ამერიკაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ნამდვილი სიყვარული, ემზარ ჯღარკავა, 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და თავისი ამბის ანალოგიურ ისტორიაზე გვიყვება.
როგორც ნინო წერს, თეა და ლადო ერთმანეთზე სკოლიდან იყვნენ შეყვარებული, თუმცა ომმა ისინი დააშორა.
მათ ერთმანეთი 32 წლის შემდეგ იპოვეს და პარიზში დაქორწინდნენ.
„არც ისე დიდი ხანია სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, მაგრამ არ შემიძლია, რომ განსაკუთრებულად არ მივულოცო. თეას და ლადოს ანალოგიური ისტორია აქვთ. სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ვერაგმა ომმა და ცხოვრების ქარტეხილებმა დააშორა ერთმანეთს. თუმცა არ ეწერა ამ სიყვარულის ისტორიას გაუჩინარება. 32 წლის შემდეგ ისევ იპოვეს ერთმანეთი და გუშინ პარიზში დაქორწინდნენ. მართალია, აფხაზეთიდან შორს, მაგრამ ქართული ტრადიციებით გადაიხადეს ქორწილი. ვიცი, რომ ახლაც არაერთი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გაუმკლავდებით. ბედნიერები იყავით და მალე თქვენი ქორწინების იუბილე აფხაზეთში აღგვენიშნოს… ხომ ვამბობდი, სასწაულების გჯეროდეს-თქო, სიყვარულს ასაკი არა აქვს-თქო და აი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი“, – წერს ნინო.
ნინო კვარაცხელია
ნინო კვარაცხელიასა და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო. ისინი ერთმანეთს 40 წლის წინ სოხუმში დააშორეს: „პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე. შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი” - ამბობდა ემზარ ჯღარკავა.
ნინო კვარაცხელია წლებია აშშ-ში ცხოვრობს, ემზარი კი - მარტვილში. წყვილი ამ დრომდე სოციალური ქსელით კონტაქტობდა. ცოტა ხნის წინ ემზარი ნინოსთან ნიუ-იორკში ჩავიდა.