სხვისი ოცნების ქალი - თავი 14 - Marao

სხვისი ოცნების ქალი - თავი 14

2024-07-06 11:14:34+04:00

წინა თავი 

სამწუხაროდ, ჩვენი ხელმეორე შეხვედრა არ მოხერხდა. შუა რეპეტიციის დროს მამამ დამირეკა და მითხრა, დედაშენი ცუდად გამხდარა და მეზობლებს საავადამყოფოში წაუყვანიათო. აზრადაც არ მომსვლია ნატას გაფრთხილება, ბავშვებიც შუა დარბაზში მივატოვე და თავზარდაცემული საავადმყოფოში გავვარდი. დედას აივანზე გული წასვლია, სარეცხს ფენდა თურმე. მეზობლის ლამარა ყოფილა ჩვენთან ხახვის სათხოვნელად შემოსული, დაუნახავს გულწასული ქალი და სასწრაფოში დაურეკავს…

მდგომარეობა არ იყო საგანგაშო, თუმცა კი მიკროინფარქტი დაუდგინეს. ორკვირიანი წოლითი რეჟიმი და მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. არაფრით არ დარჩა საავადმყოფოში, შინ წამიყვანეთო. რას გავაწყობდით, წამოვიყვანეთ. იმ დღესვე დავურეკე ჩემს დას ქუთაისში, დროებით დატოვე შენი ქმარ-შვილი და დედას მოხედე-მეთქი. საცოდავი გოგო ორ საათში ჩვენთან გაჩნდა. დალი რომ მოვიდა, შვება ვიგრძენი, უკვე აღარ მეშინოდა. მამასაც მოეშვა გულზე.

საღამოს ნატასთან დარეკვა ვცადე, მაგრამ ამაოდ _ მთელი ღამის განმავლობაში ყურმილს არავინ იღებდა.

* * *

დედა რამდენიმე დღეში მოკეთდა. ამ მხრივ უკვე მშვიდად ვიყავი, მაგრამ ნატასთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხე. თეატრშიც ორი რეპეტიცია გააცდინა. ისევ თათულის მივმართე საშველად. დავურეკე და მოვუყევი, რაც მოხდა. ვთხოვე, აუხსენი ყველაფერი და იქნებ დამირეკოს ან ყურმილი აიღოს, საღამოს-მეთქი. ორი დღე გავიდა და პასუხი არ მიმიღია. ამბის გასაგებად ვერც თათო დავიჭირე ტელეფონთან. როცა არაფერი გამომივიდა, გადავწყვიტე, სასწავლებელში მიმეკითხა ნატასთვის და იქ მენახა. არ მიყვარდა პატარა ბიჭივით შეყვარებულის კართან ატუზვა და ლოდინი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ამჯერად როგორმე უნდა გადამელახა ჩემი სიამაყე.

ორშაბათი იყო, რეპეტიციის დღე, ამიტომ ვიფიქრე, თუ დღესაც არ მოვიდა ცეკვის გაკვეთილზე, ხვალ დილით მივადგები პროფტექნიკუმში-მეთქი. არ მოვიდა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. გული აშკარად ცუდს მიგრძნობდა. არავინ იცოდა, ჩემს გასამწარებლად კიდევ რა ჰქონდა ჩაფიქრებული.

ექვსი დაიწყო, მეცადინეობა რომ დავამთავრეთ. კმაყოფილი ვიყავი. ბავშვები მთელი მონდომებით სწავლობდნენ თავიანთ როლებს და კარგადაც გამოსდიოდათ თამაში. თუ ასე გაგრძელდებოდა, ნოემბრის ბოლოს უკვე დეკორაციებზე დავიწყებდით მუშაობას.

ამ ფიქრებში გართული ცენტრში გავედი, საათი გამიფუჭდა და ნოდარასთან უნდა მიმეტანა, მესაათესთან. უცებ ჩემი ყურადღება ნაცნობმა სილუეტმა მიიპყრო. ავტოსადგურის წინ ნატას მოვკარი თვალი, ყავისფერ «ჟიგულს» მიყუდებოდა. გვერდით ერთი ბიჭი ედგა, ფეხბურთელი, დიტო ერქვა. მას კარგად არ ვიცნობდი, რადგან გორიდან რამდენიმე თვის ჩამოყვანილი ჰყავდათ, ჩვენი ქალაქის ნაკრებში თამაშობდა. ათიოდე მეტრში ჩავუარე ორივეს. მომეჩვენა, რომ ცხარედ კამათობდნენ რაღაცაზე. იქვე მაღალი, ქერა გოგოც შევნიშნე. როგორც ჩანს, მათთან იყო, რადგან შორიახლოს ტრიალებდა და თვალს არ აშორებდა წყვილს.

ნოდარას მივესალმე, საათი მივაწოდე და ვთხოვე, ნახე-მეთქი, თან გულისყური ნატასკენ მქონდა, მაინტერესებდა, რა ხდებოდა. უცებ, თითქოს რაღაც იგრძნოო, თავი მოატრიალა და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ჩემს დანახვაზე სახეზე სასოწარკვეთილება აღებეჭდა. მომეჩვენა, რომ შველას მთხოვდა. ადგილიდან არ დავძრულვარ, თითქოს მიწას მიველურსმნე, თან დაძაბული გავყურებდი მათ. დიტო ზურგით იდგა ჩემკენ, ამიტომ ვერ მამჩნევდა. «თუ დამიძახებს, მივალ, _ გავიფიქრე, _ თუ არადა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან». როცა ნატამ ჩემი გულგრილობა შენიშნა, გატრიალდა და წასვლა დააპირა. დიტომ მკლავში ჩაავლო ხელი და რაღაც უთხრა. ნატამ კიდევ ერთხელ მოიხედა და საყვედურით სავსე მზერა მომაპყრო. ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვქცეულიყავი. რომ მივსულიყავი და უარესი გამოსულიყო? ჩემზე გაბრაზებულს არ გაუჭირდებოდა უხეშად მომპრობოდა და უცხო ადამიანის თვალში დავემცირებინე. ამას კი ვერ ავიტანდი. მერე ის გოგოც მიუახლოვდა, მხარზე ხელი გადახვია და ახლა იმან დაუწყო რაღაცის ხვეწნა.

_ ნოდარა, ხომ არ იცი, ის გოგო ვინ არის? _ ვკითხე მესაათეს, რომელსაც ლუპა მოემარჯვებინა და ჩემს მაჯის საათს ჩაჰკირკიტებდა.

_ აბა, რომელი? _ ნოდარი ჯიხურიდან გამოვიდა და ჩემს მზერას თვალი გააყოლა.

_ მოკლე «დუბლიონკა» რომ აცვია, ქერათმიანი.

_ ა! ეგ ვაჟა დოლიძის გოგოა, «ცეხავიკის». არ იცნობ?

_ ვერ ვიცანი, რამხელა გაზრდილა.

_ ჰო. თბილისში დაამთავრა სკოლა და აქ ჩამოიყვანეს, პროფში გააგრძელებინეს სწავლა, კარგი ატესტატის ასაღებად. იქ ჩაწყობა ვერ მოახერხეს ალბათ. ვაჟა აქ არის კაცი, თორემ თბილისში რას წარმოადგენს!.. შენი საათი ხვალ იქნება მზად, ერთი ნაწილი გაცვეთილია. სახლში მაქვს და დილით წამოვიღებ. ხვალ ნებისმიერ დროს მოდი და მზად დაგხვდება.

_ გაიხარე, დიდი მადლობა, _ ხელი დავუქნიე ნოდარას და მექანიკურად ავტოსადგურისკენ ავიღე გეზი.

ამ დროს გოგამ გამოიარა მანქანით და დამისიგნალა, საით გაგიწევიაო. უსიტყვოდ მოვუარე მანქანას წინიდან, კარი გამოვაღე და გულდამძიმებული ჩავჯექი.

_ წამო ჩემთან, მაგარი ღვინო მაქვს, სიმამრმა მიფეშქაშა, არ გინდა დავლიოთ? _ გოგა კარგ ხასიათზე ჩანდა.

_ რა უნდა აღვნიშნოთ, რო? _ უხალისოდ ვიკითხე.

_ როგორ თუ რა, ჩემი ცოლი ორსულადაა, ბიჭო! უკვე მესამე თვეშია, _ მხარზე ხელი დამკრა გახარებულმა და მანქანა დაძრა.

_ ჰო-ო, მაშინ უნდა დავლიოთ, _ ამოვიხვნეშე და საზურგე ოდნავ უკან გადავწიე, რომ მოხერხებულად მოვკალათებულიყავი.

როცა ნატას გვერდით ჩავუარეთ, რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური _ «სულ ერთი საათით, გოგო, რას გთხოვ ამისთანას!» _ ეუბნებოდა დიტო.

გოგა რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ მისი ნათქვამიდან სიტყვაც არ გამიგია, მთელი არსებით იქ ვიყავი, მათთან. მაინტერესებდა, რას ითხოვდა ამისთანას ფეხბურთელი. სარკიდან მალულად გავყურებდი ავტოსადგურზე მდგომთ, სანამ გზიდან არ გადავუხვიეთ…

გვიანობამდე ვსვამდით. ბოღმა მახრჩობდა. პირველად ცხოვრებაში, ისე დავთვერი, ვეღარავის ვცნობდი. ისიც არ მახსოვს, ვინ და როგორ მიმიყვანა სახლამდე.

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თავის წამოწევა გამიჭირდა, ისე მქონდა დამძიმებული. საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩს მირტყამდა ვიღაც. თვალდახუჭულმა ხელის ფათურით მოვძებნე ტელეფონი და ყურმილს დავწვდი.

_ ზაზა, თათო ვარ, გეძინა?

_ ჰო. რა იყო?

_ გაიგე ახალი ამბავი?

_ არა, რა ამბავი? _ საშინელების მოლოდინში წამოვიწიე.

_ ნატა მოიტაცეს.

_ რა-ა?! _ ყურებს არ დავუჯერე, _ რატომ, როდის, ვინ? _ თავადაც არ ვიცოდი, რას ვამბობდი.

_ ახალი ფეხბურთელი რომ არის, დიტო, ხომ იცი! გუშინ ნინა გადაეკიდა, დოლიძე, ვაჟა დოლიძის შვილი. ეგეც ჩვენთან სწავლობს, პროფში. ნატას აუტეხა, გინდა თუ არა, ჩემთან წამოდი, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნოო. უარი უთხრა, მამაჩემია ჩამოსული და სახლში დროზე უნდა მივიდეო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ამწუთას კი ნინამ დამირეკა, წუხელ დიტომ მოიტაცა და ზესტაფონში წაიყვანაო.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ შევხვდებოდი ამ ამბავს. სახეზე სიცივე ვიგრძენი, თვალთ დამიბნელდა. თათოს ლაპარაკი უკვე აღარ მესმოდა და არც მაინტერესებდა. ყურმილი დავკიდე და უაზროდ ჭერს მივაშტერდი. საკუთარი გულის ბაგაბუგს საფეთქლებთან ვგრძნობდი… ესეც ასე-ე-ე-ე! ჩამოვედით, ზაზა, მორჩა, ეს არის ბოლო გაჩერება!

სასტუმრო ოთახში გამოვედი. შინ არავინ იყო. დედა ექიმთან უნდა წაეყვანა დალის, ხელახალი ანალიზების ასაღებად, მამა სამსახურში წასულიყო. უმისამართოდ დავბორიალებდი ოთახიდან ოთახში, ნაბახუსევს წონასწორობის შენარჩუნება მიჭირდა, გულისრევის შეგრძნებაც არ მასვენებდა. აბაზანაში შევლასლასდი, ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩავიხედე. სახე ჩამთეთქვოდა, საშინელი სანახავი ვიყავი. ჩემს ორეულს ნიშნის მოგებით გავუღიმე და… ერთიანად აცახცახებულმა კედელს მუშტები დავცხე, თან ქალივით ავტირდი… არა, არ ვტიროდი… უფრო სწორად, მშრალად ვტიროდი, უცრემლოდ… ვინმეს რომ შემოეხედა ჩემთვის, იფიქრებდა, გაგიჟებულაო… შეშლილივით ვატრიალებდი თვალებს აქეთ-იქით და უაზრო გრიმასებს ვკერავდი, თან ვცდილობდი, ხმა ამომეშვა მკერდიდან. მცდელობა ამაო იყო. ჩემი გოდება ძაღლის ყმუილს უფრო ჰგავდა…

სწორედ ასე ყმუიან ძაღლები, როცა გაუსაძლისად მოსაწყენი დღეები უდგებათ… როცა პატრონისგან საბოლოოდ მიტოვებულად გრძნობენ თავს…

ორი დღე შინიდან არ გავსულვარ. ოთახიდანაც კი არ გამოვსულვარ, დანა პირს არ მიხსნიდა. დედა და დალი შეშფოთებული მიყურებდნენ, თითის წვერებზე დადიოდნენ სახლში, ასეთი რა დაემართა ამ ბიჭსო, კითხვის დასმასაც ვერ მიბედავდნენ.

ხუთშაბათს იძულებული გავხდი, სამსახურში წავსულიყავი, რეპეტიციას ვერ გავაცდენდი. დაუდევრად ჩაცმული, წვერგაუპარსავი გავემართე თეატრისკენ. ღრუბლიანი ამინდი იყო, გვარიანად ციოდა. ცა საწვიმრად გამზადებულიყო. ჯიხურთან მივედი და სოხუმის «კოსმოსი» ვიყიდე. ხურდის მოლოდინში გვერდზე გავიხედე და… სისხლი გამეყინა ძარღვებში… ტაქსის გაჩერებაზე ნატა და ბებიამისი იდგნენ. ნატა ისეთი ნაღვლიანი და მობუზული იყო… მხოლოდ წამით შემავლო თვალი, მერე თავი პალტოს საყელოში ჩარგო და სახე დამალა. აკი მოიტაცესო? მაშინ აქ საიდან გაჩნდა? სად მიდიან? პასუხგაუცემელი კითხვები დამიგროვდა…

ერთი სული მქონდა, როდის ჩავამთავრებდი რეპეტიციას. ბავშვები დროზე ადრე დავითხოვე და გოგასთან წავედი. მოვუყევი, რაც ვიცოდი. ძალიან შეწუხდა. დახმარება ვთხოვე. მაშინვე ზურასთან დარეკა და თათოს ასავალ-დასავალი ჰკითხა.

_ ბიჭო, სად არის შენი და?

_ დაქალთან წავიდა. რა იყო, მოხდა რამე?

_ ისეთი არაფერი, რაღაც უნდა გამერკვია. არ იცი, ვისთან არის?

_ ვაჟას სახლში უნდა შეკრებილიყვნენ დღეს, _ გაიცინა ზურამ, _ დიდი «სხადნიაკი» აქვთ, საქმეებს არჩევენ ქალები.

_ რა საქმეებს?

_ თათულის კლასელი რომ იყო, ნატა, ხომ იცი? მშობლებს უკან წამოუყვანიათ და ჯგუფელები დოლიძის ნინასთან წავიდნენ იმის გასარკვევად, როგორ მოხდა მისი მოტაცება. ნატა და ნინა უნდა დააპირისპირონ. გაიგე? ხედავ, გოგოები რა დღეში არიან?

_ შენა! რომ მოვა, უთხარი, ეგრევე დამირეკოს. მეც ეგ ამბავი მაინტერესებს, კარგი? არ დაგავიწყდეს, _ გოგამ ყურმილი ბერკეტზე დადო და ღრმად ამოიხვნეშა.

_ არ მომწონს ეს ამბავი, რაღაც სხვა ხდება, როგორც ვატყობ.

_ რაო, რა გითხრა?

_ მშობლებმა წაართვეს და უკან წამოიყვანესო. ახლა იმ «ცეხავიკის» სახლში ყოფილან შეკრებილნი, ნინას ურჩევენ საქმეს.

_ აუ-უ-უ! ამიტომ იდგა დღეს გაჩერებაზე? ბებიამისიც თან ახლდა.

_ როგორც ჩანს, ასეა. ის ნინა დიდი ეშმაკი გოგოა, რომ იცოდე, ჩუმჩუმელა. თბილისის «შკოლა» აქვს გამოვლილი, ინტრიგების ხლართვა არ გაუჭირდებოდა.

_ ის რა შუაშია?

_ იმან ჩაუწყო ალბათ, მე რა ვიცი… შენ ნუ ნერვიულობ, რა, ქალების მეტი რა არის, არ ღირს იმ გოგოზე გადაკვდომა.

_ უნდა შევხვდე, გოგა, აუცილებლად უნდა შევხვდე და დაველაპარაკო. ყველაფერი მინდა ვიცოდე.

_ არ ღირს, დამიჯერე. ხომ იცი, ახლა სალაპარაკო მიეცემა ხალხს, ათასი ჭორი აგორდება. ეგეთ გოგოს მაინც ვერ მოიყვან ცოლად, ხალხის ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა.

_ არც ვაპირებ. უბრალოდ, მინდა სიმართლე ვიცოდე. დამეხმარები?

_ დაგეხმარები, მაგრამ როგორ? მაგას აწი ვინ გამოუშვებს სახლიდან, «დაცვით» ივლის ალბათ. შენ თვითონ არ თქვი, ბებია ახლდაო?

_ მერე რა. შენ მიდი, მიაკითხე და უთხარი, რეპეტიციაზე უნდა წავიყვანო-თქო.

_ გაგიჟდი? მე ვინ გამომაყოლებს, რა იციან, ვინ ვარ?

_ ვითომ მედოლე ხარ, ბებია დაგიჯერებს, კარგი ქალია.

_ მთლად გადაგრია იმ გოგომ, რა გჭირს! მამამისი რომ გამოვიდეს, რა ვუთხრა, ვინ ჩემი ფეხები ვარ-მეთქი?

_ თათო წაიყვანე თან. ერთად უფრო დაგიჯერებენ.

_ მაინც არ იშლი შენსას. სარისკოა, ბიჭო, რამე შარში არ გავებათ.

_ რა შარში უნდა გაება, შენც ხომ არ იტაცებ. აქ მოიყვანე შენთან და მეც მოვალ, აქ ვნახავ. ნახევარი საათის ამბავია, რა!

_ ჯანდაბას შენი თავი, უარი როგორ გითხრა. კარგი, თათულის ზარს დაველოდოთ მაშინ, მეტი რა დამრჩენია. ეს ჩემი ორსული ცოლი არ გამინერვიულოთ, თორემ დაგტკვირავთ სუყველას, _ გაიხუმრა გოგამ და იქვე მოფუსფუსე ნათიას გახედა.

_ მე არ გამოგადგებით? _ ნათიამ სველი ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და მოგვიახლოვდა, _ მუცელს ცოტათი წინ გამოვწევ, რომ კარგად გამოვაჩინო და გამოგყვებით. თუ ვინმეს დაეჯერება ამქვეყნად, ყველაზე მეტად ფეხმძიმე ქალს, გენაცვალე! _ ოდნავ გამობზეკილ მუცელზე ხელი დაისვა ნათიამ.

_ შენ დაეტიე სახლში და ოჯახს მიხედე, ერთი ამას დამიხედეთ, გამომიჩნდა ესეც ადვოკატი, _ ხუმრობით დატუქსა გოგამ და სიყვარულით თმაზე მოქაჩა ცოლს ხელი.

ამ ლაზღანდარობაში იყვნენ ცოლ-ქმარი, თათულიმ რომ დარეკა. გოგამ ყურმილი ყურთან ახლოს მიიტანა, ისე, რომ მეც მომესმინა მათი საუბარი.

_ გოოგ, მეძებდი? _ თათული რაღაცას ჭამდა, ეტყობოდა, ლუკმით ჰქონდა პირი გამოტენილი.

_ რას «კიშკაობ», მსუნაგო, ჯერ გეჭამა და მერე დაგერეკა, გავრბოდი სადმე, თუ? _ გოგამ მანიშნა, ყური უფრო ახლოს მოწიეო.

არ გავნძრეულვარ, აქედანაც კარგად მესმოდა თათოს ხმა.

_ ვაშლს ვჭამ, შე ოხერო, რა იყო!

_ სად იყავი?

_ ზაზა შენთან ხომ არ არის?

_ აქ არის, მერე შენ რა?

_ დამალაპარაკე.

_ ჯერ მე მითხარი, რა მოხდა, მერე დაგალაპარაკებ.

_ გამოდით ორივე ჩემთან, მარტო ვართ.

_ «ვართ» რას ნიშნავს, ვისთან ერთად ხარ მარტო? _ გამოაჯავრა გოგამ.

_ ნატაა ჩემთან.

_ ნატა? შენთანაა? მერე რაღას უცდით, აქეთ გამოდით, არ ჯობია?

_ შენ მანქანა გყავს, ძმაო და ორ წუთში აქ გაჩნდები, ჩვენ კი ფეხით უნდა ვიაროთ.

_ ნატას დაცვა არ დაჰყვება?

_ დაცვა არა ის! მამამისი წუხელ გაემგზავრა, ბებია კი დავამშვიდეთ და ტაქსით გავუშვით შინ, იმ პირობით, რომ საღამომდე ჩემთან დარჩება, მერე კი მეც თან გავყვები და ამაღამ მასთან დავრჩები.

_ აუჰ! რამხელა წინადადება თქვა! _ წამოიძახა გოგამ და ხელით მანიშნა, რა ვქნაო.

ყურმილს ხელისგული დავაფარე, თან ვუჩურჩულე, წადი და ორივე წამოიყვანე-მეთქი.

_ კარგი, დამელოდეთ და ახლავე მოვალ, _ ჩასძახა გოგამ და გათიშა…

გაგრძელება იქნება ორშაბათს