ყველასთვის ცნობილმა და საყვარელმა ახალგაზრდა მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მეგობრებს რჩევა და დახმარება სთხოვა მის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შესახებ: "მეგობრებში თუ მყავხართ ვინმე იურისტი, ვისაც აქვს სურვილი, რომ დამეხმაროს, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი მოვითხოვო და დავასრულოთ ეს ბოროტება", - დაწერა მან.
მოგვიანებით თიკამ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "ამბის დასასრული". ის პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. საქმე ეხება ცრუ ინფორმაციას თიკა ჯამბურიას დაკავების შესახებ, რომელსაც ერთ-ერთი სააგენტო ავრცელებდა.
თიკა ჯამბურია
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.