გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ ტელეწამყვანი, მოდელი გვანცა დარასელია შვილთან ერთად სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერეკლემ, მისი გადმოსახედით, მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა:
„ჩემი აზრით, რაც მშობლებს უნდათ და რაც კარგად გამოსდით, უნდათ, რომ ჩვენც მაგას გავყვეთ. მაგალითად, მამას უნდოდა, მორაგბე გამოვსულიყავი და არა ფეხბურთელი, რადგან თვითონ არ იყო ამ სპორტთან დაკავშირებული…
გარდა ამისა, ჩვენი თაობა ცოტა სხვანაირად ვსაუბრობთ, ჩვენ სხვანაირი წესები გვაქვს, რასაც ზოგჯერ ჩვენი მშობლები ვერ იგებენ…“
გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული:
"მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დავინახე, ეს იყო ჩემი ოჯახიდან სრული მხარდაჭერა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ოჯახის დგომა. ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.
გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში" - ამბობდა გვანცა დარასელია.
„ეს სიყვარული, რასაც მე ვგრძნობ მეუღლის მიმართ, არის ყველაფერზე მაღლა მდგომი, რომელმაც ბევრი რამ გადაგვატანინა და ასე მოგვიყვანა აქამდე...მე ცოტა უკარება ადამიანი ვიყავი, ახლაც დისტანციური ადამიანი ვარ, მიჭირს შევიდე ადამიანთან ნდობაში... მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით... მაშინ 20 წლის ვიყავი
მე მაქვს ცოტა დამთმობი ხასიათი... მას კი ყველაფერი ჩვენთვის უნდა, ყველაფერი ჩვენთვის ხდება. ეს ძალიან გაძლიერებს ქალს... ზრუნვა და ჩემი პიროვნების აღიარება ხდება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია", – ამბობს გვანცა.