78 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი და მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა.
დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვნობის გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.
მუსიკოსს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია; 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.
"იცით, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ლიანა ისაკაძემ თავისი მსოფლიო მნიშვნელობის კარიერა დაასრულა, თუმცა ის დიდი ტრადიცია, რაც მის მიერ დაარსებულ ფესტივალს გულისხმობს, მისივე სურვილით, უნდა გაგრძელდეს. "ღამის სერენადები" 1982 წელს აფხაზეთში, შესანიშნავ ბიჭვინთაში დაარსდა. მე მაშინ 15 წლის ვიყავი და მახსოვს ის დიდი მუსიკალური ზეიმი და იქაური შთაბეჭდილებები.
მოგეხსენებათ, ლიანამ თავისი ორკესტრი ინგოლშტადტში ჩაიყვანა და როგორც დირიჟორი, დიდ მოღვაწეობას ეწეოდა. ის მსოფლიოს ყველა დიდ, ცნობილ დარბაზში დირიჟორობდა და უკრავდა. მოგვიანებით ის საფრანგეთში გადავიდა", - ამბობდა მისი ძმისშვილი, მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
მეუღლის გარდაცვალება ლიანა ისაკაძისთვის უდიდესი დარტყმა და ტრაგედია აღმოჩნდა. 2017 წლის 26 აგვისტოს, ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, ლიანა ისაკაძის მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. ის გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა 45 წელი ცხოვრობდნენ ერთად. მათ არამხოლოდ დიდი სიყვარული, საერთო საქმე და ამ საქმის სიყვარულიც აკავშირებდათ. მეუღლის გარდაცვალებამდე ლიანამ მასზე ასეთი სიტყვა წარმოთქვა:
"ამჯერად, ფესტივალზე ჩემი მეუღლე იმღერებს ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს".
"ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის", – ასე შეაფასა ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ–ერთმა უდიდესმა მევიოლინემ, დავიდ ოისტრახმა.
მიუნხენის გერმანულმა გაზეთმა Sued Deutsche Zeitung ლიანა ისაკაძეს “საუკუნის მევიოლინე” უწოდა, ხოლო მის მიერ შესრულებული რაველის სავიოლინო სონატა “საუკუნის ოც მევიოლინეთა” ალბომში შევიდა. “კარნეგი ჰოლის” Playbill ქართველი შემსრულებლის ბიოგრაფიას დაწვრილებით მიმოიხილავს, მათ შორის, სსრკ–ის არსებობის დროს მის დეპუტატობასაც, და აღნიშნავს, რომ ლიანა სამი წლის ასაკში უკვე მუსიკოსი იყო და დაკვრასა და მუსიკის წერას თავისით სწავლობდა. როცა შვიდი წლის იყო და მუსიკალურში გამოცდა საფორტეპიანო განყოფილებაზე უნდა ჩაებარებინა, გაცივდა და გამოცდა ერთი კვირით გადაუტანეს. ამ დროისთვის კი აღმოჩნდა, რომ აუდიტორია მხოლოდ მევიოლინეებისთვის იყო განკუთვნილი. მას იმდენად უნდოდა, რომ მუსიკოსი გამხდარიყო, რომ იმ დღეს ვიოლინოზე დაუკრა და მაშინვე პროფესორ ლეო შიუკაშვილის კლასში ჩაირიცხა. ცხრა წლის ასაკში კი ლიანამ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა, ხოლო ერთი წლის თავზე თავისი პირველი სოლო-კონცერტითაც გამოვიდა. თორმეტი წლის ასაკში იგი კავკასიის სავიოლინო კონურსზე პირველი პრიზით დაჯილდოვდა.
ლიანა ისაკაძე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რუდოლფ კემპი, იეჰუდი მენუჰინი, ვაცლავ ნეუმანი და კურტ მაზური. იგი მსოფლიოში ცნობილი ორკესტრების პირველ ვიოლინოდ კვლავ რჩება. ნიუ-იორკში გამართული კონცერტის მიზანი კი გახლდათ ერთგვარი მუსიკალური პროტესტის გამოხატვა მსოფლიოში მიმდინარე ომებისა და სისხლიანი კონფლიქტების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ იმის შესახსენებლად, რომ “ჩვენ სიყვარულისა და მშვიდობისთვის ვართ გაჩენილნი”.