ყოველი შემთხვევისთვის, ნატასთვის განკუთვნილი საჩუქარი სამსახურში წავიღე და კარადაში შევინახე. მინდოდა ახლოს მქონოდა, რომ, როცა შემთხვევა მომეცემოდა, გადამეცა მისთვის.
ეს დღეც დადგა. ხუთშაბათი იყო. სამის ნახევარი გახდა. მოსწავლეების მოლოდინში ფანჯარას მივუახლოვდი და გარეთ გავიხედე…
გავიხედე და ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა გულმა ფეთქვა, როგორ გამიჩერდა სუნთქვა… ნატა კიბეზე ამოდიოდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მომნუსხველი, თვალი ვერ მოვწყვიტე. წითელი კაბა ეცვა, მოკლე. შავი, ფართო ქამარი შემოერტყა წელზე. ამაყად მხრებგაშლილი და თავაწეული მოირხეოდა. ვერ მოვითმინე და მინაზე დავუკაკუნე. დაფეთებულმა მოიხედა და რომ დამინახა, სახე აუფორაჯდა. მოულოდნელად ისე შექანდა საფეხურზე, ვიფიქრე, გული წაუვა და დაეცემა-მეთქი. ხელით ვანიშნე, ჩემთან შემოსულიყო. მან თვალები დახარა და ნელა, სვენებ-სვენებით გააგრძელა კიბეზე ამოსვლა. რამდენიმე წუთი გავიდა, სანამ კარი გაიღებოდა… ჩემი დამემართა… სისხლი გამეყინა ძარღვებში. როგორც იქნა, მოვისაზრე, საჩუქარი გამოვიღე კარადიდან და მაგიდაზე შემოვდე. სწორედ ამ დროს გაიღო კარი და შემოვიდა, თან საოცარი სურნელი შემოიტანა. ოდნავ შეცბუნებული ჩანდა.
- მეძახდი? - გაუბედავად იკითხა და ზღურბლზე გაშეშდა.
- ჰო. როგორ ხარ?
გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- ამის სათქმელად დამიძახე?
- რაღაც კარგი სუნამო გასხია… «კლიმა» უნდა იყოს, თუ არ ვცდები.
- მერე რა? - შეეცადა, ტუჩის კუთხეებთან გაჩენილი ღიმილი დაემალა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- ეს სურნელი ყოველთვის მაღელვებდა, ახლა - მით უმეტეს, - ვთქვი და ანერვიულებულმა სიგარეტს მოვუკიდე, - ეს წითელი კაბაც ჰარმონიულად ერწყმის შენი სუნამოს არომატს.
- ჰმ… - ტუჩაბზუებულმა გამომხედა, - ეგ კომპლიმენტი პატარა, სულელ გოგონებს უთხარი.
- ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია, - შეხედე! შენი კაბის ფერი ანთებულ სიგარეტთან კარგ კომბინაციას ქმნის - ერთიც წითლად ანათებს და მეორეც, - გავიხუმრე და საჩუქრისკენ გადავდგი ერთი ნაბიჯი.
- სულ ეს არის? - გულგრილად იკითხა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უკვე მოჰბეზრდა ჩემთან საუბარი, - სხვათა შორის, ნებისმიერი სხვა შენს ადგილას…
- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, - შევაწყვეტინე სიტყვა, - კარგად ვიცი და ალბათ არც შენ გესწავლება, რომ სხვა ყოველთვის სხვა ადგილასაა, მე კი ჩემსაზე და შეუძლებელია, ერთმანეთის ადგილზე აღმოვჩნდეთ.
თითქოს შენიშვნა არ ესიამოვნაო, პროტესტის ნიშნად ტუჩი აიბზუა, შუბლი შეკრა, გაბრუნდა და გასვლა დააპირა.
- თუ ახლა გატრიალდები და წახვალ, იცოდე, მოვკვდები, - სუნთქვაშეკრულმა მივაძახე.
- ნუთუ? ვითომ სიყვარულისგან? - თავი მოატრიალა და მომაკვდინებელი მზერა მესროლა.
- გულის შეტევისგან, - კვლავ გავუცრუე იმედი და თვალი ავარიდე.
- ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ შენი პირველი ხუმრობა წითელ კაბასა და სიგარეტზე გაცილებით წარმატებული იყო, ვიდრე ეს, მეორე, რის გამოც უფრო მეტად იძულებული ვხდები, წავიდე.
- რატომ მემტერები ასე, ნატა? ნუთუ პატიების უნარი არ გაგაჩნია?
- როგორ თქვი? პატიების? განა რა ჩაიდინე ასეთი? ჩემი საპატიებელი რა გჭირს?
- მორჩი ირონიას! შენც კარგად ხედავ, რომ ორივე ცეცხლს ვეთამაშებით. ეს კარგ ფინალამდე არ მიგვიყვანს. მე ვცდილობ, გამოვისყიდო დანაშაული, შენ კი ამის საშუალებას არ მაძლევ. რატომ ხარ ასეთი შეუვალი?
- ვერ გავიგე, რა გინდა ჩემგან, ზაზა? შენ შენი ნებით შემოიჭერი ჩემს ისტორიაში, საშინლად, საშიშად, ყველაფერი გააფუჭე, თავდაყირა დააყენე, გზა-კვალი ამიბნიე, არიე, დარიე ყველაფერი და ახლა რაღა გინდა, რას მთხოვ? ჩემი ცხოვრება შენი მოფიქრებული ხომ არ გგონია ან შენი დაგეგმილი, რომ როგორც შენ გინდა, ისე ვაკეთო ყველაფერი?
- მინდა, ისევ ისე ვიყოთ, როგორც აქამდე ვიყავით… მინდა, რომ ისევ გიყვარდე, - ძალიან, ძალიან ხმადაბლა ვთქვი.
- და ვიტანჯო ამ სიყვარულით, არა?
- რატომ უნდა იტანჯო… ჩვენ ხომ ძალიან ლამაზი დღეები გვქონია ერთად… იქნებ დაგავიწყდა…
- ჩემდა სამწუხაროდ, არასდროს მავიწყდება ცუდი კომპლიმენტი, ცუდი კოცნა და ცუდი მამაკაცი.
მისმა სიტყვებმა მახვილივით გაიარა მკერდში და გული გამიგლიჯა. რაც გინდა ეთქვა, ოღონდ ეგ არა. ცხოვრებაში არასდროს, არც ერთ ქალს, ჩემთვის მსგავსი რამ არ უკადრებია. სასტიკად მიხდიდა სამაგიეროს, დაუნდობლად მისწორდებოდა.
- როგორი უგულო ყოფილხარ… მე კი მეგონა, ყველასგან განსხვავებული იყავი და ურთიერთობაც ასეთი გვქონდა. იქნებ უკან წაგეღო შენი სიტყვები, - ვცდილობდი, იქ, სადღაც, გულის სიღრმეში გაწყვეტილი მთავარი სიმი როგორმე გადამება, რომ უაზრო ჯიბრის გამო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ისტორია არ დამეარქივებინა.
- კიდევ მე ვარ უგულო? რატომ ცდილობ, ყოველთვის შენ წამომიყენო ხოლმე ბრალდებები? შენ რა, უფრო სპეტაკი ხარ? უშეცდომო? მეტად დამთმობი? იცი, რა გადავიტანე შენთან განშორების შემდეგ ან მანამდე? რატომ არ მეკითხები? - ისე შეეკრა სუნთქვა, თითქოს ყელში თოკი წაუჭირესო, ერთიანად გაუწითლდა სახე.
- ახლა გეკითხები და მიპასუხე, - ისევ ძალიან ხმადაბლა ვთქვი.
მოულოდნელად მხრები აუცახცახდა. მივხვდი, კიდევ ერთი სიტყვა და აღრიალდებოდა. კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და გაირინდა.
ადგილიდან არ დავძრულვარ, მოთმინებით ველოდი, რა მოხდებოდა.
ნატა გაჩუმდა, ღრმად ამოისუნთქვა და თანდათან დამშვიდდა. სახეც დაუწყნარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ თავი წამოსწია, თვალები ნელა გაახილა და უმწეოდ შემომხედა.
- იმ დღეს, პარკში რომ შეგხვდი, მეგონა, ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. მეგონა, რაღაცას მოიმოქმედებდი ჩემ შესაჩერებლად… არ ვიცი, ალბათ მეტ აქტიურობას ველოდი შენგან. როცა გავტრიალდი და წავედი, შეშინებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, თვალებში ჭადრის ფოთლები მეჩხირებოდა, ასე მეგონა, ახლა მოტყდება რომელიმე ტოტი, თავზე დამეცემა და სასწაული მოხდება-მეთქი. მაგრამ არც სასწაული მოხდა და არც შენ გამოიქეცი ჩემკენ. ვგრძნობდი შენს დაჟინებულ მზერას ზურგიდან და გულისფანცქალით ველოდი, როდის დამიძახებდი… თან ვფიქრობდი, რომ დამიძახოს, როგორ მოვიქცე - გავჩერდე თუ გზა გავაგრძელო-მეთქი. შენ წარმოიდგინე, არჩევანის გაკეთება არ გამძნელებია.
- მივხვდი, რომ არ გაგძნელებია, ამიტომაც არ დაგიძახე. ვიცოდი, რომ ჯიუტად გააგრძელებდი გზას.
- ცდები, ზაზა… მე გაჩერება ვარჩიე, მაგრამ შენ არ ისურვე, გავჩერებულიყავი. აი, ამაშია საქმე.
ამის გაგონებაზე გული მომეწურა. ვერ ვუთხარი, რომ მაშინ სიამაყემ მძლია, რომ ვერ გადავლახე ის რაღაც, რამაც მისი თავი დამაკარგვინა. ახლა ახსნას კი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვცადე, არ შემეძლო მისი ასე ადვილად დათმობა.
- ახლა რომ დაგიძახო, გაჩერდები?
მწარედ გაეღიმა.
- გაჩერებული არ ვარ? მგონი, არსად გავრბივარ.
იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები, დავიბენი. ყოველივე იმის შემდეგ, რაც რამდენიმე წუთის წინ მითხრა, ასეთ შემობრუნებას არ მოველოდი. წონასწორობადაკარგულმა ჯერ მისკენ გადავდგი ნაბიჯი, მერე ისევ შევტრიალდი და უცებ თვალში საჩუქარი მომხვდა. უკვე ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. ამწუთას ზანგის ბიჭი თუ გადამარჩენდა.
- მე შენ საჩუქარი ჩამოგიტანე, - ვთქვი და თოჯინას ხელი დავავლე, ყუთი გავხსენი და ზანგის ბიჭუნა ნელ-ნელა ამოვაძვრინე იქიდან.
- რა ლამაზია! - აღფრთოვანება ვერ დამალა ნატამ და ჩემკენ დაიძრა… უფრო სწორად, თოჯინისკენ.
- საიდან?
- მოსკოვიდან ჩამოგიტანე, - გავიბღინძე.
- მე ჩამომიტანე? არა-ა!..
- არა კი არა, კი.
- ძალიან უცხოა, მაგრამ…
- არავითარი მაგრამ, ეს შენი საჩუქარია, აიღე.
საწყალი გოგონა… ერთიანად ცახცახებდა, როცა ყუთი გამომართვა. თან უნდოდა გამორთმევა, თან ყოყმანობდა, თითქოს ამისთვის ვინმე გაკიცხავდა.
- მოსკოვში რა გინდოდა? - მკითხა ბოლოს, თან დარცხვენილი მომჩერებოდა.
- საქმეზე გამგზავნეს.
- ისეთი რა საქმე იყო, ორი კვირა რომ მოუნდი?
შეუმჩნევლად გავიღიმე. არამც თუ ის იცოდა, წასული რომ ვიყავი, ორი კვირით რომ დავიკარგე, ისიც კი არ გამოჰპარვია. ეს კარგის მანიშნებელი იყო.
- თეატრს სჭირდებოდა რაღაც. იცი? იქ ყოფნისას დღეებს ვითვლიდი, როდის დავბრუნდებოდი უკან.
- რატომ? - სულმოუთქმელად მკითხა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მისთვის სასურველ პასუხს ელოდა. მეც არ დავაყოვნე.
- შენი ხმის გაგონება მენატრებოდა, - ვუთხარი და მხარზე გადავხვიე მკლავი, ჩემკენ მოვიზიდე.
კნუტივით უსუსურად დამყვა, თავი მკერდზე მომადო და ნებიერად აკრუსუნდა.
- მეც მენატრებოდი, - დაიჩურჩულა.
- ჰოდა, როცა ორ ადამიანს ასე ენატრება ერთმანეთი, ჩხუბი რა საჭიროა? - დრო ვიხელთე, რომ საყვედურისმაგვარი რამ მეთქვა.
- მე არ მიყვარს ჩხუბი. ჩემი ბრალი არ არის, ასე რომ მოხდა.
- ვიცი, ვიცი, არ გვინდა ახლა კამათის თავიდან დაწყება. ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ წარსული დღეები და ხვალინდელზე ვიფიქროთ.
- მართლა დაიწყე მუშაობა თუ მომატყუეს?
- მართლა დავიწყე.
- რას აკეთებ?
- დრამატულ წრეს ვხელმძღვანელობ. მოსწავლეები ავიყვანე.
- ბევრნი არიან?
- ჯერჯერობით თოთხმეტნი. შენც ხომ არ გინდა?
- რატომაც არა, სიამოვნებით.
- სამწუხაროდ, შენ დიდი ხარ, მე მერვე, მეცხრე და მეათე კლასის ბავშვებს ვამეცადინებ.
- შენი აზრით, მე არ ვგავარ სკოლის მოსწავლეს?
- ჰგავხარ, მაგრამ მაინც არ გამომადგები… ამ საქმეში, რა თქმა უნდა, - ღიმილით დავაყოლე.
- გოგოებიც არიან? - ეშმაკურად იკითხა.
- «ც» კი არა, გოგოები არიან, თუ არიან. მხოლოდ სამია ბიჭი.
- ტუზი დაგცემია და ეგ არის.
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! არ დაგავიწყდეს, რომ მე მასწავლებელი ვარ.
- ზაზა! - დამიძახა მოულოდნელად.
- რა იყო? - თმაში შევუცურე ხელი და უფრო ძლიერად მივიკარი გულზე.
- მაკოცე…
- აკი ცუდი კოცნაო და რამე?.. - გავუხსენე თავისი «ნაფილოსოფარი» სიტყვები.
- ეს ისე ვთქვი, შენ გასაბრაზებლად, - თავი ასწია და სიყვარულით სავსე მზერა შემომანათა.
ვის შეეძლო ასეთი ცდუნებისთვის გაეძლო! ვერა კაცი ვერ მოითმენდა. თავი ოდნავ დავწიე და ტუჩებში წავწვდი. პირველ წამს ოდნავ გამიჭირდა, რადგან უგემური პომადის ატლეკვა მომიწია, მერე კი… მერე თავდავიწყებით «გადავთელე» ალერსს მოწყურებული ბაგეები და ნეტარებაში ჩაფლულმა ბოლოს მის ყელში ჩავრგე თავი.
ამ დროს კარი გაიღო და ბავშვები ხმაურით შემოიჭრნენ. უჩვეულო სურათის დანახვისას ბოდიში მოიხადეს და ეშმაკური ღიმილით გაიძურწნენ ოთახიდან.
- წავედი, მეც რეპეტიცია მეწყება, თენგო გამიგიჟდება, - უხერხულად შეიშმუშნა.
- რომ დაამთავრებ, ჩემთან შემოდი, კარგი?
- რისთვის? - მაცდურად მოხუჭა თვალები.
- დაწყებული საქმე გავაგრძელოთ. არ მიყვარს ასეთი რამეების შუა გზაზე მიტოვება, - კიდევ ერთხელ ვაკოცე და გავეცალე, რომ ცოტათი სული მომეთქვა, ძალიან ვიყავი აღგზნებული.
ნატამაც გაიწია, იქვე, სკამზე ჩამოჯდა, კოსმეტიკური ჩანთა ამოიღო და თავის მოწესრიგებას შეუდგა. თან პატარა სარკეში იყურებოდა, თან საგულდაგულოდ ისვამდა ტუჩებზე პომადას.
- ძალიან გთხოვ, მაგ საზიზღრობის გემო მეორედ არ გამასინჯო, კარგი? - საჩვენებელი თითი პომადისკენ გავიშვირე.
- როგორც კი კარს მოვუახლოვდები, მოვიცილებ, - კეკლუცად გაიღიმა და წამოდგა, - კარგ ფორმაში ვარ? - პატარა ბავშვივით დატრიალდა ჩემ წინ.
- მწიფე ატამივით კარგი ჩასაკვნეტი ხარ და არ აგცდება, იცოდე! - «დავემუქრე».
- ატმის ჩაკვნეტა არ გამიგია, - გადაიკისკისა.
- მაშინ კარგი ჩასაკბეჩი ხარ, - «გამოვასწორე» შეცდომა.
- და არ ამცდება, არა?
- არ აგცდება, გპირდები.
- მაგასაც ვნახავთ… სულ ცოტა ხანში, - ცერა და საჩვენებელი თითი ერთმანეთს მიუახლოვა, რითაც «ცოტა» გამოხატა და ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებული ოთახიდან რხევა-რხევით გავიდა.
სანამ კარს გაიხურავდა, მოიხედა და გამომწვევი მზერა მესროლა, ვნებით ანთებული, ნდომით გაჯერებული…
გაგრძელება იქნება