სხვისი ოცნების ქალი - თავი 16 - Marao

სხვისი ოცნების ქალი - თავი 16

2024-07-09 11:13:52+04:00

წინა თავი

დეკემბრის ბოლო დღეები დაიწყო. ციოდა. არ თოვდა, არც წვიმდა, მაგრამ მზის სხივები მაინც ვერ ახერხებდა ჰაერის გათბობას.

თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ჩემი მოსწავლეები კარგად გამოვიდნენ. მაყურებელმა ბევრი იცინა ჩვენს სპექტაკლზე, ბავშვებმა თავიანთ როლებს მშვენივრად გაართვეს თავი. ოვაციები დიდხანს არ ცხრებოდა. საღამო თენგოს ანსამბლმა დახურა, მაგრამ ნატას არ უცეკვია, კონცერტს არც დასწრებია. თენგოსთვის არ მიკითხავს, რატომ. როცა მაყურებლები და მონაწილეები დაიშალნენ, თეატრის თანამშრომლები ჩემს კაბინეტში შევიკრიბეთ და სმა დავიწყეთ. მოულოდნელად კარი გაიღო და თათული შემოვიდა. თავაზიანად მიესალმა ყველას და თვალით მანიშნა, გარეთ გამოდიო. გული უცნაურად ამიძგერდა. მეგონა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი უნდა ეთქვა.

- ისევ რამე ხდება? - ფოიეში გამოსულმა ვკითხე, სანამ რამეს მეტყოდა.

- შენ როგორ ფიქრობ? - კუშტად შემომხედა.

- რა იყო, არ იტყვი?

- რას აპირებ?

- რას უნდა ვაპირებდე? ვერ მივხვდი, რას მთხოვ და…

- არ გინდა შეურიგდე?

- შევურიგდე? შენ რა, დესპანად გამოგგზავნა?

- რა სისულელეა, არც იცის, აქ რომ ვარ. კონცერტზე ვიყავი და ვიფიქრე, ვნახავ-მეთქი.

- რატომ გადაწყვიტე, რომ უნდა შევურიგდე, რით დაიმსახურა?

- არ გეცოდება მაინც?

- მე გეცოდებით ვინმეს?

- ზაზა, ის ჩემი მეგობარია. ახლა ძალიან უჭირს. ხომ იცი, რომ მხოლოდ შენ უყვარხარ. რაღაც არ უნდა დათმო?

- რა უცებ გახდა შენი მეგობარი. ასე რამ დაგაახლოვათ?

- ჩვენ ერთად ვსწავლობთ, სხვათა შორის… მთელი დღე ერთად ვართ.

- მერე ჩემგან რა გინდათ?

- იმას რაც უნდა, კარგად იცი. მე კი ის მინდა, რომ ისევ ერთად გნახოთ. გასაგებია?

- «პაკლონიკების» მეტი რა ჰყავს, ვერავის შეცდენა ვერ მოახერხა? არ გაუჭირდება გათხოვება, თუ ასე ძალიან უნდა.

- რა საშინელი ადამიანი ხარ. როგორ შეგიძლია, ასეთი გულგრილი იყო? რა ყველა ერთნაირები ხართ ეს კაცები, ვერ გიტანთ! მართალია ნატა, როცა ამბობს, ყველა მამაკაცი არარაობააო.

- რატომ, რატომ? არიან ისეთი კაცებიც, მას რომ სიამოვნებით აღმოუჩენენ დახმარებას. გაახილოს თვალი.

- ნუ ხარ ბოროტი, გთხოვ. იტანჯება, სულ ტირის. არ იცი, რა ცუდადაა. «პაკლონიკებიო», რომ აგიჩემებია… იცი, რა ხდება? ყველამ ზურგი აქცია, გვერდით არავინ იკარებს. გაოგნებულია გოგო, ვერ გაუგია, ამისთანა რა დააშავა, რატომ გაცივდნენ ყველანი. მხოლოდ ისინი ეტანებიან, ვინც არასერიოზულად ფიქრობდა მასზე. ჰგონიათ, რომ რამე გამოუვათ და ეჩალიჩებიან, იქნებ საყვარლობაზე დაითანხმონ.

- დავიჯერო, შენთვის ასე ძნელი მისახვედრია, რატომ? ყველა კაცი მოერიდება მასთან ურთიერთობას, ვისაც კი ოდესმე სერიოზულად უფიქრია მასთან დაახლოებაზე, აბა რა! დაგავიწყდა, რა მოხდა? დაგავიწყდა, რომ მოიტაცეს?

- მერე რა, რომ მოიტაცეს? ხომ წამოიყვანეს უკან?

- და მისთვის ხელი არავის დაუკარებია, არა? - მწარედ გავიცინე.

- ჰო, ასეა, ასე, ეჭვი ხომ არ გეპარება რამეში?

- მერე? ვის გინდა ეს დაუმტკიცო? ხალხს შენ გააჩუმებ? ზოგიერთს ოღონდ სალაპარაკო მიეცი და რაც არ არის, იმასაც მოიგონებს.

- რას მოიგონებს, რას! რა უნდა თქვან, ქალიშვილი არ არისო? თუნდაც ასე იყოს, მერე რა? ვისი რა საქმეა? თუ გიყვარს, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა?

- შემეშვი, რა, შენ მაინც ვერ გაიგებ ამას, - ხელი ავიქნიე.

- თუ ასე იმსჯელებ, ნამდვილად ვერ გავიგებ. შენი შემხედვარე, საბოლოოდ დამეკარგა მამაკაცებზე წარმოდგენა.

- ჰოდა, წადი, რაღას მელაპარაკები! - გაცოფებულმა შევუბღვირე.

- წავალ, მაგრამ ერთი რამ იცოდე. მან მხოლოდ წაიბორძიკა, არ დაცემულა, ამიტომ ნუ ცდილობთ, გადაუაროთ. იცოდე, ის კიდევ უფრო მყარად დადგება ფეხზე. მოვა დრო და თქვენ, ყველანი, მუხლებზე დაეცემით მის წინაშე. მე მტკიცედ მჯერა, რომ ის ამას მიაღწევს. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს ინანებ, ზაზა! და არამარტო შენ!

- რას მელაპარაკები! - ღვარძლიანად აღმომხდა.

- და კიდევ… დაიმახსოვრე! მის არარაობა თაყვანისმცემელ მამაკაცთა სიაში შენ პირველ ნომრად წერიხარ, - ზიზღით მესროლა და გაიქცა…

დანა რომ დაერტყათ, ისეთი მტკივნეული არ იქნებოდა, როგორც ამ სიტყვების მოსმენა… რაღაც ძალიან ამეწვა სულში… რაღაც ძალიან მეტკინა… ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებდა მთელ სხეულში… რა სიამოვნებით დავიღრიალებდი ახლა, რა დიდი ნეტარებით გამოვუშვებდი ორთქლს…

ამ დროს თენგომ გამოიხედა და დამიძახა, სად დაიკარგეო. კაბინეტში შევტრიალდი და სმა გავაგრძელე…

სრულიად უინტერესოდ ვსვამდი არაყს… ბიჭებთან ერთად ვიყავი და მაინც მარტო ვგრძნობდი თავს. «ამაყი მარტოობა» უფრო მომეძალა, ვიდრე სასმელი.

და დავთვერი - ცალკე ღვინით, ცალკე ბოღმით…

მერე კი წავედი, გზას დავადექი…

8 8 8

არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ნინოს სახლთან. განგების ძალამ ალბათ ქვეცნობიერად ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. როგორც ჩანს, დავაკაკუნე, რადგან, გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა კარი შუახნის ქალმა გამიღო.

- ვინ გნებავთ? - იგი ერთდროულად შეშინებული და გაკვირვებული ჩანდა.

- მე.. - უეცრად ენა დამება, სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე, - მე… ნინო ხომ აქ ცხოვრობს?

- დიახ, მაგრამ შინ არ გახლავთ. ვინ ბრძანდებით?

- მეგობარი ვარ, ქალბატონო, ცუდი არაფერი იფიქროთ. სად შეიძლება ვნახო?

- ღვინიანიძის დაბადების დღეზეა წასული, აგერ, მეზობლად, მაგრამ…

- ეგ რომელი, შორენასი?

- იცნობთ შორენას? - თითქოს გაუხარდა.

- როგორ არა, ვიცნობ. ნახვამდის, დიდი მადლობა.

- ნახვამდის, ნახვამდის, - ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნინოს დედამ და ფეხებიდან თმის ძირამდე ისეთი მზერით ამათვალიერა, თითქოს ყველა წვრილმანის დამახსოვრებას ცდილობსო.

ვიცოდი, შორენა იქვე, ახლოს რომ ცხოვრობდა, მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცოდი. ამიტომ პირველსავე შემხვედრს ვკითხე. სულ რამდენიმე მეტრის გავლამ მომიწია. გაჩახჩახებული ფანჯრებიდან მუსიკის ხმა და ხმამაღალი შეძახილები ისმოდა. ჭიშკარზე მიმაგრებულ ზარის ღილაკს თითი მთელი ძალით მივაჭირე და მანამ არ ავუშვი, სანამ ვიღაცის მოახლოებული ნაბიჯების ხმა არ გავიგონე.

- ვინ არის? - გაისმა პატარა ბიჭის ხმა და იმავდროულად კარიც გაიღო.

- გამარჯობა, როგორ ხარ?

- გმადლობ, კარგად… - დაიბნა ბიჭი, - მობრძანდით…

- არა, ვერ შემოვალ, მეჩქარება. შეგიძლია ნინოს დაუძახო?

- კი, ახლავე, - თავი დამიქნია და მკვირცხლად გატრიალდა, არც უკითხავს, რომელ ნინოსო.

ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ნინო მალევე გამოჩნდა გრძელბეწვიან მოსასხამში გახვეული. ჩემ დანახვაზე თვალები ჯერ გაუფართოვდა, მერე გაუბრწყინდა.

- ზაზა?!

- როგორ ხარ?

- არა მიშავს. რამე მოხდა?

- არა.

- რაღაც სხვანაირი ხარ…

- ცოტა დავლიე და…

- არა, დალევა არაფერ შუაშია. სხვანაირად ხარ სხვანაირი.

- როგორი?

- რა ვიცი… მითხარი, რა მოხდა?

- არაფერი-მეთქი, არ ვთქვი?

- მაშინ რატომ მოხვედი? ვინ გითხრა, აქ რომ ვიყავი?

- დედაშენმა.

- აჰა-ა-ა… გასაგებია… მიდი, თქვი, რა გჭირს… - ოდნავ გაუცივდა ხმა.

- ყველაფერი კარგადაა, მაინცდამაინც რამე უნდა მომხდარიყო? - უკვე ვნანობდი, რომ მოვედი, მაგრამ უკან დახევა გვიან იყო.

- რა ვიცი… როდის ერთხელ ყოფილა, რომ მაკითხავდი, თანაც სხვის სახლში?

- შენ როგორ ხარ?

- მშვენივრად… - მხრები აიჩეჩა ნინომ და ბეწვი უფრო მჭიდროდ შემოიხურა, - შემოდი, რატომ ვიყინებით?

- არა, ვერ შემოვალ…

- დარწმუნებული ვარ, რაღაც მოხდა, სხვა შემთხვევაში არ მოხვიდოდი.

- შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა…

- ვერ გამომაქვს, ამდენი ჭკუა არ მყოფნის. იქნებ შეყვარებულმა გაწყენინა? - თვალი თვალში გამიყარა.

- მე მას კარგა ხანია, დავშორდი, - დახშული ხმით ჩავილაპარაკე და მზერა ავარიდე.

- დაშორდი? მერე? ჩემგან რა, შვებას ელი?

- ჰო, რაღაც ამდაგვარს, არ შეიძლება?

- რაზე იჩხუბეთ? - ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

- დავიღალე მისი ეჭვიანობით… ბოლოს მივხვდი, რომ მასთან ყოფნა მხოლოდ ტკივილს მაყენებდა, მეტს არაფერს.

- კარგია, თუ მიხვდი. გილოცავ, - ცინიკურად ჩაიცინა.

- რა გაცინებს?

- შენ რომ მასთან ყოფნა არ გინდა, ის. უბრალოდ, გამიკვირდა.

- სამაგიეროდ, მას უნდა ჩემთან ყოფნა, მე კი საბოლოოდ უარი ვუთხარი. დავემშვიდობე და წამოვედი. ფაქტობრივად, პატარა შურისძიება გამომივიდა. თუმცა… მაინც შემეცოდა.

- შურისძიება და შეცოდება ორივე ყველაზე საშინელი გრძნობაა. გავა დრო და თავად შენზე იმოქმედებს ცუდად, გაგიჭირდება. აი, ფაქტი უკვე სახეზეა.

- სამაგიეროდ, გავაკეთე ის, რაც იმ მომენტში ყველაზე ძალიან მინდოდა.

- შენი საქმისა შენ იცი… აბა, ახლა ის მითხარი, მე რატომ გაგახსენდი. ცოტა ჩქარა, თორემ გავიყინე. აქ შენ სანახავად კი არ მოვსულვარ, - ეშმაკურად გაიღიმა.

- აბა, რისთვის მოხვედი?

- მეგონა, ვინმე სხვა მეძახდა. შენ საერთოდ არ გელოდი.

- რატომ?

- რისთვის უნდა დაგლოდებოდი? შენ რა, მზე ხარ? თუ სინათლე გვირაბის ბოლოში?

- ამწუთას ვერც ერთს გავქაჩავ, ვერც მეორეს, ძალა არ მეყოფა, - გახუმრება ვცადე და მხარზე ხელი მოვხვიე.

- მართალი ხარ, ვერ გაქაჩავ, რადგან არასწორად იქცევი. გამიშვი ხელი, - გამიძალიანდა და გვერდზე გადგა.

- რატომ, ასეთი უსიამოვნოა შენთვის ჩემი შეხება?

- არა, უბრალოდ, არ მინდა შემეხო, ვინმე დაგვინახავს.

- მერე რა?

გაოცებით ამომხედა.

- რატომ მიყურებ ასე, აღარ გიყვარვარ?

- მომისმინე, ზაზა… - აღშფოთებულმა დაიწყო, - რა გინდა, არ მეტყვი, ბოლოს და ბოლოს? იქნებ მხოლოდ იმის სათქმელად მოხვედი, რომ მახარო, იმას როგორ დაშორდი?

- მიპასუხე, აღარ გიყვარვარ?

- რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, საუკუნეა, არ მინახავხარ… დამავიწყდა კიდეც შენი არსებობა!

- ცრუობ! თვალები გაგირბის, - თავი დავხარე და მის თვალებში ჩახედვა ვცადე.

თავი გვერდზე მიაბრუნა.

- არ ვიცი, შენ რას ხედავ, მაგრამ არ მინდა შემეხო. მორჩა და დამთავრდა!

- ეგ რა შუაშია? არც მიცდია, ხედავ? ხედავ, შენგან მოშორებით ვდგავარ, უკვე რამდენი წუთია.

- წადი სახლში, ნასვამი ხარ, - გაბრაზებულმა მიბრძანა.

- ჯერ ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი და მერე გადავწყვეტ, წავიდე თუ დავრჩე.

- რატომ მაინცდამაინც ამაღამ მოგინდა ამის გაგება? სულიერ სიმარტოვეს განიცდი?

- არა. უბრალოდ, მინდა, რომ ისევ დამიბრუნდე.

სიბნელეში მისმა თვალებმა ელვასავით გაანათა.

- შენ დაგავიწყდა, რომ დღეს პირველი აპრილი არაა. არ გირჩევ ჩემ მოტყუებას.

- ვიცი, არ გჯერა ჩემი, ვიცი, გული რომ გატკინე, მაგრამ ახლა იმისთვის მოვედი აქ, რომ ჩემი შეცდომა გამოვასწორო.

- მთვრალი არაჩვეულებრივად თამაშობ შენს როლს. თვალებიც როგორი სევდიანი გაგიხდა…

- გგონია, ვთამაშობ? გგონია, ეს ყველაფერი მოვიგონე? გეფიცები, არ გატყუებ. დამიჯერე, მართლა მინდა შენთან ყოფნა, სიმთვრალე არაფერ შუაშია, შენ თვითონ არ მითხარი ახლახან?

- რა ტრაგიკული სიტყვებია… პირდაპირ ტირილი მინდება, - ნინო უფრო და უფრო შეუვალი ხდებოდა.

- ნუ დამცინი, ნინ!

- ღმერთო ჩემო! ვერ გავიგე, რა ხდება. მე რატომ მომადექი? ახლა გაგახსენდი, რომ ვარსებობ? დაგელია ქალები?

- არა, არ დამელია. უბრალოდ, მე მათთან არ მინდა. მხოლოდ ერთთან მინდა, რომელიც ვიპოვე, მაგრამ ვერ შევინარჩუნე… - ისევ მოვხვიე ხელი.

- ჰოდა, დასკვნები მე კი არა, შენ თვითონ გამოიტანე და სხვა ეძებე!

- სხვა არ მინდა. მხოლოდ შენ მინდიხარ.

- რა გვიან მიმხვდარხარ ამას!

- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

წამით დადუმდა, მერე ჯიქურ შემომხედა და დემონსტრაციულად წარმოთქვა.

- როცა გინდა, უნდა მოიპოვო, ასე ადვილად არ ხდება!

- გსურს, თავი დავიმცირო შენ წინაშე? გინდა, მუხლებზე დავეცე?

- არა, ეგ მეთოდი არ გამოგადგება. მინდა, დამიმტკიცო, რომ მართლა გჭირდები.

- როგორ?

- მე რა ვიცი? შენ ხომ ზრდასრული ადამიანი ხარ… მოიფიქრე.

გავიღიმე, ჩემკენ მოვიზიდე და კოცნა დავუპირე.

- ოღონდ კოცნა არ გინდა! - ისევ გამიძალიანდა.

- რატომ?

- იმიტომ… რატომ უნდა მაკოცო?

- ნუთუ ქალს რომ აკოცო, აუცილებლად მიზეზი უნდა არსებობდეს?

- აბა რა! მასაც უნდა უნდოდეს ეს.

- მაგრამ ეს მხოლოდ მე მინდა, არა?

- ჰო… მე კი არ მინდა.

- იტყუები.

- არა.

- მე შენთან მინდა, დამიჯერე.

- უკვე გითხარი, თუ გინდა, მოიპოვე!

- მინდა, რომ პასუხი დღეს მითხრა, ახლავე, ამწუთას - იქნები თუ არა ჩემთან. გადაწყვიტე! - მკაცრად ვთქვი და ხელი შევუშვი, განზე გავდექი.

გაჩუმდა. ერთხანს დაფიქრებით მიყურა, თითქოს გადაწყვეტილებას იღებსო, მერე ღრმად შეისუნთქა, ლოყები დაბერა, ჰაერი სვენებ-სვენებით გამოუშვა და… ძალიან ნელა გატრიალდა. უკვე ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა. არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი… ამიტომ, სანამ რამეს მეტყოდა და გულს მომიკლავდა, დავასწარი.

- მაპატიე, ნინო, გთხოვ, მაპატიე. ვიცი, საშინლად მოგექეცი, დეგენერატი ვარ, კრეტინი ვარ, უთავმოყვარეო, უპრინციპო, მაგრამ უნდა მაპატიო. იცოდე, რასაც ახლა გეტყვი, სხვა დროს არ გავიმეორებ… არასდროს, გესმის? არასდროს! ამიტომ ყურადღებით მომისმინე… გამომყევი ცოლად და ვიცხოვროთ ისე, როგორც მოსიყვარულე ცოლ-ქმარს შეეფერება, ქართულად, ტრადიციულად, - სათქმელი ბოლომდე ვთქვი და მივხვდი, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი, რომ არა მარტო ნატას, ჩემს თავსაც ვსჯიდი.

- შენ რა, სიყვარულის წესების დაცვას მთხოვ? - მომიახლოვდა და სახე ახლოს მომიტანა.

პასუხი დავუგვიანე.

- გესმის, რას გეუბნები?

- რა მითხარი?

- წესების მიხედვით გინდა მიყვარდე?

- რატომაც არა? უწესო სიყვარულს არ ჯობია?

- მაგრამ შენ ერთი რამ გავიწყდება, ჩემო კარგო. წესების დაცვა მანამ ხდება, სანამ სექსამდე მივა საქმე. სექსის დროს კი ყველა წესი ირღვევა. მე და შენ ეს «პუნქტი» უკვე გავიარეთ. ასე რომ, ჩვენ ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით, შენც კარგად იცი.

- რატომღაც მგონია, რომ ჰეფი-ენდს ძალიან ცუდად უყურებ. რატომ, გეშინია ბედნიერება ვინმემ არ წაგართვას?

- არა უბრალოდ ძვირად დაგვიჯდება იგი. ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის მყარი ოჯახის შესაქმნელად. შენც უნდა გიყვარდე. ეს კი გამორიცხულია.

- რატომ გგონია?

- იმიტომ, რომ შენი გული მისი სიყვარულით არის სავსე. მაპატიე, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება… უარს ვამბობ შენზე. არ მინდა შენთან ყოფნა. და ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც «გასაჩივრებას» არ ექვემდებარება, - თქვა და გაიქცა…

რაღაცის თქმა მინდოდა და სიტყვა შუაზე გამიწყდა… ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, უარი რომ მითხრა… ვერ ვიჯერებდი, მტკივნეული იყო ეს უარი. არადა, ჩემს მდგომარეობაში, პირიქით, უნდა გამხარებოდა, მე ხომ მართლა არ მიყვარდა იგი.

მიმიხვდა, რომ ვიყენებდი… მიმიხვდა და არ მაპატია. თურმე მართალი ყოფილა, როცა ამბობენ, ყველაზე ადვილი ყველაზე თავხედური ტყუილის თქმა არისო. ასეთი ტყუილების ქალებს ყოველთვის სჯერათ. აქამდე ეს ყოველთვის ჭრიდა, ყველა სხვა ქალთან, მასთან კი არ გაჭრა… მან არ დაიჯერა.

არ დაიჯერა და დამსაჯა… თავისებურად დამსაჯა, ქალურად… წავიდა და ერთხელაც არ მოიხედა უკან…

თეატრში დავბრუნდი და არყის სმა გავაგრძელე… ისევ უინტერესოდ. ისევ მომეძალა «ამაყი მარტოობა»… მერე რა, ხვალაც ასე დავთვრები, ზეგაც, მომდევნო დღეებშიც… მანამ, სანამ ჩემი ცხოვრება საინტერესო არ გახდება. მერე კი…

მერე კი… შეიძლება სხვისი ცხოვრებითაც დაინტერესდეს ადამიანი!..

გაგარძელება იქნება