"თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე იმისთვის, რომ გადავრჩე და არასდროს დაგანახებთ, სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთი ამის ახსნა საჭიროა?! მერვე წელია უკვე! მაცადეთ, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, ნუ მმარხავთ ცოცხლად!" - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომლის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა.
მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმქვეყნიური სიცოცხლის, მაია ასე პასუხობდა:
"სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები".
მაია ასათიანი
მაია ასათიანი მაყურებელს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერიდან არაერთი წლის განმავლობაში ესალმებოდა. მისი საფირმო დამშვიდობება კი ჟურნალისტის ერთგვარი ნიშა გახდა. საავტორო გადაცემის ფარგლებში, მაიამ არაერთი წარმატებული და რეიტინგული სეზონი ჩაატარა, დღეს კი კულისებში გადაინაცვლა და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.
მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.