30 აგვისტო, 2011 წელი
– მოხვედი, დედა? – კარი შეაღო თუ არა, ტრადიციული კითხვა გაიგონა და ჩაეღიმა. უკვე ოცდაერთის იყო. ათი წლიდან დამოუკიდებლად დადიოდა სკოლასა თუ ვარჯიშებზე, და მაინც, შინ დაბრუნებული ყოველ ჯერზე ამ შეკითხვას ისმენდა.
– მოვედი, დე! – პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი და ფუმფულა ყელში გემრიელად აკოცა დედას.
– მაგრამ უნდა მოვემზადო და გავიქცე. საღამოს დიდი ამბებია, ხომ იცი? – ახლა მეორე მხრიდან მოუარა. მისი დღევანდელი გეგმები სულ არ სიამოვნებდა ნანის, მაგრამ იცოდა, მაინც არაფერს ეტყოდა და სწორედ ამას აფასებდა ყველაზე მეტად.
– მარტო მიდიხარ? – ჰკითხა ქალმა უხალისოდ და ქურა გამორთო, – ხომ შეჭამ წვნიანს? – პასუხი ორივემ წინასწარ იცოდა და გეგამაც მხოლოდ თავი დაუქნია.
– აქედან მარტო მივდივარ. პირდაპირ რესტორანში ვიკრიბებით. ვაჩესთვის უნდა გამევლო, მაგრამ ვერ მოდის. ამაღამ მიფრინავს.
– შენც თუ არ დარჩებოდი, უკეთესი იქნებოდა, მე თუ მკითხავ.
– მაგრამ არ გეკითხება და სწორადაც იქცევა! – საუბარში ჩაერთო სამზარეულოში შემოსული კაცი.
– ნოდარ, რანაირად ლაპარაკობ? – ქმარს თვალები დაუბრიალა ნანიმ.
გეგას დიდად არ შეუმჩნევია მამის შემოსვლა. შეიძლება ცდებოდა და წლების შემდეგ ენანა კიდეც მისადმი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან ასე მიაჩნდა მართებულად. ხოლო ის, რომ ნოდარი მამამისი იყო, ვერც ვერაფერს გადაწონიდა და ვერც პატივისცემას გაუჩენდა მისდამი.
– ასეა, ნანი! წინასწარ უნდა იფიქრო ადამიანმა ყველაფერზე! ახლა გეგას წასვლა იქნებოდა? გაფრინდება გამთენიისას, არაფერი უჭირს.
– დედა, გემრიელია, მაგრამ უნდა მოვემზადო, – ხმაურით ჩადო კოვზი თეფშში, რათა ყურადღება მიექცია და კაცს ისე არ გაეგრძელებინა ლაპარაკი, თითქოს თავად იქ არ მჯდარიყო. ისევ ნერვები მოეშალა. ხომ შეიძლებოდა შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ ნოდარი მას შვილად კი არა, წარმატებულ ბიზნესპროექტად აღიქვამდა, მაგრამ არა, ვერ ეგუებოდა!
ხანდახან თავი დამნაშავეც ეგონა ასეთი დამოკიდებულებისთვის: რატომ უნდა გაბრაზებულიყო, თუ მშობლებს დაეხმარებოდა და მათ ამაგს გადაიხდიდა, მაგრამ... მხოლოდ ოცდაერთი წლის რომ იყო და მშობლები მისი შემოსავლით ნაყიდ ბინაში ცხოვრობდნენ, მისი შემოსავლით ნაყიდი მანქანებით დადიოდნენ და ახლა უკვე აგარაკსაც აშენებდნენ, ამით სიამაყის შეგრძნება კი არ ეუფლებოდა, პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს არასოდეს დასრულდებოდა ეს „ამაგის გადახდა“ და ვერასოდეს შეძლებდა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას.
მისი მხრიდან ყველაზე დიდი პროტესტი ალბათ მოსკოვში გადაბარგებაზე უარის თქმა იყო, თუმცა მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად გრძნობდა ზეწოლას. გარედან კი ყველაფერი დალაგებულად და ლამაზად ჩანდა. ჟურნალის პრიალა ფურცლებზე დაწერილი ზღაპრები და ტელევიზიით გადაცემული სიუჟეტები ხომ ამ აზრს ამყარებდა? მაგრამ თვითონ კარგად იცოდა სიმართლე.
მართლა დადიოდა დახეული ბუცებით ვარჯიშებზე. მართლა გაუტარებია მთელი დღე პურსა და უფერულ ჩაიზე.
მართლა იმიტომ იკლავდა თავიდან ვარჯიშით თავს, რომ როგორმე ასე მაინც გამთბარიყო.
მართლა ყველაფერი ენატრებოდა და ყველა თანატოლის შურდა.
მაგრამ... ზღაპრის მეორე მხარე არ იყო კლასიკური ამბავი გაჭირვებულ ბიჭზე, რომელიც სუპერვარსკვლავად გადაიქცა.
ამ მხარეს იყო უამრავი სირთულე, დაღვრილი ოფლი, უმკაცრესი რეჟიმი, საკუთარ თავზე მუშაობა.
ამ მხარეს იყო ბურთის დევნაში გათენებული ღამეები.
ამ მხარეს იყო საკუთარ თავზე გადახტომის მცდელობები.
მეორე მხარეს იყო იმ ადამიანად ჩამოყალიბების სურვილი, რომელიც ყველაფერს მხოლოდ საკუთარი შრომით მიაღწევდა.
და მიაღწია კიდეც.
ოცდაერთი წლისას დორტმუნდის "ბორუსიამ“ გაუფორმა კონტრაქტი და გამთენიისას გაფრინდებოდა კიდეც. წავიდოდა იქ, სადაც შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც ყველაზე კარგად იცოდა და რაც ყველაზე მეტად უყვარდა. აღარ მოუწევდა ყოველდღე ერთი და იმავე შეგონებების მოსმენა, რომ ახლა მისი ვალია, არჩინოს ოჯახი; „შეინახოს“ მოხუცი მშობლები; უარი თქვას საკუთარ სიამოვნებაზე და გააკეთოს ის, რაც „საჭიროა“ და არა ის, რაც „სასურველია“.
აღარ მოუწევდა მოესმინა ის, რომ ამ საქმეში არ იყო „ღირსებისა და პრინციპების“ ადგილი და დრო.
აღარ მოუწევდა მეასედ იმის ახსნა, რატომ თქვა უარი რუსეთში წასვლაზე.
აღარც ჟურნალისტებთან მოუწევდა ყალბი ოჯახური იდილიის წარმოჩენა და თამაშის დროს მხოლოდ იმაზე იფიქრებდა, უკეთესი გამხდარიყო. საკუთარ თავზე უკეთესი.
მიუწვდომლად ესახებოდა ადგილი, სადაც მარტო თვითონ და ფეხბურთი იქნებოდნენ. ალბათ ათი წლის გეგა ვერც წარმოიდგენდა, ერთ დროს „ლოკომოტივის“ მოედნის ფარგლებს თუ გასცდებოდა, რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა და, ფაქტობრივად, მთელ საქართველოს ეცოდინებოდა მისი გვარი.
ვერც იმას წარმოიდგენდა, როგორ შეეძლო გამხდარიყო „სამშობლოს იმედი“. უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა ეს სიტყვათშეთანხმება და თან ისე ხშირად ესმოდა ამ ბოლო დროს... ყველგან მასზე წერდნენ, ყველა ტელევიზიიდან ურეკავდნენ, ყველა თამაშზე სკანდირებდნენ მის გვარს... სიტყვებით ვერც კი ახსნიდა, რა ხდებოდა ამ დროს მის გულში. თავი სამყაროს ცენტრი კი არ ეგონა, პირდაპირი მნიშვნელობით გრძნობდა ამას. იდგა მწვანე მინდორზე უამრავი გულანთებული გულშემატკივრით გარშემორტყმული და იმ ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში მისთვის სხვა ყველაფერი კარგავდა აზრსა და მნიშვნელობას.
წარმოუდგენელ ძალას გრძნობდა, როცა ბურთს ეხებოდა - ეგონა, მთების გადადგმას შეძლებდა.
ისე მარტივად და თან ელეგანტურად გამოსდიოდა მოწინააღმდეგეებს შორის გაძრომა და ბურთის შენარჩუნება...
ცენტრიდან საჯარიმოში გადანაცვლება და შემდეგ მსუბუქი, გააზრებული მოძრაობით გატანილი გოლით არნახული სიხარულის მოტანა როგორც მისთვის, ისე თანაგუნდელებისა და გულშემატკივრებისთვის. თითქოს ყველაფერი შეეძლო, ყველაფერი გამოსდიოდა. და მაშინ, როცა ჰიმნის დროს ცრემლებამდე ამაყს, ჟრუანტელი უვლიდა და სისხლი უდუღდა, როგორ უნდა წასულიყო რუსეთში უკეთესი ანაზღაურების გამო? საერთოდ, როგორ სთხოვდა მამა ამას?
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. ეკრანზე უცხო ნომერი ეწერა, ალბათ რომელიმე ჟურნალისტი იყო.
როგორ უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ ეპასუხა მთელი ზაფხულის ყველაზე აქტუალური კითხვისთვის და ეთქვა, კი, კარიერას დორტმუნდის "ბორუსიაში“ გააგრძელებდა!
მაგრამ არა, კიდევ რამდენიმე საათიც უნდა მოეცადა და კლუბის ოფიციალურ განცხადებას დალოდებოდა.
მართალი აღმოჩნდა. ჟურნალისტთან ტრადიციული დიალოგი გაიმართა და შემდეგ დაემშვიდობა. ერთი სული ჰქონდა, ხვალინდელი დღე გათენებულიყო და პირველივე სიახლე ის ყოფილიყო, რასაც ამდენ ხანს ელოდა და რასაც აქამდე მალავდა.
მაგრამ მანამდე სხვა სიახლე ელოდა, რომლისთვისაც საკმაოდ დიდხანს ემზადებოდა და გულიც კი უჩქარდებოდა, როცა წარმოიდგენდა მომენტს, როდესაც ის დადგებოდა.
წითელ, პატარა ყუთს დახედა და პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო. ასეთ უჩვეულო მდგომარეობაში მყოფ საკუთარ თავზე ეღიმებოდა.
ასე ოფიციალურად ალბათ სულ სამჯერ ეცვა: ერთხელ სკოლის ბანკეტზე და ორჯერ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში“ გამართულ დაჯილდოების საღამოზე. დღევანდელი დღე კი სრულიად განსხვავებული და მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
ხელი უნდა ეთხოვა იმ გოგონასთვის, რომელიც ლამის ბავშვობიდან უყვარდა და ახლა მისთვის ბეჭედთან ერთად, თავისი მომავალიც უნდა ეჩუქებინა. ხვდებოდა, როგორი ძნელი იქნებოდა ურთიერთობა დისტანციურად და ხელის თხოვნით არც მის „დანიშვნას“ აპირებდა, რომ ამის მერე მშვიდად წასულიყო სხვა ქვეყანაში, არც იმას ავალდებულებდა ნატას, რომ გეგასთან ერთად გაფრენილიყო და უარი ეთქვა სწავლაზე, კარიერაზე, მაგრამ... რადგან ვერ წარმოედგინა სიცოცხლე ფეხბურთისა და ნატას გარეშე, უნდოდა ყველაფრისთვის სახელი დაერქმია.
დიდად არ უყვარდა საჯაროდ ხელის თხოვნები და სიყვარულის ახსნები, მაგრამ ნატა სწორედ ამაზე ოცნებობდა და გეგამაც გადაწყვიტა, ცოლობა მისსავე დაბადების დღეზე ეთხოვა.
დიდხანს ემზადებოდა, ტექსტსაც დიდხანს ამზადებდა, მაგრამ შინიდან გასვლისას ისე ნერვიულობდა, როგორც თამაშის წინ, როცა გასახდელიდან მოედნისკენ მიმავალ დერეფანს მიუყვებოდა.
– დე, მანქანით მიდიხარ? – უკვე კართან დაეწია ნანის სიტყვები. გეგამ დაინახა, რომ დედას ეძინა და იფიქრა, ისე გავალ, აღარ გავაღვიძებო, თუმცა დედის გულმა მაინც იგრძნო...
– კი, დედა. ნუ ღელავ, რა, ხომ იცი, ყველაფერი მაგრად იქნება! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი კოცნა „გაუგზავნა“ - ისე, როგორც ბავშვობაში იცოდა და სახლიდან გავიდა.
კარგად ხვდებოდა ნანის ნერვიულობის მიზეზს. ნატა მოქმედი პარლამენტარის, ვაჟა ნიქაბაძის შვილი იყო და მის დაბადების დღეზეც ათასნაირი ხალხი მოიყრიდა თავს.
თან არცთუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდნენ ნატას მამა და ძმები და ნამდვილად არ უნდოდა, თავისი ვაჟი იმ საზოგადოებაში გარეულიყო. ცხადია, იცოდა, რომ გეგა ზედმეტს არავის არაფერს ეტყოდა და კონფლიქტური სიტუაციებიც ჭირის დღესავით სძულდა, მაგრამ მაინც ფორიაქობდა, თითქოს ცუდს უგრძნობდა გული...
გეგას კი ეცინებოდა მის ნერვიულობაზე. რა თქმა უნდა, უფრთხილდებოდა მის ემოციებს და მის მცირედ აღელვებასაც კი ერიდებოდა, მით უმეტეს, რომ ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ უწყობდა ხელს, მაგრამ უკვე დიდი იყო საიმისოდ, ვინმეს ჭკუაზე რომ ევლო და თან საფრთხესაც ვერ გრძნობდა. ბოლოს და ბოლოს, ნატა მისი ცოლი უნდა გამხდარიყო და ადრე თუ გვიან ისედაც მოუწევდა გოგონას ოჯახთან ურთიერთობა.
გზად ლამაზი, დიდი თაიგული იყიდა. ადგილზე მისულს პარკინგზე ისეთი ძვირადღირებული მანქანები დახვდა, მისი „აუდი A6“ მათ ფონზე საერთოდ არ ჩანდა. არადა, როგორ მოსწონდა... საერთოდ, მაქსიმალურად ერიდებოდა ფუფუნების საგნებში ფულის დახარჯვას, მაგრამ მანქანის ყიდვის უფლება მაინც მისცა თავს და ამით კმაყოფილიც იყო.
საინტერესოა, ნეტავ მართლა ისეთ საზოგადოებაში მოუწევდა ყოფნა, სადაც თავს ზედმეტად იგრძნობდა?
ეს კი გაიფიქრა, მაგრამ ის ამშვიდებდა, რომ სხვებთან კი არა, ნატასთან მიდიოდა და კიდევ, რაც უნდა ყოფილიყო, ისედაც ბავშვობიდან იყო შეჩვეული არაერთგვაროვან - ზოგჯერ ცუდს, ზოგჯერ კი კარგ დამოკიდებულებებს. ახლა მთავარი ნატა იყო, მისი დაბადების დღე და მისთვის ხელის თხოვნა. განა ისეთი რა უნდა მომხდარიყო, ესდღე გაეფუჭებინა და ცუდ მოგონებად ექცია?..
დაელოდეთ გაგრძელებას
ამონარიდი ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნიდან „გადამწვარი ხიდები“