კოლინ ჰუვერის მსოფლიო ბესტსელერის გახმაურებული ეკრანიზაცია უკვე თბილისის კინოთეატრების ეკრანებზეც გამოჩნდა. „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ - ეს დრამატული, მოულოდნელობებით აღსავსე რომანი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკითხველის პირად ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა.
2022 წელს წიგნი „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა და დღემდე ბესტსელერთა სიაში წამყვან ადგილს არ თმობს. რომანის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მისი ჰოლივუდური ეკრანიზაცია დაანონსდა. ფილმის პოპულარობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მთავარ როლს ბლეიკ ლაივლი ასრულებს.
„პალიტრა L-ისა“ და „კავეა გალერიას“ პარტნიორობით 9 აგვისტოს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკითხველები ესწრებოდნენ. განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა ფილმის მთავარი პერსონაჟისა და ფლორისტის, ლილი ბლუმის სტილის შესაბამისად შექმნილი ყვავილების თაიგულები, რომლითაც Flower Bar-მა თითოეული სტუმარი დაასაჩუქრა.
გარდა ამისა, ღონისძიების თითოეულ სტუმარს შეეძლო, ფლორისტების დახმარებით სასურველი დიზაინის თაიგული შეექმნა.
ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებს დისკუსიისა და მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ.
რომანი და ფილმი მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელსაც დილემა აქვს დასაძლევი - როგორ მოიქცეს, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? სამუდამოდ დააღწიოს თავი და დაუბრუნდეს თავის ძველს ცხოვრებას თუ არსებულ რეალობას შეეგუოს? ასეთი არჩევანის წინაშე ბევრი ქალი დგას, სწორედ ამიტომ გახდა კოლინ ჰუვერის სიუჟეტი მკითხველისთვის ახლობელი და ამავდროულად, იმედის მომცემი. ერთი მხრივ, „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ არის ქალის ისტორია, რომელიც ტურბულენტურ გარემოში თავის დამკვიდრებას, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს და მეორე მხრივ, ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია, რომელიც შორეული წარსულიდან მოდის.
აღსანიშნავია, რომ წიგნის „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ განახლებული გარეკანით შეძენა როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსში“ და „კავეა გალერიაშიცაა“ შესაძლებელი.
R