შეხვედრა ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა. ზურიკოს ტიტინი არ შეუწყვეტია. არ მახსოვს, ამდენი ოდესმე ელაპარაკოს. მოუყვა, როგორ «დავახურე» პოლიციელებს თავზე ყველაფერი მის დასაცავად; როგორ «შეამკო» მაშინ «ფაშფაშა» და ჯარიმა როგორ გადაიხადა ამისთვის. თან გულიანად იცინის.
_ ორი ლარი მივუთვალე, სულ ხურდები, _ ხითხითებს.
_ საიდან ამდენი ხურდა? _ დაინტერესდა «დიდი ზურიკო».
_ ამან მასესხა, _ ჩემკენ გადმოაქნია თავი და მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
უყურე შენ! მეც გამამათხოვრა. წარბიც არ შეუხრია, ისე უცებ იპოვა გამოსავალი. «რა ეშმაკია!» _ ვფიქრობ ჩემთვის.
გაოცებული დავრჩი. ეს ბავშვი ისე ბუნებრივად იტყუებოდა, ლამის იყო, ეჭვიც კი შემეპარა, მართლა მე ხომ არ ვასესხე ის ფული-მეთქი…
* * *
უკვე წასვლის დროა. «დიდი ზურიკო» გამოემშვიდობა პატარას. მეც ხელი გამომიწოდა. ჩამოვართვი. არ მიშვებს. თვალი თვალში გამიყარა და…
_ მქონდეს შენი იმედი, მიხედავ? პრისმოტრიშ?
ვცდილობ, არ ჩავიჭრა. რა იმედი მივცე, მე თვითონ არა მაქვს ჩემი თავის იმედი. თვალები ჯიქურ გავუსწორე, რამდენიმე წამი ვუყურებ, მერე ჯოკონდას ღიმილი მოვიშველიე, კაი მამაკაცივით იქით მოვუჭირე ხელზე ხელი, დამშვიდობების მიზნით ჰიტლერივით იდაყვში მოვხარე მარჯვენა და უსიტყვოდ გამოვტრიალდი.
_ დედაშენს გადაეცი, მე დავბრუნდები-თქო და ცოტა აზრზე მოვიდეს! _ კისერში ხელი წაავლო ზურიკოს და თავისკენ მიიზიდა. ბავშვმა თავი დაუქნია.
* * *
გაჩერებაზე ვდგავართ. ხმას არ იღებს. მოიწყინა. როგორც ჩანს, დამძიმდა ემოციებით. რაღაც უნდა მოვიფიქრო. გამახსენდა! ზოოპარკში ხომ გია მუშაობს, ჩემი მეზობელი, ატრაქციონს ატრიალებს. მართალია, ფული ცოტა მაქვს, სამაგიეროდ იმედი მაქვს დიდი _ «მეზობელო კარისაო» _ ჩავიღიღინე.
უცებ მკლავზე მომქაჩა:
_ შენ რა იცოდი, მე რომ კომპიუტერის სწავლა მინდოდა? _ თვალები ფართოდ გაუხელია და ცნობისმოყვარედ მიყურებს.
_ ჰმ, მე ყველაფერი ვიცი, _ გამოვნახე ტყუილის ახალი ფორმა. _ შენ რა, არ იცი, ტელეპატი რომ ვარ? სხვის აზრებს ვკითხულობ. აი, ახლაც ვიცი, რას ფიქრობ. გინდა, გითხრა? _ ირიბად გადავხედე. თვალები მოჭუტა:
_ მიდი რა! დაგიჯერე, აი! _ ცოტა გამხიარულდა.
_ მართლა, მართლა. გითხრა?
_ კარგი, მითხარი, _ დამნებდა. პირი დააღო მოლოდინში და გამომცდელად შემომხედა.
_ ნეტა ახლა ეს ქალი ზოოპარკში წამიყვანდესო!
ხარხარი აუტყდა. კარგა ხანს იცინოდა, კინაღამ ჩაბჟირდა.
«ასე, შე კაცო», _ გავიფიქრე.
_ აი, ხომ გამოგიჭირე! არაფერზეც არ ვფიქრობდი! _ ნიშნის მოგებით მეუბნება.
_ ამ წუთში, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდი, მაგრამ პირველი, რასაც გაიფიქრებდი, ეგ იქნებოდა, _ საძირკველს ვუმაგრებ ჩემს ტელეპატობას. როგორც იქნა, გამხიარულდა. მერე მთელი გზა ენა არ გაუჩერებია.
_ კარუსელზე უნდა მაკატაო? _ არ მეშვება.
_ კარუსელზე კი არა, ატრაქციონზე! _ ვიხელთე დრო და გადავდგი პირველი ნაბიჯი მის სწავლა-განათლების გზაზე.
_ ეგ რაღაა?
_ რაღაა და… კარუსელი, _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
_ კარუსელი კი არა, ატრაქციონი! _ ზუსტად გამომაჯავრა და თან «შემისწორა» მშობლიური ენა. კვლავ ახითხითდა.
* * *
როგორ გაუძვირებიათ ზოოპარკი! შესვლა 50 თეთრიო! თან ერთი კაცი. მთლად გაგიჟდნენ! ბავშვებიც კაცებში გადიან თურმე. რაღას ვიზამდი. შემოვივლე თავზე ლარიანი და შევედით. ახლა ირაკლი რომ მხედავდეს… კიდევ კარგი, სოფელშია.
_ არა უშავს, ამათ ჯავრს სულ გიაზე ვიყრი! _ ვეუბნები.
ჩემი მეზობელი ადვილად მოვძებნეთ. მოკლედ ავუხსენი სიტუაცია, გავაცანი ზურიკო და… დაიწყო ნამდვილი ატრაქციონი… როგორც კი წრის ერთი ჯერი დამთავრდებოდა, ზურიკო კითხვით სავსე თვალებს შემომანათებდა, ჩამოვიდე თუ არაო.
_ სანამდეც გაგიხარდება, იჯექი. მე არსად მეჩქარება. აქაურობა შენია! _ ვაჩუქე ზოოპარკი თავისი ატრაქციონით.
_ რა მაგარი ტიპია! _ მეუბნება გია და ზურიკოს გასცქერის.
_ კი, კარგი ბავშვია და ამიტომაც მწყდება გული, _ შევჩივლე მეზობელს.
_ მშობლები არ ჰყავს?
_ როგორა არა, მაგრამ…
_ ეტყობა, არც ერთი არგია და არც მეორე… _ აღარ დაამთავრა ფრაზა.
მხრებს ვიჩეჩავ. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ისიც მეყოფა, «სვიდანიაზე» რომ ვიყავი იქ, დახურულ კარს მიღმა…
ამასობაში გახდა ცხრა საათი. გიამ მთელი ზოოპარკი მოატარა ზურიკოს. მაიმუნებზე გაგიჟდა.
_ ჩემსავით სულ ხელებში უყურებენ ყველას! _ კვდება სიცილით.
სახე გაბადრული აქვს, ენით აუწერელი კმაყოფილებით ავსებია თვალ-ტუჩი… სანამ თვითონ არ მითხრა, მეტი აღარ მინდა, წავიდეთო, ხმა არ ამომიღია. ლოყები წითლად აქვს შეფაკლული, თმ ოფლით დასველებია. წვეთები ჩამოსდის ყურის ძირებში.
_ კაი იყო?
უსიტყვოდ მიქნევს თავს. ლაპარაკის თავიც არა აქვს. დაიხუნძლა შთაბეჭდილებებით. ერთხანს მდუმარედ მივდივართ. უცებ ვიგრძენი, როგორ შემოაცურა ჩემს ხელისგულში თავისი პატარა თითები და სათუთად ჩამკიდა ხელი.
_ რა იყო, ზურიკო?
თვალმოჭუტულმა ამომხედა:
_ ჯიგარი ხარ, ძალიან ჯიგარი! _ მითხრა და გაწითლდა.
მისი პატარა თითები მოხერხებულად მოვიმწყვდიე ხელში და გულში გავეპასუხე: «ეჰ. შენც კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ, აბა, ბედი არ გწყალობს». ხმამაღლა კი არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავუღიმე.
* * *
მოდის… ეს რაღაა! რაღაცას მოათრევს. ცოტა რომ მოახლოვდა, დავინახე: უზარმაზარი საზამთრო მიუხუტებია მუცელზე და ძლივს მობაჯბაჯებს, ერთი ათი კილო იქნება. უყურე შენ! რა მაწაკი ბავშვია! შევპირდი, დღეს ჩემთან წაგიყვან და ირაკლის გაგაცნობ-თქო. ეს კიდევ ძღვენით მოდის! მოვკლავ!
_ რა არის, ბიჭო, ეს?!
_ ბოცო, _ განმანათლა.
_ გაგაბოცოვებ მე შენ! რად გინდოდა ამხელა გორიალა საზამთრო! _ დავუცაცხანე.
_ აჰა! _ დამიგორა ფეხებთან. _ ეს ირაკლის!
_ ჰოდა, თავად მიუტანე. ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოს, _ დავიბანე ხელები.
_ მე ვათრევ, ნუ გეშინია, _ მამშვიდებს, როგორც ფსიქიატრი პაციენტს.
ჰმ! თავი გადავაქნიე. ელაპარაკე ახლა ამას! ვერაფერს ვიზამ. ხარჯი გაწეულია…
ერთხანს ჩუმად ვსხედვართ. შეისვენოს ცოტა.
_ ზურიკო, სკოლაში არ გინდა, იარო?
_ რა მინდა სკოლაში! _ შეიცხადა.
_ წერა-კითხვას გასწავლიან, ხატვას, სიმღერას…
_ ეგენი ყველა ვიცი! _ გვერდზე გაიხედა და ხელი ჩაიქნია.
_ შენ გინდა თქვა, რომ კითხვა იცი?
_ მა რა! ქართულად, რუსულად და ინგლისურადაც.
ენა ჩამივარდა. ვერ ვიჯერებ, მაგრამ ისე დარწმუნებით ამბობს, ძნელია ეჭვი შეიტანო მის ნათქვამში.
_ გინდა, წაგიკითხო, იქ რა წერია? _ ხელს იშვერს ბავშვთა სამყაროს შენობის თავისკენ. თავი დავუქნიე.
_ ბავ-შთა სა-მყა-რო, _ საკუთარი წესებით «წაიკითხა» წარწერა.
_ ბავშთა სამყაროს მოგცემ მე შენ! ვის ატყუებ, შე ჭინკა! _ მოვჩეჩე ქოჩორი, _ აბა, რამდენი ვ არის იმ წარწერაში? _ ჩავეძიე.
_ რამდენი? ერთი, _ გაკვირვებით მიპასუხა, განა რამდენი უნდა იყოსო, თან ცალი თვალი მოჭუტა.
_ ერთი კი არა, ორია. ესაა, კითხვა ვიციო?
_ ორი? ორი ვ რად უნდა, შეცდომა მოსვლიათ. არ ცოდნიათ ქართული, _ ხითხითებს…
* * *
_ მალე მივალთ? _ მოუთმენლად მეკითხება გზაში.
_ ოც წუთში.
_ აუჰ! რა ამბავია!
ერთი სული აქვს, როდის ჩათავდება გზა. სანამ ნუცუბიძის ბოლომდე ჩავაღწიეთ, ერთი ხუთჯერ მაინც გამიმეორა შეკითხვა. ირაკლიც მოლოდინშია. ორი დღეა, სოფლიდან ჩამოვიდა და დიდ ამბავშია…
ქოშინით ავედით მეცხრე სართულზე. სახელური ჩამოვწიე. შევედით ჩემს დანგრეულ ბინაში. რემონტი დავიწყე ჯერ კიდევ შარშან. დავიწყე და დარჩა ასე, დაწყებული, შპალერჩამოხეული კედლებით. ასე იცის უფულობამ…
_ შემოდი, _ ვეპატიჟები თავის საზამთროიანად. ირაკლი რაღაცას ხატავს. ჩემს ხმაზე თავი ასწია.
_ აი, ეს არის ზურიკო. ეს კი ირაკლია, _ გავაცანი ერთმანეთს. _ ჩამოართვი, ბიჭო, ხელი, რას დაგიღია პირი! _ ვუჯიკე ირაკლის.
ძალიან მორცხვია, რა ეშველება! უხერხულად ჩამოართვა ხელი და თვალი საზამთროსკენ გაექცა.
_ ხომ კაი ბიჭია? _ ვეკითხები ირაკლის.
_ არა, საზამთრო უკეთესია, _ ხითხითებს ზურიკო და აქეთ-იქით იხედება. «ბუდეს» ათვალიერებს.
_ ო-ო-ჰ! ვიცნობ უკვე! _ აიმრიზა ირაკლი.
_ საიდან? _ ეს უკვე ზურიკოს ხმაა.
_ დედაჩემის მოთხრობიდან _ «ჩამიშვა» ჩემმა სისხლმა და ხორცმა.
_ მასე მეც გიცნობ.
_ შენ საიდან?
_ დედაშენის მონათხრობიდან.
_ დე, ჩემზეც წერ მოთხრობებს? _ გაიკვირვა.
_ ვწერ, აბა არ ვწერ? _ სასხვათაშორისოდ ვიძახი და სკამზე ვეშვები.
_ ეს შენ! _ უცებ ზურიკომ ჯიბიდან შავი ფერის ხელის კომპიუტერი დააძრო და ირაკლის გაუწოდა. _ საჩუქრად, _ დაამატა.
_ ვა! რა მაგარია! მადლობა! _ გაუბრწყინდა თვალები.
სამზარეულოში გავედი. ზურიკო შემომყვა, იდაყვზე ხელი მომქაჩა და ჩურჩულით მეკითხება:
_ შენც ლტოლვილი ხარ? _ შეცდომაში შეიყვანა ჩემმა გადატყავებულმა კედლებმა. გულიანად გამეცინა.
_ არა, მე რემონტი მაქვს, _ ჩურჩულითვე ვპასუხობ.
ისევ ოთახში გავიდა. ახლა ტელევიზორს შეაცქერდა.
_ ამ ტელევიზორში «შავ მარგალიტს» ანახებენ? სერიალს? _ იკითხა.
ვიცინით. პირველი უხერხულობა გაიფანტა.
_ დე, დღეს ჩვენთან უნდა დარჩეს? _ ახლა ირაკლი მეჩურჩულება.
_ საღამომდე, შვილო. მერე წავა თავის სახლში, _ ვეფერები.
ზურიკოს ყურადღება უკვე პიანინომ მიიქცია. ახლოს მივიდა, ფრთხილად ახადა სახურავი და კლავიშებს ხელი გადაუსვა.
_ უკრავ? _ გადახედა ირაკლის.
_ ცოტას. ჯერ მეორე კლასში ვარ. შენ?
_ მე უფრო ცოტას.
უცებ მარტივი აკორდებით აღებული «ლამბადა» გაისმა. გავიტრუნე. მერე _ «შალახო»…
_ ახლა შენ დაუკარი, _ მიუბრუნდა ირაკლის და განზე გადგა. ირაკლიმ დაიმორცხვა, მაგრამ არ «ჩამორჩა» ზურიკოს და «ჭრელო პეპელა» დააგუგუნა. ეს მისი «საფირმო» ნომერია.
_ შენ საიდან იცი დაკვრა, ზურაბ ბატონო? _ დავინტერესდი.
_ დედაჩემმა მასწავლა. ადრე მუსიკის მასწავლებელი იყო. ფანდურზე უკეთესად ვუკრავ.
_ მღერი კიდეც?
_ აბა?!
_ ყოჩაღ! _ შევაქე, თან რაღაც ჩამწყდა გულში.
აფსუსია! პატრონი არ უნდა ჰყავდეს?..
* * *
ბიჭები მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. მალე ნამდვილი სანახაობა დაიწყო: ირაკლიმ აივნიდან შემოათრია სათამაშოებით გატენილი შაქრის ტომარა და ზედ ფეხებთან დაუპირქვავა ზურიკოს. ბავშვმა გაოცებისაგან ჯერ პირი დააღო, მერე თვალები გაუფართოვდა და ბოლოს სათამაშოების გორასთან ანგარიშმიუცემლად ჩაიკეცა _ ამდენი ერთად ასე ახლოს, ალბათ, არასდროს უნახავს. მანქანების კოლექცია, ქინდერის სერიები, პლასტმასის ჯარისკაცები, პისტოლეტები… ზოგი კარგადაა შენახული, ზოგიც _ შელახული, ზოგის კი მხოლოდ ჩონჩხია დარჩენილი, ან ცხვირ-კუდი. ზურიკო ხანს ერთს წაავლებს ხელს, ხან _ მეორეს, მერე მესამეს გადაწვდება _ მოკლედ, ყელამდეა ჩაფლული სათამაშოებში, როგორც მაუგლი ოქროს მონეტების გროვაში. თვალი ვერ ძღება, რომელს მოჰკიდოს ხელი, არ იცის, რომელი ჯობია, ვერ აურჩევია, მაგრამ… არც ერთხელ უთხოვია, მაჩუქეო, არც ხელი წასცდენია მოსაპარად… თუმცა, არც თქმა იყო საჭირო და არც ქმნა. ირაკლის არ შეშლია სტუმრის პატივისცემა…
* * *
უკვე მაგიდას უსხედან. წინ ფლომასტერები დაუყრიათ და ხატავენ. მე სამზარეულოში ვტრიალებ. გავედი. ერთი ვნახო, რა შედევრებს ქმნიან.
_ რას ხატავთ? _ გამოვიჩინე ცნობისმოყვარეობა.
_ უცხოპლანეტელს, _ თავაუღებლად მპასუხობს ირაკლი.
_ ყოჩაღ! მაგარი ბიჭები ხართ, _ შევაგულიანე. _ იფ, იფ! რა კარგად დაგიხატავს, _ ვათვალიერებ რობოტის მსგავს უცხოპლანეტელს.
_ მე ვასწავლე, დე! _ ეღიმება ირაკლის. ფლომასტერი კბილებში გაუჩრია. ნახატები თითქმის გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.
_ შენ კიდევ სკოლაში არ გინდა სიარული. ი-ი-ჰ! _ თავში მსუბუქად წამოვარტყი ხელი.
_ სკოლაში არ დადიხარ? _ გაოცდა ირაკლი.
_ არა.
_ რამდენი წლის ხარ?
_ რვის.
_ მერე? მე მეორე კლასში ვიყავი რვა წლის.
_ მერე რა!
_ არაფერი. ისე, მართლა, დე! რა აუცილებელია სკოლა! მეც არ ვივლი, კარგი? _ იღრიჭება ირაკლი.
_ ხო! ამოუდექი ძმაკაცივით გვერდში და ყიდეთ ორივემ, რაც ამქვეყნად ლიმონია! რა გინდათ სკოლაში! _ შემოვკარი ტაში.
ორივე გულიანად ხითხითებს…
გაგრძელება იქნება