მის ამბებს თათოსგან ვიგებდი. თაყვანისმცემლების მთელი არმია ეხვია თურმე გარს. მამაკაცები მოსვენებას არ აძლევდნენ. ამას მეც კარგად ვხედავდი - ხან ერთი აცილებდა, ხან მეორე. ვხვდებოდი, ჩემ გასაბრაზებლად რომ იქცეოდა ასე. მიაღწია კიდეც თავისას. ერთ მშვენიერ დღესაც, მოთმინების ფიალა ამევსო და თათოს პირით შევუთვალე, შენგან ქუჩის ქალის მეტი არაფერი გამოვა-მეთქი.
- ეს რომ ვუთხარი, სახე წაეშალა, - მიყვებოდა თათო მოგვიანებით, - შემეშინდა, გული არ წასვლოდა, ისე ცუდად გახდა. რატომ ანერვიულებ, ზაზუკა, არ გეცოდება?
- ჩემი შესაცოდი რა სჭირს? - წარბები შევიკარი გამწარებულმა.
- სიგიჟემდე უყვარხარ, დედას გეფიცები.
- ეტყობა, როგორც ვუყვარვარ. ამიტომაც იცვლის წარამარა კავალრებს?
- ხომ იცი, რატომაც აკეთებს ამას, ხომ ხვდები? რატომ არ გინდა, შეხვდე და ყველაფერი გაარკვიო? არ იცი, როგორ გელოდება. იმედი აქვს, რომ ერთხელაც ტექნიკუმის კართან დახვდები.
- ტყუილად აქვს ამის იმედი.
- არ იქცევი სწორად, დამიჯერე. შენ გააფუჭე ყველაფერი და შენვე უნდა გამოასწორო.
- მე რა გავაფუჭე? - ამის გაგონებაზე აღვშფოთდი.
- ვიცი თქვენი ამბები, ნატამ მიამბო, რაც მოხდა. არ გეჩვენება, რომ თქვენ დაშორებაში შენ მიგიძღვის ძალიან დიდი წვლილი?
- რაო, რა გითხრა?
- შეხვდი და თვითონ გეტყვის.
- კარგი, შევხვდები, მაგრამ იცოდე, რომ მხოლოდ შენი ხათრით ვაკეთებ ამას. ეგ იმდენს იზამს, მთელი ქალაქის სალაპარაკოდ გაიხდის თავს და მერე გვიან იქნება.
- არ გაიხდის, არა. სხვებს ახლოსაც არ უშვებს, არ იცი, როგორი მაგარი გოგოა. კაცები ნერწყვს ყლაპავენ, რომ უყურებენ. ერთი სული აქვთ, შეხვედრაზე დაითანხმონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ერთადერთი, რასაც აღწევენ, გაცილებაა, მეტი არაფერი. თვითონაც შაყირობს ხოლმე, ჩემზე ოცნებაში ამოხდებათ სულიო.
«სხვისი ოცნების ქალი», - გავიფიქრე ჩემთვის. მამაკაცები მის გვერდით გავლასა და მასთან შეხვედრაზე ოცნებობენ, მე კი ლამის ყველანაირი უფლება მქონდა მოპოვებული. როგორ გამისხლტა ხელიდან, როგორ დავუშვი ასეთი რამ, ახია ჩემზე… სიმწრით ტუჩებს ვიკვნეტდი.
- კარგი, თათო, ხვალ, სამ საათზე, თეატრთან მოიყვან, მანქანით დაგელოდებით.
- მეც მოვიდე?
- აბა რა.
- გაიხარე, ზაზუკი, რა ძვირფასი ხარ. ასე არ ჯობია? - ტაში შემოჰკრა თათომ და ყარაჩოხლური ჟესტით მომესიყვარულა - ერთად შეკრულ თავის თითის წვერებს ხმაურით აკოცა და ეს კოცნა «ჰაეროვანი ფოსტით» გამომიგზავნა…
8 8 8
მეორე დღეს მამაჩემს მანქანა, რომ იტყვიან, ძალით «ავახიე». ცოცხალი თავით არ მატანდა, სარბენი მაქვს და მჭირდებაო. ვეხვეწე და ვეღრიჯე, დღეს ჩემი ბედი წყდება-მეთქი, ძლივს დავითანხმე.
სამის ნახევარზე უკვე თეატრის წინ ვიყავი დარჭობილი. დაძაბული ვიჯექი საჭესთან, წარამარა აქეთ-იქით ვიყურებოდი. არ ვიცოდი, საიდან გამოჩნდებოდნენ გოგოები. დრო გაიწელა… ოთხი დაიწყო… აი, ისინიც. სარკიდან დავინახე, როგორ მიახლოვდებოდნენ უკნიდან. თათო მხიარულად მომესალმა, კარი გააღო და პირველი ჩასკუპდა მანქანაში. ნატაც გვერდით მიუჯდა, ფერი არ ედო სახეზე.
- წავედით? - წამოიძახა თათომ.
მანქანა დავქოქე და დავიძარით. ხმის ამოუღებლად გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი. ქალაქს გავცდი და სამანქანო გზიდან გადავუხვიე, რომ უხმაურო ადგილი შემერჩია სალაპარაკოდ. ძრავა გამოვრჩე და ნახევრად შევტრიალდი, რომ რაღაც მეთქვა. თათომ დამასწრო.
- მე გადავალ, თქვენ ისაუბრეთ, - გამიღიმა და კარი გააღო.
მარტონი დავრჩით. ნატას სახე გაფითრებოდა, თვალებდახრილი იჯდა უკანა სალონში და იცდიდა, რას ვიტყოდი.
- წინ გადმოდი, თორემ ასე მგონია, ტაქსის მძღოლი ვარ.
ნატამ მორჩილად შეასრულა ჩემი თხოვნა, გვერდით მომიჯდა და თავი დახარა.
- აბა, რას იტყვი, გვაქვს სალაპარაკო?
- გვაქვს, - ცივად თქვა, - რას ნიშნავდა შენი სიტყვები, რა შემამჩნიე სამაგისო?
- რა შეგამჩნიე? თავად თუ მოგწონს შენი საქციელი, ნატა? - კითხვას კითხვა დავუხვედრე.
- ასეთი რა ჩავიდინე?
- მე უნდა გითხრა, რა ჩაიდინე? შენი აზრით, ლამაზია, როცა ჩემ გასაღიზიანებლად ხან ერთს აეტორღიალები, ხან მეორეს?
- ჯერ ერთი, მე არავის ვეტორღიალები და მეორეც, შენ რაში განაღვლებს, მე რას გავაკეთებ?
- არ უნდა მანაღვლებდეს? მე რომ შენნაირად მოვიქცე, არ შეგაწუხებს? შენ არ მომთხოვდი პასუხს?
- მე ალბათ მექნებოდა ცუდი რეაქცია, სრულიად გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ შენ რატომ ღიზიანდები, ჩემთვის გაუგებარია, - თან ლაპარაკობდა, თან ნიკაპით თავისსავე მაისურს ეხახუნებოდა.
- რაღაც ვერ მიგიხვდი…
- რა არის აქ მიუხვედრელი. მე მიყვარხარ და ამიტომაც გავღიზიანდებოდი, მაგრამ შენ? შენ რამ შეგაწუხა?
ახლა კი მივუხვდი… ის ჩემგან სიყვარულის ახსნას ითხოვდა…
* * *
აღელვებულმა სიგარეტს მოვუკიდე… ხელები ისე მიკანკალებდა, ცხრაჯერ ჩამოვკარი სანთებელას.
- არ იცი, რამ?
- არ ვიცი…
- «არ ვიცი» საუკეთესო გამოსავალია. ეს სიტყვა რომ არ მოეგონებინათ, რა გეშველებოდათ ქალებს, - იქედნურად ჩავიცინე.
- ასე მგონია, მე გინდა ყველაფერში დამადანაშაულო.
- რატომ გგონია, მერე? არც მიფიქრია. ვიცი, ჩემი ბრალია ბევრი რამ, მაგრამ სპეციალურად არ გამიკეთებია ასე, სიტუაციამ მოიტანა. იმ დღეს რაღაც ერთ საათში შემეცვალა გეგმები, ამიტომაც ვერ შეგხვდი. არ უნდა გამიგო? იქნებ რა ხდებოდა?
- იმ დღის მერე სხვა დღე არ გათენებულა? - ირონიულად აწკიპა წარბები.
- მერე… მერე გამოცდები გეწყებოდა და ხელი არ შეგიშალე.
- დაბადების დღის მოლოცვაც ხელის შეშლა იქნებოდა?
- დაბადების დღის? როდის იყო შენი დაბადების დღე?
- ხომ ხედავ, არც გახსოვს.
- არ მახსოვს? მართალი გითხრა, არ ვიცი და არც არასდროს მცოდნია.
- 19 ივლისს იყო… მეგონა, ნათქვამი მქონდა.
- მაპატიე, მაგრამ… არ ვიცი, შეიძლება ნათქვამიც გქონდა და არ გამახსენდა. ამის გამო მიბრაზდები? სულ ეგ არის შენი განრისხების მიზეზი?
- არა, ეგ არ არის. მე წინა შეკითხვას შეგახსენებ, რატომ გაღიზიანებს ჩემი საქციელი, რა გადარდებს? ამ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია…
- არც ვაპირებ. თუ ვერ ხვდები, რას ვითხოვ შენგან და რატომ, მაშინ ლაპარაკს აზრი არა აქვს, - ვთქვი გადაჭრით, მაღიზიანებდა მისი კატეგორიული ტონი.
- თუ ასეა, წავიდეთ, რაღას ვუცდით, არც არაფერი გვქონია გასარკვევი, - საოცრად მშვიდად თქვა და კარი გამოაღო, კვლავ უკანა სალონში გადაჯდა.
თათო მიხვდა, საუბარი რომ დავამთავრეთ და ჩვენკენ წამოვიდა, გვერდით მიუჯდა ნატას, თან ცნობისმოყვარედ ხან მე შემომხედავდა, ხან მას.
ისე შემოვედით ცენტრში, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს.
- აქ გამიჩერე, - ცივად გაიჟღერა ნატას ხმამ, როცა უნივერმაღს მივუახლოვდით.
დავამუხრუჭე.
- ნახვამდის, - თქვა და გადავიდა.
თათო გაოგნებული მომჩერებოდა.
- რა მოხდა, ზაზა? - მთელი გზის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა.
- არაფერი, მოვედით, - თავი მოვატრიალე და გავუღიმე… თუ ამას გაღიმება ერქვა…
8 8 8
როგორ არ მინდოდა, ჩვენი შეხვედრა ასე დასრულებულიყო, მაგრამ სიჯიუტეს ვერ მოვერიე. ვერ შევძელი, მეთქვა ნატასთვის, რაოდენ ძვირფასი იყო ჩემთვის, როგორ მიყვარდა… ხომ ვიცოდი, რომ ის ბავშვი იყო და შეცდომებიც ბავშვურად მოსდიოდა, მაინც ვერ გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს. ვხვდებოდი, ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ პირველმა მაინც არ გადავდგი ნაბიჯი, მაინც არ დავთმე. რას ველოდი? ალბათ პატიების თხოვნას მისგან. მან კი ეს არ გააკეთა. რამაც, სიმართლე გითხრათ, ჩემი თავმოყვარეობა შელახა.
ყველა სიკეთესთან ერთად, მამაჩემთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა. გინდა თუ არა, მუშაობა დაიწყე, უსაქმურად სანამ უნდა იყიალოო. ერთ საღამოს ამის გამო მაგრად დავცხეთ ერთმანეთს. ლამის სახლიდან წავედი. დედაჩემის ხვეწნამ გამაჩერა მხოლოდ. ის მუდამ მანდილის როლს თამაშობდა ჩვენ შორის.
- რას ერჩი ამ ბავშვს, ადამიანო, რა ცოცხლად შეჭამე! მოეკიდება ოჯახს და დაიწყებს მუშაობას. შეეშვი, ახალგაზრდაა, წელის მოწყვეტა მერეც ეყოფა, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ამქვეყნად, - როგორც ყოველთვის, გამომესარჩლა დედაჩემი.
- შენი ბრალია, ეგ რომ ეგეთია, შენ გააფუჭე! - დაუყვირა მამამ, - სანამ უნდა იაროს ასე უაზროდ? ცუდს რას ვთავაზობ. გახსნას დრამატული წრის სტუდია ჩემთან, თეატრში, აიყვანოს ბავშვები და რაღაც გააკეთოს. ერთი-ორი კაპიკი შემოუვა, რა არის ამაში მიუღებელი? არ მოგბეზრდა მაინც, პატარა ბიჭივით ყოველდღე რომ ფულს აძლევ?
- კიდევ კარგი, შენი ჯიბიდან არ ვაძლევ, თორემ რა გაგიძლებდა, ვეღარ ამოვიდოდით შენი ყბიდან, - არც დედა დარჩა ვალში, - სანამ შემეძლება, მივცემ და როცა არ შემეძლება, თვითონაც კარგად იშოვის.
- ვიღაცას დააყაჩაღებს, არა? ეგ არის მაგის ბოლო, გული მიგრძნობს, - დაიღრიალა მამამ და კარი გაიჯახუნა.
არ მიყვარდა ასეთი სცენები. გული მტკიოდა, როცა მშობლების განაწყენება მიწევდა. ორივე ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით, დედა. მასზე ახლობელი არავინ მყავდა. იშვიათად, მისთვის რამე დამემალა. ნატას ამბავიც იცოდა, ოღონდ არა დაწვრილებით, ისე, გაკვრით. პირად თემებზე ცოტათი მიჭირდა მასთან საუბარი. როცა მამასთან უთანხმოება მომდიოდა, დედა ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა, კრუხივით გადამეფოფრებოდა და ბოლომდე მიცავდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, არ ვიყავი მართალი. ახლა, როგორც ჩანს, თვითონაც აევსო მოთმინების ფიალა, თავზე დამადგა და თმაზე ხელი გადამისვა.
- ზაზუკა, იქნებ მართალია მამაშენი, შვილო? სხვა თუ არაფერი, სიგარეტის ფული მაინც გექნება. ხელფასს დაგინიშნავენ, ბავშვებს ამეცადინებ, სპექტაკლებს დადგამ, ხალხი გაგიცნობს. მერე რა იცი, რა ხდება, იქნებ…
- კარგი, რა, დე, ზღაპრებს ნუ მიყვები, ძალიან გთხოვ.
- მაინც დაფიქრდი, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, - თქვა და სამზარეულოში გავიდა, ზედმეტი შეგონებით არ შემაწუხა.
მეც დავფიქრდი. ერთი მხრივ, არ იყო ცუდი იდეა. ტყუილუბრალოდ ყოფნას ნამდვილად ჯობდა. ბავშვებთან მუშაობა სასიამოვნოდაც კი წარმომედგინა. ამასთან, თეატრში ვიქნებოდი და რეპეტიციების დროს ნატასაც ხშირად ვნახავდი.
სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმაც შევიმუშავე. საღამოს, მამა სამსახურიდან რომ დაბრუნდა, შინ დავხვდი და დატუქსული ბავშვივით წინ ავეტუზე.
- რა იყო, ფული შემოგაკლდა? - გამომცდელად შემათვალიერა.
- არა, სხვა რამე მინდა გითხრა. შენი წინადადება მომეწონა და თანახმა ვარ, ვიმუშაო.
- ვა! რა ბზიკმა გიკბინა, ხომ კარგად ხარ? - კმაყოფილმა ჩაიცინა.
- ოღონდ ერთი პირობით… - კეფა მოვიქექე და თვალებმოჭუტულმა გავხედე.
- პირობებსაც მიყენებ, კაცო! შენ ვინ ყოფილხარ, - როხროხით გაიცინა და მაგიდას მიუჯდა.
- ორი კვირა უნდა მაცალო. იქამდე ბავშვები შემიკრიბე და დავიწყებ.
- ორი კვირა რა ამბავია? სადმე აპირებ წასვლას?
- არსად, სახლში მინდა ვიყო. ნაბიჯს არ გავადგამ შინიდან. თუ ვინმე მიკითხავს ან დამირეკავს, ყველას ეტყვით, რომ მოსკოვში ვარ, ვითომ თეატრიდან გამიშვით საქმეზე.
- აუჰ! მერე? შინ რა უნდა აკეთო?
- არაფერი. ცოტა დეპრესია მაქვს და… ორთქლს გამოვუშვებ. ხომ იცი, ხელოვან ხალხს ხშირად ემართება ასეთი რამეები.
- ვიცი, ვიცი, - მრავლისმეტყველად გაიღიმა მამამ და თავი გააქნია, - შენ თუ ეგ გიშველის, თანახმა ვარ, ოღონდ დედაშენიც გააფრთხილე, არაფერი წამოსცდეს.
- რა თქმა უნდა, მაგ საქმეს მოვაგვარებ.
- მოკლედ, ორი კვირაში დრამწრე უკვე დაკომპლექტებული იქნება და არ მიმტყუნო, იცოდე. გასაგებია?
- გასაგებია. დიდი მადლობა, მამა.
არ ვიცი, რაში მჭირდებოდა იმის მოტყუება, ვითომ მოსკოვში ვიყავი, მაგრამ ჩემი გეგმის მიხედვით, ასე იყო საჭირო. ვიცოდი, ჩვენს პატარა ქალაქში ახალი ჭორი სწრაფად ვრცელდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ნატას ყურამდეც მალე მიაღწევდა ჩემი გამგზავრების ამბავი. ცოტათი მაინც ხომ აუფართხალდებოდა გული? იქამდე რაღაც ლამაზ საჩუქარს ვუყიდდი და მერე, შერიგების მიზნით, ვეტყოდი, მოსკოვიდან ჩამოგიტანე-მეთქი. მართალია, «მარიაჟობა» გამომდიოდა, მაგრამ ხანდახან ასეთი მსუბუქი ტყუილები აუცილებლადაც კი მიმაჩნდა. ქალი მხოლოდ საჩუქრებით და ქათინაურებით არ უნდა დაიპყრო. შიგადაშიგ უნდა ანერვიულო კიდეც, რომ ყურადღება არ მოადუნოს და სხვისკენ არ გაიხედოს. გაუჩინარება კი ამ დროს საუკეთესო საშუალებაა. გარკვეული დროის განმავლობაში მთელი გულისყური იქითკენ ექნება მიმართული, «ის» როდის გამოჩნდება.
უფრო და უფრო მომწონდა ჩემი იდეა. კარგია!.. მთელი ორი კვირა ჩემს მოლოდინში იქნება. მერე კი მოულოდნელად გამოვეცხადები და…
დედაჩემს ვთხოვე, შენ გადამყიდველებს კარგად იცნობ და იქნებ რომელიმეს გერმანული თოჯინები ჰქონდეს ჩამოტანილი, საჩუქრად მინდა-მეთქი. ეშმაკურად შემომხედა, მიხვდა, რისთვისაც მჭირდებოდა და… დატრიალდა. იმავე საღამოს მომიტანა საკმაოდ ორიგინალური ზანგი ბიჭის თოჯინა, შავი ხუჭუჭა თმით, რომელსაც ყვითელი ზედატანი და ჭრელი შორტი ეცვა. რომ შეხედავდი, ნამდვილ ბავშვს ჰგავდა. კარგა ხანია, ასე ძალიან არაფერი მომწონებია…
თხუთმეტი დღე იმაზე სწრაფად გავიდა, ვიდრე ველოდი. არც სატელეფონო ზარებს ვპასუხობდი, არც ფეხს ვადგამდი სახლიდან. სულიერადაც დავისვენე და ფიზიკურადაც. მეთექვსმეტე დღეს თმა გავიკრიჭე, წვერი გავიპარსე, ფორმაში ჩავდექი და თეატრისკენ მიმავალ გზას დავადექი. იქ უკვე მელოდნენ მოსწავლეები - ქალაქის სკოლების მერვე-მეათე კლასელები. ჩემი «მსახიობური» ნიჭი სხვა ვერაფერში გამოვიყენე და აქ მაინც ვცდიდი ბედს. თოთხმეტი ბავშვი დამხვდა - სამი ბიჭი და თერთმეტი გოგო. ამის დანახვაზე კინაღამ გული გამისკდა. ძლიერი სქესი აშკარად უმცირესობაში მოყვა, ეს კი არ იყო კარგი. თუმცა ბევრი არ მიფიქრია. ეგრევე მომწიფდა თავში იდეა, «ქამუშაძის გაჭირვება» დამედგა ან «დარისპანის გასაჭირი». ამ შემთხვევაში გოგონების სიმრავლე სწორედ რომ გამომადგებოდა. პირველი მეცადინეობა გაცნობას დავუთმე. გონებაგახსნილი ბავშვები ჩანდნენ, ნიჭიერები. შევთანხმდით, რამდენიმე გაკვეთილი მხატვრული მეცადინეობისთვის დაგვეთმო - ლექსები და მოთხრობები წაგვეკითხა, მერე კი როლებს გავანაწილებდით და სერიოზულად დავიწყებდით მუშაობას. საახალწლო ზეიმზე კი პირველი სპექტაკლით წარვდგებოდით მაყურებლის წინაშე. ეს ჩემი დებიუტიც იქნებოდა და მათიც. სიხარულისაგან ისე ახმაურდნენ, რამდენიმე თანამშრომელმა კარიც კი შემოაღო, ერთმანეთს ხომ არ ხოცავთო. რეპეტიციები ორშაბათს და ხუთშაბათს დავნიშნე, სამიდან ხუთ საათამდე. თენგოსაც სწორედ ამ დღეებში ჰყავდა მოცეკვავეები დაბარებული. დროც ხელს მაძლევდა, მე ხუთ საათზე დავითხოვდი ბავშვებს, თენგო - ექვსის ნახევარზე. ამის გამო ნატასთან შეხვედრა გარანტირებული მქონდა.
ნატა… როგორ მომენატრა. მთელი ჩემი სულის სამყაროც მისი სიყვარულით იყო გაჯერებული და ჩემი სხეულის ყველა წერტილიც, ყველა უჯრედიც. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყვველგან მას ვეძებდი თვალებგაფაციცებული - ქუჩაში, შენობაში, პარკში, ტრანსპორტში… ჩემს ფიქრებსა და ფანტაზიებშიც კი. ამხელა კაცს უსასრულოდ შემეძლო, ფანტაზიებში ჩავძირულიყავი, მთელი ღამე მეოცნება და ჩემი პერსონალური სამყარო შემექმნა. ადამიანის ფანტაზია ხომ იმით არის მიმზიდველი, რომ მისი ასრულებაა შესაძლებელი. როცა ასეთი შანსი არ არის, ცხოვრება აშკარად მოსაწყენი ხდება. ფანტაზიების სამყარო კი რაღაცნაირად იდუმალია - სხვებისთვის მიუწვდომელი, გამოუცნობი და ყველაზე მეტი საიდუმლოებით მოცული. აქ ყველაფერი შეიძლება - ის, რასაც რეალობაში ვერ აისრულებ, რასაც ცხოვრებაში ვერ მისცემ საკუთარ თავს… აქ ყველაზე თამამი სურვილები ყველაზე ლამაზად გისრულდება. აქ მხოლოდ შენ ცხოვრობ და ცხოვრობ იმასთან ერთად, შენ რომ აირჩიე… იქ, რეალურ ცხოვრებაში რომ მიუწვდომელია, აქ შენთან ერთად არის და ისე გესმით ერთმანეთის, როგორც არასდროს. აქ ყველაფერი მოსულა. ამიტომაც ფანტაზიას ყოველთვის უნდა მისცე გასაქანი. ერთდროულად სასიამოვნოც არის და… ვფიქრობ, სასარგებლოც.
გაგრძელება იქნება