შუადღეა. ბაზრიდან ვბრუნდები. ორივენი შინ დავტოვე, თან გავაფრთხილე, ჩემ მოსვლამდე ეზოში ფეხი არ გაადგათ-მეთქი. ბინას მივუახლოვდი თუ არა, მესმის ხმები: «მაღალი!» «არის მაღალი!» «დაბალი!» «არის დაბალი!» გამიკვირდა. შევაღე კარი და რას ვხედავ: ირაკლის გამოუფენია კარტი, დაულაგებია ერთმანეთის მიყოლებით შეტრიალებულად და თამაშობენ «ფორტუნას».
- რას შვრებით, ლომებო? - აშკარად გაოგნებული ვარ, ეს რამ მოაფიქრათ.
- ვთამაშობთ. მე ვითომ წიფურია ვარ, ზურიკო კი ახალი სიძეა და აბა, თუ მოიგებს! - ჭყლოპინებს ირაკლი.
უცებ სიგარეტის სუნი ვიგრძენი. ცუდად მენიშნა.
- ირაკლი, ჩვენთან იყო ვინმე მოსული, შვილო?
- არა?! სულ მარტო ვიყავით, - იგი ისევ თავის სტიქიაშია.
- როგორ არა! დენის კაცი იყო! - იყვირა ზურიკომ და ირაკლის თვალი ჩაუკრა.
ის ბოთე კი ვერ მიხვდა.
- არა, დე, არავინ არ ყოფილა! რატომ ატყუებ დედაჩემს, ა? - შეუტია.
- მობრძანდი ერთი ახლოს! - თითით მოვიხმე «ჩვენი ძმა».
მომიახლოვდა და საწყლად ამომხედა. არ დავინდე:
- შენ რა, სიგარეტს ეწევი? - ცივად შევეკითხე. ირაკლიც შეცბა.
- ხანდახან.
- რამდენი ხანია?
- ორი თვე იქნება.
- იტყუები!
- მამას გეფიცები!
- რატომ ეწევი?
- ბოლი რომ გამოვუშვა, იმიტომ, - თავხედურად იცინის.
ერთხანს გავჩუმდი. ვფიქრობ, როგორი სვლა უფრო მისაღები და მომგებიანი იქნება ასეთ მომენტში. ირაკლი დაძაბული გვიყურებს. ის არც შემიმოწმებია, ვიცი, არ მოწევდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე:
- ზურიკო, ერთი რამ დაიმახსოვრე. თუ შენ ჩემთან და ირაკლისთან მეგობრობა გინდა, დღეიდან არც ერთი ღერი სიგარეტი არ უნდა მოწიო, სანამ დიდი ბიჭი არ გახდები. გესმის? თუ არადა, თვალით არ დამენახო. მე არ მიყვარს ცუდი ბიჭები!
- დედი, ახლა აპატიე, რა, მეტს აღარ მოწევს. ხომ არ მოწევ? - ირაკლი მიუახლოვდა ზურიკოს და ლოყაზე ხელისგული მიადო.
- ცოდოა, არ ეჩხუბო, - მეხვეწება. ცდილობს, როგორმე «შეარბილოს» სიტუაცია. მუხლებზე ჩამომიჯდა და თითქმის ჩურჩულით მეუბნება:
- იცი, დე, მეც მინდოდა მოწევა და არაფრით არ მომცა! - დიდად «გაკვირვებული» ტონით გააგრძელა. - მეც გამასინჯე-მეთქი და არაო. აი, რატო არა-მეთქი. იმიტო, რომ შენ კაი ბიჭი ხარო. შენ ცუდი ხარ-მეთქი (გაფშიკა საჩვენებელი თითი)? მე ქუჩის ბიჭი ვარ, მე რას მედრებიო, - ასე მითხრა. არადა… ახლა ხომ არაა ქუჩის ბიჭი, ჰა, დე? შენ ხომ უვლი? მითხარი, რა!
თავს ვუქნევ.
- კარგი. ამ ერთხელ მიპატიებია, მაგრამ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი! - ბოლომდე ვინარჩუნებ სიმკაცრეს.
- ურა-ა-ა! ვაშა-ა-ა! - მუშტები ჰაერში აიქნიეს და ყვირილით გაცვივდნენ აივანზე.
უცებ კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ანგარიშმიუცემლად გავაღე, არც მიკითხავს, ვინ არის-მეთქი… ორი უცხო ტიპი დგას. ერთს მარჯვენა ხელი კედელზე მიუბჯენია და სათვალის ზემოდან უტიფრად გამომცქერის. მეორე ოდნავ განზე დგას, შედარებით თავაზიანი ჩანს.
- ვინ გნებავთ?
- ნატა თქვენა ხართ?
- დიახ.
- ჩვენ სიტყვა დაგვაბარეს შენთან, დაიკო… ზონიდან.
- ზონიდან? რა ზონიდან? - უცებ ვერ მივხვდი.
- გუჯას ზონიდან, - ცინიკურად მეუბნება სათვალიანი.
- ა-ა-ა! გასაგებია. მობრძანდით, ზურიკოც ჩვენთანაა.
შემოვიპატიჟე დაუპატიჟებელი სტუმრები. გუჯა ხომ ზურიკოს მამას ჰქვია. არ მესიამოვნა ვიზიტი. ვგრძნობ, არც ისე კარგ საქმეში მაქვს ცხვირი ჩაყოფილი.
- ბიჭებო, თქვენ ცოტა ხანს გარეთ გადით, კარგი? ჩვენ საქმე გვაქვს, - ვთხოვე ბავშვებს. ისინიც უხმოდ გაიკრიფნენ სადარბაზოში.
- გისმენთ. რით დავიმსახურე ზონის ასეთი ყურადღება? - ვცდილობ, ოდნავ ოფიციალური ვიყო.
ერთი, ჩემ წინ რომელიც ზის, სწორედ ის, სათვალიანი, აშკარად კაიფშია. თვალები დანისლული აქვს წამლისგან. საფეთქელთან ძარღვი უტოკავს. უტიფრად მათვალიერებს. მეორე ოდნავ მოშორებით მოკალათდა სავარძელში. ის «ფხიზელია», ამასთან, უფრო ზრდილობიანად გამოიყურება.
- შენ, ჩემო დაიკო, ჩვენმა ძმამ კაცურად მიგიღო. გენდო. ბავშვიც კი ჩაგაბარა. ხომ იყო ასე? - კბილებში გამოსცრა სათვალიანმა.
- მერე? შემეშალა რამე? - ჩავიცინე.
- მეტი რაღა უნდა შეგეშალოს, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, შენი ჭირიმე. ჩვენ, ძმურად იქცეოდი, გვეგონა. შენ კიდე უშიშროების მაიორი ყოფილხარ. ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა… ხო აზრზე ხარ, რას ვამბობ…
თავი უსიტყვოდ დავუქნიე და შვებით ამოვისუნთქე. «თუ მარტო ეგ არის პრობლემა, ამას კი მოევლება», - გავიფიქრე. ახლა ის ზრდილობიანი ჩაერთო საუბარში:
- დაიკო, ცუდად ნუ გაგვიგებ. ხომ იცი, ჩვენ საძმოს არ უყვარს ეს ორგანო, ძაღლობა და მამაძაღლობა. იტოგში, რაღაც-რაღაცები უნდა გაირკვეს, რა! პანიმაეშ? - დაიწყო თავის კანტური «ფხიზელმა».
- რა თქმა უნდა, «პანიმაიუ», - გადავედი მეც «შავ ბაზარზე», - არ არის საჭირო ამდენი ალია-ბალია. მე, თუ ჩემს სიტყვას ენდობით, არც მაიორი ვარ უშიშროების და არც რიგითი ჯარისკაცი. ეს ტყუილი ზურიკოს დედასთან დამჭირდა. იქ რაღაც ქალური სიტუაცია შეიქმნა. ხომ გესმით, და მეც «ვინუჟდენი» გავხდი, ასეთი «ხოდი» გამეკეთებინა (მთლად «გავშავდი»), თორემ ერთი უბრალო კომპიუტერის მასწავლებელი ვარ. ეგ არის და ეგ. თუ გნებავთ, შეამოწმეთ ჩემი საბუთები (არც ჩემი ჟურნალისტობა ვახსენე, მაგათთვის არც ეს იქნებოდა დიდად მოსაწონი).
შორს დაიჭირეს. ასეც ვიცოდი. ეგ ხომ არაკაცური საქციელია. მერე ღიმილით მოვუყევი, რაც იყო, როგორც იყო, რათა დამემტკიცებინა, რომ მაგ საქმეში «სუფთა» ვიყავი და, როგორც იქნა, «საძმო» დავაშოშმინე. როცა ყველაფერი გაირკვა, აუტყდათ ჩემი ხელების კოცნა ხან ერთს, ხან - მეორეს და სანამ კარამდე მივაცილებდი, სულ გულზე იდებდნენ გაშლილ მარჯვენას ბოდიშისა და მადლობის ნიშნად. ოღონდ მადლობას რაში მიხდიდნენ, არ ვიცი.
- ხომ ვართ ძმები? - გასვლის წინ მეკითხება წამლით გაბრუებული.
პაუზა გავწელე.
- არა ვართ? - გამიმეორა შეკითხვა და ეშმაკურად შემომხედა.
- აბა, რა გითხრათ, ორი კაცი ქალთან საქმის გასარჩევად მოდიხართ და რა ძმობაზეა ლაპარაკი, - შევუშვი «ძველი ბაზარი».
ჩაიცინეს, არაფერი უთქვამთ, კიდევ ერთხელ დამიკოცნეს ხელები და წავიდნენ.
* * *
- რა უნდოდათ? - შეშფოთებული მომვარდა ორივე.
- ბუს კვერცხები! თქვენი საქმე არ არის! ზურიკო, შენ მიეცი მაგათ ჩემი მისამართი?
- არ-ა, რა ვიცი, მისამართი არ მითქვამს. უბრალოდ, გამომკითხეს, სად ცხოვრობსო და მეც ავუხსენი. მაგრამ ეს გუშინწინ იყო. მერე არც კი მინახავს, - იმართლებს თავს.
- კარგი, რაც იყო, იყო. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. დახურეთ კარი!
ეს, ალბათ, სულ დედამისის ოინებია. არა მგონია, მამამისს დაეჯერებინა «ცუდი» ცოლის მონაყოლი ჩემ შესახებ. ოხ! რა არიან ეს ქალები (სხვათა შორის, იმ დღესვე ვნახე ერთი ჩემი უბნელი, რომელიც კარგად ერკვევა ასეთ საქმეებში და მოვუყევი. გაიცინა, ასიანი იმ ქალის მოგზავნილია, «ფრაერები» იქნებოდნენო. ზუსტად გამომიცნია)! გავბრაზდი, მაგრამ ახლა ეს პრობლემა სულაც არ მაწუხებს. ახლა ზურიკო მინდა ერთ რამეში დავითანხმო… და პირდაპირ ვატაკე:
- ზურიკელა, სკოლაში არ გინდა, იარო?
- არა კაცო, რა მინდა სკოლაში!
- შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა! - გავაგრძელე შეტევა.
- ა-რა! ნაღდად არ მინდა! აჰ! აჰ! გთხოვთ, ქალბატონო ნატა, მეტი აღარ გაიმეოროთ ეს სისულელე! - ირაკლი სიცილით იჭაჭება. ზურიკოს ხელები წინ აუფარებია და განზე ისე იყურება ცხვირაპრეხილი, თითქოს საჭმელს იწუნებსო.
- მომისმინე, ზურიკო! მე უკვე ველაპარაკე მასწავლებელს. მხოლოდ ერთი კვირით. არც ჩანთა გექნება, არც - წიგნები. უბრალოდ, მიხვალ, დაჯდები გაკვეთილებზე და მარტო მოუსმენ. არც ისწავლი, არც დავალებებს დაწერ. მხოლოდ მოუსმენ. მინდა ნახო, რანაირია სკოლა. იქნებ მოგეწონოს! ერთი კვირის შემდეგ კი როგორც შენ იტყვი - ან დარჩები, ან წამოხვალ. ჩემი ხათრით, კარგი?
თვალმოჭუტულმა ამომხედა. მერე ირაკლის გადახედა. მერე გაიღიმა, თავი გადააქნია, მერე ამოიოხრა და «ამოუშვა»:
- შენი ხათრით, თუ გინდა, ერთი წელიც ვივლი ტყვილა იმ სკოლაში, მაგრამ რა ხეირია, რო? და სიგარეტსაც არ მოვწევ… არასდროს… ასიანი… სიტყვას გაძლევ!
- იმ მეთევზეს რომ მიეცი, ისეთ სიტყვას? - გამოვიჭირე.
- არა, პატიოსან სიტყვას, ნაღდ სიტყვას! - თამამად შემომხედა.
- დაჰკა ხელი! - გავუშვირე მარჯვენა. მძლავრად დაჰკრა.
- მეც, რა, მეც! - ჩაგვიხტა შუაში ირაკლი და თავისი მარჯვენით გაამაგრა ჩემი და ზურიკოს «ალიანსი».
გაგრძელება იქნება