ნატასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერზე ამიცრუვდა გული. უმიზეზოდ ვღიზიანდებოდი, დედაჩემსაც ვეჩხუბებოდი და მამაჩემსაც. ნინოს არ ვეხებოდი მხოლოდ. ის ისედაც უმწეო იყო და მეცოდებოდა. სწორედ ეს მშველოდა და სწორედ ეს ამყარებდა ჩვენს ურთიერთობას. ამასობაში დრო გადიოდა. ზამთარს გაზაფხული მოჰყვა, გაზაფხულს - ზაფხული. აგვისტოში ბათუმში წავედით დასასვენებლად, ორი კვირა დავყავით ზღვაზე, მაგრამ სრულიად უაზროდ - ორი დღე არ გამოსულა მზიანი ამინდი. ამას ნინოს გაციება მოჰყვა, საშვილოსნოს ანთება დაემართა. ექიმთან მივიყვანე, გასინჯა, დანიშნულებაც მისცა და გაფრთხილებაც - ორი თვე სქესობრივი კონტაქტისგან თავი შეიკავე, მკურნალობის პერიოდში დაორსულებას მოერიდეო. ამ მხრივ მე მშვიდად ვიყავი. რვა თვე გავიდა ჩვენი შეუღლებიდან და არ დაორსულებულა, რაღა მაინცდამაინც ახლა მოხდებოდა ეს? გულში ვნატრობდი კიდეც, არ აჰყოლოდა ბავშვი, რაც უფრო გააადვილებდა ჩვენ დაშორებას. ჩვენი ურთიერთობის ბოლო მაინც ეს იყო. არ მინდოდა მასთან, არ შემეძლო. უკვე თვალთმაქცობაც მიჭირდა. არაფერს ვამბობდი, არაფერს ვაგრძნობინებდი, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მიმეტოვებინა. ჩემი გული და გონება ნატას დასტრიალებდა, მისი არსებობა მამშვიდებდა მხოლოდ. აღარ ვფიქრობდი იმაზე, რას იტყოდნენ ჩემზე, როგორ გამკიცხავდნენ, თუკი ნატას შევირთავდი ცოლად. მის გვერდით ყოფნის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, «საზოგადოებრივი აზრი» სრულებით არ მანაღვლებდა.
ბათუმიდან რომ ჩამოვედი, თათულის შევხვდი. გავიგე, რომ ისიც ჩარიცხულა და ნატაც. ბოლო დროს ამაზე უკეთესი ამბავი არაფერი გამიგია. გულწრფელად გამიხარდა ორივეს წარმატება. თათომ ოჯახური ამბები გამომკითხა. მისთვის არაფერი დამიმალავს, მოვუყევი, რაც ხდებოდა და რასაც ვაპირებდი. მერე ვთხოვე, ნატასთან შემახვედრე-მეთქი.
მეორე დღესვე მოაწყო ჩვენი შეხვედრა მასთან, სახლში…
შუა ოთახში იდგა… ისეთი ლამაზი იყო, ისეთი, ისეთი… თვალი ვერ მოვწყვიტე.
- გილოცავ ჩარიცხვას, ყოჩაღი გოგო ხარ, - გულწრფელად მივულოცე და გადავკოცნე.
როგორც კი შევეხე, სისხლმა ღმუილით დაიარა ძარღვები…
- გმადლობ, - მორცხვად გამიღიმა და აილეწა.
- წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდი, სიაში შენს თავს რომ ნახავდი, - ყელზე მოვუსვი ხელი და თმა ყურზე გადავუწიე, ზუსტად ისე, როგორც თვითონ სჩვეოდა.
- ო! ის დღე მართლაც არაჩვეულებრივი იყო! ყველაფერი დამავიწყდა. ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი მეორე არ დადიოდა ქვეყანაზე. სიმარტოვესაც კი ვერ ვგრძნობდი. მთელი დღე ქუჩაში დავხეტიალობდით მე და თათო, უაზროდ ვხარჯავდით დროს - ჩვენსას, სხვისას, თითქოს ძალიან ბევრი გვქონოდა - მილიონი, მილიარდი… ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საქმე არაფერი მქონდა, არანაირი ვალდებულება არ მეკისრა, არც მასწავლებელთან მაგვიანდებოდა და არც რამე მქონდა სასწავლი. არც მეცადინეობას დამაძალებდნენ და არც შენიშვნას მომცემდა ვინმე, რატომ ზარმაცობო. საოცარი წუთები იყო… დროით ვიყავი განებივრებული, მისი მოჭარბებული რაოდენობით… არ ვიცოდი, რაში გამეყვანა, რა მეკეთებინა. შემეძლო, ისე გამეტარებინა დღე და ღამე, როგორც მომესურვებოდა. სრულ იდილიაში ვიყავი… მხოლოდ ერთი რამ აკლდა ჩემს ბედნიერებას…
- ?
- შენ…
- მე კი მეგონა, შენს ცხოვრებაში საერთოდ არ ვარსებობდი…
- მთელი ჩემი ცხოვრება შენი ძაფებით არის დახლართული, ყველაფერ იმით, რაც შენ მასწავლე… მიჭირს იმის აღიარება, რომ მე შენი ანარეკლი ვარ… საინტერესოა, არა? შეგიძლია ამის წარმოდგენა? რატომ შეგეცვალა სახე? ნუ გეშინია, არაფერს გთხოვ. მე უკვე არ ვფიქრობ შენზე, არ ვდარდობ, დამშვიდდი. არც გსაყვედურობ და არც შეცოდებას გთხოვ. ერთხელ უკვე გაკეთებულ არჩევანში მეეჭვება, რამის შეცვლა შეიძლებოდეს… ყველაზე ცუდი მეთოდი, იფიქრო ადამიანზე, ის არის, იყო მის გვერდით და იცოდე, რომ ის არასდროს გახდება შენი.
- რატომღაც, მეგონა, წინა მონოლოგის შემდეგ სულ სხვა სიტყვებს მოვისმენდი…
- რა სიტყვებს? - შეშფოთება შეეტყო თვალებში.
- რომ ფიქრობდი ჩემზე, გენატრებოდი, ჩემი სიყვარული გავსებდა და ასე შემდეგ…
გაჩუმდა. სახეზე სიფითრემ გადაუარა და ამის დასამალავად თავი დახარა. გვერდი ავუარე და სკამზე ჩამოვჯექი. კარგა ხანს იდგა თავჩაღუნული. ხმა არ გაუღია.
- დიდხანს აპირებ გაჩუმებას? - ცივად ვკითხე.
თავი ასწია და შემომხედა. ცრემლით ავსებოდა თვალები. მაინც არაფერი თქვა. ასე იდგა და საწყალობელი მზერით მომჩერებოდა.
- გისმენ, მე პასუხს ველი, ოღონდ გულწრფელად მითხარი, - იმავე ტონით ვთქვი.
თავი გადააქნია, გვერდზე გაიხედა და დაიწყო.
- მოვიტყუე… მოვიტყუე, როცა გითხარი, არ ვფიქრობდი შენზე-მეთქი. არ ვიცი, როგორ გითხრა… სიტყვებიც არ მყოფნის… ამიტომაც ვდუმდი. დუმილიც ხომ ტყუილის გამოხატულებაა. შენ ხომ არასდროს გესმოდა ჩემი, ერთხელაც ვერ გამიგე, არ მოისურვე… ახლა რაში გჭირდება სიმართლის გაგება? შენ ხომ ყველაფერი მიიღე, რასაც შენდამი განვიცდიდი - სიყვარული, სიახლოვე, სიძულვილი, მეგობრობა, გულგრილობაც კი… ახლა ეს ყველაფერი შენ გაქვს, მე აღარაფერი დამრჩა. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ერთადერთი, რაც შემომრჩა, შენი სხეულის სურნელია, თუმცა ისიც განელდა უკვე, მისგანაც თითქმის აღარაფერი დარჩა. გულწრფელობას მთხოვ? სიამოვნებით. მაპატიე, მაგრამ ვფიქრობ, ცივმა ქარმა დაუბერა ჩვენს ურთიერთობაში. შენს სათამაშო პარტიაში მე სხვა როლი მერგო. მე შენთვის ექსპერიმენტი ვიყავი, შენი თამაშისთვის შექმნილი ფიგურა. შენ არასწორი სვლები გააკეთე. გაგიკვირდა? არ ელოდი, არა? შენ ვერ ხვდები, თორემ ჩვენ ერთი სულის სხვადასხვა მხარე ვართ. სწორედ მაშინ გახვედი განზე, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდი… შენ და სხვებიც. ახლა იცი, რა მოხდა? რატომღაც, ყველა ერთდროულად მობრუნდა… ყველას ჩემკენ გამოუწია გულმა, თითქოს მიხვდნენ, რომ არც ისე ცუდი ვყოფილვარ. რომ თურმე კარგიც არის ჩემთან ურთიერთობა. შენც იგივე გააკეთე, შენც იმას მთხოვ, რასაც სხვები… თუმცა არ მინდა, მათ შეგადარო. ისინი მე არასდროს მყვარებია, ამიტომ ყველა უარით ვიფრინე. შენ კი… შენ ვერ გივიწყებ. ახლა უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე ოდესმე… მიუხედავად იმისა, რომ არ შეგირიგდები, შენს ადგილს სხვა არასდროს დაიკავებს, მერწმუნე. ჩემი უარით შენ მინდა გადაგარჩინო. ეგ არის და ეგ.
- გამოდის, ჩემი ანგელოზი ყოფილხარ, - ბოროტად ჩავიცინე.
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.
- მოდი, შევეშვათ ამ სულელურ ლაპარაკს. მე უკეთესს გთავაზობ. მომისმენ?
- გისმენ, - თავი მსწრაფლ შემოაბრუნა და თვალებგაფართოებული მომაჩერდა.
- სიგიჟე ჩავიდინოთ… მე და შენ… დღეს შენ, ხვალ მე…
- რა სიგიჟე?
- ვიყოთ ერთად, ვიცხოვროთ ერთად და მთელი სამყარო ჩვენნაირებით გავამრავლოთ - გოგოებით, ბიჭებით - პატარა ზაზებით და პატარა ნატებით… გინდა?
ისევ გაუფითრდა სახე.
- ვერ გავიგე, რას მთავაზობ?
- გახსოვს, ბოლოს რომ შეგხვდი, რა გითხარი? ცოტა ხანს მაცალე და რაღაცას მოვიფიქრებ-მეთქი.
- მახსოვს, - ხმა წაერთვა, ტუჩები აუთრთოლდა.
- ჰოდა, მოვიფიქრე. მე არ გავბერავ ნინოს.
- ეგ რას ნიშნავს? - შუბლი შეიკრა.
- არ დავაორსულებ. მერე უმტკივნეულოდ გავშორდები. მერე შენ წამოგიყვან ჩემთან. მერე ხელს მოვაწერთ. მერე ქორწილს გადავიხდით. მერე შვილები გვეყოლება და ასე…
- ასე? როგორ ასე? ასე ხომ არ შეიძლება? - ნატას მუხლები მოეკვეთა, როცა ჩემი შემოთავაზება მოისმინა და რომ არ წაქცეულიყო, იქვე, დივანზე ნელ-ნელა დაეშვა.
- რატომაც არა, შეიძლება. განა ცოტა ოჯახი ინგრევა უშვილობის გამო? თუნდაც სიყვარულის გარეშე? ჩემ შემთხვევაშიც ასე იქნება. ოღონდ უნდა მაცალო. ძალიან ცოტა დრო დარჩა იქამდე.
ნიკაპი აუკანკალდა. ისევ აევსო თვალები ცრემლით.
- მითხარი, გიყვარვარ? - წამოვდექი და მივუახლოვდი.
არ მიპასუხა.
- გეკითხები, გიყვარვარ?
- უსაშველოდ, - ამოიხრიალა და ცრემლები წასკდა.
- სწორედ ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, - მის გვერდით დავჯექი და ჩავიხუტე.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ვკოცნიდი მის ყინულივით ცივ ტუჩებს და მარილიანი ცრემლისგან დასველებულ ლოყებს. ხარბად ვისრუტავდი მისი სხეულისა და თმის სურნელს.
- ჩვენ ახლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ვდგავართ, ნატა. ერთი ნაბიჯი წინ და ცეცხლში დავიწვებით. ერთი ნაბიჯი უკან და ბედნიერებისგან ავფრინდებით… არჩევანი შენზეა. მე თუ მკითხავ, არც სამოთხე მინდა და არც ჯოჯოხეთი. თუ ჩემ გვერდით იქნები, მე ისეთ ადგილს შევარჩევ, ორივეს რომ მოგვეწონება. ნაბიჯი წინ - მშვიდობით, ყველაფერი დამთავრდება. ნაბიჯი უკან - გამარჯობა, საყვარელო, კეთილი იყოს შენი მობრძანება… და ვაპატიებთ ერთმანეთს ყველაფერს. თუკი მე მომცემ არჩევანის უფლებას, მე ბედნიერებას ვირჩევ. გადაწყვიტე და გადადგი ნაბიჯი, მე გელოდები… - ვთქვი ბოლოს, როცა ოდნავ მოვითქვით სული.
- მეშინია… - დაიჩურჩულა და ხელები მუხლებზე უმწეოდ დაიწყო.
- ნუ გეშინია, აქ არ ვარ?
ერთხანს ასე იჯდა, გაუნძრევლად, თითქოს გაქვავდაო. მერე ოდნავ შეირხა, ძალიან ნელი მოძრაობით თმა ყურზე გადაიწია და გამიღიმა. იდუმალება იგრძნობოდა ამ ღიმილში.
- ყავას დავლევდი… - მხოლოდ ეს თქვა.
- რა დროს ყავაა, ნუ გამაგიჟე! - გაოგნებულმა შევძახე და წამოვდექი.
- ჩემი თანხმობა ამით აღვნიშნოთ, - მორცხვად მითხრა და ყელზე ჩამომეკიდა…
8 8 8
სამზარეულოში გავედით. თათულიმ რომ შემოგვხედა, მიხვდა, როგორც იყო საქმე და ცოტა ხნით მეზობელთან გადავალო, გვითხრა. მე ყავა მოვადუღე… ჩემს ცხოვრებაში პირველად… ძალიან ტკბილი გამომივიდა. ნატამ ბევრი იცინა ამაზე. მერე ვლაპარაკობდი… ძალიან დიდხანს… რაღაცებს ვბოდავდი, არც მახსოვს, რას. იმიტომ, რომ მთავარი ჩვენი ერთად ყოფნა იყო, სიტყვებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის იცინოდა, კისკისებდა, თან თვალს არ მაშორებდა. მის მზერაში, ბედნიერებასთან ერთად, შიშიც გამოსჭვიოდა, გაურკვეველი მომავლის შიში… როგორ მინდოდა ამ შიშის გაფანტვა…
ცოტა ხანში წამოდგა, ზურგიდან მომიარა და თვალებზე ხელი ამაფარა. თითქოს რაღაც თამაში წამოიწყო.
- აბა, გამოიცანი, ვინ ვარ?
- არ ვიცი, შენ მითხარი, - ავყევი მის თამაშს.
- მე ანგელოზი ვარ. შენ არ შემარქვი?
- ჩემი ანგელოზი?
- არა, მაგრამ შენში ვცხოვრობ, შენ გეკუთვნი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მიყვარხარ.
- და რა გინდა ჩემგან?
- შენ გვერდით ყოფნა. წინააღმდეგი ხარ?
- არა.
- ძალიან კარგი. მაშინ წავიდეთ.
- სად?
- უბრალოდ, წავიდეთ. ხომ ყველაფერი მოაგვარე?
- ჰო.
- მაშინ წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.
- ჩემი ბედის წინასწარმეტყველი ხარ?
- არა, უბრალოდ, ახლა როლი მაქვს ასეთი.
- მაშინ მითხარი, რა მელის.
- არ შემიძლია.
- რატომ?
- ამისთვის არ ვარ აქ მოსული.
- აბა, რისთვის?
- შენთვის.
- არ მჯერა… ნუთუ… ნუთუ ასე ადვილად მოხდა ეს ყველაფერი?
- რას გულისხმობ?
- შენს თანხმობას.
- მე ყოველთვის თანახმა ვიყავი, სულელო, უბრალოდ, შენ ვერ გრძნობდი ამას. ყოველ შეხვედრაზე ერთსა და იმავეს გეუბნებოდი - ჰო, ჰო, ჰო… შენ კი არ გესმოდა.
- ახლა ხომ მესმის?
- კარგია, რომ გესმის. მაკოცე.
გულში ჩავიკარი. დამასწრო და თვითონ მაკოცა… რამდენი რამ ჩააქსოვა ამ კოცნაში… ძნელია გადმოცემა… როგორ მინდოდა მეთქვა, მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ… არა, არ ვთქვი… ახლა უკვე აღარ იყო საჭირო. მას სიტყვები არ სჭირდებოდა. ის ხედავდა, მას ესმოდა, ის გრძნობდა ჩემს სიყვარულს…
სექტემბერში სწავლა დაეწყო და თბილისში გაემგზავრა. სიშორე მაღიზიანებდა, გულს მიკლავდა. თვეში ერთხელ მაინც ვახერხებდი ჩასვლას და მის მონახულებას. ჩემ დანახვაზე თითქოს მოჩვენებებით აევსებოდა თვალები, პატარა ბავშვივით აჭყლოპინდებოდა და ბედნიერებისგან გათანგული ათას სისულელეს მიყვებოდა თავის ჯგუფელებზე, ახალ მეგობრებზე, თაყვანისმცემლებზე…
რაც შეეხება ნინოს… ის გრძნობდა, რაღაც ავისმომასწავებელი რომ ხდებოდა, მის ოჯახურ სითბოს საშიშროება რომ ემუქრებოდა, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია საყვედური, არც ნატა უხსენებია ოდესმე. გმირულად იტანდა ჩემს გულგრილობას. ყოველთვე, როცა თბილისში გამგზავრებას გადავწყვეტდი და ამის შესახებ გამოვუცხადებდი, საწყალობლად გამიღიმებდა და ჩანთის ჩალაგებას მორჩილად იწყებდა, თითქოს მივლინებაში მიშვებდა.
ერთხელაც, მახსოვს, დეკემბრის შუა რიცხვები იყო, ბილეთი ავიღე და კმაყოფილი სახით მივედი შინ, რათა ნინოსთვის მეთქვა, ბარგი გამიმზადე-მეთქი… თვითონ უფრო კმაყოფილი სახით დამიხვდა. ამ ხნის განმავლობაში პირველად დავინახე მის სახეზე ღიმილი.
- მოხდა რამე? - გაოცებულმა შევხედე.
- მოხდა, - კეკლუცად მიპასუხა და სკოლის მოსწავლესავით შეხტა.
- და რა? - ირონია გავურიე ხმაში.
- დღეს ექიმთან ვიყავი.
- მერე? - სიცივემ დამიარა სხეულში.
- მითხრა, ორსულად ხარო, - თავი გვერდზე გადახარა და ნიშნის მოგებით ამომხედა…
ამის გაგონებაზე თვალთ დამიბნელდა, თითქოს აგური ჩამარტყესო… წავტორტმანდი.
- რა, არ გიხარია? - სახე შეეცვალა და უკან დაიხია.
- მატყუებ.
- რატომ უნდა გატყუებდე?
- ამდენი ხანია, არ…
- მერე რა? ჯერ წელიც არ გამხდარა, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
- გინდა, შური იძიო?
- ცდები. შურისძიება ჩემი სტილი არ არის. ასეთ რამეს ნუ მაბრალებ, გთხოვ. არც ის არის ჩემი ბრალი, ორსულად რომ დავრჩი. ეგ უკვე შენი ბრალია. და თუ ეს შენს გეგმებში არ შედიოდა, საკუთარ თავს დააბრალე, - კბილებში გამოსცრა გაკაპასებულმა და ოთახიდან გავიდა.
კარის გაჯახუნებამ გამომაფხიზლა. რა არის ცხოვრება… მამა უნდა გავხდე და იმის მაგივრად, მიხაროდეს, ტკივილს მაყენებს ეს ამბავი. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი. უფრო სწორად, ვიცოდი, მაგრამ გავურბოდი… იმ ღამეს დავრჩი, ბილეთიც გამიუქმდა… დავრჩი, რადგან არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა. შვილს ვერ მივატოვებდი…
კიდევ ერთხელ მომიწია ნატას დათმობამ… თუმცა ძალიან მალე ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით დატრიალდა უკუღმა.
ახალი წლის წინა დღეებში ერთმა მეგობარმა მთხოვა, ერთ გოგოზე ვარ შეყვარებული და მომატაცებინეო. უარი ვერ ვუთხარი… მოვიტაცეთ… ამჯერად არ გამიმართლა. ვერაფრით შევაბი ეჟვანი საპატარძლოს, ვერ «შევახვიე»…
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დაგვაპატიმრეს…
გაგრძელება იქნება