მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო. ეკა ნიჟარაძე მეუღლესთან, მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში, სოფელ ართანაში ცხოვრობს. როგორც მან "შუადღესთან" საუბრისას განმარტა, ადრე ვერ წარმოიდგენდა, რომ სოფელში იცხოვრებდა, თუმცა ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს.
– ვინ არის ეკა ნიჟარაძე?
ეკა ნიჟარაძე: არავინ განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, რომელმაც არცთუ ისე მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა განვლო. დიდი იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი რამ მელოდება.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მაკმაყოფილებს და ღმერთის, ბედისა და ადამიანების, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მხვდებიან, ძალიან მადლიერი ვარ.
– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ზედმეტად გულჩვილი ვარ. ყველაფერზე რომ მეტირება, ეს გასაკვირიც არ არის, ალბათ, ბევრია ჩემსავით. თუნდაც, ჩვენი სპორტსმენების წარმატებები და მათი გულშემატკივრობის ბედნიერება ავიღოთ – რომ ვუყურებ, ცრემლი მერევა, გული მიჩუყდება.
სხვა მხრივ, ხელსაც მიშლის ჩემი გულჩვილობა. ადამიანს რომ ენდობი და მერე რაღაცები ისე არ ხდება, როგორც შენ გგონია, იმედგაცრუებას განიცდი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჯობს, გულჩვილი ვიყო, ვიდრე გულქვა და გულცივი.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ახლახან ძალიან ახლო მეგობარი დავკარგე, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ეს ძალიან მტკივნეულია...
– ემოციების გამოხატვისას თავშეკავებული ხართ?
– თავშეკავებული ვარ. მართლა ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებ თავს. ეს ჩემი ხასიათის თვისებაა. საოცრად მომთმენი ვარ. მით უმეტეს, თუ საქმე ფიზიკურ ტკივილს ეხება. ბავშვობიდან ასეა. ოთხი წლის რომ ვიყავი, თავი გავიტეხე და ნაკერები პირდაპირ, გაყუჩების გარეშე დამადეს. დედაც იხსენებდა ხოლმე, რომ გაოგნებულები მიყურებდნენ და მეც მახსოვს, რომ მიკერავდნენ და მტკიოდა. ოთხი წლის ბავშვს შუბლზე ნაკერებს რომ გადებენ, ბუნებრივია, გეტკინება, მაგრამ გავუძელი.
წყენას რაც შეეხება, ამასაც ვითმენდი ხოლმე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ აღარ უნდა მოვითმინო. რაღაცებს უკვე ვეღარ ვიტან. ადრე შემეძლო, ბევრი რამ გამეტარებინა და ადამიანისთვის არ მეთქვა, თუ მისგან რამე მეწყინა და ძალიან მალე მე თვითონაც მავიწყდებოდა. დღესაც არ შევდივარ კონფლიქტში, ჩხუბს არ დავიწყებ და ადამიანს არ დავკარგავ, მაგრამ ვეტყვი, თუ ჩემ მიმართ არასწორად მოიქცა, რომ მეწყინა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს. შემიძლია, წლები ვითმინო, მაგრამ მერე, ყელში რომ ამომივა, ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ მოვიკვეთ ადამიანს. როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რომ მე რაღაცებს „ვუტარებ“, ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ და 150–ჯერ და ამას ჩემს ვალდებულებად იღებს, ჩემი მოთმინებაც იწურება და მაშინ საბოლოო წერტილს დავუსვამ ყველაფერს მასთან დაკავშირებით.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– ბევრ კარგ რამეს. ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა. ზუსტად ვიცი, რომ მაქსიმუმ, ერთი კვირა დამჭირდებოდა დასახარჯავად. თუმცა, აუცილებლად აზრიანად დავხარჯავდი. რაჭაში ვიყიდდი ძველ, ლამაზ სახლს. ჩემი კახეთის სახლს დავამთავრებდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. დედაჩემს წავიყვანდი სამოგზაუროდ მსოფლიო მასშტაბით. ბევრს დავეხმარებოდი. ისედაც ვცდილობ, შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდება და ამისთვის მეტი შესაძლებლობა მექნებოდა.