"არ ვიცი, როგორ არის სხვის ცხოვრებაში, მაგრამ მე, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მომწონს ჩემი თავიც და ჩემი ცხოვრებაც. უფრო მეტად საინტერესოა ყოველდღიურობა, ბევრს ვმოგზაურობ, ბევრი საინტერესო ადამიანია ჩემ ირგვლივ, რომლებიც ძალიან მიყვარს. დროსთან ერთად, ადამიანი უფრო და უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდები, როგორც ფინანსური, ისე ემოციური თვალსაზრისით, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ემოციურად, რა თქმა უნდა, ახლობლების კარგად ყოფნაზე ვარ დამოკიდებული და ბუნებრივია, რომ მათი კეთილდღეობა მადარდებს, მაგრამ ვხუმრობ ხოლმე საკუთარ თავზე – როცა მეუბნებიან, კარგად გამოიყურებიო, ვპასუხობ, რომ კონიაკივით ვარ.
მე ასე არ ვგრძნობდი თავს 20-22 წლის ასაკში. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ლამაზადაც ვგრძნობ თავს და ბედნიერადაც. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ. არ მერიდება იმის აღნიშვნა, რომ ბევრი რამ გადავაფასე, საკუთარი ეგო დავრთგუნე, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე მაინც და მოკლედ რომ გითხრათ, 55 წლის ასაკში ცხოვრება ფანტასტიკურია.
ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აქამდე მოვეყვანე და თუ გადაწყვეტს, რომ კიდევ უნდა ვიცხოვრო, მე კიდევ უფრო საინტერესოს გავხდი ჩემს ცხოვრებას. არ ვაპირებ ცხვირის ჩამოშვებას, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. სირცხვილია მოდუნება და დაღონება. არ შეიძლება ასე. როცა ადამიანი ცოცხალი ხარ, რა თქმა უნდა, გტკივა კიდეც, გტკივა საკუთარი თავის, ახლობლების თუ უცნობების გამო. ბევრი რამ გაწუხებს, ადამიანი კერკეტი კაკალი არ არის და გარკვეულ პრობლემებს ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ და ვუმკლავდებით, მაგრამ თუ ცოცხალი ვარ, ესე იგი, კარგად ვარ. იცით, სად დევს კარგად ყოფნის საიდუმლო? მადლიერების გრძნობაში. მადლიერების – იმის გამო, რომ გავჩნდით და ვარსებობთ, რომ ფეხზე ვდგავართ. მადლობა თითოეული ამოსუნთქვისთვის, თითოეული ადამიანისთვის ჩვენს ცხოვრებაში, თითოეული თეთრისთვის თუ გადადგმული ნაბიჯისთვის“, - ამბობდა მაია ბარათაშვილი "თბილისელებთან" ინტერვიუში.
მაია ბარათაშვილმა 1994 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არქიტექტურა.
პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო N16 მუსიკალურ სკოლაში, პედაგოგი მ ჩხეტიანი (ფორტეპიანო), მ. სანაძე (ვოკალი); სწავლის პერიოდში შეასრულა მრავალი კლასიკური ნაწარმოები, მათ შორის, საფორტეპიანო კონცერტები: ანდრია ბალანჩივაძე N3, ბახი, მენდელსონი, რუბინშტეინი, ბერკოვიჩი, არენსკი; გაიარა ვოკალის კურსი. 1996–2004 წლებში იყო „დავითის ჯაზ-კლუბის“ სოლისტი, პარალელურად 1996 წლიდან „თბილისი ბიგ-ბენდის“ სოლისტი; 2009-2011წწ. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე; 2014 წელს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად განახორციელა პროექტი - „პროექტი ძლიერი ბლუზური აქცენტით“, რომლის პრეზენტაცია შედგა ბათუმის ხელოვნების ცენტრში. მოგზაურობს: აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, თურქეთი, ინგლისი, ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, მონაკო, ნორვეგია, რუსეთი, სომხეთი; 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category) დაასახელა საუკეთესოდ; ჯაზ-მომღერალი. 2020 წლის მარტში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.