თაკო ჩარკვიანსა და ჯონი გიგანს ერთი შვილი, ირმა ჰყავთ. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა.
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, მას ოჯახში ძალიან გაუმართლა: „ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი გიგანი” - ამბობდა ის.
ირმა გიგანი
ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ჯონი გიგანის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1-ელ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნიჭიერთა ათწლედში.
2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში, შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე, ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. 2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ბახის კონცერტი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით.
"ჩემს წინსვლაში რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშეს მშობლებმა. შეიძლება იყო ნიჭიერი, მაგრამ მათ რომ ჩემთვის ხელი არ შეეწყოთ, ვერაფერს მივაღწევდი. მადლიერი ვარ ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის. ის ფანტასტიკური მუსიკოსია და ძალიან მიხარია, რომ თუნდაც კვირაში ორჯერ მიწევს მასთან ურთიერთობა.
მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. როდესაც ვუკრავ, უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, ყველაზე კომფორტულად როიალთან ვგრძნობ თავს. არ არსებობს დღე მის გარეშე, თუ არ ჩავთვლი გამონაკლისს - კონცერტის მეორე დღეს" - ამბობდა ირმა.
2002 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა სოლო-კონცერტი, სადაც შეასრულა ბახის კონცერტი ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.
2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. პიანისტი დროის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი ავსტრიაში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს.