ლევან II დადიანი იზრდებოდა კახეთში, თავისი პაპის, ალექსანდრე II-ის ოჯახში. სადაც შაჰ-აბასის მუხანათური პოლიტიკის სისტემას ის პატარაობიდან ეცნობოდა. ამასთანავე, კახეთის მეფის კარზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ოსმალეთის და მოსკოვის მეფის დიპლომატები. გაბატონებული იყო თვალთმაქცობა, მლიქვნელობა და ყოველგვარი სიბოროტე. ასეთ პირობებში აღზრდილ ლევან დადიანსაც ახასიათებდა ორპირობა, ცბიერება, სიმკაცრე და სხვა. რაც იმ ეპოქის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად იყო მიჩნეული. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილი ლევანს ასე ახასიათებს: „რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის-მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა“.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან დადიანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, რასაც მოწმობს მისი ბრძანებით სამეგრელოს სამთავროში მოჭედილი არაერთი ხატი, მისივე დავალებით გადაწერა და მოხატა მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერი და ასე შემდეგ, იგი ნამდვილად არ ყოფილა სამაგალითო პიროვნება, რასაც კარგად მოწმობს მის მიერ განვლილი პირადი ცხოვრება და ქორწინებები. როდესაც ლევან დადიანს მამა გარდაეცვალა, ის ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. ამიტომ სამეგრელოს სამთავროს განაგებდა მისი ბიძა, გიორგი ლიპარტიანი. მან აღზარდა ლევანი.
როდესაც ლევანმა დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა-გამგეობა, მალევე აფხაზთა მთავრის, სეტემან შერვაშიძის ქალიშვილზე იქორწინა, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ამავე პერიოდში ლევან დადიანმა თავისი და – მარიამი მიათხოვა გურიის მთავრის, მამია გურიელის ვაჟს – სიმონ გურიელს, ანუ დადიანი დამოყვრდა აფხაზეთთანაც და გურიასთანაც. ასე გაგრძელდა ოციან წლებამდე, ანუ მანამ, სანამ ის თავის ხასიათს გამოავლენდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლევან დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი აღმზრდელი მხცოვანი ბიძის – გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მალე მათი ურთიერთობის შესახებ სასახლეში ყველამ შეიტყო.
თუ ლევანი სეტემან შერვაშიძის ასულს, ანუ პირველ ცოლს არ გაუშვებდა, ისე ვერ იქორწინებდა თავის გულისსწორზე. ამიტომ, ლევანმა საკუთარ ცოლს დააბრალა ღალატი.
ლევან დადიანი ამბობდა, რომ მის ცოლს თითქოს, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მისივე პირად ვეზირთან, მერაბ ქორთოძესთან. ეს უკანასკნელი იმდენად პოპულარული ყოფილა იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში, რომ ლევან დადიანმა მისი დასჯა ვერ გაბედა. ამიტომ, იგი სამეგრელოდან გურიის სამთავროში, თავის სიძესთან და დასთან, გადაასახლა. რაც შეეხება ცოლს, მას, როგორც მოღალატეს, ცხვირი მოაჭრა და ასე ცხვირმოჭრილი გაგზავნა მამამისთან, სეტემან შერვაშიძესთან. რადგან კარგად მოეხსენებოდა დადიანს, რომ შერვაშიძე მას ასეთ შეურაცხყოფას არ აპატიებდა, ადგა და თვითონ დაასწრო, თავს დაესხა და სამეგრელოში გამარჯვებული დაბრუნდა დიდძალი ალაფითა და ტყვეებით. ასე მოაგვარა აფხაზური პრობლემა – ცოლისგანაც გათავისუფლდა და დაიწყო ფიქრი ახალ ქორწინებაზე.
ის პირდაპირ მიადგა სახლში გიორგი ლიპარტიანს და ცოლი წაჰგვარა. სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. წყაროებში წერია, არავინ იცის, ყოველივე რით დამთავრდებოდა, მოულოდნელად გიორგი ლიპარტიანი რომ არ გარდაცვლილიყოო. ამასთან დაკავშირებით, მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგი ლიპარტიანი საკუთარმა ძმისშვილმა მოწამლა. ასე იქორწინა ლევან დადიანმა საკუთარ ბიცოლაზე, ნესტან-დარეჯან ჭილაძეზე.
კათოლიკე მისიონერების ცნობით, ნესტან-დარეჯანი ყოფილა ძალიან ამპარტავანი, დაუნდობელი, ძალაუფლებისმოყვარე და ბოროტი ადამიანი. აი, საიდან ჩანს ეს: ნესტან-დარეჯანმა გული ააცრუებინა ლევან დადიანს საკუთარ შვილებზე, რომლებიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა. ჩააგონა, რომ ეს ბავშვები მისი შვილები არ იყვნენ – შენი ცოლი ხომ გღალატობდა და ვინ იცის, ვისგან ჰყავდა ისინიო.
დაიჯერა და მეტიც, ერთ მშვენიერ დღეს ორივე ბავშვი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამეგრელოს მთავარმა გარდაცვლილი შვილები დადიანთა საგვარეულო საძვალეში არ დააკრძალვინა. ასე შეეწირნენ ეს მცირეწლოვანი ყმაწვილები ბოროტ დედინაცვალს.
ლევანსა და ნესტან-დარეჯანს ჰყავდათ 4 შვილი. ოთხივე ფიზიკურად დავრდომილი იყო. მათგან მხოლოდ ერთმა იცოცხლა შედარებით დიდხანს, დანარჩენები მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ. იმ ერთმაც იცოცხლა 1657 წლამდე, ანუ ლევან დადიანის გარდაცვალების თარიღამდე. ლევან დადიანი ყველა შვილის სიკვდილს მოესწრო და როდესაც უკანასკნელის სიკვდილის შესახებაც შეიტყო, თავზე ლახტი გადაირტყა და დაუმარხავ შვილს ზედ დააკვდა.
წყარო: გიორგი კალანდია