- ჩემ გამო ამბობ ამას? - დაკონკრეტება მოვითხოვე.
- ყველაფერი ისე გართულდა… აღარ ვიცი… საერთოდ ვერ ვცნობ საკუთარ თავს…
- არა უშავს, მთავარია, არ ინერვიულო. თავზე საყრელად გექნება დრო, გაერკვე პირად გრძნობებში, - ხმა გამიცივდა.
- მე მას შენზე ყველაფერი მოვუყევი, - თქვა უცებ და თვალი თვალში გამიყარა.
- ვის, მას? - დაჟინებით ჩავაცქერდი ლამაზ თვალებში.
- შენ შემდეგ ვინც მოვიდა…
- და მოვიდა ვინმე?
- აბა! დავიღალე ლოდინით.
შეცბუნებულმა ჩავახველე. მართალს მეუბნება თუ მატყუებს? ჩემ გასაღიზიანებლად ხომ არ ამბობს? მზერა არ მომიცილებია.
- და რა გიპასუხა, როცა მოუყევი?
ნატას სიცილი აუტყდა.
- რაღაც ზედმეტად გაგამხიარულა ჩემმა შეკითხვამ, - შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
- სამაგიეროდ, შენ ხარ ზედმეტად სერიოზული.
- აბა, რას ელოდი? მასხარასავით მეოხუნჯა? მოდი, ნუ ვიჩხუბებთ. არ მინდა ჩხუბი.
- არც მიფიქრია.
- კარგი ბიჭია? - დაწყებულ თემას მივუბრუნდი.
- ვინ?
- ის, ჩემ მერე რომ მოვიდა.
- კი, მე მომწონს. სიტყვაძუნწი არ არის. ენა არ ებმება და არც სიტყვების მოძებნა უჭირს, როცა სიყვარულს მიხსნის, - ნიშნის მოგებით გადმომხედა.
- კარგია. მიხარია, რომ სხვა იპოვე. ასე ჯობია. გათხოვდი, ნატა, თავს უშველე. ჩემგან ხეირი არ გექნება.
- დიდი ხანია, ამას მიხვდი?
- ჰო… ჩვენს ბოლო შეხვედრაზე.
- რატომ, ჩემმა გაშიშვლებამ იმოქმედა შენზე?
- არა, სხვა რამემ.
- რამ? იმან, რომ ქალწული ვიყავი?
- სწორად მიხვდი.
- ამიტომაც მემალებოდი?
- ამიტომაც.
- რა გაეწყობა. მაშინ წავიდეთ, დროს ტყუილად ვკარგავთ.
- ჰო.
- გამოდის, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა?
- ასე გამოდის.
- და არასდროს მნახავ? - ჩამეძია.
- არა.
- რატომ, ასეთი რა დაგიშავე? - თვალები აუწყლიანდა.
- არაფერი. უბრალოდ, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ოდესმე მიხვდები.
- და მადლობასაც გეტყვი, არა?
- ჰო.
- ძალიან კარგი, წავედით.
ნატა სავარძელში ამაყად გასწორდა და წინ გაიხედა. მანქანა დავქოქე და მოვატრიალე.
წვიმას გადაეღო… მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა…
ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. მას მერე წლები გავიდა… მე ის არ მინახავს, არც არაფერი ვიცოდი მასზე, გარდა იმისა, რომ თბილისში გათხოვდა.
ათი წლის წინ ჩვენც თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. სიმამრმა ბინა გვიყიდა. მე «გამოვსწორდი», ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. ნინო ბავშვებს ზრდიდა - დიმიტრის და ტყუპ გოგონებს - ნანას და ნათიას.
და აი, ერთხელაც გამოჩნდა ნატა, საავადმყოფოში მომაკითხა - უკვე ძალიან დაქალებულმა, ძალიან გალამაზებულმა და ძალიან ლაღმა.
ამით მოვრჩი. ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა, რასაც წლების განმავლობაში გულში მტანჯველად ვატარებდი.
ალბათ ახლა მიხვდები, ნატა, როგორ მყვარებიხარ. იმასაც მიხვდები, რატომ მიჭირდა შენთვის სიყვარულის ახსნა. ამწუთას, როცა უკვე თავმოყვარე ბიჭი აღარ ვარ და შენც თვალებში არ მიყურებ, თამამად გეტყვი: შენ ხარ ერთადერთი, ვინც კი ოდესმე მყვარებია… სიცოცხლეზე მეტად, ყველასა და ყველაფერზე მეტად. ჩემი ბოლო ამოსუნთქვა ხარ. მაპატიე, რომ პირობა ვერ შეგისრულე… ვერც ერთი… ვერასდროს… ჩვენი დაგვიანებული შეხვედრაც ვვერ შედგა… მაპატიე, თუ შეგიძლია…
მიყვარხარ…
საწოლის კუთხეში მოკალათებულმა ქალმა რვეული დაკეცა, თავი უკან გადააგდო და ცრემლმორეული თვალები დახუჭა.
გარეთ წვიმდა. წვიმის ბროლისფერი მსხვილი წვეთები ულმობლად ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს და იქვე სკდებოდნენ.
ნატამ ამოიოხრა. რვეული გულზე მიიხუტა, ფეხები მოკეცა და თავი მუხლებზე ჩამოდო. კიდევ ერთხელ აღიდგინა გუშინ მომხდარი…
15 აპრილი იყო, სწორედ ის დღე, როცა პირველად ჩააკითხა ზაზას მიმაგრებაში. ამიტომაც დააგვიანა მასთან დარეკვა. უნდოდა, ამ დღეს შეხვედროდა ძველ სიყვარულს.
მან უკვე ყველაფერი გააანალიზა, ყველაფერი აწონ-დაწონა. მასთან შესახვედრად მზად იყო, გადაწყვეტილებაც, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, მტკიცედ მიიღო, თუმცა კი თვეები დასჭირდა ამისთვის. ერთხელ, მხოლოდ ერთხელ უნდა შეხვედროდა. იცოდა, საოცარი იქნებოდა ეს შეხვედრა - სრულიად განსხვავებული, სავსე ყველაფრით - სითბოთი, სიყვარულით, გამოცდილებით, მოგონებებით…
და დარეკა.
- გისმენთ, - ხმა აშკარად ზაზასი იყო, ოღონდ უფრო ახალგაზრდული.
- გამარჯობა, ზაზა, - ორი სიტყვა ძლივს ამოთქვა, ძალიან გაუჭირდა.
- ზაზა არ ვარ, - გაისმა პასუხად.
სახე აელანძა.
- უკაცრავად, მგონი, შემეშალა.
- არა, არა, მე ზაზას შვილი ვარ, დიტო.
- აჰ! გაგიმარჯოს, დიტო. მამა არის სადმე ახლომახლო? მე მისი მეგობარი ვარ, ძველი მეგობარი.
- მამა გარდაიცვალა.
- როგორ? - ეგონა, შეცდომით გაიგონა ეს სიტყვები, ყურებს არ დაუჯერა.
- სამი კვირის წინ დავასაფლავეთ.
თითქოს სამყარო ატრიალდა, ნატას ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა, ერთიანად ჩამობნელდა. თვალები დახუჭა შეძრწუნებულმა. ბრჭყვიალა ბუშტუკები აცეკვდნენ დახუჭულ თვალებს მიღმა.
- რა დაემართა? - ხმა ჩაუწყდა, სანამ იკითხავდა.
- ციროზი ჰქონდა.
- მაგრამ… მე რომ ვიყავი მის სანახავად, არაფერი უთქვამს.
- არ იცოდა, შეგნებულად არ ვეუბნებოდით.
- სამწუხაროა… კარგი, დიტო, ნახვამდის, შვილო.
- მოიცათ, არ გამითიშოთ. თქვენ ალბათ ნატა ბრძანდებით, არა?
- დიახ, ნატა ვარ.
- სიკვდილის წინ ძალიან უნდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ არც მისამართი იცოდა და არც ტელეფონის ნომერი. ვერ მოვახერხეთ თქვენი მოძებნა. მამამ ყველაფერი მიამბო. მოუთმენლად ველოდებოდი თქვენს ზარს. რაღაც დაგიტოვათ. მთხოვა, გადაეციო…
- მე დამიტოვა? - ქალი გაფითრდა.
- დიახ. ჩანაწერებია… როგორ მოგაწოდოთ?
- რა ვიცი, თუ გინდა შეგხვდები სადმე, ან კიდევ… მესტუმრე სახლში, სასურველი სტუმარი იქნები.
- კარგი, მისამართი ჩამაწერინეთ და მოვალ.
მისამართი უკარნახა. დიტო ერთ საათში მოვიდა. ნატამ კარი გააღო თუ არა, ადგილზე გაშეშდა…
მის წინ ზაზა იდგა - ისეთი, როგორიც ადრე უნახავს, ძალიან დიდი ხნის წინ. საოცარი მსგავსება იყო. გული საგულიდან ამოხტომას ლამობდა. თვალები ცრემლით დაენამა. ბიჭი ოთახში შემოიპატიჟა.
- ყავას დალევ? - სევდიანად იკითხა.
- თუ არ შეწუხდებით…
- ჩემი ქალიშვილი თბილისში არ არის, თორემ გაგაცნობდი. თუმცა, არა უშავს, მოესწრება. ტკბილი გიყვარს?
- ჩვეულებრივი… რა თქმა უნდა, აუცილებლად გავიცნობ, - უხერხულად შეიშმუშნა დიტო და დაბალი მაგიდიდან ჟურნალი აიღო, თვალიერებას შეუდგა.
ნატამ ყავა მოადუღა და შემოიტანა.
- ბოლო ხანებში სულ წერდა. ჩემ გარდა ეს ჩანაწერი არავის წაუკითხავს, - დაიწყო დიტომ, - ჩქარობდა, ეშინოდა, ვაითუ, ვერ მოვასწრო დამთავრებაო. ძალიან უნდოდა, ბოლომდე მიეყვანა.
- ჰო, - სხვა ვერაფერი თქვა ნატამ.
- მერე მთხოვა, როცა დარეკავს, შეხვდი და გადაეციო. ეს მისი უკანასკნელი თხოვნა იყო.
- დიდი მადლობა.
- იცით? როცა ეს წავიკითხე, სულ სხვა კუთხით გავიცანი მამაჩემი. არ მეგონა, ასეთი თუ იყო.
- როგორი ასეთი? - ნატას ნიკაპი აუკანკალდა.
- ძალიან დიდი… - დიტომ თავი ჩაქინდრა, ხელები ერთმანეთში გადახლართა და ჩუმად ჩაილაპარაკა, - ყველას როდი შეუძლია ასე უყვარდეს.
- ნინომ იცის?
- დედამ იცოდა, რაღაცას რომ წერდა, მაგრამ რას, ეგ არ იცოდა. როცა მამა გარდაიცვალა, მკითხა, ის რვეული სად წავიდაო. მოვატყუე, არ ვიცი-მეთქი…
- დაგიჯერა?
- რა თქმა უნდა, არ დამიჯერა, მაგრამ საყვედური მაინც არ უთქვამს. კარგი ქალია დედაჩემი.
- ვიცი.
- კარგი, მე წავალ. ნახვამდის, ქალბატონო ნატა, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ზუსტად ისეთი ხართ, როგორც წარმომედგინეთ.
- გმადლობ, შვილო. იქნებ დამირეკო ხანდახან, გამიხარდება.
- აუცილებლად… და თქვენს ქალიშვილსაც გავიცნობ, რა ჰქვია?
- ნანა.
- ჩემს ერთ დასაც ნანა ჰქვია.
- სასიამოვნოა.
- კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო.
- შეხვედრამდე, დიტო…
მისი წასვლის შემდეგ ნატას თავი არ აუწევია… ბოლომდე წაიკითხა მთელი რვეული…
დღეს დილით მეორედ გადაიკითხა…
გარეთ წვიმდა… წვიმაც მასავით სასოწარკვეთილი იყო, ისიც ტიროდა.
ნატა წამოდგა, რვეული დივანზე დადო და ფანჯარას მიუახლოვდა.
- როგორ დამაღალატა… მე მთელი ცხოვრება ველოდი, ის კი სამი თვეც არ დამელოდა, - აქვითინებულმა ჩაილაპარაკა და შუბლით ფანჯრის მინას მიეყრდნო…
მოლოდინი დასრულდა…
დასასრული