"ბულინგის მსხვერპლი ყოფილხარ? მე კი... ამის გამო ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბდა:
არ ვიღებდი ჩემს თავს, გარეგნობას და ხმას. პოპულარობასთან ერთად, ჩემი კომპლექსები ძლიერდებოდა და ხალხის გარკვეული ნაწილის მხრიდან ჩემი დაცინვაც. მაგრამ არ გავტყდი და გადავწყვიტე, შემეცვალა ჩემი ბედი. ნელ-ნელა მაყურებელმა, რომელიც თავიდან დამცინოდა, ჩემი მოსმენა დაიწყო. მე გავძლიერდი, ვისწავლე სირთულეების გადალახვა და ამაში ჩემი ქმარიც დამეხმარა.
როცა გოგა გავიცანი, ლიტუკა სამი წლის იყო. მაშინ საქართველოში პირველ რეალითი-შოუში, „ჯეო-ბარში“ ვმონაწილეობდი და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემს პირველ ქმარს, ლიტუკას მამას, ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა. ცოტამ თუ იცოდა, რომ მაღალი რეიტინგის მიღმა, მაშინ ოჯახურ კონფლიქტებს, დედამთილთან უთანხმოებებს და ნაადრევად დაქორწინების სირთულეებს გავდიოდი.
მოულოდნელად მოვლენები შემოტრიალდა, როდესაც ჩემმა ახლანდელმა ქმარმა რეალითი-შოუში დამინახა და ეკრანიდან შემიყვარა. მაშინ მე მას არ ვიცნობდი, მას კი, თურმე, უკვე ვუყვარდი. ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირველ ქმართან ოჯახი ვერ შევინარჩუნე. მაშინ მარტოხელა დედა ვიყავი და ვეძებდი სამსახურს. დავრეგისტრირდი ფოტოგრაფების ფორუმზე. სად იყო "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი". კოლეგებმა მირჩიეს ქართული ფოტოფორუმი „ბოკე“. ჩემმა მომავალმა ქმარმა, რომელიც აღმოჩნდა ამ ფორუმის მოდერატორი, შემომთავაზა ფოტოშოპის სწავლება, ეს იყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.
ჩვენ 20 წელია, რაც ერთად ვართ. ეს ურთიერთობა ადვილი არ იყო ჩვენთვის. ორივე ლიდერი ვართ, ხშირად ვჩხუბობდით. გარშემომყოფებისთვის ჩვენი ფოტოსესიები ერთგვარი შოუ იყო, სადაც, ნაკანი-მამასახლისის კინკლაობის მიუხედავად, ჩვენ სიცილსა და აღტაცებას ვიწვევდით ხალხში.
საბოლოოდ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და გადავლახეთ სირთულეები. დღეს ერთგული მეგობრები ვართ და გვესმის დროისა და არჩევანის ფასი. სამჯერ დავშორდით და მაინც ავირჩიეთ ერთმანეთი. უფრო და უფრო ვაფასებთ ერთმანეთს და განშორება გახდა ის კატალიზატორი, რამაც გვიბიძგა, გადაგვეხედა იმ ზიანისთვის, რაც ერთმანეთს მივაყენეთ და შეგვექმნა ერთობლივი ცხოვრების უკეთესი ვერსიის შესაძლებლობა" - წერს სოციალურ ქსელში მარი ნაკანი.
მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა. ლიტუკა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურობით გამოირჩევა. ლიტუკამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა.
მარი ნაკანმა პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზე იქორწინა. მათ ერთი გოგონა, სოფო შეეძინათ.
გიორგი მამასახლისი საქართველოში ფოტოგრაფიის პირველი ფაკულტეტის დამაარსებლის, ცნობილი ფოტოგრაფის, სანდრო მამასახლისის შვილია და, იმავდროულად, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამგრძელებელი. ფოტოგრაფიასთან ერთად მისი სამოღვაწეო არეალი ტელევიზიასაც მოიცავს, – წლების განმავლობაში ის არაერთი ტელეკომპანიის დამდგმელი ოპერატორი გახლდათ და მას შემდეგ თავის გამოცდილებას მომდევნო თაობებს უზიარებს.
მარი ნაკანი სახელგანთქმული ფოტოგრაფების, გურამ წიბახაშვილის და ვატო წერეთლის მოსწავლეა. არის Behance Portfolio Review-ის გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო Lookmodelsmanagement-ში.
შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან. სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეორეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.