ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ხევსურული თავსამკაული და ვარცხნილობა ამშვენებს.
„პირველად 10 წლის წინ ვცადე შუბლზე ხევსურულად ნაწნავების გაკეთება… დიდად არც მაშინ გამომივიდა და ვერ ახლა დავიბრალებ, რომ შევძელი, მაგრამ მთავარია, რომ ვცადე… რამდენიმე დღის წინ გადაღება გვქონდა და ვჩქარობდი, ბევრი ნაწნავის წვრილად დაწვნა ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედია, შემდეგზე უკეთ გამომივა.
ხევსური ქალის ვარცხნილობა და თავსამკაული.
ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ. რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო. ნაწნავები წინ, შუბლთან, ისე უნდა შეეკრათ, რომ ჯვარი გამოსახულიყო. თავზე მანდილს იხვევდნენ.
მე-20 ს-ის დასაწყისიდან დაიწყეს თმის მოკლედ შეჭრა და ნაცართვლით გაყვითლება. პირველ ხანებში სათაურაზე ნაწნავები იყო მიმაგრებული, რომელიც ნამდვილი თმის იერს წარმოქმნიდა. გასათხოვარი ქალები მხოლოდ სათაურას ატარებდნენ, გათხოვილები კი სათაურასთან ერთად მანდილსაც იხვევდნენ.
გლოვის დროს ქალებს ჰქონდა მანდილ-სათაურას დახურვის განსხვავებული წესი. გადმოცემით, ძველ დროს თეთრ მანდილს ატარებდნენ სათაურას გარეშე. სათაურა მოგვიანებით შემოიღეს ვარცხნილობის შეცვლასთან დაკავშირებით“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.
ნუცა ცისკარიშვილი
ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა. თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არცთუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. გოგონას ეუბნებოდნენ, რომ ამ იმიჯით დაოჯახება გაუჭირდებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.
წყვილი ჯერ კიდევ წლების წინ დასახლდა წყალტუბოში, მწერლის კარ-მიდამოში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. თავიდან ნუცა საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გვერდით "ოტიას ეზოთი“ გაიცნო, საიდანაც მუდამ მოღიმარი მანდილიანი გოგონა გამომწერებს საინტერესო ამბებს უზიარებდა.
მალე მიხვდა, რომ პირადი სივრცეც აუცილებელი იყო და ახალი გვერდი "ნუცას დღიური“ გააკეთა, სადაც უკვე ასი ათასზე მეტი "მეგზური“ ჰყავს. ასე ეძახის ნუცა თავის გამომწერებს, რომელთაც ბოლო ორი თვეა შეცვლილ როლსა და ცხოვრებაზე უყვება. ოტიას და ნუცას ოთხი წლის შემდეგ ნანატრი შვილი, დაჩი იოსელიანი შეეძინათ...