13 მაისი, 2022 წელი
– ცეცხლაძე! – გამთენიისას საკუთარი გვარის გაგონებამ გამოაფხიზლა. მძიმედ მოიფშვნიტა თვალები და ნაძალადევად წამოყო თავი. სიმართლე ითქვას, ძალიან კარგად იცოდა, რატომაც ეძახდნენ, მაგრამ სულ არ აინტერესებდა. საზიზღარი ჭრიალით გაიღო პატარა ფანჯარა და ის სახე დაინახა, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ლამის ყოველდღე ხედავდა. მაინც ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ერთდროულად ყოფილიყო ასეთი ხელმოცარული და ბოროტი. ჰმ, თვითონ ხომ, რას ამბობ... ეცინებოდა ზოგჯერ საკუთარ თავზე.
– ცეცხლაძე! მოვიდა შენი ტრანსფერის დრო, აიბარგე!
– დამცინავად ჩაიქირქილა კაცმა და შემდეგ ისევ ჭრიალით დახურა პატარა ფანჯარა. ზანტად წამოჯდა. აბარგება კი არა, სიცოცხლე ეზარებოდა და ახლა ხომ საერთოდ... რა ბანალურია, ცხოვრების თავიდან დაწყება და მსგავსი იდიოტობები. რაღა უნდა დაეწყო თავიდან? რა დარჩა? მზე ახლა ამოდიოდა და იყო მასშიც რაღაც ირონიული – ასეთი დილა რომ გათენდა დღეს. არადა, ესეც როგორი სულერთი გამხდარა უკვე.
– ცეცხლა, გადიხარ? – ოთახის ბოლოდან გადმოსძახა გივიმ. საწოლში იდაყვებზე ისე წამოწეულიყო, თითქოს აუზზე ირუჯებაო, არადა, მხოლოდ ერთ ზოლად ედებოდა მზე...
– გავდივარ, – ჩაეცინა. ესეც აღარ აღელვებდა. რომ ეთქვათ, გადავიფიქრეთ, დარჩიო, უპრობლემოდ ამოალაგებდა სპორტულ ჩანთაში დაუდევრად ჩაყრილ იმ რამდენიმე ხელ ტანსაცმელს და ისევ იმ ბრტყელ ლეიბზე მიეგდებოდა.
– ვა, ცეცხლა, აბა, შენ იცი, ძმაო! – ახმაურდნენ დანარჩენებიც. ერთი შეხედვით, დიდი დღე იყო.
ოთახში მყოფთაგან ყველანი ყველაფერს დათმობდნენ, ოღონდ ახლა გეგას ადგილას ყოფილიყვნენ. სხვა საკითხია, ვინ როგორ იმსახურებდა, მაგრამ სურვილით?
- იცოცხლე. ან რა შეიძლება გინდოდეს ადამიანს აქ, ამაზე მეტი? სწრაფად დაემშვიდობა ყველას. თხოვნებითაც დაიტვირთა. ის ნახე, ეს გააკეთე, ის მომიკითხე, ეს გამომიგზავნე...
ასეთი თხოვნები არც ადრე იყო უცხო, მაგრამ მაშინ სულ სხვა კონტექსტი ჰქონდა. საერთოდ, უკვე ნაკლებად ახსოვს, რა იყო ადრე, ან საერთოდ თუ იყო.
– აბა, შენ იცი, ცეცხლა. იცოდე, ახლა იწყება ყველაფერი და აღარასოდეს, გესმის, აღარასოდეს შევხვედროდეთ! – მხარზე ხელი დაარტყა ყველაზე ხნიერმა და ეს იყო ყველაზე კარგი სურვილი, რაც კი ოდესმე მოუსმენია. ახლა ყველაზე მეტად ეს უნდოდა – გასულიყო აქედან და საერთოდ აღარასოდეს გახსენებოდა იქ გატარებული არცერთი წუთი; ისე ამოეჭრა ცხოვრებიდან, როგორც გაფუჭებული კადრი.
მხოლოდ თავი დაუქნია და გაუღიმა. იცოდა, ბოლოჯერ ხედავდა. იყო ამაში რაღაც სევდიანი, მაგრამ ხვდებოდა, მოხუცს მისი ამბავი მასზე მეტად უხაროდა.
– გმადლობ ყველაფრისთვის, – ორ სიტყვაში ჩაატია მთელი სათქმელი, დანარჩენებსაც ხელი აუწია და შემდეგ მუშტი დაარტყა რკინის კარს. მზად იყო, მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყებად თუ ძველში დასაბრუნებლად, ეს ჯერ არ იცოდა.
გრძელი დერეფანი უნდა გაევლო. ნაცნობი გზა იყო. საერთოდ, მისი ცხოვრება თითქოს დერეფნამდე და დერეფნის შემდეგ ეტაპებად იყოფოდა, მაგრამ ეს სულ არ ჰგავდა იმას, რაც ასე ძალიან უყვარდა და გულს უჩქარებდა. ის სულ სხვა იყო – სხვა შეგრძნება, სხვა პასუხისმგებლობა, სხვა აზარტი... იქ მართლა თავიდან იბადებოდა ყოველ ჯერზე და თითოეული უჯრედით გრძნობდა პულსაციას, საფეთქლებში მიწოლილ ენერგიასა და გამარჯვების სურვილს.
იქ... დერეფნის ბოლოსაც სხვა რაღაც ელოდა, სხვა და არა პატარა, ჩამყაყებული ოთახი. ოთახი, რომელსაც ჭერზე ჩამოკიდებული ერთადერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა, ცენტრში მდგომ მაგიდაზე კი მთელი მისი წარსული იყო გაშლილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– ცეცხლაძე... – მძიმედ წარმოთქვა მაგიდასთან მჯდომმა ფორმიანმა მისი გვარი. – ვნახოთ, რა გვაქვს... არ უნდოდა მიახლოება. რომ შესძლებოდა, პირდაპირ ხვალ გაიღვიძებდა და ამ დღეს საერთოდ გამოტოვებდა. რატომ გადიოდა ამ ჯოჯოხეთს კიდევ ერთხელ?.. და როგორი სასაცილო იყო, რომ ამ ათი წლის შემდეგ ჯოჯოხეთად ბოლო დღეს მოიხსენიებდა.
– მოდი, გადახედე, – უთხრა ფორმიანმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაინც მოუწევდა მაგიდასთან მისვლა,
– სულ ესაა?
– კი.
– ესე იგი... გვაქვს: ჯვარი ვერცხლის - ერთი ცალი, საათი - ერთი, – თან აღრიცხავდა ნივთებს და თან ყუთში ულაგებდა, – სამაჯური ტყავის - ერთი და სამაჯური ვერცხლის - ერთი; საფულე, ორასი ლარი, ვადაგასული ბარათები; პირადობის მოწმობა, გასაღებების აცმა, ერთი საშვი „ლოკომოტივის“... – ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და ისე ახედა... კბილებს ერთმანეთზე აჭერდა გეგა, როგორმე ამ რამდენიმე წუთისთვისაც უნდა გაეძლო.
– მორჩა?
– ჯერ არა. რა იყო, ვეღარ ითმენ? შეირგე, ისედაც ადრე გადიხარ. არაფერი უპასუხა. ან რა აზრი ჰქონდა?.. ბოლო დროს ერთი რამ ისწავლა: მხოლოდ მაშინ ელაპარაკა, როცა ამის საჭიროება იყო და აღარ დაეხარჯა დრო ვინმესთვის რამის ახსნაში.
– ეს დარჩა, – ხელში პატარა, წითელი ყუთი შეათამაშა და თავსახური ახადა, – ბეჭედი. ეს იმისთვის იყო, საფულეში ვისი ფოტოც გიდევს?
– ეგეც უნდა აღრიცხოთ? – გრძნობდა, რამდენიმე წამი აშორებდა აფეთქებამდე.
– მე? ჰმ, მე არა, შენ აღრიცხე, გარეთ რომ გახვალ. მორჩა! – უხეშად დაახურა ცეცხლაძის ნივთებით გავსებულ ყუთს თავი და შემდეგ უგულოდ გაუსრიალა მაგიდაზე.
გეგამ ყუთი აიღო, თუმცა სიამოვნებით მიუყრიდა ყველაფერს და ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა იმწამს მოჩვენებითი სიმშვიდის შენარჩუნება.
– გამოადგი ფეხი! – ახლა მეორე ფორმიანმა მიმართა და ანიშნა, გზა გაეგრძელებინა. მალე ისევ გაიგონა იმ მძიმე რკინის კარის საშინელი ჭრიალი, ბეტონის იატაკზე ხახუნისას რომ გამოსცემდა.
ნაბიჯებს ითვლიდა უკვე, სანამ საბოლოოდ მოშორდებოდა ამ ჭაობს. არ ადარდებდა, რა დახვდებოდა გარეთ. ისუნთქებდა მაინც და თუნდაც სხვა ყველაფერი წყალსაც წაეღო. ისედაც ჩამოენგრა ის, რისთვისაც იბრძოდა, რის გამოც წვალობდა, რისიც სწამდა და სჯეროდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იქნებოდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ელოდა გარეთ და მაინც...
არასოდეს დაავიწყდება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ რკინის ჭიშკრის გარეთ გადადგა და...
...ახედა მზეს.
სახეს უწვავდა მისი სხივები, პირდაპირ, უბარიეროდ დანათოდა და აგრძნობინებდა, რომ ცოცხალია.
ხარბად შეისუნთქა ჰაერი – აივსო ფილტვები მძიმე, ცხელი, მტვრითა და სიბინძურით გაჯერებული ჰაერით და კვლავ იგრძნო, რომ ცოცხალია.
არც მხარზე გადაკიდებული სპორტული ჩანთა ამძიმებდა. ადრე ამ ჩანთით სპორტული ინვენტარი დაჰქონდა, ახლა კი მასში ის ნივთები ეყარა, რომლებიც ციხეში შესვლისას ჩამოართვეს და მუყაოს ყუთში შეინახეს. არც ის ადარდებდა, ამდენი წლის შემდეგ სრულებით მარტო რომ იდგა და ჭიშკართან არავინ დახვედრია. ეს ამბავი იმდენად არ აღელვებდა, რომ გულიც კი არ დასწყვეტია.
თითქოს არც ელოდა ვინმეს. ან ვინ უნდა ყოფილიყო?..
არავინ!
ახლა უკვე იცოდა, მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავდა,
რომელსაც ათი წელი მოჰპარა.
ამაზე მეტი დასაკარგი კი აღარაფერი ჰქონდა.
დაელოდეთ გაგრძელებას
ამონარიდი ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნიდან „გადამწვარი ხიდები“