პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ფრანგმა ტედი რინერმა (+100 კგ) ოქროს მედალი მოიგო. ის მეოთხედ გახდა (ერთხელ გუნდურში) ოლიმპიური ჩემპიონი და ოლიმპიადა ტრიუმფით დაასრულა.
რინერმა ფინალამდე არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომაროვი, ქართველი გურამ თუშიშვილი და ტაჯიკი ტიმურ რახიმოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი სამხრეთკორეელ კიმ მინ ჩჟონს დაუპირისპირდა.
რინერი დაიბადა 1989 წლის 7 აპრილს ლეს აბიმში, პუანტ-ა-პიტრეს მახლობლად. გაიზარდა პარიზში. სპორტით ბავშვობიდან იყო გატაცებული: თამაშობდა ფეხბურთს, ჩოგბურთსა და კალათბურთს, მაგრამ უპირატესობას ძიუდოს ანიჭებდა. ამბობდა, რომ მოსწონს, როცა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული: "ეს ინდივიდუალური სპორტია და ყველაფერი ჩემზეა, მხოლოდ მე ვარ“. მისი სიმაღლეა 2,04 მეტრი და იწონის 141 კილოგრამს, მეტსახელად კი "დიდ ტედის" ან "დათვს" ეძახიან.
გურამ თუშიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ტედიმ, მიუხედავად მისი საყოველთაოდ აღიარებული ტალანტისა, ქართველების დიდი გულისწყრომა დაიმსახურა. მის პირად გვერდზე არაერთი ქართველის კომენტარებს შეხვდებით, სადაც წერენ, რომ გამარჯვება, ტიტული და ოქროს მედალი კარგია, თუმცა ადამიანობა ამ ყველაფერზე მაღლა დგას. გურამ თუშიშვილის გულშემატკივრები ტატამზე ტედი რინერის უპატივცემულო ჟესტმა გააღიზიანა, რასაც ქართველის პასუხი და შემდეგ მისი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.
მიუხედავად ამ ინციდენტისა, ტედი ქართველი სპორტსმენების ნიჭსა და შესაძლებლობებს აღიარებს.
2022 წლის 26 ნოემბერს გორში ძიუდოში საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს TOP სპორტსმენებმა მიიღეს და მათ შორის, ფრანგმა ტედი რინერმა.
მაშინ ტედიმ "რუსთავი 2"-ს ინტერვიუ მისცა:
"ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ. ლამაზი ქვეყანაა და საოცარი ხალხი ცხოვრობს. გასინჯული მაქვს ქართული ღვინო და კერძებიც. ძალიან მომეწონა. ძიუდოში მოღვაწე თითქმის ყველა ადამიანი თანხმდება, რომ ქართველს მებრძოლი სული აქვს. სპორტის ყველა სახეობაში კარგები არიან, მაგრამ განსაკუთრებით, ძიუდოში. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ვარლამ ლიპარტელიანთან მაქვს. დიდი ხანია ვიცნობ. გამოვარჩევდი ზაზა კედელაშვილს. ის ჩემი მენტორი იყო და ბევრი მასწავლა.
ლაშა გუჯეჯიანი იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელთანაც პირველი ბრძოლა მქონდა. ყოველი დაპირისპირება მასთან საინტერესო იყო".
მიუხედავად იმისა, რომ ტედი რინერი განსაკუთრებით ეპატაჟურია ტატამზე და ცნობილია იმით, რომ მარტივად შეუძლია მეტოქის გაღიზიანება, ტატამის მიღმა მისი პიროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია.
რეალურ ცხოვრებაში ტედი საკმაოდ თავშეკავებულია, იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და თითქმის არაფერია ცნობილი მისი ოჯახის შესახებ. ვიცით ის, რომ პარტნიორთან, ლუტნა პლოკუსთან, რინერს ჰყავს ვაჟი ედენი და ქალიშვილი ისისი. ოჯახი ტედის დიდი გულშემატკივარი და მთავარი მოტივატორია, თუმცა კამერებთან გამოჩენას ყოველთვის ერიდებიან.