გასულ წელს რეჟისორმა პაბლო ლარაინმა მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმის გადაღებიდან პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ანჯელინა ჯოლის ლეგენდარული ოპერის მომღერლის როლში ვხედავთ.
Maria, Jackie-ს და Spencer-ის შემდეგ, პაბლო ლარაინის მორიგი ბიოგრაფიული ფილმია, რომლის პროდაქშენიც ჯერ არ არის დაწყებული, თუმცა სცენარის შესახებ გარკვეული დეტალები ცნობილია. ოფიციალური განცხადების მიხედვით, Maria მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის მომღერლის, მარია კალასის ლამაზ და ტრაგიკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, სადაც მთავარი აქცენტი მომღერლის პარიზში გატარებულ უკანასკნელ დღეებზე იქნება გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ფილმში ანჯელინა ჯოლი, კოსტიუმების გარდა, მარია კალასის კუთვნილ ტანსაცმელს და აქსესუარებსაც მოირგებს, რომლებიც მასიმო კანტინი პარინის საარქივო კოლექციაში ინახებოდა.
ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლში
ერთ-ერთი, ძალიან სიმბოლური და გამორჩეული აქსესუარით ანჯელინა ჯოლი რამდენიმე დღის წინ ვენეციის კინოფესტივალზე, ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა. პანტერის გამოსახულების ბროში, რომელიც Cartier-ის ბრენდისაა, მარია კალასს ეკუთვნოდა.
ცნობილია, რომ მარია ანა სოფი სესილია კალოგეროპულოსი, უფრო ცნობილი, როგორც მარია კალასი, წლების მანძილზე აგროვებდა ძვირფას სამკაულებს და დიდი კოლექციაც ჰქონდა, რაც, დიდწილად, ჯოვანი ბატისტა მენეგინისა და არისტოტელე ონასისის გულუხვობის დამსახურება იყო.
ეს კონკრეტული "კარტიეს" გულსაბნევი, რომელშიც კლასიკური პანტერა აქატისგან გამოთლილ ქვაზეა წარმოდგენილი, სავარაუდოდ, არ იყო საჩუქარი, არამედ თავად კალასის მიერ გაკეთებული სანუკვარი შენაძენი. ეს ბროში ახლა Cartier-ის კოლექციის ნაწილია და ის ანჯელინა ჯოლის სპეციალურად ფესტივალისთვის ათხოვეს.