„ქართველ კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცოლს ან შეყვარებულს როცა დაშორდებიან, ქალები უმწიკვლო ქალწულებად უნდა გადაიქცნენ და არავინ მიიკარონ ახლოს. უტყდებათ, სიმონ, კაცურ ამბავში. აქედან იწყება ძალადობა და ყოვლად საზარელი ისტორიები.
რაც შეეხება ქალების ფეხბურთს, კინოზეც ასე იყო. კინორეჟისორი-ქალი რაღაც ეგზოტიკად აღიქმებოდა. დიდი ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში ერთი-ორი ქალი ჩნდებოდა ხოლმე. მერე დაიწყო კვოტების ეპოქა. აყიყინდნენ, რა წესიაო, ქალი რადგანაა, ამიტომ სვამენ კონკურსებშიო. კი, ბევრი ცუდი ფილმი იყო და დიახ, ხელოვნურად სვამდნენ, მაგრამ გავიდა დრო და ახლა რა ხდება, კი ხედავთ. ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ბევრად უფრო თამამ ფილმებს იღებენ, უფრო გაბრაზებულ ფილმებს, უფრო ცოცხალ ფილმებს. კი ბატონო, შურს იძიებენ! და ასე იქნება პოლიტიკაშიც, ფეხბურთშიც და ყველგან.
გიტყდებათ, სიმონ? რას იზამთ, მეც ბევრი რამე მიტყდება, მაგრამ იცვლება სამყარო. ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ“, - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი გოგი გვახარია.
რა კონტექსტი აქვს ამ განცხადებას?
გიორგი გველესიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. ის წლების მანძილზე აზიაში თამაშობდა და ბოლოს თეირანის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელი იყო, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კარიერას კვლავ აზიაში გააგრძელებს.
გიორგი გველესიანი 33 წლის ასაკში პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მან გულშემატკივარს თავი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-პორტუგალიის მატჩით დაამახსოვრა.
- "ისევ ფიქრობ, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არ არის?" - ეს კითხვა მას Geo Team-თან ინტერვიუს დროს Youtube-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუსვა.
"ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე კი არ არის, არამედ ნაკლებად არის, ვფიქრობ, რომ ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ვუყურებ ჩვენი ქალთა ნაკრების თამაშებს, გაკვირვებული ვარ, ძალიან აქვთ მომატებული [თამაშის ხარისხს] და შესაძლოა, ჩემი ეს აზრი ძალიან მალე შეიცვალოს. თქვენ თუ უყურებთ ქალთა ფეხბურთს საერთაშორისო მასშტაბით, არ ვიცი, მაგრამ მე არ ვუყურებ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ვასიამოვნო, მე ვერ ვიტყვი, რომ ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთი თანაბარია, არ არის", - თქვა გიორგი გველესიანმა.
ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, ცნობილმა სახეებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი. გიორგი გველესიანს უპასუხა საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ნინო სუთიძემაც, პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემაც, მოგვიანებით კი სპორტსმენმა განმარტებითი წერილი გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ ახსნა საკუთარი პოზიცია.