ინფლუენსერი, ვლოგერი თაკო საზინა ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. სასიხარულო სიახლე მეგობრებსა და გამომწერებს მან სოციlაურ ქსელში გაუზიარა. პატარა გოგონას მატილდა დაარქვეს. ამჯერად თაკო სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს:
"პირველი ერთი კვირა ძალიან მძიმედ ვიყავი ფიზიკურადაც და მენტალურადაც. თავის მოწესრიგების დროც არ მქონდა და სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა. რამდენიმე დღეა, რაც თვალებში გამოვიხედე. ნაკერი მაქვს, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა. ერთი კვირის თავზე ვიგრძენი შვება. თუ ვინმე ახლა ამ მდგომარეობაში ხართ, დამიჯერეთ, ყველაფერი მალე გაივლის.
ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს. მე არაფერს ვაკეთებ, გარდა ბავშვის მოვლისა, რადგან გრაფიკი ჯერ არეული აქვს და ვცდილობ, როცა ის იძინებს, მეც დავიძინო. დედაჩემი და თორნიკეს დედა მეხმარებიან", - წერს თაკო.
ვინ არის თაკო საზინა
უმშვენიერესი ვლოგერი, ინსტაგრამერი და უკვე ინფლუენსერი თაკო საზინა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი ვლოგერია, რომელმაც სილამაზის სფერო საზოგადოებას ვიდეოების მეშვეობით გააცნო.
თაკომ ვლოგერობა წლების წინ დაიწყო და Youtube-ზე მაკიაჟისა და კანის მოვლის შესახებ მოკლე ვიდეოებს აქვეყნებდა. განსაკუთრებით პოპულარული ის 2016 წელს გახდა. მას შემდეგ მისი მიმდევრების რაოდენობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, "ინსტაგრამსა" და "ტიკ-ტოკზე" სულ უფრო იზრდება.
„საქართველოში მსგავსი ვიდეოებით არ იყვნენ განებივრებული გოგონები და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოწონება და სიყვარული დავიმსახურე ხალხში“, - ამბობდა თაკო.
თაკოს მთავარი ნიშა დღეს ორიგინალური, ტრენდული მაკიაჟია. ის ვიდეოში დეტალურად აჩვენებს, როგორ შეიძლება ისეთი შედეგის მიღწევა, როგორსაც ცნობილი სახეების, მოდელებისა თუ მსახიობების ფოტოებში ვხედავთ. თაკო ასევე ვიდეოს სახით აქვეყნებს რჩევებს თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ახალი პროდუქტების შესახებ. მრავალწლიანი გამოცდილების გამო მას უამრავი ადამიანი ენდობა და მის რჩევებსაც ითვალისწინებს.
„ძალიან ხშირად ვუყურებ უცხოელ ვიდეობლოგერებს, ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს და შემდეგ ვცდილობ, ეს სიახლეები ჩემს მაყურებელსაც გავუზიარო. ასე ვერავის გამოვარჩევდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე მეც სწორედ ასე ვისწავლე მაკიაჟის კეთება, ჩავრთავდი ვიდეოს, წინ დავიდგამდი სარკეს და ვცდილობდი, როგორმე დამემსგავსებინა ჩემი მაკიაჟი მათი შედევრებისთვის. ნელ-ნელა დამეხვეწა ხელი და ვისწავლე მაკიაჟის გაკეთება”, - ამბობდა თაკო.