მესამე დღეს გავეშურეთ მიკროოპერაციის გასაკეთებლად. ნაკერები უნდა დაადონ. ექიმი კარგ ხასიათზე ჩანს. ალბათ, რომელიღაც «არალტოლვილი» პაციენტი გაატყავა. როგორც ჩანს, წუხანდელი ნაქეიფარია. ახლა კი ისეთი ლუდის სუნი ასდის, უდავოა, დილიდანვე «პახმელიას» ამარცხებდა.
არ მინდა, გაკერვის პროცესს დავესწრო. არ შემიძლია, რა ვქნა! მაგრამ ზურიკო არ მეშვება. ჩაუბღუჯავს ჩემი ხელი და არ მიშვებს. ზურგით დავდექი. დაარჭვეს გამაყუჩებლები და ღიპიანი საქმეს შეუდგა. უცებ ზურიკომ სიმწრით დაიყვირა და ისეთი გინება მიაყოლა, სართულების დათვლა ვერ მოვასწარი.
_ მდაა! ალბათ, ვერ მოასწრო გაყუჩება. ვაცალოთ ცოტა. _ ხელები ზურგსუკან დაიწყო ექიმმა და ფანჯარასთან მივიდა.
_ თქვენ დიდი ხანია, გათხოვილი ხართ? _ ხელების ფათური დაიწყო ჩემს წარსულში ღიპიანმა.
_ ისე რა, _ არ ვაკონკრეტებ.
_ რამდენი შვილი გყავთ? _ ახლა ცხვირიც ჩაყო შიგ.
_ ერთი.
როგორც იქნა, დაამთავრა. ხუთი ნაკერი დაადო.
_ ამ ძაფებს ახსნა არ სჭირდება. კეტგუტია, თავისით გაიწოვება. ხომ ხედავთ, ესეც ვიშოვე ამ გაჭირვების დროს… თქვენი გულისთვის, _ დააყოლა და გამიღიმა.
«ეს კაცი, მგონი, მე მეპრანჭება,» _ დავასკვენი.
_ ჩვენ უკვე სამი ნემსი გავიკეთეთ, არა? ესე იგი, ხუთი კიდევ დაგვრჩა.
წარბები შევჭმუხნე.
_ რატომ ხუთი? _ დავიწყე ვაჭრობა.
_ რვაზე არ შევთანხმდით?
_ არა. თავიდანვე თხუთმეტზე იყო საუბარი, _ ხმა უკვე ოფიციალური გამიხდა.
_ ჰოო, რაღაც ასე მახსოვდა.
_ მე დავაზუსტებ მაგას! _ გაისმა მუქარა ჩემი მხრიდან.
_ არა, იყოს თხუთმეტი. ჯანდაბას!
_ ექიმო, მე გადავიხდი მკურნალობის ფულს, ოღონდ მხოლოდ ნახევარს. მეტის საშუალება ნამდვილად არა მაქვს. ამ ბავშვს კი არავინ ჰყავს ჩემ მეტი. უნდა შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაშიც.
_ რაზეა ლაპარაკი, ჩემო კარგო. ჟურნალისტი, ამისთანა მშვენიერი გოგონა. როგორ გაწყენინებთ! _ მხარზე გადამხვია ხელი. «უყურე შენ! ეს ბებერი არშიყი, რა დღეშია!»
* * *
გარეთ რომ გამოვედით, ზურიკომ ხელში გამოკრული ცხვირსახოცი მომაჩეჩა.
_ ეს რა არის?
_ მანდ ფულია. ჩემი.
_ საიდან?
_ ვაგროვებდი, რაც მომრჩებოდა დედაჩემისგან. კომპიუტერის სასწავლად მინდოდა. მერე ვახურდავებდი და ვინახავდი. 32 ლარია. რა ვიცი, თუ საკმარისი იქნება…
_ ეს ფული, ჩემო ძმაო, შენთვის შეინახე, _ გავბრაზდი. _ შენ რა გგონია, მაგათ მე თავს დავაჩაგვრინებ? შენ მაგაზე არ იდარდო. მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ვგრძნობ, სიარული უჭირს. სხვა გზა არ არის, ხელში უნდა ავიტატო.
_ აუჰ! რამხელა მუტრუკი ყოფილხარ! _ გავეხუმრე, მოხერხებულად გადავიწვინე მკლავებზე და გაჩერებისკენ გავემართე ჩემი «მძიმე ტვირთით».
* * *
დღეს ბოლო ნემსის გასაკეთებლად მიმყავს. ირაკლიმ ერთი კვირაა, შემჭამა, მეც მაყურებინე, როგორ ითმენს მუცელში ჩხვლეტასო. ხათრი ვერ გავუტეხე და შევუსრულე თხოვნა. ბიჭების შეხვედრა უსიტყვო გამოდგა. მხოლოდ გაუღიმეს ერთმანეთს.
_ რა იყო, ენა გადაყლაპეთ, თუ გამარჯობა დაგავიწყდათ! _ დავუცაცხანე.
ზურიკომ ცისფერი თვალები მოჭუტა და მორიდებით ამომხედა. ირაკლიმაც იგივე გაიმეორა. უხერხულად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.
_ ეს ზურიკოა, ეს _ ირაკლი! _ დავიწყე გაცნობა თავიდან.
ხითხითი აუტყდათ. უხერხულობაც გაიფანტა. თუმცა, ზურიკო არ ჩერდება, მხრები უცახცახებს სიცილისაგან.
_ რა გაცინებს, ბიჭო? _ მეც მეცინება მექანიკურად.
_ ალბათ, ჩემს ყურებზე იცინის, კვახის ფოთოლივით რომ მაქვს! _ გაიღიმა ირაკლიმ, ორივე ყურზე მოიკიდა ხელი და გარმონივით გაწელა. ამ დღეებში თმა გადავხოტრე და პარტყუნა ყურები მკვეთრად გამოუჩნდა.
_ შენც ტილები გყავდა? _ ყურებამდე ჩაეხა ზურიკოს პირი.
ახლა ირაკლისაც გადაედო სიცილი.
_ არა, ბიჭო! რა ტილები. მე ყოველ ზაფხულს ასე ვიხოტრავ. მევასება და იმიტომ! _ ძველბიჭურად მოუქცია ბოლოს.
_ რას ნიშნავს «შენც»? კიდევ ვის ჰყავს ტილები? _ იჭვნეულად ვეკითხები.
_ არც არავის, _ ხმაში შეცბუნება შეეტყო. _ ეს ისე ვთქვი, სიტყვაზე, _ და… სახეზე ღიმილი უცებ მოისხიპა.
_ ერთი აქ მოდი და ეგ შენი გოგრა თავი მაჩვენე! _ საჩვენებელი თითით მოვიხმე ჩემკენ.
ირაკლი მოემზადა. გაფაციცებით მიყურებს. ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ხარხარს.
_ სულ ცხრა ნომერი ტილებია. არ უნდა შემოწმება, _ დაყარა ფარ-ხმალი თვალმოჭუტულმა.
სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მეც კი ვერ შევიკავე თავი.
_ კარგი, ეგრე იყოს. არ შევამოწმებ, მაგრამ მოგიწევს «ხოტორ-ხოტორ-ხრისა». შევთანხმდით?
_ წამალი არ შეიძლება? _ დაიჯღანა და მეხვეწება.
_ უ-უ-ჰ! არ გინდა, ბიჭო! _ უცებ სახესთან ახლოს მიუახლოვა ტუჩები ირაკლიმ. _ ერთხელ მეც წამისვა ეგ წამალი დედაჩემმა და ისე ამეწვა, ყურებიც კი გამიწითლდა (დამოწმების ნიშნად მთელი სისწრაფით მოისრისა ცალი ყური). ჯობია, ჩემნაირად გადაიხოტრო. ბარტეზივით ვიქნებით.
ორივე გულიანად იცინის.
_ გუშინ ჩამოვივარცხნე და შვიდი ცალი გადმოვარდა. იცი, რამხელები იყო? გატუნტულებულ გოჭებს ჰგავდნენ! _ უყვება ირაკლის.
* * *
_ ეს ბავშვები რავა ერთნაირები არიან… ძმებივით, _ გაოცება ვერ დამალა ექიმმა. _ შენია?
პასუხის ნაცვლად გავუღიმე. უხსენი ახლა, ამ სიცხეში _ არა, ბატონო, ეს ჩემია, ეს კი სხვისი-თქო. ამდენს რა ილაპარაკებს!
_ ესენი ჩემი ბიჭები არიან, _ მოკლედ მოვჭერი ბოლოს და ორივეს ერთდროულად გადავუსვი თავზე ხელი.
_ აკი ლტოლვილიაო?
_ ლტოლვილია, ლტოლვილი, თანაც დევნილი ლტოლვილი, _ მობეზრებული ადამიანის ტონით ჩავილაპარაკე, _ ცნობა ხომ მოგიტანათ, _ დავამატე.
პასუხი არ გაუცია. დღეს რაღაც ვერ არის ხასიათზე. არც უფულობაზე ჩივის, არც მთავრობაზე, არც ცოფიან ძაღლებზე…
ირაკლი თვალებგაფაციცებული უყურებს, როგორ შეჰყავს ექიმს შპრიცი პატარა, გალეულ მუცელში და როგორ იჭყანება ზურიკო ჩხვლეტისაგან. დღეს ცოტა ზედმეტიც მოუვიდა დაჭყანვა. ალბათ, ირაკლი რომ გაამხიარულოს. რა ეშმაკია! ირაკლის გადავხედე. ისიც ზუსტად ისე იჭყანება, თითქოს ეს-ესაა, მასაც ნემსი დაარჭვესო. მეცინება. ყოველთვის ასე განიცდის სხვის ტკივილს…
მორჩა. ყველა პროცედურა ჩამთავრებულია.
_ უღრმესი მადლობა, ექიმო. მე მგონი, ვალში არ ვრჩებით ერთმანეთთან, არა? _ შემპარავი ღიმილით ვეკითხები ღიპიანს.
თანხმობის ნიშნად მხრები ასწია, ხელები ფართოდ გაშალა და თავი უკან გადააგდო. «აბა, რა მეთქმისო».
_ ღმერთმა ნუ შეგვახვედროს ერთმანეთს, _ ჩამოვართვი ხელი, _ ასეთ ამბავში, _ მოწყალედ დავამატე და ზურგი ვაქციე.
მოვხვიე ხელი ჩემებს და წავასხი გაჩერებისკენ.
* * *
_ ეკლესიაში ნამყოფი ხარ? _ ვეკითხები ზურიკოს «მარშრუტკაში».
_ არა. თუმცა, ერთხელ კი, მგონი. მამაჩემმა წამიყვანა, მაგრამ მაშინ სულ პატარა ვიყავი. აი, ამხელა (ხელებით მომიზომა). არც კი მახსოვს წესიერად.
_ პირჯვარი თუ იცი, როგორ უნდა გადაიწერო? _ დაინტერესდა ირაკლი.
_ არა.
_ მე გასწავლი, _ დაფაცურდა მაშინვე.
მთელი გზა, სანამ ქაშვეთამდე მივაღწევდით, ირაკლი უხსნიდა, რა პრინციპით უნდა გადაეწერა პირჯვარი და რისი აღმნიშვნელი იყო ამ პროცესის თითოეული მომენტი…
ეკლესიას რომ მივუახლოვდით, ბავშვებს ხურდა ფული მივეცი, მათხოვრებისთვის რომ ჩამოერიგებინათ.
_ თითოს _ თითო! _ მკაცრად გავაფრთხილე.
საინტერესო მომენტი იყო. ზურიკო, თვითონ მათხოვარი, სხვა, მისნაირ მათხოვრებს მოწყალებას ურიგებდა…
_ დე, მეტი ხურდა არ გაქვს? _ მეკითხება ირაკლი.
_ რად გინდა, შვილო, ხომ მოგეცი?
_ ყველას არ შეხვდა და რა ვქნა! _ შეწუხებული მპასუხობს.
_ ყველას სამყოფი სად არის, ბიჭო, გადაირიე? _ დავუწიე ხმას, _ სხვებს სხვა მომსვლელები მისცემენ.
შევედით. ჰაერი სანთლის სუნითაა გაჟღენთილი.
_ გადაიწერე, გადაიწერე! _ სასწრაფოდ უჩურჩულა ირაკლიმ.
ზურიკო ერთხანს დაიბნა ამდენი ხატისა და ანთებული სანთლის დანახვაზე. მერე სცადა პირჯვრის გადაწერა, მაგრამ… ირაკლის სიცილმა დაარღვია ეკლესიის მყუდროება.
_ რა გაცინებს, შე საძაგელო! _ ჩუმად ვუბრაზდები.
_ შეხედე, დე, რო-გორ გა-და-იწე-რა! _ იჭაჭება ირაკლი და სიტყვებს ძლივს აბამს ერთმანეთს.
ზურიკოს ხუთივე თითი მიუტყუპებია ერთმანეთისთვის და ხან თმაზე დაიდებს ხელს, ხანაც _ მუცელზე. ირაკლი ძლივს დავაწყნარე.
* * *
_ ეს რა არის? _ მეკითხება სუნთქვაშეკრული.
_ ეს ხატია, _ ვპასუხობ ჩურჩულით.
_ ვისი?
_ წმინდა მარიამის. გაგიგია?
_ კი. ეს?
_ ეს წმინდა გიორგია, თეთრ ცხენზე ამხედრებული. იცი?
_ ესეც გამიგია. ეს ვისი ხატია?
_ ესა?.. ეს მეც არ ვიცი, _ ავიწურე მხრები. _ რა მნიშვნელობა აქვს, სანთელი ნებისმიერ ხატთან შეგიძლია დაანთო… და სურვილიც ჩაიფიქრო, თან პირობა უნდა დადო, რომ ყოველთვის კეთილად და ჭკვიანად მოიქცევი. არავის მოატყუებ, ცუდ საქცელს არასდროს ჩაიდენ.
თავი დამიქნია. საოცრად დაძაბულია. ხან ზევით იყურება, ხან _ ქვევით. მეშინია, თავბრუ არ დაეხვას.
_ ამ ჯვართან კი სანთელს მიცვალებულებს უნთებენ, _ მივიყვანე კუთხეში, შავარშიაშემოვლებულ ქვის მაგიდასთან.
_ ახლობლები ხომ გყავს გარდაცვლილები?
კვლავ დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად და წამჩურჩულა:
_ მაშინ სამი სანთელი მინდა.
_ ერთიც საკმარისია, ყველა ერთად უნდა მოიხსენიო, _ მეც ვჩურჩულებ…
გაგრძელება იქნება ორშაბათს