თქვენო უწმინდესობავ!
ვიმყოფები რა პატიმრობაში, თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მომეცა შესაძლებლობა, მოგმართოთ და აზრი გამოვთქვა ჩემი სამშობლოს მომავლის თაობაზე, თუ როგორ მესახება მე ის, როგორც პატიმარს და როგორც მოქალაქეს. საფიქრალი დრო ბევრი მაქვს. უკვე თითქმის 12 წელია, თავისუფლების აღკვეთის ადგილზე ვიმყოფები და მეხება პირობითი ვადამდე ადრე გათავისუფლება.
გასამართლებული ვარ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. მე სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი ვარ.
დღეს საზოგადოება რწმენის დეფიციტს განიცდის, რაც არამარტო გარდასული საბჭოთა პერიოდის წეს-წყობილების შედეგია. მომრავლდა რელიგიური სექტები, რომლებიც დემაგოგიური მეთოდებით ცდილობენ საზოგადოების წევრების გადაბირებას. რატომ ირჯებიან ისინი ასე დაუღალავად?
სამწუხაროდ, დღეს ვითომ გაზრდილი ხელფასები არ იძლევა ნორმალური არსებობისა და სათანადო პირობების შექმნის საშუალებას. ხელფასმა მოიმატა, მაგრამ ორჯერ გაიზარდა ფასები პროდუქტებსა თუ საწვავზე. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ დაუცველია. განადგურებულია ბევრი სფერო. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საბჭოთა პერიოდში ყვველაფერი მუშაობდა და დღეს ყველაფერი გაჩერებულია. უნდა შეიცვალოს მიდგომა ყველა საკითხისადმი. თუ ეკონომიკურად ძლიერნი არ ვიქნებით, კულტურულ, სპორტულ და ზოგად განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სუსტი ეკონომიკა მსახიობთა უხელფასობის საწინდარია, რაც თავისთავად, მათ მიერ შექმნილი პროდუქტის უხარისხობას უწყობს ხელს. მაყურებელი ნაკლებად დადის კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. სულიერ საზრდოს მოკლებული ადამიანი დადებითი ენერგიით ვერ იმუხტება, ეს კი ხელს უწყობს დანაშაულის გაზრდას.
სახელმწიფოს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხალხი ყოველთვის მართალია. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირი თუ უბრალო მოქალაქე თანაბარ პირობებში მოხვდნენ, მაგალითად, - საპყრობილეში და მათ არ უნდა შერცხვეთ ერთმანეთისთვის თვალის გასწორების. მე აქ ისეთი თანამდებობის პირები მყავს ნანახი და ჩემ გვერდით ახლაც ისეთი ხალხია, რომ თავისუფლებაზე მათთან გასაუბრებაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. დღეს კი ციხის ეკლესიაში ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და სანთელს ვანთებთ, რომ ღმერთს ერთი და იგივე სათხოვარი გავანდოთ. კაცი შესაძლოა, სრულიად კანონმორჩილი იყოს, მაგრამ შემთხვევის წყალობით მოხვდეს პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ, ყველამ სიკეთე უნდა ვთესოთ, რომ ჩვენზე გაბოროტებული ადამიანების მსხვერპლნი არ გავხდეთ. დღეს საზოგადოებაში მომრავლდნენ გაბოროტებული ადამიანები, რომელთაც არაფერი ახარებთ და ვერაფერს ხედავენ. არ მოსწონთ, თუ რამ კარგი კეთდება.
დაბალი ხელფასის მქონე მეცნიერი ვერასოდეს შექმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას. დამოუკიდებელი სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები ისევ სუსტ წერტილად რჩება. მათ მიერ მიღებული თითოეული არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილება ხალხის გაღიზიანებასა და უნდობლობას იწვევს. ჯობს, 100 დამნაშავე დადიოდეს დაუსჯელად, ვიდრე 1 უდანაშაულო უსამართლოდ იხდიდეს სასჯელს. 1997 წელს, როდესაც სიკვდილით დასჯა უქმდებოდა, მახსოვს ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის სიტყვები: საქართველოში მარტო იმიტომ უნდა გაუქმდეს სიკვდილით დასჯა, რომ არ ვართ დარწმუნებულნი, ჩვენი სამართალდამცველები ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ თუ არაო. ზოგადად, დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს ქურდულ სამყაროსთან წარმოებული ბრძოლა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დღეს სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას კომპენსაცია გასცეს. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ეს ხომ ყველამ ვიცით და თვალი არ უნდა დავხუჭოთ. პირიქით, აქტიურად უნდა ვიზრუნოთ და მივაღწიოთ იმას, რომ თუ კანონის წინაშე პირნათელნი ვიქნებით, სამართალდამცავი სტრუქტურები ავს არ დაგვმართებენ.
ბოლოს იძულებული ვარ, შევეხო სასჯელაღსრულების დაწესებულებას და მთლიანად სისტემას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც დღეს ბაჩო ახალაია აკეთებს, მე, როგორც პატიმარს, მომწონს, მხოლოდ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები. მისი ხელმძღვანელობით აღიგავა ქურდების თარეში ციხეებში, რაც მთლიანად პატიმრებისა და მათი ოჯახების გამწარებას ემსახურებოდა. აღარ არიან ე.წ. მაყურებლები, რომლებიც მხოლოდ ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებულნი. ეს ზუსტად ვიცი. 12 წლის მანძილზე აქ ხშირად მინახავს პატიმრის ოჯახის აცრემლებული წევრები. როგორ ეხვეწებოდა პატიმარი დედას, ფული სასწრაფოდ უნდა მომიტანოთო. ამის გამო ოჯახებიც ინგრეოდა და ამის მაგალითიც უხვად არსებობს. მეორე მხრივ, პატიმართა რიცხვის გაოთხმაგებამ აუტანელი პირობები შექმნა. ერთ საწოლზე 3-4 ადამიანს სძინავს. ეს კი საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ხელისუფლება ამაზე ჯერჯერობით თვალს ხუჭავს. აქვე აღვნიშნავ, რომ შეიცვალა დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის, ის უფრო გულისხმიერი გახდა, მაგრამ ცუდია, რომ შეჩერებულია პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კანაონიერი საშუალება. შეჩერებულია არაოფიციალურად, ზეპირი მითითებით, თორემ კომისია მუშაობს. დღეს მე ადმინისტრაციის მიერ დადებითად ვხასიათდები. არ მაქვს არანაირი დისციპლინარული დარღვევა. მოვიხადე სასჯელის 3/4 და მეკუთვნის ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ... თუმცა, ღვთის ნებაა, ალბათ და სულის სიმტკიცისათვის ესეც უნდა გადამეტანა.
თქვენო უწმინდესობავ, მე მოკლედ გადმოვეცი ჩემი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. ვიმედოვნებ, რომ მალე გავთავისუფლდები ღვთის ნებით და კიდევ მომეცემა შესაძლებლობა, ხელზე გემთხვიოთ, ისევე, როგორც თქვენი ვიზიტისას საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. ვისურვებდი საზოგადოებაში ჩემს რესოციალიზაციას და ქვეყანაში დემოკრატიის აყვავებას. თქვენ კი ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი! ღრმა პატივისცემით, პატიმარი ზაზა ჩუთლაშვილი.
აღარ მინდოდა მისი მოცილება. მინდოდა, მკლავები მომეხვია და ალერსით დამეხრჩო, მაგრამ იმდენი უცხო თვალი გვიყურებდა, რომ იძულებული ვიყავი, მოვშორებოდი. გული საოცრად მიცემდა. ირინას გამოჩენამ რაღაცნაირად ამაფორიაქა. იქვე, სკამზე დავსხედით და ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ.
- ზაზა, როგორ ხარ, ბიჭო? - მკითხა კარგა ხნის დუმილის შემდეგ.
- როგორც ჩემს მდგომარეობაში მყოფ კაცს შეეფერება. - ვუპასუხე და გავუღიმე. თითქოს თავს უხერხულად ვგრძნობდი, არ ვიყავი დაჩვეული ქალთან ასეთ სიტუაციაში პაემანზე ყოფნას.
- ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ დღეში აღმოჩნდებოდი?
- ჰო, ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. - ვუთხარი და თვალი ავარიდე, რადგან ვერ გავუძელი მის მზერას.
- იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა. თავი დამნაშავესავით დავხარე.
- ვიცი, რომ ინერვიულებდი.
- როგორ მიხვდი? - რაღაცნაირად, ალალად გაიღიმა.
- ვიცოდი, იმიტომ, რომ გიყვარდი. როცა საყვარელი ადამიანი შენგან მიდის, აუცილებლად განიცდი.
- და შენ ეს იცოდი და მაინც წახვედი, არა?
- მე ნინო შემიყვარდა, ირო.
- ვიცი, ვიცი... აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი. ძალიან მომენატრე და მხოლოდ იმიტომ მოვედი.
- გახსოვს, რომ ეჭვიანობდი ხოლმე? მეუბნებოდი, დიდ ციხეს ავაგებ, შიგ გამოგკეტავ და მერე დავმშვიდდები, რადგან მაშინ ნამდვილად მეცოდინება, სად ხარ და დამშვიდებულიც ვიქნები, რომ ვერ მიღალატებო...
- ჰოდა, ხომ ხედავ, მართლა ხარ დაჭერილი, მაგრამ ახლა ეს ჩემი ციხე არ არის. ეს სახელმწიფოს ციხეა და სულაც არ მიხარია, აქ რომ ხარ.
- არა უშავს, ახლა კიდევ ერთი ახალი ადვოკატი მყავს და ორივე ერთად შეუტევენ. იმედი მაქვს, რომ აქაურობას თავს დავაღწევ.
- მეც მჯერა, რომ დააღწევ. ჩემთან სტუმრად ხომ მოხვალ?
- ღამისთევით? - გავიცინე მე და მზერა მის ტუჩებზე შევაჩერე.
- ჰო, ღამისთევით.
- კი, მოვალ, - დავპირდი დიდი ამბით, თითქოს ხვალვე ვესტუმრებოდი. - შენ არ გათხოვდი?
- არა, არ გავთხოვდი. ჩემი შვილი საზღვარგარეთ გავუშვი სასწავლებლად. ახლა სულ მარტო ვცხოვრობ.
- როგორ გაიმეტე? - გულწრფელად გამიკვირდა, რადგან ნამდვილი გადარეული დედა იყო და შვილის გარეშე რამდენიმე დღეც კი ვერ ძლებდა.
- ევროპულ განათლებას მიიღებს და ცხოვრებას მოიწყობს. მისივე გულისთვის შეველიე. კალთაზე გამოვიბა და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიოს? ჯობს, იქ იყოს და მომავალი შეიქმნას.
- ჰო, ალბათ მართალი ხარ. თანაც, ხომ ხედავ, აქ როგორი ცხოვრება გვაქვს, უცებ - ჰოპ და მთელი ცხოვრება თავზე დაგენგრევა...
- ზაზა, ერთდღიან პაემანზე რომ მოვიდე, არ გინდა? - მკითხა მოულოდნელად. დავფიქრდი.
- ირა, მე ცოლი მყავს, - მივუგე ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ძალიანაც მინდოდა, რომ ჩემთან დარჩენილიყო, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი. თავი უხმოდ დამიქნია. ვერ მივხვდი, ნაწყენი დარჩა თუ შეურაცხყოფილი, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ, მერე კი დამემშვიდობა და წავიდა. ის რამდენიმე წუთიც ზრდილობის გულისთვის დარჩა. თითქოს არ უნდოდა, რომ წყენა შემემჩნია, მაგრამ მისი თვალები მეუბნებოდნენ, რომ კიდევ ერთხელ ვატკინე გული იმით, რომ ხელი ვკარი და ამჯერადაც ნინოს გულისთვის.
მომდევნო კვირაში ჩემმა ადკოვატებმა, კოტემ და ნანამ, დაწერეს საჩივარი საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებათა გამო და გენერალურ პროკურატურას ჩააბარეს. პასუხი რამდენიმე ხნის შემდეგ შემატყობინეს. მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ბატონმა გია მეფარიშვილმა, ჩემი საქმე ხელახლა დააბრუნა წარმოებაში და საქმე მათ გადასცა, ვინც ეს ყველაფერი მომიწყო, ანუ - მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურატურას. ეს რომ გავიგე, ლამის გადავირიე. ეს რა გამოდიოდა? საქმე ვინც შეკერა, ისევ მათ ავალებდნენ შეთითხნილი საქმის ხელახლა გამოძიებას. რომელი სულელი იტყოდა - ადრე შევცდი და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ზაზა ჩუთლაშვილი ტყუილად დავსაჯეთო? ისევ მივწერეთ წერილი გენერალურ პროკურორს და ვთხოვეთ, რომ მათთვის საქმე აეცილებინა... ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურას გადაეცა. ამასობაში გულდედავამ და ხუცურაულმა დრო იხელთეს და ცრუმოწმე პოლიციელი ისევ დაიბარეს ჩვენების შესაცვლელად. ახალი ჩვენების მიხედვით, თურმე მკვლელობა 7 საათზე კი არა, 6-ზე მომხდარა. მე ალიბი 7-დან 12 საათამდე მქონდა. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ 7 წლის შემდეგ მოწმეს კიდევ ერთხელ შეაცვლევინეს ჩვენება.
გლდანი-ნაძალადევის გამომძიებლის, დავით ხიზანიშვილისა და ჩემი პირველი შეხვედრა ჩემს ადვოკატთან ერთად მოხდა. ის ჩემი ერთ-ერთი ალიბის მოწმის დაკითხვიდან ბრუნდებოდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. შეხვედრისას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, საქმეში არსებული თითოეული დეტალი ავუხსენი.
- ვიცი, ვიცი, ეგ ყველაფერი საქმეში დევს, - ლაპარაკი გამაწყვეტინა გამომძიებელმა.
- თუ იცით, აქ რას მოდიოდით, ჩემი ნახვა გაინტერესებდათ? - გული გამიტყდა, რადგან საქმისადმი მისი ზერელე დამოკიდებულება შევნიშნე. - საქმიდან არ ჩანს, რომ უდანაშაულო ვარ?
- მე იურისტი ვარ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვაკეთებ დასკვნებს. - ამაყად, თავმომწონედ მიპასუხა.
- როგორ, ფაქტებით არ დასტურდება, რომ დამნაშავე არ ვარ? - გამიკვირდა.
- აბა, როგორ, კაცო, ის ტატიშვილი და ლაბაძე შენ გადებენ ხელს.
- ეგენი გულდედავას და ხუცურაულის ცრუმოწმეები არიან - ხავსს მოვეჭიდე.
- ეგ როგორ უნდა დაამტკიცო, რომ ცრუმოწმეები არიან?
- კაცო, ვერ გავიგე, 17 ადამიანი ამტკიცებს, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, მეგობრის შვილის დაბადების დღეზე ვიყავი და იმ 17 კაცის არ გჯერა? მაინცდამაინც ამ 2 მოწმის გჯერა?
- შენი ალიბის მოწმეები დავკითხე. ზოგი კიდევ უნდა დავკითხო. თანაც, გივი არსოშვილი ახლა უკვე პროკურორია და როგორ ფიქრობ, ისევ ძველ ჩვენებას მოგვცემს და დაამტკიცებს, რომ მართლა ნაწამები იყავი?
- როგორ არა, იტყვის, რომ მართლა ნაწამები ვიყავი. - ისე იმედიანად ვთქვი, რომ დათომ გაკვირვებულმა შემომხედა. სახეზე კი ეწერა: "ვაი, შე "დურაკო", მაშინ გივი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო და იმიტომ თქვა ასე. ახლა პროკურორია და ძაღლი ძაღლის ტყავს რომ არ დახევს, არ იციო?"
ამის შემდეგ ჩემს საქმეზე ძიება ვადაზე ადრე, უსამართლოდ შეწყდა. ამის გამო გენპროკურატურაში ისევ საჩივარი დავწერეთ, მაგრამ პასუხი არ მაღირსეს. მხოლოდ მაშინ მიპასუხეს, როდესაც მაშინდელმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა გენპროკურორს ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ჰკითხა: ჩუთლაშვილის საქმეზე პასუხს რატომ არ გვაძლევთო? მან კი უპასუხა: მკვლელს გარეთ ვერ გამოვუშვებო. უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ. დიდმა პალატამ საქმე ჩემი თანდასწრებით განიხილა და საქმის შეწყვეტის თაობაზე გამოტანილი დადგენილება უკანონოდ ცნო. საქმე კვლავ ჩაუშვეს ძიებაში. რამდენიმე წლის შემდეგ კი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამომძიებელი დავით ხიზანიშვილი დაიჭირეს და გვერდით მომისვეს, რაღაც გატაცების საქმის გამო. ეს ის გამომძიებელია, რომელსაც პრეზიდენტის სახელზე დაწერილ განცხადებაშიც მოვიხსენიებდი და ვამბობდი, რომ მან "აღსარება" ჩამაბარა და საქმეში არსებულ ყველა ნიუანსში გამარკვია. ჩვენ ახლაც ერთად ვიხდით სასჯელს.
2001 წელი იწურებოდა. დედა ჩვეულებისამებრ, კვირა დღეს პაემანზე მოვიდა. სახეზე შევატყვე, რომ ნერვიულობდა. ხან აქედან მოვუარე, ხან - იქიდან, მაგრამ უგუნებობის მიზეზი ვერ ვათქმევინე. მერე ჩემი თავი დავაფიცე. ტირილი დაიწყო. ამან სულ გამაგიჟა. დედაჩემის ცრემლი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოსვლისას და წასვლისას ყოველთვის ტიროდა, მაგრამ ახლა გული მიგრძნობდა, რომ საქმე სხვაგვარად იყო. ძლივს ამოილუღლუღა - ნინო გათხოვდაო. ჯერ ვერ მივხვდი, რომელ ნინოზე იყო ლაპარაკი. მერე ყურებს არ დავუჯერე.
- რაა? - ვიღრიალე. დედამ ტირილს უმატა. თავი ხელებში ჩავრგე და მეც ავტირდი. იქ გაჩერება აღარ მსურდა. მინდოდა, საკანში წავსულიყავი და გულიანად მეტირა. დედას დავემშვიდობე და ძლივს წავლასლასდი საკნისკენ. კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონზე. ნინო გათხოვდა? ჩემი შვილების დედამ ასეთ მდგომარეობაში მიმატოვა? - ვფიქრობდი და სიცოცხლე აღარ მინდოდა. ჩემი დაპატიმრება და შემდგომი მოვლენები ისე არ განმიცდია, როგორც ნინოს გათხოვება განვიცადე. მაშინ ხელახლა მოვკვდი. "მიმატოვა... წავიდა... სხვაში გამცვალა"... - ვფიქრობდი და გული მეწურებოდა. ღმერთო, ის ტანჯვა, რომელიც მაშინ პოლიციელებმა მომაყენეს, არაფერი არ ყოფილა ამასთან შედარებით. სულის ტანჯვა გაცილებით მტკივნეული ყოფილა, ვიდრე სხეულის. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. წლების განმავლობაში ვერ დავიამე ამ ამბით გამოწვეული ტკივილი.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე