ნიკოლოზ წულუკიძის სახელი და გვარი ჩვენს საზოგადოებაში დადებით განწყობასთან, პატივისცემასა და სიყვარულთან ასოცირდება. ის პროფესიით თეატრმცოდნეა, თუმცა უკვე არაერთი წელია, გამორჩეული სახეა ქართულ ტელევიზიაშიც. ნიკოლოზი ბევრმა სწორედ ამ ამპლუით გაიცნო და შეიყვარა, თუმცა დღეს ამ სტატიაში არა მასზე, არამედ მის ქალიშვილზე, სესილია წულუკიძეზე მოგიყვებით.
ნიკოლოზ წულუკიძემ 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. თეკლასა და ნიკოლოზს ქალიშვილი სესილია ჰყავთ. სესილია 10 წლისაა, თუმცა უკვე შეძლო სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.
"სესილიამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო", - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე.
"სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი...", - ამბობდა ნიკოლოზი ოჯახისა და ქალიშვილის შესახებ.
ამჯერად სესილია ტელეკამერის ობიექტივში თავად მოხვდა. ის მამასთან ერთად საქართველო-თირქეთის მატჩს დაესწრო და ემოციები ჩვენც გაგვიზიარა:
„ასეთ დიდ თამაშზე პირველად ვიყავი, მამიკოსთან ერთად. პირველი გოლი რომ გავიტანეთ, მამას ისე გაუხარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები უფრო ცოტანი ვიყავით, მთელი სტადიონი ზანზარებდა. შეიძლება ვერ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ მთავარია, რომ გავედით და ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან: ბუდუ, მიქაუტაძე, კვარაცხელია და მამარდაშვილი”, – ამბობს სესილია წულუკიძე.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ, არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება...“ - ეს სიტყვები ნიკოლოზ წულუკიძეს ეკუთვნის, რომელიც მან საკუთარ თავს მომავავალში გაუგზავნა. ეს სიტყვები განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი აღმოჩნდა მკითხველისთვის იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ნიკოლოზის ოჯახში 2022 წელს დატრიალდა, მისი მცირეწლოვანი შვილი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ...", - ამბობდა ნიკოლოზი.