მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო:
"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა მისთვის მომავალი პროფესია. ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით პრაგმატულები არიან და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც უფრო მომგებიანია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც. ყველაფერი ბოლო კლასში გადავწყვიტე, როცა სკოლას ვამთავრებდი. მანამდე მსახიობობაზე არც მიფიქრია, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში დავდიოდი მუსიკაზე, ბალეტზე და ქორეოგრაფიული სასწავლებელიც დავამთავრე. ბოლოს გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც მუსიკაც არის, ცეკვაც და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე, მე მაინც მსახიობი გავხდი" - ამბობს ეკა ნიჟარაძე.

ეკა ნიჟარაძე და ნიკო გომელაური
ეკა მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თავადაც მიიღო მუსიკალური განათლება, დაჰყავდათ ბალეტზე, კონსერვატორიისთვის ამზადებდნენ. თუმცა ეკა მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. იქ გაიცნო ნიკო გომელაური...
"ბევრი რამ კარგად მახსენდება და ბევრი რამ ცუდად. სხვათა შორის, გაუთავებელი ყოფითი პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე და ნიკო ერთმანეთს დავშორდით. მისგან ორი შვილი დამრჩა - ტასო და ჯეჯი გომელაურები. ორივე ძალიან ჰგავს მამას, როგორც ხასიათით, ასევე გარეგნობით. ტასო კერამიკოსია და თავისი სტუდია აქვს. ბიჭმა თეატრალური დაამთავრა, მაგრამ მსახიობობა აღარ მოისურვა. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა მსახიობი გამხდარიყო. მერე ხშირად მეუბნებოდა, დე, მართალი ყოფილხარო. ახლა ის სულ სხვა სფეროში საქმიანობს. ჩემი მესამე შვილი, ნოდო, ამერიკაშია, უნივერსიტეტში სწავლობს, მომავალი არქიტექტორია.

ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა. ვერ ვიტყვი, ადრეულ ასაკში გავთხოვდი, ბავშვები მეყოლა და ამან ცხოვრებაში უკან დამხია რაღაც-რაღაცებში-მეთქი. პირიქით, თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ახლაც ბედნიერი ვარ – როგორც სამი შვილის დედა" - ამბობდა მსახიობი.