოტათი განმემუხტა სიტუაცია, აბა, ასე უაზროდ ხომ არ ვისხდებით?
- მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ, - ჩურჩულით თქვა და ასლუკუნდა.
შემეცოდა. დავმუნჯდი, არ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა.
- არ იფიქრო, რომ ამას რაღაცის გამო ვამბობ. უბრალოდ, გული მინდა მოვიოხო, მეტი არაფერი, - ისევ ჩურჩულით გააგრძელა და გაშლილი ხელისგული ცხვირზე მოისვა.
მისკენ შევტრიალდი და საჩვენებელი თითით ნიკაპი ავუწიე. თვალები ცრემლით ავსებოდა.
- მითხარი, რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? - ჩემდა უნებურად, მეც ჩურჩულზე გადავედი.
- ჩამეხუტე, გთხოვ, - მუდარა გაისმა მის ხმაში.
ხელი მოვხვიე და მკერდზე მივიკარი. მისი გულის ფეთქვა შევიგრძენი, მისი ცხელი სუნთქვაც… ღაწვზე ვაკოცე… მლაშე გემო ვიგრძენი… ცრემლის… უნებლიეთ თვალები დავხუჭე… ნინო ამოძრავდა…
ის მკოცნიდა ტუჩებით, მკერდით, მთელი თავისი არსებით. მისი სხეული ჩემსას შემოეხლართა… საოცრად მსუბუქი იყო, მსუბუქი, დამყოლი და მოქნილი… ხელში ავიტატე და ოთახში შევიყვანე… საწოლზე რომ დავაწვინე, კვნესა აღმოხდა. ვიცოდი, სისულელეს ჩავდიოდი, მაგრამ ახლა უკან დახევა არ შემეძლო. ხელები ჩემი სურვილის გარეშე მოძრაობდნენ მის შიშველ კანზე…
ეს ყოველივე მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ მისი სხეულის მხურვალებამ ციებ-ცხელებასავით დამიარა ტანში…
როცა ვნება დაცხრა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როგორ მძულდა ჩემი თავი. საწოლზე გულაღმა გავიშოტე და ბათქაშაცვენილ ჭერს მივაშტერდი. კარგა ხანს ვიწექი გაუნძრევლად. მერე ავდექი, კონიაკი ჩამოვისხი, სვენებ-სვენებით დავლიე და აივანზე გავედი…
მერვე სართულის სიმაღლიდან მოჩანდნენ ადამიანები, რომლებიც ჯუჯებს ჰგავდნენ და რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ. იქ, დაბლა, ყველაფერი შავ-თეთრად ჩანდა, თითქოს ბუნებაში სხვა ფერი დაკარგულიყო. ცხელი ნიავი სახეზე მომელამუნა, თითქოს ორპირმა ქარმა დაუბერა. მომეჩვენა, რომ კარი გაჯახუნდა. ოთახში შემოვბრუნდი… ნინო წასულიყო.
ისე წავიდა, არც კი დამემშვიდობა… არც მე გავკიდებივარ… ამწუთას მისი მობრუნება ყველაფერს შეცვლიდა… კიდევ ერთი ჭიქა კონიაკი დავლიე და აბაზანაში შევედი…
8 8 8
აგვისტოს ბოლოს გავიგე, ნატას ნახევარი ქულა დააკლდა და ვერ ჩაირიცხაო. თათომ მომიტანა ამბავი.
- ხომ არ იცი, რას აპირებს? - დავინტერესდი.
- ბებიამისს ველაპარაკე, აქ ჩამოვა და სწავლას პროფტექნიკუმში გააგრძელებსო. გამიხარდა, მეც ვიწყებ პროფში სწავლას, გამოდის, ერთად ვიქნებით.
- პროფში რა გინდათ? - გავიოცე.
- წითელ დიპლომზე დავამთავრებთ და მერე ერთი გამოცდით ჩავირიცხებით, - ამიხსნა თათომ.
- პროფტექნიკუმშიც იძლევიან წითელ დიპლომს? - ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო.
- ჩვენი პროფი იძლევა ამის საშუალებას.
ერთიც გამიხარდა და მეორეც. გამოდის, მისი ნახვის სიამოვნება არ მომაკლდებოდა.
- როდის ჩამოვაო?
- რა ვიცი, სწავლა პირველში იწყება და…
- თუ შეეხმიანები, გამაგებინე, პატარავ, კარგი? ხომ ხედავ, შენი დახმარება როგორ მჭირდება.
- აბა, რას ვიზამ, უსიკვდილოდ დაგეხმარები, - მხარზე ხელი დამკრა თათომ და თვალი ჩამიკრა…
ნინოც მალე გამოჩნდა ქალაქში. ცენტრალურ ბანკში დაუწყია მუშაობა მოლარე-ოპერატორად. ხანდახან შევუვლიდი ხოლმე და მოვიკითხავდი. სხვა ჯერჯერობით არაფერი გვაკავშირებდა, ვერიდებოდი მასთან დაახლოებას. არც თვითონ უცდია, სხვათა შორის. ჩვენს ურთიერთობაზე სიტყვაც არ დასცდენია…
სექტემბერში თბილი დღეები წაეწყო ერთმანეთს. გაყვითლდა ქალაქი, ჭადრების ჩამოცვენილ ფოთლებს შრიალი გაჰქონდა ფეხის დადგმისას. შემოდგომის იდუმალება ცუდი წინათგრძნობით მიფორიაქებდა სულს. ორშაბათი დღე იყო, მზიანი, საამო, მე კი უსაზიზღრეს ხასიათზე ვიყავი. პარკის გვერდით, ჭადრის ხეივანში მივაბიჯებდი მძიმედ, თითქოს უკიდურესობამდე დაღლილი ვყოფილიყავი. მოულოდნელად ის დავინახე, ნატა…
იმ დღის შემდეგ პირველად ვნახე. საოცრად შეცვლილი მეჩვენა. თმა გაეშალა, წაბლისფრად შეეღება, თვალები დაეხატა და ვარდისფერი პომადაც წაესვა ტუჩებზე… ასეთი ნატა პირველად ვიხილე. უხდებოდა… იმაზე მეტად, ვიდრე წარმომედგინა… როგორც ჩვეოდა, მსუბუქი, ჰაეროვანი რხევით მოდიოდა ჩემკენ, თითქოს შეხვედრა გვქონოდა დანიშული. ერთიანად ამაკანკალა. სასწრაფოდ დავუწყე სიტყვებს ძებნა, რით დამეწყო საუბარი… ამასობაში ერთმანეთს ძალიან მივუახლოვდით…
ჩემ წინ სულ სხვა ქალი იდგა - ანგელოზივით მომნუსხველი, გამომწვევი და ვნებიანი… უკვე ქალი და არა ბავშვი. მოკლე კაბა ეცვა, ზურმუხტისფერი, წელში გამოყვანილი, დეკოლტედან თეთრი მკერდი ბამბის ქულასავით მოუჩანდა.
- რა კარგი შემოდგომაა, არა? - ისე თბილად თქვა, თითქოს სრულებით არ იყო ჩემზე განაწყენებული.
- გამარჯობა, ნატა, - მივესალმე და თვალი თვალში გავუყარე.
- შეგიძლია მითხრა, როგორია ეს შემოდგომა? - თითქოს არც გაუგია ჩემი მისალმება.
წამით შევყოვნდი. ვერ მივხვდი, საით მიჰყავდა ჩვენი დიალოგი.
- შეგიძლია? - ჯიუტად გამიმეორა და ლურჯი თვალები მომაჯადოებლად შემომანათა.
- რა გჭირს, რატომ ხარ ასეთი?
- როგორი? - ცოტა არ იყოს, ხელოვნურად გამეკეკლუცა.
- სხვანაირი, - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
- მერე რა, შემოდგომაც სხვანაირია, ვერ ამჩნევ?
- ვამჩნევ.
- ჰოდა, მითხარი, როგორია?
- ხმაურიანი, - ორაზროვნად ვთქვი, რითაც ვაგრძნობინე, რომ ბუნებრივად არ იქცეოდა.
- საშიში… - შეცვლილი ხმით თქვა და ღიმილი ისე მოისხიპა ტუჩის კუთხეებიდან, თითქოს ნიღაბი ჩამოიხსნაო…
თბილი გამომეტყველება მთლიანად გაუქრა სახიდან, ვხედავდი, სევდამ ნელ-ნელა როგორ დაუნისლა თვალები, როგორ გაუმკაცრა ნაკვთები.
- მომცემ საშუალებას, რაღაც აგიხსნა? - დახშული ხმით ვკითხე.
- რა საჭიროა, ისედაც ნათელია ყველაფერი. მშვიდობით, - ცივად მიპასუხა, გვერდი ქედმაღლურად ამიარა და გზა გააგრძელა.
გაოგნებული შევტრიალდი… მზერით გავეკიდე… ერთხელაც არ მოუხედავს უკან… არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი გაშეშებული. მანამ გავყურებდი, სანამ გზა არ გადაჭრა და არ მიიმალა…
იქვე, ჭადრის ხის ძირში ჩავჯექი და სახეზე ხელები ავიფარე…
ცხოვრებაში პირველად ავტირდი…
გაგრძელება იქნება