- ვის დაუნთე სანთელი? - ეკითხება ირაკლი გარეთ გამოსვლისას.
- ჩემებს: ბებიას, ბაბუას და მამიდას.
- რა დაემართათ? - ახლა მე დავინტერესდი.
- აფხაზეთში დაიღუპნენ. ომი რომ დაიწყო, თურმე მამიდა ავად ყოფილა ჭლექით, ლოგინიდან ვერ დგებოდა. ამიტომ ბაბუამ და ბებიამ არ მიატოვეს. მერე ამბავი მოვიდა, სამივენი დახოცესო… მამაჩემი მომიყვა.
«აი, თურმე, საიდან მოდის ჭლექის ისტორია», - გავიფიქრე და ირაკლის გადავხედე. ბავშვს სახე შეძრული აქვს. «ახლა ამ ამბით გამომილაყებს ტვინს», - გული შემიწუხდა, როცა წარმოვიდგინე, რა შეკითხვებს მომაყრიდა ღამით, ძილის წინ.
- ახლა კი გავქანდეთ «ნიკალაში»! - რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა წამოვიძახე და კბილები ავაკაწკაწე, ვითომ ძალიან მშია. - აბა, ვის უნდა კატლეტი?
- მე! - ამყვა ირაკლი.
«მეც», - არ თქვა ზურიკომ, მაგრამ მიმახვედრა.
- მაშინ წავედით! - დავრაზმე ორივე და ნაბიჯს ავუჩქარეთ.
* * *
ავიღეთ სამი კატლეტი პიურეთი, თითო ნაჭერი ხაჭაპური, თითო ნამცხვარი, სამი კოკა-კოლა და სამი ნაყინი. ირაკლის თვალი ვერ ძღება, ყველაფერი უნდა, რასაც ხედავს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ამდენს, უბრალოდ, ვერ მოერევა. მეც ჭკუა ვიხმარე:
- ჯერ ესენი ავიღოთ, შვილო, დანარჩენები მერე, თუ კიდევ მოგინდებათ! - დავარიგე ჩვილი ბავშვივით.
სავსე სინი ძლივს მივათრიე მაგიდასთან. დღეს შედარებით ცოტა ხალხია. ალბათ, ჯერ კიდევ დილაა და იმიტომ. ზურიკო გახევებული ზის. აქეთ-იქით იყურება.
- რა გემართება, ზურიკო? - ვეკითხები.
- რა კარგია აქ. ასეთ ადგილას პირველად ვარ. ერთი ჩამომატარა ახლა, ოხ… რა ფულს გავაკეთებდი?!
- ნუ სულელობ, დაიწყე ჭამა! - თეფში ახლოს მივუწიე.
- და კიდევ, ჩემი ოცნებაა, ერთი კაზინოში შემიყვანა. იქ ბევრი მაყუთი ტრიალებს… მაგრამ ვინ შეგიშვებს.
- გიცდია, რო? - მეღიმება.
- უჰ! რამდენჯერ!
- ე! დანა-ჩანგალი არ უნდა იხმარო? - ტუჩები მოპრუწა ჩემმა.
- გამსახურდიამ თქვა, ხელსა და პირს შუა მოციქული საჭირო არ არისო! - ნიშნის მოგებით გაეპასუხა ზურიკო. ეს, ალბათ, მამამისმა ასწავლა.
- ტყუილია! - არ დანებდა ირაკლი. - გამსახურდია პრეზიდენტი იყო, მაგას არ იტყოდა. დედი, ხომ საჭიროა დანა-ჩანგალი? - ახლა მე მომიბრუნდა.
- საჭიროა, საჭირო.
- მერე… მე არ ვიცი დანის ხმარება, - შეწუხდა ზურიკო.
- მე გასწავლი! - კვლავ გამოიჩინა ენთუზიაზმი მისმა «პედაგოგმა».
- ოღონდ ახლა არა! - მკაცრად მოვითხოვე. - როგორც იცი, ისე ჭამე! - დავუყვავე ბავშვს და ირაკლის ვანიშნე, სხვა დროისთვის გადავდოთ-მეთქი…
რას ერჩი, ჩანგალს მშვენივრად იმარჯვებს. ირაკლის სიცილი წასკდა. შევხედე.
- ახლა ჩარლი ჩაპლინივით რომ ააცეკვოს კატლეტი, რა მაგარი იქნება, არა, დე? - გაახსენდა ფილმი.
- მეც მაქვს ეგ კინო ნანახი. მოხარშულ შნუროკებს რომ ჭამს, არა? - აჰყვა ზურიკოც.
- ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება!
- არ ვლაპარაკობთ, ვიცინით, - კმაყოფილია თავისი ენაკვიმატობით ირაკლი.
აქ ყველაფერი გემრიელია. მუსიკაა ცოტა მოსაწყენი.
- ნაყინიც მივაყუმბაროთ? - ეკითხება ირაკლი თანამეინახეს.
- ჯერ ეგ ხაჭაპური დაამთავრე! შეხედე ზურიკოს, როგორ მოასუფთავა თეფში. ლამაზი ცოლი ეყოლება. შენ კი მახინჯი შეგხვდება! - დავმოძღვრე.
- ასიანი! - დამემოწმა ეშმაკურად. - ჯანდაბას, იყოს მახინჯი, მეტი აღარ მინდა, რა? - თითით ყელი გამოიგლიჯა.
აღარ ვაძალებ…
- მორჩა? - დავსვი საყოველთაო შეკითხვა.
- მორჩა, - დამიდასტურეს, სკამები გაახრიგინეს და წამოდგნენ.
- ახლა სად მივდივართ? - შემომაპარა ირაკლიმ.
- სად და სახლებში.
- ცოტა ხნით ჩვენთან წამოვიდეს, დე, ხომ შეიძლება? - მანიშნებს ზურიკოზე.
- რას მეხვეწები, წამოვა, აბა, რას იზამს. საღამომდე დრო აქვს. თან ტილების წამალიც წავუსვათ. ამასაც გავუწითლოთ ყურები, კარგი? - თვალი ჩავუკარი და სამივენი ავუყევით რუსთაველს.
უცებ ზურიკომ მკლავზე მომქაჩა. გადავიხარე:
- დიდი მადლობა, ნატა, ჯიგარი ხარ! - პირველად მომმართა სახელით. ახლაღა შევნიშნე. ეს პირველი შემთხვევა იყო.
- მადლობა ირაკლის უთხარი. დღევანდელი დღის იდეა მას ეკუთვნის, - თავიდან ავიცილე სამადლობელი, მერე კმაყოფილმა ორივეს ჩავკიდე ხელი და მიწისქვეშა გასასვლელში გავუჩინარდით.
* * *
რაღაც ძალიან დააგვიანა. ადრე ასე არ მოქცეულა, ყოველთვის დროზე მოდიოდა ხოლმე. დღეს კი… რაღაცაშია საქმე. უკვე ნახევარი საათია, ველოდები. დრო თითქოს გაიწელა… აი, ისიც! როგორც იქნა, გამოჩნდა! მაგრამ, მგონი, მარტო არ უნდა იყოს. ეს ვინღაა? აჰა! ალბათ, დედამისია. საინტერესო ვიზიტია. რატომღაც უსიამოვნოდ მომხვდა გულზე. ნეტავ, რა უნდა? კოხტაპრუწა ჩანს. მშვენიერი აღნაგობისაა, წვრილკანჭება. უმკლავებო, მოკლე შავი კაბა აცვია, იმდენად მოკლე… მეტი რომ არ შეიძლება. მზეზე გარუჯულა. უხდება. თმა ყვითლად აქვს შეღებილი. აი, წარბები კი სულ დაუპუტავს, ღერა-ღერა - ერთი წვრილი ზოლიღა დაუტოვებია. ეს კი ვულგარულ იერს აძლევს…
მომიახლოვდნენ. ზურიკოს თვალებში შიში ამოვიკითხე. ჯერ არ ვიცი, როგორი სახე უნდა მივიღო, როგორ დავხვდე «მომხვდურს». ჩემთვის ხომ უცნობია მისი ვიზიტის მიზანი. გადავწყვიტე, დაველოდო «იერიშს» და ამიტომ პირდაპირ ზურიკოს მივმართე. ჩემს მაჯის საათზე მივანიშნე საჩვენებელი თითით:
- შენ მთელი 40 წუთით დაიგვიანე, მეგობარო! - და ნაძალადევად გავიღიმე. შემდეგ კი შევხედე ზურიკოს გვერდით მდგომს.
- ალბათ, იცი, ვინცა ვარ, არა? - თავიდანვე შენობით, ამასთან, აგდებულად მომმართა, გახსნილი ჩანთიდან კევი დააძრო და პირისკენ გააქანა.
- არ არის ძნელი მისახვედრი, - ჯიქურ ვუპასუხე.
- ის თუ იცი, რისთვისაც მოვედი? - აშკარად მტრულადაა განწყობილი ჩემ მიმართ. ჯერ არ ვიცი, რა ამბავია ჩემს თავს!..
- აი, მაგას კი ვერ ვხვდები, - გავაღვივე ცნობისმოყვარეობა. მგონი, არც მე მომდის თვალში.
- ახლავე გაგაგებინებ! - გამწარებული ღეჭავს კევს, - რას დასდევ ამ ბავშვს კუდში დედა ტერეზასავით, სხვა ვერავინ ნახე? რაის სკოლაო, რაის კომპიუტერიო… ვინ გექაჩება ენაზე? და საერთოდ, გამაგებინე, რა გინდა ჩემი ოჯახისგან?
- თქვენი კარგად ყოფნა, სხვა არაფერი, - კარგად შექეიფიანებულ თანამეინახესავით მოვედი ლოცვა-კურთხევის ხასიათზე.
- შენ სად მუშაობ, ჭირიმე, ერთი მითხარი! - არ უწევს ტონს.
- უშიშროების სამინისტროში, მაიორი ვარ! - უშიშრად დავაფრქვიე პირველი, რაც ენაზე მომადგა.
ეს საიდანღა მომაფიქრდა! რას მივედები! მაგრამ უკვე გვიანაა, პირზე მომდგარ სიტყვას უკან ვერ ჩავაბრუნებ. და გავუბერე:
- ბავშვთა განყოფილების ინსპექტორი ვარ (ყოჩაღ! ეს კარგად გამომივიდა!).
არ ესიამოვნა. ფერიც კი ეცვალა. შევამჩნიე, როგორ დაუწყო ფეთქვა ძარღვმა ყელზე, ლავიწის ძვალთან.
- ჩვენ ახალი აღმზრდელობითი მეთოდი შევიმუშავეთ… ამერიკელებთან ერთად (ჩავრთე მთელი ამერიკა ჩემს «მეთოდებში») და ვნერგავთ საქართველოში. დავიწყეთ მაწანწალა ბავშვებით. თქვენ ხომ არ გგონიათ, მარტო ზურიკოს დავდევ კუდში? მის გარდა ხუთი მყავს კიდევ (მიდი, მიდი! - შევაგულიანე ჩემი თავი). ჩემ გარდა სხვებიც მუშაობენ ამ საკითხზე (ჩავრიე მთელი უშიშროება ჩემს ამერიკულ «სისტემაში»). ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ბავშვები ნამდვილ მოქალაქეებად, დავაყენოთ გზაზე, გავზარდოთ ჯენტლმენებად (ახლა უკვე აგიტაციას ვეწევი. ნეტავ რევოლუციონერები თუ მუშაობდნენ მასებზე ასე?). ყველა ბავშვის ოჯახი შესწავლილი გვყავს. ასე რომ… - აღარ დავამთავრე. ყველაფერი ნათქვამია. «აჰა, გაები ჩიტო, მახეში?» - გავიფიქრე ნიშნის მოგებით. და მხოლოდ მაშინ მივხვდი უეცრად, რატომ მერჩოდა ეს ქალი - ზურიკოს გამო. ალბათ, ჰგონია, რომ მე ასეთი მეთოდებით მას შვილს ვართმევ. სულელი! ეგ რამ აფიქრებინა!
- იცით, - მოულოდნელად შეცვალა ხმაც, ტონიც და მიმართვის ფორმაც, - მე არ მეგონა, ასე თუ იყო… ვიფიქრე, ბავშვის გადაბირება ხომ არ უნდა-მეთქი. სწორად გამიგეთ. ეს ერთი შვილი მყავს და ხომ იცით… - აღარ გააგრძელა.
- თქვენ თუ რამის გარკვევა გნებავთ, წამობრძანდით ჩემს კაბინეტში და იქ ვისაუბროთ… სხვა რამეებზეც! - ჩემი ხმა რიხიანად ჟღერს.
კიდევ ერთხელ შევათვალიერე. «რა გრძელი და ლამაზი თითები აქვს», - გავიფიქრე.
- არა, რას ბრძანებთ. მე დღესაც არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ… ისე გამამწარა წუხელ, ისეთი რამეები მითხრა და მიძახა… ამ დილით სულ კინწისკვრით წამოვათრიე, თქვენ რომ მენახეთ.
სახე ნელ-ნელა დაუწყნარდა და, როგორც იქნა, აგრესიული გამომეტყველება გაუქრა.
- მე თქვენ შესახებ გუშინდლამდე არაფერი ვიცოდი. წერილი მომიტანეს ჩემი ქმრისგან და იქიდან გავიგე. ამას ხომ ვერაფერს ათქმევინებ, რომ კვდებოდეს, ისეთი უჯიშოა! გაწყდა ამათი ჯიში! - შეუკურთხა გულიანად ზურიკოს მთელ მოდგმას.
- რაც შეეხება… - ენა დაება, - მე მინდოდა… ძაღლმა რომ უკბინა, არც კი ვიცოდი. მთელი სამი დღე სახლში არ ყოფილა, ღამეც კი არ გაუთევია შინ. ისიც არ ვიცი, სად იყო, ვისთან. არაფერს არ მიჯერებს, სულ თავის ნებაზე დადის. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, - მთლად მოისაწყლა თავი.
- მე, ჩემო კარგო, ბავშვების აღზრდა მაქვს დავალებული, მათი მშობლების კი არა! - რაც შეიძლება, ცივად ვპასუხობ, - თქვენ დედა ხართ და უნდა იცოდეთ, როგორ მიუდგეთ შვილს. ამას სხვა ვერ გასწავლით, - ბოლომდე ულმობელი ვრჩები.
ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურიკო პირდაღებული მისჩერებოდა ხან დედამისს, ხან - მე. აშკარად დაბნეულია. როცა შეამჩნია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა, ცოტა გამოცოცხლდა.
- ახლა კი, ჩვენ წავალთ, - გავუღიმე ქალს, - თქვენ თქვენს საქმეებს მიხედეთ, ჩვენ კი დღეს ახალ ეტაპზე გადავალთ, არა, ზურიკო? - გადავხედე პატარას და ხელი გავუწოდე. მაგრად ჩამჭიდა მარჯვენა. ვიგრძენი, ნერვიულობისაგან როგორ ჰქონდა გაყინული თითები. შემეცოდა.
- ჰო, მართლა. მე არ ვიცი, ამჟამად თქვენ რას საქმიანობთ, - მოვიკატუნე თავი, - მაგრამ ადრე რომ მუსიკის მასწავლებლად მუშაობდით, ჩემთვის ცნობილია. ასე რომ, თუ გაგიჩნდეთ სურვილი, დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას, შემომეხმიანეთ. შეიძლება, ადგილი შოვნაშიც დაგეხმაროთ, სკოლაში ან საბავშვო ბაღში, - მომაფიქრდა უცებ (არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამის გაკეთებას, მაგრამ ოღონდ დამთანმხდეს და ერთი მასწავლებლის ადგილს თუნდაც მიწიდან ამოვთხრი).
- კარგი მაშინ, მე წავალ, - «ააფრიალა თეთრი ნაჭერი» ზურიკოს დედამ დაზავების ნიშნად, - საღამოს დროზე მოდი შინ, არ დააგვიანო, - მიუბრუნდა შვილს.
ზურიკომ თავი დაუქნია. თვალებში მხიარული ნაპერწკლები გაუკრთა…