“ქართველებს თქვენი ჯულიეტა მაზინა გყავთ”, - თქვა შვედმა თეატრმცოდნემ კატერინა ბერგილმა რამდენიმე წლის წინათ, მას მერე რაც თეატრალური სარდაფის სცენაზე ნანუკა ხუსკივაძე ნახა მონოსპექტაკლ “ადამიანის ხმაში”.
ნანუკა ხუსკივაძე
ნანუკა ხუსკივაძე 1965 წლის 25 დეკემბერს დაიბადა. დედამისი ქართული კინოს ლეგენდა ბელა მირიანაშვილი იყო.
1986 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: დარიკო, ვერიჩკა („სამანიშვილის დედინაცვალი“), ანა („ანა ფრანკის დღიური“), ისკრა („ამაღამ მგონი იქნება ქარი“), ოფელია („ჰამლეტი“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ელისაბედი („მარიამ სტიუარტი“), სმერალდინა („ქალი გველი“), ლალი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), პამპლა („კაცია ადამიანი“), მარია („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), მალენა („ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“).
დედა
"დედა საერთოდ არ მახსოვს სცენაზე. მახსოვს კახო (კახი კავსაძე - ი.ხ.) და მახსოვს (საკმაოდ დიდი ვიყავი) ბატონი რობერტ სტურუას სპექტაკლი "რაიკომის მდივანი" და ბატონი თემურ ჩხეიძის "ბერნარდა ალბას სახლი", სადაც დედა თამაშობდა. უკვე ავად იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ახერხებდა მოძრაობას. თუმცა მის თამაშს ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო. "მშვენიერი ქალბატონი ბელა მირიანაშვილი" მე არ მახსოვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ დამიჯერებთ, მისი მონაწილეობით ფილმებიც არ მინახავს. ახლაც არ ვუყურებ. განა ტკივილს გავურბივარ? არ მსიამოვნებს და მორჩა!..
მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია და არც "ხელის გაწვდენა" ერქვა: ჩემში იყო, შეიძლება, დაბადებამდე. გენეტიკური კოდიც, ალბათ, ეგ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა: "მინდას" და "ვოცნებობდის" გარეშე... დავასრულე მეათე კლასი და, თითქოს მექანიკურად, მოვაგროვე ჩასაბარებლად საჭირო საბუთები. მახსოვს, დედამ და კახომ კატეგორიულად მითხრეს: წელს თუ ვერ მოეწყობი, მერე აღარ ჩააბარებო. მაშინ ვერ მივხვდი, თუმცა... იმ წელს რეჟისორ გიზო ჟორდანიას აჰყავდა ჯგუფი. დღეს ბატონ გიზოს ვერც მასწავლებელს ვუწოდებ, ვერც პედაგოგს. თითქოს ეს სიტყვა არ შეესატყვისება, არ მომწონს... აღმზრდელი? - რასაკვირველია, აღმზრდელი და მოქალაქე, თანაც - საუკეთესო. დედამ და კახომ იცოდნენ და მათი კატეგორიული ნათქვამიც ამას გულისხმობდა.
ბავშვობა
"მზრდიდა ფრანგი ბებია, დედის დედა, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერსონა ვარვარა მუსხელიშვილი-ზაგიუ და მახსოვს ამბავი "საგვარეულო შტოზე" - ჩემი წინაპრების გენზე, ტკივილი კი - არა. მშობლები ადრე გაიყარნენ და ვიცი, გაყრა მძიმე რამ არის, მაგრამ მე არ მტკენია, რადგან ამით ტრაგედია არავის შეუქმნია - არც დედას, არც მამებს და არც ბებიას. რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახოც და მამაც. ორი მამაკაცი და ორივე - მამა, რომლებიც მუდამ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მეტ მამობას გამიწევს."