ნახევარ საათში ოთხივე მაგიდის გარშემო ვისხედით გოგასთან. ნათია ყავას ადუღებდა. ნატა თვალებდახრილი იჯდა, ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის.
_ ჩვენ იქით გავალთ, ცალკე დავილაპარაკებთ და მერე შემოგიერთდებით, _ დაბოღმილი ხმით ვთქვი და წამოვდექი.
_ როგორც გინდა, ძმაო, შენი საქმისა შენ იცი, საძინებელი ცარიელია, _ ხელები ღიმილით გაშალა გოგამ.
მის ხუმრობაზე რეაგირება არ მომიხდენია, ნატას გადავხედე და დაველოდე, როდის ადგებოდა.
მორჩილად გამომყვა მხრებჩამოყრილი. შევამჩნიე, როგორ გაუბრწყინდა თვალებში ცრემლი. ცოტა არ იყოს, შემეცოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ახლა მე ვიყავი შეუვალი.
კარი მჭიდროდ მოვიხურე და საწოლზე ჩამოვჯექი. ოთახში ციოდა. დავინახე, როგორ შეაკანკალა.
_ მოგახურო რამე?
_ არა, არ მინდა, არ მცივა.
_ აბა, რატომ კანკალებ?
_ ისე, უბრალოდ…
მივხვდი, ნერვიულობისგან უფრო აძაგძაგებდა, ვიდრე სიცივისგან. ერთხანს უხმოდ ვისხედით. არც ის იწყებდა ლაპარაკს, არც მე. ბოლოს მაინც მე დავარღვიე დუმილი.
_ აბა, მომიყევი ერთი, რა მოხდა! _ ცივად გაიჟღერა ჩემმა ხმამ.
ერთიანად მობუზულმა მკლავებზე ჩამოისვა ხელები, მაგრამ არაფერი უთქვამს, პასუხს აგვიანებდა. მეც დაველოდე, როდის ალაპარაკდებოდა.
_ რა მოგიყვე, _ თქვა ბოლოს ჩამქრალი ხმით და უმწეოდ ამომხედა.
_ ყველაფერი. როგორ მოგიტაცეს, რა ვითარებაში, ვინ და ასე შემდეგ, _ ირონია ჩავაქსოვე ჩემს ნათქვამში.
ნატამ ჩაახველა და ხმადაბლა დაიწყო.
_ იმ დღეს…
_ რომელ დღეს? _ დაკონკრეტება მოვთხოვე.
_ შენ რომ ავტოსადგურზე დაგვინახე…
_ ჰო, მერე?
_ სახლში ვაპირებდი წასვლას, რომ ნინა გადამეკიდა, გინდა თუ არა, ჩემთან წამოდი, დაბადების დღე მაქვსო. არ მინდოდა წასვლა, ცუდ ხასიათზე ვიყავი. თანაც… ერთი მაგარი ბიჭი უნდა გაგაცნო, ახლა მომაკითხავს და ის წაგვიყვანსო. ბოლოს დააყოლა, ძალიან მოსწონხარ და შენი გაცნობა მთხოვაო.
_ სად მოეწონე ასე ძალიან, სად გნახა?
_ ერთხელ იყო პროფტექნიკუმში მოსული ჩვენს დირექტორთან, ქალაქის სასწავლებლებს შორის საფეხბურთო ტურნირი გავმართოთო. შესვენება იყო, ჩვენ ეზოში ვიდექით და იქ დამინახა.
_ მაგას ვინ ეკითხება ტურნირის ჩატარებას?
_ მე რა ვიცი, რა ჩემი საქმეა…
_ კარგი, მერე?
_ არ მინდა-მეთქი, თავი გავიგიჟე. მამაჩემი იყო ჩამოსული და დროზე მინდოდა სახლში წავსულიყავი, ისედაც სულ ბრაზობს, როცა ვაგვიანებ. მაინცდამაინც მაშინ გამოხტება ხოლმე რაღაც, როცა ის ჩამოდის. ჩემს დედინაცვალს ისედაც ამხედრებული ჰყავს ჩემს წინააღმდეგ, სულ იმას ცდილობს, ერთმანეთს წაგვკიდოს. თვალის დასანახავად ვერ მიტანს ეგ ქალი, _ ნატამ ამოისლუკუნა და ცრემლიანი თვალები ხელის ზურგით მოიწმინდა.
ცხვირსახოცი ამოვიღე და გავუწოდე. გამომართვა და ცხვირზე მიიდო. შევამჩნიე, როგორ შეისრუტა მისი სურნელი. თითქოს გულზე ძლიერად წამიჭირეს ხელი…
_ ის ბიჭიც მალევე გამოჩნდა. გავიცანი, რა უნდა მექნა. მერე იმან დამიწყო ხვეწნა, ცოტა ხნით წამოდი და მე გაგიყვან სახლში ჩემი მანქანითო. არ მომეშვნენ. გული მიგრძნობდა, რომ უსიამოვნო საღამო მელოდა, ამიტომაც ვითრევდი ფეხს. რას ვიფიქრებდი, მოტაცებაზე თუ მიდგებოდა საქმე. გასაქანს არ მაძლევდა, ხელითაც კი წამეტანა, ახლავე ჩაჯექი მანქანაშიო. შენც ხომ დაინახე, რაც ხდებოდა.
_ დავინახე… ასეთ დღეში თუ იყავი, რატომ არ დამიძახე?
_ რა დაძახება გინდოდა, ვერ უნდა მიმხვდარიყავი, რა მჭირდა?
_ საიდან უნდა მივმხვდარიყავი? ვიფიქრე, მორიგი «პაკლონიკია» და ამ სანახაობით ჩემს გამწარებას ცდილობს-მეთქი.
_ რა სისულელეა…
_ თორემ ჯერ არ მოქცეულხარ ასე.
_ მაშინ სხვა იყო…
_ ახლა რა შეიცვალა, რო?
_ ახლა… ახლა შერიგებულები ვიყავით, ხომ მოვილაპარაკეთ, დავივიწყოთ ყველაფერიო.
_ ჰო, მაგრამ იმ დღეს რომ ვერ შეგხვდი, ამაზე ხომ გაბრაზდი?
_ თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მერე თენგომ მითხრა დედაშენის ამბავი და გასაგები იყო, რატომაც არ დამელოდე.
_ კი მაგრამ, წარამარა რომ გირეკავდი, რატომ არ მპასუხობდი?
_ აპარატი გაგვიტყდა, კატამ გადმოაგდო მაგიდიდან და შიგნით ნაწილები სულ ჩაიმსხვრა. თან ბებია გახდა ავად, სახსრები აწუხებს. ისეთი შეტევები ჰქონდა, მარტო ვერ ვტოვებდი. ერთი ღამე საერთოდ არ გვიძინია არც ერთს. მერე ნემსები გავუკეთე და თანდათან გამოკეთდა. რეპეტიციებიც ამიტომ გავაცდინე. მე რომ მადანაშაულებ, ერთხელ მაინც გეცადა და მოსულიყავი შინ, რა მოხდებოდა? დაგიჭერდა ვინმე? თუ ჩემი სახლი არ იცოდი?
ხელები მთელი ძალით მოვმუშტე და დავიგმინე. რომ მცოდნოდა, არ მიბრაზდებოდა, ხომ აუცილებლად მივაკითხავდი!
_ გააგრძელე, შემდეგ რა მოხდა, _ კუშტად გავაწყვეტინე.
_ მერე ის მოხდა, რომ არავითარი დაბადების დღე არ ჰქონია ნინას. ყველაფერი წინასწარ ყოფილა გათვლილი. მთავარი იყო, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მოტაცება უკვე ჩაფიქრებული ჰქონიათ.
_ საინტერესოა, პირდაპირ მოტაცებაზე რატომ გამოიდო თავი, ისე ვერ გაგიცნობდა?
_ რამდენჯერმე სცადა ნინას მეშვეობით გავეცანი, მაგრამ ყოველთვის ავირიდე თავიდან. თან იცოდა ნინამ, რომ… _ აქ გაჩუმდა და თავი დახარა.
_ რომ რა?
_ სხვა მიყვარს-მეთქი, ვუთხარი, _ ჩურჩულით თქვა.
კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ დამეღმუვლა. ჩემი ბრალია, მე გავაფუჭე ყველაფერი… თანაც მერამდენედ…
_ ბოლოს იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი. როგორც კი ჩავსხედით მანქანაში, ადგილიდან მთელი სისწრაფით მოწყვიტა და ტრასაზე გავარდა. როცა ქალაქიდან გავიდა და იქ ვიღაც ორი ტიპიც ჩაისვა, მაშინღა მივხვდი, რომ მომატყუეს. ვიყვირე, ვიკივლე, ქვეყანა დავაქციე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დეიდასთან წამიყვანა ზესტაფონში. იქ დილიდან გველოდნენ, უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი… _ ისევ ასლუკუნდა ნატა.
აღარ მიკითხავს, მერე რა მოხდა-მეთქი, შემეცოდა. ვაცალე, სანამ დაწყნარდებოდა.
_ ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები, ისეთი გულამოსკვნილი ვტიროდი, დეიდამისს შევეცოდე. მეორე სართულზე ამიყვანა, განვმარტოვდეთო და ყველაფერი გამომკითხა. როცა გაიგო, რომ მის დისშვილს საერთოდ არ ვიცნობდი, გაგიჟდა. მაშინვე გამომართვა მამაჩემის ტელეფონის ნომერი და თბილისში დარეკა. მერე დაბლა ჩავიდა, თავის ქმარს დაელაპარაკა, აუხსნა, რაც ხდებოდა და…
_ და რა?
_ დიტოს გამოუცხადეს, სანამ მისიანები არ მოვლენ, ახლოსაც არ გაეკარებიო. მე მეზობელთან გადამიყვანეს და იქ დამმალეს. ერთი ამბავი ატყდა. დიტომ ქვეყანა დააქცია, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნინას შეშინებია, გამოპარულა, ავტობუსში ჩამჯდარა და შინ დაბრუნებულა. მერე, ვითომ მე არაფერში დამადანაშაულონო, ბებიაჩემისთვის უცნობებია, შენი შვილიშვილი გაიტაცესო. აქაც ქვეყანა დაქცეულა. მამა და ჩემი დედინაცვალი დილაუთენია უკვე ზესტაფონში იყვნენ. დიტო თვითონ დაიმალა და ძმაკაცები მიუგზავნა მამას მოსალაპარაკებლად. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, არც ვიცნობ, არც მიყვარს და არც მისი ცოლობა მინდა-მეთქი. ჩემმა დედინაცვალმა _ სახელის გატეხვას ჯობია, დარჩე, ქმრიანი ქალი მაინც გერქმევაო. თავი გავიგიჟე, არ დავრჩები-მეთქი. აბა, ამდენ ხალხს ციხეში ხომ არ ჩაყრიო, ამრეზით მკითხა, თან დიტოს ნათესავებს გადახედა, მხარი დამიჭირეთო. არც დეიდას ამოუღია ხმა და არც ბიძას, ძმაკაცები შეჩოჩქოლდნენ მხოლოდ. ძველბიჭურად დაიწყეს, რადგან გოგო ხელუხლებელია და დარჩენაზე თანახმა არ არის, იქნებ მშვიდობიანად მოვაგვაროთ ყველაფერიო… ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მამა არ უჩივლებდა… და აი, დამაბრუნეს უკან, ბებიასთან. ერთით კარგია, დედინაცვალს რომ ვძულვარ, თორემ თბილისში გამაქანებდნენ. მორჩა, სულ ეს იყო.
ხელისგულები ერთმანეთს მივატყუპე და ცხვირი შიგ ჩავმალე. ჩემი გახშირებული სუნთქვის ხმა გარკვევით მესმოდა. ნესტოები ცხენივით მქონდა დაბერილი. არ ვიცი, იმ მომენტში ვისზე უფრო ვბრაზობდი _ ნატაზე, დიტოზე თუ ნინაზე. ერთი კია, მტკიცედ გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ნინაზე მეძია შური.
მოწევა მომინდა. ოთახიდან გავედი და ანთებული სიგარეტით შემოვბრუნდი. ნატა ისევ ისე იჯდა მობუზული, ისევ ისე ცახცახებდა. გარდერობი გამოვაღე, გოგას ქურთუკი ჩამოვხსენი საკიდრიდან და მოვახურე. მადლიერი მზერა მომაპყრო.
_ შენ გაცნობიერებული გაქვს, რაც მოხდა? _ ვთქვი კარგა ხნის დუმილის შემდეგ.
_ კი, _ ოდნავ გასაგონად თქვა.
_ იცი, რომ ამის შემდეგ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია?
უცებ არ მიპასუხა, მერე ნელ-ნელა ასწია თავი და თვალი ჯიქურ გამისწორა.
_ რატომ?
_ იმიტომ.
_ «იმიტომ» ძალიან ზოგადი პასუხია, იქნებ დამიკონკრეტო, _ ქედმაღლური გაუხდა ტონი.
_ იმიტომ, რომ ახლა მთელი ქალაქი შენზე ალაპარაკდება. მე კი კაცი ვარ და ჩემთვის ძნელი იქნება იმ ბარიერის გადალახვა, რასაც სახელგატეხილი ქალის ცოლად შერთვა ჰქვია.
_ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა…
_ მართლა? მერედა, ვის გინდა ეს უმტკიცო? იქნებ საბუთი გამოაწერინო გინეკოლოგს და ის აფრიალო ჰაერში?
_ მორჩი! _ იყვირა უცებ და წამოხტა, _ შენი ბრალია ყველაფერი, თუ გინდა იცოდე! შენ არასდროს გეცალა ჩემთვის. წესიერად სიყვარულიც არ აგიხსნია არასდროს. არც იმით დაინტერესებულხარ, რა მაწუხებდა, რა მტკიოდა, რა მაკლდა შენგან. არ ვარ მართალი?
კარგა ხანს უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
_ რატომ არ მცემ პასუხს? _ ოდნავ დაუწია ხმას, მაგრამ ტონი არ შეუცვლია, _ არაფერი გაქვს სათქმელი და იმიტომ, ასე არ არის? თუ ვერ ხედავდი, ხომ გრძნობდი მაინც ან ხომ გეუბნებოდნენ, ათასი კაცი რომ ნადირობდა ჩემზე, შემოსევა რომ იყო. ყველა მეჩალიჩებოდა, მოსვენებას არ მაძლევდნენ, ხან ვინ ჩამისაფრდებოდა, ხან ვინ. რამდენის მოგერიებას შევძლებდი? შენ კი… შენ იმის აღიარებაც არ გინდოდა, რომ გიყვარდი. ყველანაირად ცდილობდი, სხვების თვალში დაგემალა ჩვენი ურთიერთობა. ვერ ვხვდები, რატომ გიტყდებოდა, რა მჭირდა ასეთი სამარცხვინო. რითი ხარ ჩემზე უკეთესი, რითი?! _ განწირული ხმით იყვირა. ქურთუკი საწოლზე მოისროლა და გავარდა.
მეორე ოთახში ჩოჩქოლი ატყდა, როგორც ჩანს, გაეკიდნენ. ცოტა ხანში ხმები მიჩუმდა. მერე კარი გაიღო და გოგა შემოვიდა.
_ კარგად ხარ?
_ ჰო. სად არის?
_ წავიდა.
_ მარტო?
_ არა, თათო გაჰყვა. წამო, სანამ უნდა იჯდე აქ.
_ სახლში წავალ.
_ მოიცა, ცოტა ხანს დარჩი და მერე მე გაგიყვან.
_ არ მინდა, ფეხით მირჩევნია გავლა.
გოგას არ დაუძალებია, ჭიშკრამდე მიმაცილა და დამემშვიდობა.
…მივდიოდი და არ ვიცოდი, სად.
ნოემბრის სუსხი სახეში მცემდა, სიცივე ძვალ-რბილში მატანდა…
უმისამართოდ მივაბიჯებდი ქუჩაში, ყურებში კი ნატას ხმა ზარივით ჩამესმოდა _ «შენ იმის აღიარებაც არ გინდოდა, რომ გიყვარდი».
…მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი, სად…
* * *
ორი კვირა გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. ერთხელ მოვკარი თვალი, თათოსთან ერთად ქუჩაში მოდიოდა. ჩემს დანახვაზე სახეზე ჩრდილმა გადაურბინა… მეც იგივე დამემართა, რადგან არ ველოდი…. მყისიერად ავარიდეთ ერთმანეთს თვალი. არადა…
როგორ მენატრებოდა. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი… მენატრებოდა მისი ხმა, გამოხედვა, სიცილი, სუნთქვა, ჩურჩული… ცრემლებიც კი. სიგიჟემდე მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო, ახლოს, ძალიან ახლოს… ცოტათი მაინც. ის ჩემი ნარკოტიკი იყო. ძლიერად აღმოვჩნდი ნატაზე დამოკიდებული. უკვე მერამდენედ ვბრაზდებოდი მასზე, ვიბოღმებოდი, ფიქრებში პატარა ბავშვივით ვტუქსავდი, მაგრამ ერთი რამ ვიცოდი _ გული მაინც მისკენ მიმიწევდა, ვერ ვთმობდი, არავისთვის მემეტებოდა. მინდოდა კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ის დღეები, როცა ერთად ვიყავით მარტონი, მანქანაში, სხვებისგან განმარტოებულად. კიდევ ერთი დღით ყოფილიყო ჩემი _ მისი თმა, ტუჩები, თვალები, ხელები, მხრები _ ერთ დროს ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა.
ის თუ ფიქრობდა ჩემზე? ალბათ არ ფიქრობდა. ვახსენდებოდი, მაგრამ არ ფიქრობდა. მე ხომ ძალიან ვატკინე გული, ზურგი ვაქციე, მივატოვე… ნუთუ არ განიცდის? არა, ზაზა, არ განიცდის, _ ჩამკიჟინებდა ჩემი ორეული, _ მას შენ არ სჭირდები, არც შენი დახმარება სჭირდება. ის ძლიერია, მას შენი ტკივილითაც შეუძლია ცხოვრება. მას შეუძლია იტიროს შენზე, შენ კი არ შეგიძლია…
არადა, ტირილი რომ შემძლებოდა… ცუდია, როცა არ შემიძლია… ოდნავ მაინც მომეშვებოდა გულზე. უფრო ადვილად გადავიტანდი მასთან განშორებას.
«ნატა, ნატა… რომ იცოდე, როგორ მჭირდები… როგორ მაკლიხარ… მტკივა… ძალიან მტკივა უშენობა… ვცდილობ ეს ტკივილი დავმალო, შევნიღბო, მაგრამ ის მაინც არსებობს, ვგრძნობ ამას და ვერსად გავექცევი. მინდა, მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის. უშენობა წარამარა მახსენებს თავს, როგორც ნაიარევი. შენ ჩემი სუსტი წერტილი ხარ… და ამ წერტილს სიყვარული ჰქვია. მიყვარხარ, გოგო, უგონოდ მიყვარხარ!» _ მარტო დარჩენილი ბნედიანივით ველაპარაკებოდი ჩემს თავს.
გაგარძელება იქნება