_ დედა მკურნალობს? _ ჩემი «ვერაგული» პროფესიით ვსარგებლობ და «ფარულ» ინტერვიუს ვაგრძელებ.
_ ჰო, რა, როგორც ვახერხებ, _ გული ამოაყოლა ნათქვამს, _ წამლებს ვყიდულობ ხოლმე. ექიმმა გამოუწერა. რომ დალევს, მერე აღარ ახველებს.
თვალებში შევხედე. იგი უკვე აღარ არის პატარა. ცხოვრებაგამოვლილი კაცია, ზრდასრული. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ სულაც არ ჩანს გულჩათხრობილი. არც თვალები აქვს დარდიანი. ეგ არის მხოლოდ, მუდამ დაღლილი მზერა აქვს.
_ ერთხელ, იცი, კინაღამ პოლიციაში ამოვყავი თავი, _ აგრძელებს მოყოლას.
_ რანაირად? _ ვითომ შევშფოთდი.
_ თავიდან მეტროში «ვმუშაობდი». უფრო სწორად, იქ მინდოდა «მემუშავა». მაგრამ ვიღაც ორი ბიჭი გამომიდგა. აუჰ! როგორ მცემეს! დიდები იყვნენ. ვერ მოვერეოდი. თან ორი ერთად. რაც მე მაგათ ვაგინე! მერე უცებ პოლიციელები მოცვივდნენ და გამსკვანჩეს.
მაგრამ, ზურიკო რისი ზურიკო იყო, თავი ვერ დაეძვრინა. «ნაძალადევი-ვაგზლის მოედნის» ხაზი იმ ბიჭების ყოფილა თურმე, ამიტომაც აუტეხეს ჩხუბი, მაგრამ პოლიცია რომ გამოჩნდა, უცებ «აითესნენ», ზურიკო კი პირდაპირ «ლომის ხახაში» აღმოჩნდა, თუმცა მალე გაუშვეს. მოატყუა პოლიციელები _ ფულის წართმევას მიპირებდნენო. მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდნენ მას. შვიდი წლისაც არ იყო.
_ ახლა ძმაკაცებივით «მეზდრსტებიან», _ ჩაიცინა და იქვე დაგდებული კენჭი გაისროლა დაკეტილი ჯიხურებისკენ.
***
იმ დღეს ძველებურად შევხვდით ერთმანეთს. ხელში რუსული ჟურნალი მიჭირავს, «ლიზა». ამ შეხვედრებით მე უკვე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ზურიკომ არც კი იცის. გაზეთებს არ კითხულობს. მგონი, კითხვაც არ იცის. ჯერ ამითი არ დავინტერესებულვარ.
_ მაჩვენე, _ ხელს მიწვდის და ჟურნალს მართმევს. ათვალიერებს. _ აი, ასეთი ცოლი უნდა მოვიყვანო, _ თითს ადებს ერთ შავთმიან მანეკენს.
დავხედე.
_ ჟურნალიდან გადმომხტარი გოგო რად გინდა ბიჭო, ჰა? _ სიცილს ვერ ვიკავებ, _ მაგრამ, ისე, მაგარი ქალია, _ მაინც ვუწონებ არჩევანს.
_ მა რა! მაგარია! შენ გგავს, _ დააყოლა.
ისევ გამეცინა.
_ შენ იცი, მე შენხელა ბიჭი რომ მყავს? _ მივუტრიალდი.
_ ჰო-ო? _ იჭვნეულად ამომხედა თვალმოჭუტულმა, _ რა ჰქვია? _ _ ირაკლი, _ გავუღიმე.
ერთხანს ჩუმად იყო.
_ კარგი ბიჭია?
_ მაგარი. შენ გგავს, _ დავუბრუნე «ხურდა».
მორიდებით ჩაიღიმა.
_ ხომ გამაცნობ?
_ გაგაცნობ. აი, ამ დღეებში ჩემთან დაგპატიჟებ და გაგაცნობ.
_ ამ დღეებში არა, _ მოიღუშა.
_ რატომ?
_ ახლა ფული არა მაქვს, _ თავი ჩაღუნა.
_ ფული რად გინდა?
_ აბა, უსაჩუქროდ ხომ არ მივალ? _ ხელები გაშალა, ხმაში გაკვირვება დაეტყო.
არაფერი მითქვამს. ვიცი, ამ ასაკის ბიჭები როგორ ცდილობენ ვაჟკაცობის დამტკიცებას. ჩემი შვილიც ასეთია. ამიტომ ხმა არ ამომიღია. გაცნობა მომავლისთვის გადავდეთ.
_ გინდა, ცოტა ფულს მოგცემ? _ ვაგრძელებ საუბარს.
_ არა. მე ქალებისგან ფულს არ ვიღებ.
ჩაიჭრა… მაგრამ, არა, არ ჩაჭრილა. როცა მათხოვრობს, მაშინ «მუშაობს». ხოლო ისე ფულის აღება, ისიც ახლობელი (ამის თქმა კი ვერ გაბედა) ქალისაგან, «გაუტყდა».
_ მე ქალი ვარ, ბიჭო? _ მოჩვენებითად გავბრაზდი.
_ არც გოგოებისგან, _ «გამოასწორა».
_ სულელო, ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ. მერე რა? მე რომ არ მექნება, შენ უნდა მომცე…
_ კარგი, როცა არ გექნება, მოგცემ, _ დიი კაცივით მიპასუხა და ისევ ჩვეული მზერით შემომხედა (თვალმოჭუტულმა).
სიცილით მოვკვდი.
_ რა ეშმაკი ხარ. ნამდვილი ჭინკა! _ მხარზე მოვხვიე ხელი…
* * *
შაბათს კარგ ხასიათზე მეჩვენა. თვალები უბრწყინავდა.
_ დღეს რაღაც მხიარულად გამოიყურები, აბა, მომიყევი, რა ჩაიდინე? _ თმაში მსუბუქად მოვქაჩე ხელი.
_ ფული გავაკეთე.
_ როგორ?
_ მეზობელი «გავასუფთავე» წუხელ.
გული შემეკუმშა.
_ რას ჰქვია, «გაასუფთავე?» _ ხმა გამიცივდა.
_ სათბურში შევიპარე, პომიდორი დავკრიფე. ერთი ცალიც არ დამიტოვებია, _ გაწითლდა.
არ მეგონა, მაწანწალა ბიჭებსაც თუ შეეძლოთ გაწითლება.
_ ცუდი ქალია, _ თავს იმართლებს, _ ერთხელ დედამ სამი ცალი პამიდორი სთხოვა, ძალიან მოუნდა. გაიწყვიტა ყველაფერი, არა მაქვსო. რომ დამწიფდება, ჩემი ხელით მოგიტანო. არ მოიტანა. თანაც დიდი ძაღლი ჰყავს, ნამდვილი კინგ-კონგი. ჰმ, ერთი კვირაა, იმ ძაღლის შემოჩვევაზე «ვმუშაობ». როგორც იქნა, მოვათვინიერე. ჰოდა, შევიპარე წუხელ. კინგ-კონგს ძეხვი «დავუგდე», მე კი მთელი პამიდორი გავკრიფე. ერთი ცალიც არ დამიტოვებია. აი, ამხელები იყო! იცი, რამდენი გამოვიდა? _ 21 კილო!
_ მართლა? მერე სად წაიღე?
_ ცოტა სახლში დავტოვე, დანარჩენი ამ დილით ბიჭებს ჩამოვუტანე ბაზარში და ჩავაბარე. ორი რეისი გავაკეთე. რვა ლარი მომცეს.
_ ვა! შენ რა მაგარი ვინმე ხარ! _ შევაგულიანე, _ მასე მოუხდება მაგ შენს მეზობელს! _ თან ჩემი თავის მიკვირს. იმის მაგივრად, შვილის ტოლა ბიჭს «ნოტაციებს» ვუკითხავდე, ასეთ საქციელს ვუწონებ. თითქოს ჩემს გულში იჯდაო, უცებ მეუბნება.
_ უცნაური ტიპი ხარ.
_ რატომ? _ გაოცებული ტონით ვკითხე.
_ რა ვიცი, აბა, შენხელები ამ დროს ჭკუის სწავლებას მიწყებენ. შენ კი… _ უხერხულად გადააქნია თავი და ისევ გაწითლდა.
_ ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ, _ «ვიმართლე» თავი, _ «დაარტყი ხელი!» _ ვაჟკაცურად გამომიწოდა პატარა «თათი». მეც დავურტყი… «ძმაკაცურად»…
* * *
ორში ზურიკოს დაბადების დღე იყო. მინდოდა, რაღაცით მესიამოვნებინა მისთვის. გადავწყვიტე, სადმე კაფეში წამეყვანა.
_ მე ყველგან კი არ შემიშვებენ, _ ამომხედა თვალმოჭუტულმა.
_ ნუ გეშინია, შეგიშვებენ. ლომების «პარადი» მოვაწყოთ, _ ვანუგეშე.
იდეა მომივიდა _ ისეთ ადგილას შემეყვანა, სადაც ყველაზე მეტად ეკრძალებოდა და სადაც ყველაზე მეტად სურდა შესვლა.
_ ორივეს გამოგვყრიან, _ იცინის.
მხარზე ხელი დავარტყი გამხნევების ნიშნად და… წავედით. შესასვლელთან მწვადის სუნი დგას.
_ მზად ხარ? _ ვეკითხები ღიმილით. თავი დამიქნია.
ხელი ჩავკიდე და ვიწრო კიბეს ჩავუყევით. ორი საფეხურიც არ ჩაგვივლია და უცებ… ვიღაც თავსაფრიანი დედაკაცი გამოქანდა წივილით:
_ ახლავე დაიკარგე აქედან, შე სალახანა!
ზურიკომ უკან დაიხია. ხელი მოვუჭირე და გავაჩერე.
_ რაშია საქმე, ქალბატონო? _ შესაშური გაკვირვებით შევხედე ქალს.
_ აქ მაწანწალების ადგილი არ არის! _ თავსაფრიანმა ხელი ჰაერში გააქნია.
_ რატომ ამბობთ ასე, ამ ხნის ქალი! ეს ბავშვი ჩემი შვილია, _ მოვხსენი ტყუილების გუდას თავი.
დედაკაცს თვალები შუბლზე აუცვივდა.
_ აქ ცირკი არ არის, გენაცვალე. წადით და სხვაგან იხუმრეთ, _ მომახალა მკვახედ. _ სულაც არ ვხუმრობ, ქალბატონო. ზურიკო მართლა ჩემი ბიჭია _ შვიდი წლის წინ დაკარგული და ძლივს ნაპოვნი, _ შევაცოდე თავი და ნაზად გავუღიმე.
ვიგრძენი, როგორ შეეყინა ქალს სიტყვები ენის წვერზე, უნებურად განზე გაიწია და გზა დაგვითმო:
_ შებრძანდით დარბაზში. ახლავე მოგემსახურებით, _ შეარბილა ტონი და ფლოსტების ფლატუნით შეგვიძღვა შიგნით.
ზურიკოს გადავხედე. თვალი ჩამიკრა. ხელზე ხელი მოვუჭირე და წარბები ავწკიპე… დავსხედით. ირგვლივ ბუზების ჯარი გნიასებს.
_ მოითხოვე, რაც გინდა, რაც გენატრება. ფული მაქვს, _ ხელზე ხელი დავადე და თავი დავუქნიე.
ერიდება.
_ მიდი, მიდი, ნუ გრცხვენია! _ ვამხნევებ.
თავსაფრიანი კვლავ გამოჩნდა. თვალები ცნობისმოყვარეობით აქვს სავსე.
_ რა მოგიტანოთ, შვილო?
_ კარგი რა გაქვთ?
_ მწვადი, ხინკალი, ჩაშუშული… _ დაიწყო ჩამოთვლა.
_ დღეს ჩემი ბიჭის დაბადების დღეა, რასაც თვითონ მოისურვებს… _ გაზვიადებული მომხიბვლელობით ვუღიმი თავსაფრიანს…
მწვადი, ხინკალი, სალათა, ცხელი ხაჭაპური, კოკა-კოლა და… ბანანი, ხუთი ცალი… ზურიკო ხარბად შეუდგა ჭამას. არ გასულა ათი წუთი და ჩვენი ნაცნობი კვლავ გამოჩნდა. სკამი ხმაურით გამოსწია და ხვნეშით დაეშვა ზედ.
_ ეჰ, სიბერეს რა ვუთხარი, სულ არ შემიძლია. ამ სიცხემ ხომ ბოლო მოგვიღო, _ დაიწყო. «დაიწყო» _ გავიფიქრე მეც.
_ არ ვიცოდი, ამ საცოდავს დედა თუ ჰყავდა… _ გააგრძელა.
_ არც ზურიკომ იცოდა, ქალბატონო. ორი დღეა, რაც გაიგო, _ მივიღე საწყალი სახე. თავსაფრიანის თვალები კვლავ შუბლისკენ დაიძრა.
_ თქვენ ლტოლვილები ხართ? _ ჩურჩულით მეკითხება რატომღაც.
_ ჰო. ბავშვი ერთი წლის იყო, სოხუმიდან რომ გამოვიქეცით, _ ვალაგებ გუდიდან ტყუილებს.
_ მერე ისე მოხდა, ავცდით ერთმანეთს მე და ჩემი ქმარი… გრძელი ისტორიაა. არ ღირს მოყოლა, _ ცეცხლზე წყალს ვასხამ.
_ როგორ გავხართ ერთმანეთს! _ დაირტყა თავსაფრიანმა მუხლზე ხელი, _ რა კარგი დედა გყოლია, შვილო. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს! _ აქოთქოთდა, _ ჭამე, შვილო, ჭამე, ღმერთმა შეგარგოს, _ ილოცება.
ზურიკოს ათივე თითი ქონში აქვს მოთხვრილი. გემრიელად იქნევს პატარა ყბებს. ქალს სამზარეულოდან გამოსძახეს. წავიდა. დროებით.
_ ახლა ნახე, აქ რა მოხდება! _ ხითხითით მეუბნება ზურიკო.
_ რა უნდა მოხდეს? _ ავწიე წარბები.
_ ნახავ! _ საჩვენებელი თითი გაფშიკა.
სამზარეულოში ქაქანი ატყდა. მივხვდი, რაც ხდებოდა. ხან ერთი წინსაფრიანი გამოყოფდა თავს, ხან _ მეორე… ავივსეთ თანაგრძნობიანი მზერებით მეც და ზურიკოც. ლამის იყო, მეც დავიჯერე ჩემი ტყუილი. აზარტში შევედი:
_ შენი ხელით მაჭამე ერთი ნაჭერი, _ ვეუბნები.
მიხვდა. აიღო მოზრდილი ლუკმა და პირდაპირ თითიანად ჩამჩარა პირში.
_ ნელა, ბიჭო, არ დამახრჩო! _ ვიცინი.
ვუყურებ ბავშვს და სიამოვნება მეუფლება _ ისე მადიანად ილუკმება.
_ შეგერგოს! _ ვუღიმი და ქოჩორს ვუჩეჩავ.
_ ნელა, არ დამახრჩო! _ გამომაჯავრა ხითხითით.
_ დედაშენი როგორ არის? _ გამახსენდა მოულოდნელად.
სახე მოექცა. ჭამა შეწყვიტა, ხელები შარვალზე შეიწმინდა და საცოდავად ამომხედა. გულმა რეჩხი მიყო.
_ რა, მოხდა რამე? _ ხმა შემეცვალა.
_ დედაჩემი სულაც არ არის ჭლექიანი. მოგატყუე, _ გაჩუმდა.
ახლა მე ვიგრძენი, როგორ ამიცვივდა თვალები შუბლზე.
_ აბა, რა ჭირს?
_ არაფერი. ლოთობს და შავი «კალგოტკებით» დადის, _ დახარა თვალები.
გაგრძელება იქნება